U17
Aa Aa

„ბელგიაში დავიბადე, მაგრამ საქართველო ჩემს სახლში სულ იყო“- როგორ უთხრა ქართველმა მეკარემ უარი ბელგიას

,,ჩემი ოცნებაა დიდი ფეხბურთი ვითამაშო და ამ ოცნებისთვის ძალიან ბევრს ვშრომობ. მინდა, სწავლისა და ფეხბურთის სწორი კომბინირება შევძლო და რომ ჩემი ოჯახი ბედნიერი იყოს“, - მითხრა ინტერვიუს დასაწყისში.

რამდენიმე დღის წინ, საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის საგზური საკუთარ კედლებში, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, მოიპოვა.

ჯერ კიდევ საკვალიფიკაციო ეტაპამდე, ჩვენმა გამომწერებმა ექსკლუზიურად იცოდნენ, რომ ბელგიის უმაღლესი ლიგის ვესტერლოს U18 და U21 გუნდის მეკარეს, გიორგი ყავლაშვილის, საქართველოს 17-წლამდე ნაკრებში ვიხილავდით. მქონდა ინფორმაცია, რომ ევროშესარჩევის წინ, ყავლაშვილი ბელგიის 17-წლამდე ნაკრების განაცხადში განიხილებოდა, თუმცა გიორგიმ საქართველოს ასაკობრივი ნაკრები აირჩია:

,,მართალია, ბელგიაში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ საქართველო ჩემს სახლში სულ არის. რაც დავიბადე, მას შემდეგ სულ ქართული მუსიკისა და ცეკვის ხმა მესმის, ქართულ იდენტობას ვუყურებ. საქართველოში ხშირად ჩამოვდივარ და ძალიან მიყვარს. ამიტომ, ჩემთვის ეს არჩევანი რთული არ ყოფილა".

16 წლის მეკარემ მოწვევა მიიღო და საქართველოს 17-წლამდე ნაკრებში, მნიშვნელოვან დროს ვიხილეთ, თან საკმაოდ დამაჯერებლად: ამხანაგური შეხვედრები ითამაშა, შემდეგ, საკვალიფიკაციო ეტაპზე, ლიეტუვის წინააღმდეგ, ბოლო და გადამწყვეტ მატჩში, ძალიან მალევე, მე-8 წუთზე, მის კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი მოიგერია.

 

,,ამ ემოციის გადმოცემა სიტყვებით გამიჭირდება. რომ ვთქვა ,,ძალიან გამიხარდა“, ამ ემოციის მშრალი აღწერა იქნება. შედეგების მისაღწევად უკვე დიდი ხანია, რაც ვშრომობ და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამის ჩვენების შესაძლებლობა, ჩემს ნაკრებთან ერთად მომეცა".

გუნდელები ძალიან კმაყოფილები იყვნენ და ყველა მილოცავდა".

 

1.92 სიმაღლის, მემარცხენე მეკარე, რომელსაც ფეხით თამაში საკმაოდ კარგად გამოსდის, ბელგიაში დაიბადა და გაიზარდა, თუმცა ქართულად საუბრობს და საქართველოსთან კავშირი არ დაუკარგავს. ოჯახი: დედა, მამა, გიორგი და მისი უფრო და, საქართველოს ხშირად სტუმრობენ.

ფეხბურთელის დედ-მამა, ,,სუხიშვილებში“, 15 წლის მანძილზე ცეკვავდნენ, 2006 წელს კი ბელგიაში გადასვლის გადაწყვეტილება მიიღეს, სადაც ქართული ანსამბლი ,,იმედი“ დაარსეს. თავდაპირველად, გიორგი სწორედ ამ ანსამბლში ცეკვავდა და კალათბურთზე დადიოდა, თუმცა 7 წლის ასაკში, მშობლებს ფეხბურთის სიყვარულზე უამბო და ყველაფერი სწორედ აქედან დაიწყო.

იმედა ყავლაშვილი (მამა):

,,გიორგი შრომისმოყვარეა, ჩვენს ანსამბლში შესანიშნავად ცეკვავდა და პარალელურად, კალათბურთზეც დადიოდა, თუმცა 7 წლის ასაკში თავად გამოთქვა სურვილი, რომ ფეხბურთის თამაში სურდა. მისი კარიერა ანტვერპენში დაიწყო, დღეს კი ვესტერლოშია. აღსანიშნავია, რომ თავიდანვე მეკარის პოზიციაზე არ თამაშობდა. ერთ-ერთ ტურნირზე, მეკარემ ტრავმა მიიღო და კარებში გიორგი ჩადგა.

გიორგის საქართველოსთან კავშირი არ დაუკარგავს, რადგან ბელგიაში ჩვენი ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,იმედი“ გვაქვს, სადაც უკვე მე-5 თაობას ვზრდით და სადაც თავად გიორგიც ცეკვავდა.  გიორგისთვის ყველაფერი ქართული ძალიან ახლობელი და მშობლიურია“.

 

გიორგიმ პირველი, ოფიციალური მატჩი ავსტრიის წინააღმდეგ, საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა და ჰიმნი განსაკუთრებული მონდომებით შეასრულა. ზუსტად ისევე, როგორც გუნდის დანარჩენმა ნაწილმა.

,,სიმართლე გითხრათ, ჰიმნის მხოლოდ პირველი სტროფი ვიცოდი, მაგრამ ამაზე გუნდში, ყველამ ერთად ვიმეცადინეთ. ბიჭები ძალიან კარგად შემხვდნენ და ადაპტაცია არ გამჭირვებია. ის, რომ გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა და მოტივირებულები ვართ, შედეგზეც აისახა".

საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებისთანავე, გიორგი ოჯახთან ერთად, ბელგიის ქალაქ ვესტერლოს დაუბრუნდა, სადაც სკოლა და საყვარელი საქმე ელოდება.

მისი განრიგი რთული და საინტერესოა:

,,კვირის დღეებში, 08:30-დან 16:00 საათამდე სკოლაში ვარ. 17:00 საათზე, ვარჯიში მეწყება, რომელიც დაახლოებით 4 საათს გრძელდება. სახლს 22:00 საათისკენ ვუბრუნდები და გაკვეთილებს ვამზადებ. თავისუფალი მხოლოდ კვირა დღე მაქვს და თუ საშინაო დავალებები ბევრი არ არის, ასეთ შემთხვევაში მეგობრებთან ერთად, კალათბურთის სათამაშოდ მივდივარ ან უბრალოდ, აუზზე ვერთობით“...

რა თქმა უნდა, მის პოზიციაზე თვალს ბევრ მეკარეს ადევნებს. გასაკვირი არაა, რომ სოციალურ ქსელში ესპანური ფეხბურთის ქართველი ვარსკვლავის, გიორგი მამარდაშვილის გამომწერია, რომელსაც განსაკუთრებით გულშემატკივრობს. მამარდაშვილთან ერთად, ამ სიას კიდევ მანჩესტერ სიტის მეკარე: ედერსონ მორაესი და პსჟ-ს ჯანლუიჯი დონარუმა ავსებენ.

გაზიარება: