''თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო'' - კვარაცხელია ტრავმირებულია
Aa
Aa

''თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო'' - კვარაცხელია ტრავმირებულია

2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში იანე ანდერსონის გაწვრთნილმა შვედეთის ნაკრებმა სოლნაში ვილი სანიოლის საქართველოს ეროვნული გუნდი 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი 35-ე წუთზე ზლატან იბრაჰიმოვიჩის საგოლე პასის შემდეგ ვიქტორ კლაესონმა შეაგდო.

საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელია შესვენებისას შეცვალეს. როგორც Nakrebi.ge იუწყება, 20 წლის ტალანტის შეცვლის მიზეზი ტრავმაა.

Nakrebi.ge:''პირველ ტაიმში მიღებული ტრავმის გამო ხვიჩა კვარაცხელიამ თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო და ვილი სანიოლმა მეორე ნახევრის სტარტზე თამაშში ოთარ კიტეიშვილი ჩართო''.

ამ ეტაპზე უცნობია ''რუბინის'' შემტევი დაეხმარება თუ არა ეროვნულ გუნდის უახლოეს ორ შეხვედრაში.

შეგახსენებთ, 28 მარტს, ''დინამო არენაზე'' საქართველოს ნაკრები ესპანეთს უმასპინძლებს, 31 მარტს კი სტუმრად საბერძნეთს დაუპირისპირდება. აღნიშნული ორი მატჩი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ეგიდით იმართება. აღსანიშნავია, რომ პირველ ტურში ესპანეთისა და საბერძნეთის შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

28 მარტს, საქართველოსა და ესპანეთის მატჩი ''დინამო არენაზე'' 20:00 საათზე დაიწყება.

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები