ანტონიო კონტე, რუდი გარსია, სტეფანო ფიორე
Aa
Aa

იუვეს ექს-ფეხბურთელი: „კონტე ამის გარანტი იქნება“

ბოლო დღეების განმავლობაში, იტალიურ მედიაში აქტიურად იწერება, რომ უახლოეს პერიოდში, „ნაპოლიმ“ გუნდის მთავარი მწვრთნელი, რუდი გარსია შესაძლოა თანამდებობიდან გაუშვას, მის ადგილზე კი გამოცდილი იტალიელი სპეციალისტი, ანტონიო კონტე დანიშნოს.

გუშინ, გავლენიანმა სააგენტო Sky Sports-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კლუბის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი რომშიც იმყოფებოდა და კონტესთან მოლაპარაკებები პირადად გამართა, თუმცა, შეთანხმებას არ მიუღწევია. ასევე, იწერება, რომ დე ლაურენტისმა რუდი გარსიას მდგომარეობის გამოსასწორებლად 3-მატჩიანი ვადაც მისცა.

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას და კლუბში ანტონიო კონტეს შესაძლო დანიშვნის საკითხს „იუვენტუსისა“ და იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, სტეფანო ფიორე ეხმაურება და ამბობს, რომ კონტე „ნაპოლისთვის“ იდეალური მწვრთნელი იქნება.

რა თქვა ფიორემ:

კონტე „ნაპოლიში“ მნიშვნელოვანი სახელია. ის საუკეთესო მწვრთნელთა შორისაა, რომელსაც დიდი ქარიზმა და ფეხბურთელებზე კარგი გავლენა აქვს. სპალეტის შემდეგ, კლუბისთვის იდეალური ფიგურა იქნება. ის გარანტია, რომ კლუბი ჩვეულ თამაშს დაუბრუნდება. მას შეუძლია მთლიანად შეცვალოს სიტუაცია და კლუბი გამარჯვების გზაზე მაშინვე დააბრუნოს.

იმის მიუხედავად, რომ სტეფანო ფიორემ კლუბში კონტეს ვარიანტი მოიწონა, აღნიშნა, რომ გარსიას გარშემო არსებულ სიტუაციაში პირველ რიგში დამნაშავეები ფეხბურთელები არიან:

„რა თქმა უნდა, გარსიას პასუხისმგებლობა ძალიან დიდია, თუმცა, ვფიქრობ, რომ პირველ რიგში დამნაშავეები მოთამაშეები არიან, რომლებიც მოედანზე გადიან. „ნაპოლი“ საუკეთესო ადამიანების ხელში უნდა იყოს. ის ჟესტები, რასაც მოთამაშეები მოედანზე გვთავაზობენ, მიუღებელია. მაგალითად, მწვრთნელზე გაბრაზება, როდესაც მოედნიდან გაჰყავხარ... ასეთი რაღაცები გასახდელში უნდა ხდებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში უცხო თვალისთვის ბევრი სპეკულაცია წარმოიშობა“.

შეგახსენებთ, რომ 8 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 14 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს და ლიდერ „მილანს“ 7 ქულით ჩამორჩება. გარსიას გუნდის ანგარიშზე 8 შეხვედრაში 4 მოგება, 2 ფრე და 2 წაგებაა. „პარტენოპეი“ მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის შემდეგ, 21 ოქტომბერს, სტუმრად „ვერონასთან“ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 17:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონტე-ნაპოლი: გზა იუვედან ტოტენჰემამდე და კვარა-ოსიმენი გოლების წვიმის მოლოდინში
კონტე-ნაპოლი: გზა იუვედან ტოტენჰემამდე და კვარა-ოსიმენი გოლების წვიმის მოლოდინში