დიდი ფეხბურთელი და ნიჭიერი მწვრთნელი - სანიოლის გზა საქართველოს ნაკრებამდე
Aa
Aa

დიდი ფეხბურთელი და ნიჭიერი მწვრთნელი - სანიოლის გზა საქართველოს ნაკრებამდე

2000-იანი წლების დასაწყისის საფრანგეთის ნაკრები მთლიანად ფრანგული ფეხბურთის ნათელი მოგონებაა.  გავიხსენოთ, რამდენად ძლიერი თაობა იყო: ზიდანი, ანრი, მაკელელე, ტურამი. ეს სახელები მხოლოდ მაგალითია იმისთვის, რომ დაიჯერო, რა ვარსკვლავებს ზრდიდა საფრანგეთი. ისინი მომავალი თაობების კერპები ხდებოდნენ.

კერპთან ასოცირებაში ვილი სანიოლის სახელს ნამდვილად ვერ გამოვიყენებთ, მაგრამ ის იყო პიროვნება, რომელიც ყურადღებას უდავოდ იმსახურებს. ის ნამდვილად არ იყო გამორჩეული ლიდერი და თუ "ბაიერნს" დიდი ხანია გულშემატკივრობთ, მაშინ მშრომელი მარჯვენა მცველი გემახსოვრებათ.

სანიოლმა აქტიური კარიერა საკმაოდ ადრე, 31 წლის ასაკში დაასრულა. ის იმ წლებში საუკეთესო იყო, სულ უნდოდა თამაში, ხასიათით ნამდვილი გერმანელი იყო, მაგრამ პასპორტით - ფრანგი.

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ვილიმ მწვრთნელადაც იმუშავა და არც ისე ცუდად, მაგრამ ჯერჯერობით მისი სამწვრთნელო კარიერა მისივე გამონათქვამებმა შეაფერხეს. ფრანგი 2014-16 წლებში "ბორდოს" წვრთნიდა, შემდეგ კი "ბაიერნში" კარლო ანჩელოტის თანაშემწე იყო, რასაც ერთ მატჩში „რეკორდმაისტერის" მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შესრულებაც მოჰყვა.

საფეხბურთო კარიერა

ვილი სანიოლი სენტ ეტიენში დაიბადა და ფეხბურთზე სიარულიც ადგილობრივ კლუბში დაიწყო. აღსანიშნვაი, რომ კლუბის აკადემიაში ის ძალიან გვიან, 13 წლის ასაკში ჩაირიცხა. ნიჭიერ ფეხბურთელად არასდროს ითვლებოდა და ხშირადაც აკრიტიკებდნენ, მაგრამ ბევრს შრომობდა და ყურადღებას არავის აქცევდა, რის გამოც მისი თითქოს არც ისე პერსპექტიული კარიერა ბავშვობის წლებში არ დასრულებულა.

ვილი მონდომებული ბიჭი იყო. "სენტ ეტიენის" საფეხბურთო აკადემია ცენტრალური მცველის რანგში დახურა, მაგრამ სხეულის აგებულობისა და გამძლეობის გამო ის მარჯვენა მცველად გადაიყვანეს.

1997 წელს, ვილი „სენტ ეტიენს“ ტოვებს და „მონაკოს“ ფეხბურთელი ხდება. იქ, მის საბედნიეროდ, კლოდ პიუელი მუშაობდა. სერიოზული სპეციალისტი, როლმელიც იდეალურად ჯდებოდა „მონაკოს“ იდეოლოგიაში. ამ ჭკვიან მწვრთნელებთან მუშაობის დროს სანიოლმა ბევრს მიაღწია.  17-წლიანი პაუზის შემდეგ "მონაკო" საფრანგეთის ჩემპიონი გახდა. ახალგაზრდა მცველმა დიდ მოწონებასთან ერთად, სპეციალისტებისა და სხვა კლუბების ყურადღებაც დაიმსახურა.

წარმატების შემდეგ ნათელი გახდა, რომ ფეხბურთელი კლუბს შეიცვლიდა და მიუნხენის "ბაიერნში" გადავიდა. გერმანელები მარკუს ბაბელის შემცვლელს ეძებდნენ.  რატომ ვილი? იმ მომენტში ბავარიელთა შემადგენლობაში უკვე ასპარეზობდა კიდევ ერთი ფრანგი ფლანგი მცველი ბიქსანტ ლიზარაზუ. ყველა ხვდებოდა, რომ ფრანგები ერთად კომფორტულად იქნებოდნენ.

ვილი სანიოლი "რეკორდმაისტერს" 2000 წელს, 23 წლის ასაკში შეურთდა და სურდა, დიდი კლუბის სრულფასოვანი ფეხბურთელი გამხდარიყო. „ბაიერნში“ სტაბილური და კარგი თამაში სანიოლს საფრანგეთის ნაკრების ძირითადის კარს გაუხსნიდა. ამიტომ, მიუნხენი საუკეთესო ვარიანტი იყო.

სანიოლი გოლების გატანით არასდროს გამოირჩეოდა. იმ პერიოდში ფლანგის მცველებს არ თხოდვდნენ იმდენ სამუშაოს, რამდენსაც ახლანდელ ფეხბურთში. აღსანიშნავია, რომ ვილიმ „ბაიერნის“ მარჯვენა მცველის პოზიცია პირველსავე წელს დაისაკუთრა.

"ვალენსიასთან" მიღწეული გამარჯვებისა და ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ მთელ მსოფლიო ეგონა, რომ ბავარიელების შეჩერება წლების განმავლობაში შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ პირიქით მოხდა. გუნდს დაეწყო კრიზისი, რომელიც წლები გაგრძელდა. "რეკორდმაისტერმა" თამაშის ხარისხს მოუკლო, რაც დაკარგულ ტიტულებშიც გამოისახა.

მომდევნო სამ წელიწადში გუნდმა დაკარგა სიძლიერე, რასაც ოტმარ ჰიტცფელდის გაშვება მოჰყვა. მთავარი მწვრთნელის პოსტზე კი დესპოტი ფელიქს მაგათი დაინიშნა. სანიოლისთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვინ იქნებოდა მწვრთნელი, ის ვარჯიშებზე ყველაზე მეტს იხარჯებოდა და გამძლეობითაც ყველას ჯობდა.

ფრანგი ერთი პერიოდი მიუნხენელთა კაპიტანიც იყო. მაგათის დროს „ბაიერნმა“ დუბლი შეასრულა, მაგრამ სპეციალისტის ვარჯიშებს ბევრი ფეხბურთელი ვეღარ უძლებდა და კლუბის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, მთავარი მწვრთნელის პოსტი კვლავ ვაკანტური გახდა. შემდეგ კი ისევ კეთილი ჰიტცფელდი დააბრუნეს. "გენერალს" თავიდან გაუჭირდა და ბავარიელებმა ბუნდესლიგაში მხოლოდ მე-4 ადგილი დაიკავეს.

"ბაიერნი" თავის სიდიდეს ნელ-ნელა დაუბრუნდა. 2008 წლის ზაფხულში, სანიოლმა ტრავმა მიიღო და ძალიან დიდი პერიოდი გაუცდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან ფეხბურთის თამაში ვეღარ გააგრძელა და ადრეულ ასაკში ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება მოუწია.

ასე მოულოდნელად და ცუდი ფორმით დასრულდა ვილის ასპარეზობა მოედანზე. ის იყო, ალბათ, ყველაზე გამორჩეული ფრანგი ფეხბურთელი "ბაიერნის" ისტორიაში. კლუბში 9 წელი გაატარა და იქ იყო მაშინაც, როდესაც მიუნხენურ გრანდს ვარსკვლავები ტოვებდნენ. ბავარიაში მას ენდნენ და ვილი ამას აფასებდა. ის დაბადებული იყო საფრანგეთში, მაგრამ საფეხბურთო კარიერა გერმანიაში, შეიძლება ითქვას, გაგერმანელებულმა დაასრულა.

სამწვრთნელო კარიერა

კარიერის დასრულების შემდეგ სანიოლი ხვდებოდა, რომ მას ფეხბურთში ყოფნა სურდა. ჭკვიანი ფეხბურთელი იყო და ძალიან ბევრ ძლიერ მწვრთნელთან ჰქონდა ნამუშევარი. ხედვა ინტელიგენტი ფეხბურთელისა, რომელსაც ამდენ გენიალურ სპეციალისტთან უმუშავია, უკვე სამწვრთნელო რანგში ძალიან საინტერესოა. რამდენჯერ გინახავთ, თუ როგორ ირჩევდა სანიოლი სწორ პოზიციებს, რათა სრაფი ფეხბურთელები არ გაცდენოდნენ. რა კარგი ჩაწოდება ჰქონდა, რაც თუნდაც 2006 წლის მუნდიალის ფინალიდან გვახსოვს, როცა მისი გადაცემის შემდეგ ჯანლუიჯი ბუფონმა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სეივი შეასრულა.


მან ძალიან მალე შეისწავლა ვარჯიშების ნიუანსები. კარიერის დასრულებიდან 4 წელიწადში კი საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, რაც, უდავოდ, პროგრესის ნიშანი იყო. 

ვილიმ პოსტზე პიერ მანკოვსკი შეცვალა და ერთ წელში ჩატარებულ 9 შეხვედრაში 7 მოიგო და ორიც ფრედ დაასრულა, ბურთების სხვაობა - 29:6.

მის ფორმაციის ახალგაზრდულ ნაკრებში ახლანდელი ვარსკვლავები: ენტონი მარსიალი, ლუკა დინი, ფლორიან ტოვენი და სხვები ასპარეზობდნენ. მას შეტევაში დიდი არჩევანი ჰქონდა და გუნდს ხან 4-4-2 სქემით, ხან კი 4-2-3-1-ით ათამაშებდა. მწვრთნელის წარმატებულმა მუშაობამ საკმაოდ ბევრი ფრანგული კლუბის ინტერესი გამოიწვია.

მან ლიგა 1-ის გუნდის წინადადება მიიღო და „ბორდოს“ დამრიგებელი გახდა. ჟირონდელებს მისი ძალიან სჯეროდათ. ვილიმ ახალ კლუბში ჰიტცფელდის ფილოსოფია დანერგა, რაც მან „ბაიერნში“ საკუთარ თავზე გამოსცადა. ეს მან პირველი პრესკონფერენციისას აღნიშნა.

"მსურს შემტევი ფეხბურთი ვითამაშოთ. „ბაიერნში“ მასწავლეს, რომ თუ გინდათ, შეხვედრა დიდი ანგარიშით მოიგო, ყველა ფეხბურთელი მოედანზე ყოფნით სიამოვნებას უნდა იღებდეს. ამისთვის კი ბურთის დიდხანს ფლობაა საჭირო. ჩემთვის ფეხბურთი, პირველ რიგში, გართობაა. აუცილებელია, რომ ჩემი ფეხბურთელები ბოლომდე დაიხარჯონ და გულშემატკივარმა მათი თამაშით სიამოვნება მიიღოს", - ამბობდა 2014 წლის მაისში სანიოლი.

პირველი წელს, ვილიმ „მონაკოს“ 4:1 მოუგო და „ბორდოში“ მისი შეყვარება დაიწყეს. კლუბმა საფრანგეთის ჩემპიონატში მე-6 ადგილი დაიკავა, რაც წინა სეზონთან შედარებით უკეთესი შედეგი იყო. ფრანგულმა მედიამ სანიოლის ყურადღების ცენტრში მოქცევა დაიწყო და მათი აზრით, ის იმ თაობის საუკეთესო მწვრთნელი გახდებოდა, მაგრამ მოვლენები ცოტა სხვაგვარად განვითარდა.

"სანამ "ბორდოს" მწვრთნელი ვიქნები, აფრიკელ ფეხბურთელებს ნაკლები რაოდენობით შევიძენთ. არ მსურს, აფრიკის თასის გამო ყოველ ორ წელიწადში, შუა სეზონისას, ნახევარი გუნდი ნაკრებში გავუშვა. აფრიკელების დადებითი მხარეა, რომ ნაკლებ ხელფასს თანხმდებიან, აქვთ მებრძოლი ხასიათი და ფიზიკურად კარგად არიან მომზადებულნი, მაგრამ აზროვნება, ტექნიკა და დისციპლინა ფეხბურთში გაცილებით მნიშვნელოვანია", - განაცხადა ჩვენი ნაკრების ახალმა მწვრთნელმა.

საზოგაოებამ ეს განცხადება ცუდად მიიღო და "ბორდოს" თავკაცი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. ტელევიზიებში მომზადდა გადაცემები, რომლებიც აფრიკელ ფეხბურთელებს ბოიკოტისკენ მოუწოდებდნენ.

ყველა აფრიკელმა ფეხბურთელმა უარი უნდა თქვას მომდევნო ტურში სტადიონზე გასვლაზე. სანიოლმა ყველა მათგანს შეურაცხყოფა მიაყენა", - ამბობდა „მარსელის“ პრეზიდენტი პაპე დიუფი.

რა თქმა უნდა, ვილი მიხვდა, რომ სწორად არ ილაპარაკა და ვითარების შეცვლა სურდა, მაგრამ ამ ყველაფერს გუნდში პრობლემებიც დაერთო. „ბორდომ“ სეზონი მე-14 ადგილზე დაასრულა და სანიოლიც თანამდებობიდან დაითხოვეს.

ამის შემდეგ ფრანგ სპეციალისტს კლუბში აღარავინ ეძახდა. სანიოლის სკანდილი ინტერნეტის საშუალებით მთელ მსოფლიოს მოედო. სწორედ ამ დროს ვილის შანსი იქ მისცეს, სადაც ძალიან უყვრადათ. კარლო ანჩელოტიმ „ბაიერნში“ მისვლისას ვილის ასისტენტობა შესთავაზა და დაითანხმა.

თუმცა, როგორც გახსოვთ, იტალიელს გერმანული კარიერა არ აეწყო და როცა პოსტიდან გაუშვეს, მისი მოვალეობა დროებით სანიოლმა შეასრულა და "რეკორდმაისტერს" ერთ შეხვედრაში უთავკაცა კიდეც.

მატჩი თბილისში - სანიოლი პრესკონფერენციაზე

43 წლის ფრანგი სპეციალისტი გერმანულ ტელევიზიებში ექსპერტადაც მუშაობდა, 2021 წლის 15 თებერვალს კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრების მწვრთნელად დანიშნა. 

ალბათ, ბევრ გულშემატკივარს საქართველო-საფრანგეთის 2006 წლის მატჩი ახსოვს. ფრანგებს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ახალი ნათამაშები ჰქონდათ, იმ ფინალიდან დაახლოებით 2 თვეში კი თბილისში, განახლებულ "დინამო არენაზე" "ევრო 2008"-ის საკვალიფიკაციოს პირველი შეხვედრის ჩასატარებლად ჩამოვიდნენ. ცხადია, გუნდთან ერთად იყო მისი უცვლელი მარჯვენა მცველი, ვილი სანიოლიც.

მაშინ 29 წლის მცველი კარიერის პიკში თუ არა, მასთან ძალიან ახლოს იყო. იგი მთავარმა მწვრთნელმა, რაიმონ დომენეკმა "დინამო არენას" საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტების წინაშე იახლა და მატჩზე ფრანგთაგან სწორედ მათ ისაუბრეს. 

ჩვენს გუნდს წვრთნიდა კლაუს ტოპმიოლერი, რომელმაც "მამლების" წინააღმდეგ ძირითადში სფფ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი - ლევან კობიაშვილი და გენერალური მდივანი - დავით მუჯირი დააყენა. ზოგადად, გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:

საქართველო: გრიგოლ ჭანტურია - კახაბერ ალადაშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი, მალხაზ ასათიანი, გოგიტა გოგუა - ჯაბა კანკავა, ლევან კობიაშვილი, დავით მუჯირი - გიორგი დემეტრაძე, ალექსანდრე იაშვილი, შოთა არველაძე. მთ. მწვრთნელი

საფრანგეთი: გრეგორი კუპე - ვილი სანიოლი, ლილიან ტურამი, უილიამ გალასი, ერიკ აბიდალი - კლოდ მაკელელე, პატრიკ ვიეირა, ფრანკ რიბერი, ფლორან მალუდა - ტიერი ანრი, ლუი საა.

რაც შეეხება კონკრეტულად თამაშს, "სამფეროვნებმა" მალუდას, საასა და ასათიანის ავტოგოლით 3:0 მოგვიგეს. ვილი სანიოლი ძირითადში იყო და უშუალო მოვალეობის უპრობლემოდ შესრულების გარდა, შეტევაშიც აქტიურობდა. ჩვენს კარში მე-3 გოლი სწორედ მის გადაცემას მოჰყვა. სანიოლმა გრძელი პასი გააკეთა, მეკარე გრიგოლ ჭანტურიამ და მალხაზ ასათიანმა შეუთანხმებლად ითამაშეს და "ასკას" ავტოგოლი ჩაეთვალა.


გუნდებს შორის საფრანგეთში გამართულ შეხვედრაში, რომელიც ჩვენმა მეტოქემ სამირ ნასრის გოლით 1:0 მოიგო, სანიოლს არ უთამაშია. საბოლოოდ, იმ ციკლში საქართველომ მხოლოდ ფარერის კუნძულებს აჯობა და ჯგუფის მე-6 ადგილი დაიკავა, ფრანგებმა კი "ევრო 2008"-ზე თამაშის უფლება რთულ ბრძოლაში მოიპოვეს.

ვეტერანმა ფეხბურთელმა სფფ-სთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის საქართველოში უახლოეს დღეებში ჩამოვა და ქვეყნის სუპერთასის მატჩს დაესწრება. სანიოლის თვალწინ ტიტულისთვის თბილისის "დინამო" და "გაგრა" იბრძოლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები