მანჩესტერ იუნაიტედი VS ატლეტიკო - მატჩის წინ
Aa
Aa

მანჩესტერ იუნაიტედი VS ატლეტიკო - მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში განმეორებითი დაპირისპირებების დროა. „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ატლეტიკოს“ უმასპინძლებს. CrystalSport ამ მატჩთან დაკავშირებით ყველა საინტერესო და საჭირო დეტალს ერთ სივრცეში გთავაზობთ.

„მანჩესტერი“

ინგლისური გრანდის შიდა სამზარეულო არეულია. რალფ რანგნიკსა და ფეხბურთელებს შორის დაძაბულობა სუფევს და მანჩესტერული დერბის წინაც დამტკიცდა, როდესაც რონალდუ პორტუგალიაში გაემგზავრა. რანგნიკმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პორტუგალიელ შემტევს ტრავმა ჰქონდა და განაცხადში სწორედ ამიტომ არ მოხვდა.

პრემიერ ლიგის უკანასკნელ ტურში „წითელ ეშმაკებმა“ „ტოტენჰემს“ უმასპინძლეს და კრიშტიანუს ჰეტ-თრიკით 3:2 დაამარცხეს. ამ მომენტისთვის ინგლისური გრანდი სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიციაზე იმყოფება.

დანაკლისი:

რალფ რანგნიკის განკარგულებაში „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ მხოლოდ მეისონ გრინვუდი არ იქნება, რომელიც სექსუალური ძალადობის გამო გუნდიდან მოკვეთეს. ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას სკოტ მაკტომინაის თამაშიც. სხვა მხრივ „იუნაიტედს“ პრობლემები არ აქვს.

რა თქვა რანგნიკმა მატჩის წინ?

„ატლეტიკო“ ბურთის დაჭერას არ შეეცდება სიმეონეს გუნდს ლა ლიგის ბოლო მატჩებში მინიმუმ 50%-ზე ნაკლები მაჩვენებელი ჰქონდა. ჩვენ ამის შესახებ კარგად ვიცით. გვინდა, რომ გოლი არ გავუშვათ და პირიქით, პირველებმა გავიტანოთ. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ იქნება.

კრიშტიანუმ „ტოტენჰემთან“ ბრწყინვალედ ითამაშა და იმედი მაქვს ამას „ატლეტიკოს“ წინააღმდეგაც გააკეთებს. შემდეგ ეტაპზე გასვლა მთელს გუნდზე არის დამოკიდებული და არა მხოლოდ რონალდუზე. მადრიდში გამართული მატჩის პირველ ტაიმში ვნახეთ, თუ როგორ არ უნდა ვითამაშოთ. გუნდი 100%-ით მზად არის.“

„ატლეტიკო“

სიმეონეს გუნდი ლა ლიგისთვის ფაქტობრივად ვეღარ იბრძვის. „როხიბლანკო“ ცხრილის მეოთხე პოზიციაზე იმყოფება და ლიდერ „რეალს“ 12 ქულით ჩამორჩება. ამავდროულად „სამეფო კლუბს“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. უკანასკნელ ტურში სიმეონეს ბიჭებმა „კადისი“ 2:1 დაამარცხეს.

დანაკლისი:

გადაწყვეტილია, რომ „იუნაიტედთან“ დანიელ ვასი და კუნია არ იქნებიან. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ლემარის, კორეას და ვრსალკოს თამაშიც.

რა თქვა სიმეონემ მატჩის წინ?

„კარგად ვიცით მოწინააღმდეგის პოტენციალის შესახებ. „იუნაიტედი“ დიდ საფრთხეს წარმოადგენს, თუმცა ჩვენ დიდი თავდაჯერებულობა გვაქვს და არაფრის გვეშინია. დინამიკურ თამაშს წარმოვიდგენ. ორივე გუნდი პრესინგის განხორციელებას შეეცდება. ჩვენი პლუსი კონტრ-შეტევებია. მეტოქის შეცდომის გამოყენებას შევეცდებით.“

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება მადრიდში გაიმართა და ფრედ 1:1 დასრულდა. „ატლეტიკოს“ მხრიდან თავი მე-7 წუთზე ჟოაუ ფელიქსმა გამოიჩინა. რანგნიკის გუნდიდან კი ერთადერთი გოლი ელანგამ მე-80 წუთზე გაიტანა.

ცნობისთვის, ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 15 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 00:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები