ტონი ადამსის დემონები
Aa Aa

ტონი ადამსის დემონები

„გარეტ საუთგეიტმა თერთმეტმეტრიანი გააფუჭა. არ მჯერა... რა ჯანდაბა გააკეთა? ინგლისის ნაკრების კაპიტანი ვარ... გარეტს ვერ გავუბრაზდები. ვერ ვაჩვენებ მისი გაფუჭებული თერთმეტმეტრიანი რამდენად მტკივნეული აღმოჩნდა. ისიც ხომ ურთულეს მდგომარეობაში იმყოფება. ის უნდა დავიცვა და პირველ რიგში გუნდზე უნდა ვიფიქრო და არა საკუთარ თავზე.

მოედნის ცენტრიდან პენალტის დასარტყმელად მიმავალი გარეტი კარგად მახსოვს. საკმაოდ თავდაჯერებული ჩანდა. ტერი ვენეიბლზის გვერდით ვიდექი, როცა მომიახლოვდა და განაცხადა: „შემდეგ თერთმეტმეტრიანს მე შევასრულებ“. ტერიმ მე გამომხედა და გარეტს ორივემ თავი დავუქნიეთ.

სამწუხაროდ, საუთგეიტმა თერთმეტმეტრიანი გააფუჭა... ანდრეას მიოლერის პენალტისთვის ყურადღება არც მიმიქცევია. გარეტს ვეხუტებოდი და მის დახმარებას ვცდილობდი. გარეტის გაკრიტიკების უფლებას არავის მივცემდი. იმ დღეს ჩემი მოვალეობა მისი დაცვა იყო.

სტადიონს საპატიო წრე დავარტყით, რომელიც უფრო სამგლოვიარო წრეს ჰგავდა. ზაფხულის თბილ საღამოს ლონდონში ვიყავით და იმის ნაცვლად, რომ ინგლისის ნაკრების ფინალში გასვლა გვეზეიმა, სასოწარკვეთას ვგრძნობდით. თუმცა მე გამონაკლისი ვიყავი. იმ საღამოს ჩემი მოვალეობა თანაგუნდელებზე ზრუნვა იყო.

გულშემატკივრებს ტაში დავუკარი და გასახდელისკენ გავემართე. იატაკზე პირსაცოხები და წინდები ეყარა. ჩემი თანაგუნდელებს კი განადგურებულნი და დამწუხრებულნი ისხდნენ. ის მოთამაშეები, რომლებსაც მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ, მათ დასამშვიდებლად საჭირო სიტყვების პოვნას ცდილობდნენ, მაგრამ არაფერი გამოსდიოდათ. გადავწყვიტე ბიჭები გამემხნევებინა და სიტყვით გამოსასვლელად წამოვდექი.

„ბიჭებო, თავები მაღლა ასწიეთ. დღეს შესანიშნავად ვითამაშეთ და მთელი ქვეყანა ჩვენით ამაყობს. თავჩაღუნული სიარულის უფლება არცერთ ჩვენგანს აქვს... თუმცა გარეტი გამონაკლისია... გარეტ, შენ ნამდვილი იდიოტი ხარ. შენ გამო ევროპის ჩემპიონობა დავკარგეთ". ოთახში სიცილი ატყდა, ირგვლივ მიმოვიხედე და მაცივარი დავინახე. ახლა სწორედ სასმელი მჭირდებოდა. Carling-ს ვსვამდი, მაგრამ ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს Dom Perignon ყოფილიყო.

მახსოვს, იმ პერიოდში ალკოჰოლური სასმელი პირველად დავლიე და სიმართლე გითხრათ, სრული ნეტარება იყო. ევრო 96-ისთვის მოსამზადებელი პერიოდი ჩემთვის ურთულესი გამოდგა. ჩემს პირად ცხოვრებაში ყველაფერი უფსკრულისკენ მიემართებოდა. ჩემმა მეუღლემ დამტოვა და თან შვილები წაიყვანა. ტრავმას ვებრძოდი და „არსენალის“ რიგებში მუხლზე გადატანილი ოპერაციის გამო ვერ ვთამაშობდი. საშინელი პერიოდი მქონდა, დალევა არ მინდოდა მაგრამ მაინც ვსვამდი...

ვნერვიულობდი, რომ ინგლისის ნაკრებშიც არ გამომიძახებდნენ, მაგრამ ტერი საოცარი ადამიანი იყო. ის მუდამ გვერდით მედგა და რამდენჯერმა მითხრა, რომ ნაკრების ერთ-ერთ ლიდერად მომიაზრებდა. ერთხელ, დასავლეთ ლონდონში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში შევხვდი: „რამეს დალევ ტონი?“, - მკითხა ტერიმ. „კი, დიდი სიამოვნებით“, - ვუპასუხე მე. რამდენიმე ბოთლი ღვინო დავლიეთ და შემდეგ ტერი წავიდა. საღამოს 4 საათია. ქალაქში ვარ, ვიღაცებს ვურეკავ და პარალელურად ალკოჰოლის მიღებას განვაგრძობ... იმ ღამის შემდეგ უბრალოდ გავუჩინარდი და კლუბმა ჩემი პოვნა ვერ მოახერხა, თუმცა ეს ჩემთვის აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენა იყო, რადგან ურთულესი პერიოდი მქონდა და ჩემი ცხოვრება ნეხვით იყო სავსე.

აპრილში, ჩემს საწოლ ოთახში გაკრულ კალენდარზე ტურნირის დაწყებამდე დარჩენილ დღეებს ვითვლიდი. ფეხბურთი იყო ის, რასაც ჩემი ხსნა შეეძლო. ამიტომ, სამუშაოს შევუდექი და ნამდვილი გიჟივით ვვარჯიშობდი. საბედნიეროდ, ტერიმ ევროპის ჩემპიონატზე წამიყვანა და თან გუნდის კაპიტნად დამნიშნა, რაც მარტივი გადაწყვეტილება არ ყოფილა, რადგან ამან დევიდ პლატი გააბრაზა. სიმართლე გითხრათ, მსგავსი რამ მეც ძალიან მეწყინებოდა, მაგრამ მწვრთნელმა ასეთი არჩევანი გააკეთა და კაპიტნის სამკლაურის ტარების პატივი მე მერგო.

ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ტურნე ჰონგ კონგში გავმართეთ. 1995 წელს იქ „არსენალთან“ ერთად ვიყავი და ზუსტად ვიცოდი რა ხდებოდა - ნარკოტიკები, სექსი და როკენროლი. ერთ საღამოს, ბიჭებს დასასვენებლად წასვლის უფლება მისცეს და ახალგაზრდა რობი ფაულერმა მთხოვა, მათთან ერთად წავსულიყავი. ზუსტად ვიცოდი წინ რაც მელოდა ამიტომ თავს მაქსიმალურად ვიკავებდი. ბიჭები თხოვნებს არ წყვეტდნენ, თუმცა გადაწყვეტილება არ შემიცვლია და ვუთხარი, რომ მათთან ერთად მაშინ დავლევდი, როცა გავიმარჯვებდით.

კაპიტანი ვიყავი და ჩემი მოვალეობა გახლდათ ყველაზე კონცენტრირებული ადამიანის შთაბეჭდილება დამეტოვებინა. მისაბაძი მაგალითი უნდა ვყოფილიყავი. მახსოვს, ლიფტით მეთოთხმეტე სართულზე ავედი. ოთახის კარები შიგნიდან ჩავკეტე და აივანზე გავედი. ქალაქს ვუყურებდი და ვიცოდი, მის ქუჩებში რა ხდებოდა. თანაგუნდელებთან ყოფნა მინდოდა და ერთი სული მქონდა როდის გათენდებოდა, თუმცა საშინლად გრძელი ღამე გამოდგა.

დილით ყველაზე ადრე ვდგებოდი, თანაგუნდელებს ვარჯიშამდე ერთი საათით ადრე ვაღვიძებდი და იმ ზაფხულს ძალიან მოტივირებული ვიყავი. თუმცა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში დავმარცხდით და სასტუმროში დავბრუნდით. რამდენიმე ვარიანტი გვქონდა. შეგვეძლო, სახლებში წავსულიყავით, მაგრამ ეს არავის უნდოდა.

ბარში ვისხედით... ყველა ლუდს სვამდა და მომხდარზე საუბრობდა. მე დონ ჰოუისთან და ტერისთან ვიჯექი და ერთად ვსვამდით. დროის გასვლასთან ერთად, ბიჭები ნელ-ნელა დასაძინებლად წავიდნენ, თუმცა მე ოთახში ასვლას არ ვაპირებდი. ღამის სამი საათი... ღამის ოთხი საათი... სმას ვაგრძელებდი და სიმართლე გითხრათ, იქამდე ვსვი, სანამ არ გავითიშე. ჩემს ცხოვრებაში სულ ასე ხდებოდა და გამონაკლისი ის საღამო ნამდვილად არ ყოფილა

დილით ბიჭები ერთმანეთს დაემშვიდობნენ და შვებულებების საყვარელ ადამიანებთან ერთად გასატარებლად გაემგზავრნენ. მე ჩემს ოთახში ვიჯექი, ბარგი ჩალაგებული მქონდა, მაგრამ წასასვლელი არსად გამაჩნდა. მეგობრებს დავურეკე. ვკითხე ყველაზე ახლოს მდებარე პაბი რომელი იყო იქ წავედი. 6-კვირიანი გადაბმული სმა სწორედ ამით დაიწყო. რატომ ვაკეთებდი ამას რთული ასახსნელია, მაგრამ ასეთ პერიოდებში თავს დაკარგულ, მიტოვებულ და გზააბნეულ ადამიანად ვგრძნობდი.

იცით რა?! მიზეზების ანალიზს აზრი არ აქვს, ფაქტებით ვისაუბროთ. ყოველდღე ვსვამდი და ამას არც ვმალავ. ზოგჯერ ბედნიერი ვიყავი და მეგონა, ცხოვრებაში საუკეთესო პერიოდი მქონდა. ინგლისის ნაკრების კაპიტანი გახლდით, ყველას ვუყვარდი და ჩემთან დალევა ყველას სურდა. სიყვარულს ვერ ვგრძნობდი. საერთოდ ვერაფერს ვგრძნობდი. ტურნირის დაწყებამდე ჩემი გრძნობები ფეხბურთის საშუალებით გავანადგურე. ჩემპიონატის შემდეგ კი ყველაფერი ალკოჰოლს უკავშირდებოდა. პაბებში და ღამის კლუბებში დავდიოდი. ზოგჯერ საჭმელსაც არ ვჭამდი და პირად ჰიგიენაზე ხომ საუბარიც ზედმეტია. ხშირ შემთხვევაში პირის დაბანაც საკმარისი იყო.

ცხოვრებაში ისეთი უცნაური მომენტებიც მქონია, როცა ჩემზე დაკისრებული პასუხისმგებლობის შესრულება მინდოდა. იანვრის შემდეგ გადავწყვიტე მეუღლე გამეოცებინა და მისი დაბრუნება მომეხერხებინა. ფულემში სახლი ვუყიდე და ჰემპსტიდში ჩვენთვის ბინა დავიქირავე. 5 სახლი მქონდა, 2 იახტა და 3 მანქანა მყავდა, თუმცა მართვის მოწმობა არ გამაჩნდა და გზააბნეული ადამიანი ვიყავი.

ერთ დღეს, ბავშვები კორნუოლში წავიყვანე, რომელიც 5 საათის სავალზე იყო. მათთან ერთად სახლში შევედი, ისინი დავაწვინე, შემდეგ გავბრაზდი და გონება დავკარგე. შვილებმა გამომაღვიძეს. მივხვდი, რომ ამ ყველაფერს ვერ გავუმკლავდებოდი და ბავშვებთან ერთად სახლში დავბრუნდი.

იმ ზაფხულს კიდევ ერთი ოპერაცია დამჭირდა. კერძო კლინიკაში ვიწექი, ნემსებს მიკეთებდნენ, მე კი ექთნებს ვეფლირტავებოდი და ღვინოს მივირთმევდი. ახალი სეზონის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩებოდა, თუმცა პაბებში უფრო მეტ დროს ვატარებდი, ვიდრე ვარჯიშებზე.

იმ ზაფხულს ნიალ ქუინი დაქორწინდა და დუბლინში გავემგზავრე, რათა ქორწილს დავსწრებოდი. იმ დღეების შესახებ ბევრი არაფერი მახსოვს, მაგრამ ვიცი, რომ ერთ დღეს ერთ-ერთ ქუჩაზე გავიღვიძე და ჩემ წინ სამი ჩინელი ახალგაზრდა დავინახე. სავარაუდოდ, მათთვის რაღაც ცუდი მითქვამს, რადგან ჩემთან ჩხუბი უნდოდათ. წარმოდგენა არ მქონდა რა ხდებოდა, თუმცა უცებ იქვე მიგდებული ცარიელი ბოთლი დავინახე, ავიღე და თავზე გადავიმტვრიე. მათ გაოცებულებმა შემომხედეს, ალბათ, იფიქრეს ეს თუ საუთარ თავს ასე ექცევა, ჩვენ რას გვიზამსო და გაიქცნენ.

ჩემი მაშინდელი ისტორიების მოყოლა უსასრულოდ შემიძლია. ახლა ვიცინი, მაგრამ მაშინ საშინელ მდგომარეობაში ვიყავი. მახსოვს, სტრიპტიზ კლუბებს რამდენიმე გოგონასთან ერთად ვტოვებდი, მათთან ინტიმური კავშირის სანაცვლოდ ფულს ვიხდიდი და სექსის თითოეული წამი მეზიზღებოდა. დილით საკუთარ შარდში და განავალში ამოსვრილს უამრავჯერ გამიღვიძია. საშინელება იყო! ჩემს ოთახში, რომ შემოსულიყავთ და გეთქვათ: „ტონი რა ჯანდაბაა ეს? ვერ შეიკავე“? პასუხად მხოლოდ სიცილს მიიღებდით. „არსენალს“ რაც შეეხება, გუნდის მთავარი მწვრთნელი ბრიუს რიოჩი იყო, რომელსაც ურთულესი მისია ჰქონდა. მისი შეგირდები უამრავ პრობლემას ებრძოდნენ და მას იმედები მეც რამდენჯერმე გავუცრუე. იყო მომენტები, როცა ის და კლუბი ჩემს პოვნას უბრალოდ ვერ ახერხებდნენ... საშინელი პრესეზონი გვქონდა და ბრიუსი პოსტიდან გაათავისუფლეს.

რა მოხდა ამის შემდეგ? სინდისმა შემაწუხა, მაგრამ მალევე ისევ პაბებს მივაშურე. ჩემი ცხოვრება მეზიზღებოდა და რატომ არ უნდა მეკეთებინა ის, რაც ოდნავ სიამოვნებას მაინც მანიჭებდა. ახლა ვხვდები რა სისულელეს ვაკეთებდი. ალკოჰოლზე დამოკიდებული ბევრი ყოფილა, მაგრამ მე ყოველგვარი საზღვარი გადავკვეთე და ნორმალურ ცხოვრებას ვერ ვუბრუნდებოდი.

უეცრად ალკოჰოლისთვის თავის დანებება გადავწყვიტე, მაგრამ მივხვდი, არ შემეძლო. ინგლისის ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი და გუნდის კაპიტანი ტონი ადამსი ვარ! მეგონა, რომ ყველაფრის დამარცხება შემეძლო, მაგრამ უეცრად გავაანალიზე, რომ ალკოჰოლის წინააღმდეგ უსუსური ვიყავი. დამერწმუნეთ, ცხოვრებაში ამაზე ცუდი რამ არასდროს გამომიცდია.

ცხოვრების დასრულებაზე ფიქრი დავიწყე. ვიცოდი, რომ ჩემთვის აზრი არაფერს ჰქონდა, მაგრამ თავის მოკვლის ძალიან მეშინოდა. გაუსაძლის ტკივილს ვგრძნობდი. ყველაფერი უფერულად მეჩვენებოდა და ვხვდებოდი, რომ არაფერს ჰქონდა აზრი, მაგრამ სუიციდზე ფიქრისას მაკანკალებდა, სიკვდილი არ მინდოდა... ერთი პერიოდი მაღალი სიცხეები და პანიკური შეტევები მქონდა და მეგონა, რომ შიდსით ვიყავი დაავადებული. ცოტა ხანში ჰალუცინაციები დამეწყო. მახსოვს, კარადას ვუყურებდი და ვხედავდი იქიდან კაცი როგორ გამოდიოდა. ტელეფონი რეკავდა და პასუხის გაცემას ვერ ვახერხებდი... ხმები მესმოდა და საშინელ მდგომარეობაში ვიმყოფებოდი.

ერთხელ მამაჩემმა მითხრა: „შენ მთვრალი ხარ შვილო“. ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ ძალიან შემრცხვა, მაგრამ ავდექი და ისევ პაბში წავედი. დავლიე და შემდეგ რა მოხდა ნამდვილად არ მახსოვს. სამაგიეროდ, მახსოვს, რომ პარასკევს, 16 აგვისტოს, ჩიფსები და თევზი ვიყიდე, მათთან ერთად ლოგინში ჩავწექი და უეცრად გონება დავკარგე... ამ ყველაფერს ჩემი ცხოვრების ურთულესი კვირა მოჰყვა. ეს იყო პერიოდი, რომელიც ჩემთვის დღემდე ჯოჯოხეთთან ასოცირდება.

ოფლიანობა, ჰალუცინაციები, პანიკური შეტევები. ვიცოდი, რომ ასე გაგრძელება აღარ შემეძლო. ორშაბათს გავიღვიძე. ჩიფსები და თევზები კვლავ ჩემ გვერდით იყო. ძლივძლიობით წამოვდექი და სავარჯიშოდ წასვლა გადავწყვიტე. ტაქსი გამოვიძახე და ქუჩაში პოლ მერსონს შევეჩეხე. „მერსე, ალკოჰოლთან დაკავშირებით პრობლემები მაქვს“, - ჩავჩურჩულე მერსონს. პოლმა კლუბში გაწევრიანება შემომთავაზა და ერთ-ერთი კლუბი მირჩია. რაღაცები ამოვქექე და აღმოვაჩინე, რომ შეხვედრები ფულემში, ჩემს სახლთან ახლოს იმართებოდა. რამდენიმე საათის შემდეგ, იმ შენობის წინ ვიდექი და ვფიქრობდი ნაბიჯი გადამედგა თუ არა. მშვენიერი საღამო იყო, პაბში წასასვლელად იდეალური, თუმცა მივხვდი, რომ აბსოლუტურად მარტო ვიყავი. წასასვლელი არსად მქონდა და დავნებდი. ნაბიჯი გადავდგი და შენობაში შევედი!

შევედი და ხსნა ვჰპოვე. აღმოვაჩინე გზა, რომლის დახმარებითაც ალკოჰოლზე უარის თქმა შევძელი.

შეხვედრები დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. რაღაც კავშირს ვგრძნობდი და ვძლიერდებოდი. ერთი პერიოდი ტრავმები მქონდა და შეხვედრებზე ხშირად დავდიოდი. მალევე მივხვდი, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლებოდა. ალკოჰოლზე დამოკიდებულების გასაჯაროებას არ ვაპირებდი, თუმცა ვარჯიშის შემდეგ ჩემთან ერთი ჟურნალისტი მოვიდა და მკითხა: „ტონი შენ ალკოჰოლზე დამოკიდებული ხარ?“ გაიგეს, რომ შეხვედრებზე დავდიოდი, თუმცა არაფერი მითქვამს. ისინი თავიდან მოვიშორე და გზა განვაგრძე, უკნიდან კი მათი შეძახილები მესმოდა: „10000 გირვანქა სტერლინგი! 20000 გირვანქა სტერლინგი! 50000 გირვანქა სტერლინგი! 100000 გირვანქა სტერლინგი! ექსკლუზივის სანაცვლოდ“.

ჩემს ცხოვრებაში ფული უმნიშვნელოვანესი ფაქტორი არასდროს ყოფილა, მაგრამ იმ მომენტში გაჩერება გადავწყვიტე და ვთქვი: „დიახ მე ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანი ვარ, დიახ მე მასთან საბრძოლველად შეხვედრებს ვესწრები. ეს საუკეთესოა, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია“. ამ მომენტის შემდეგ შვებით ამოვისუნთქე და თავი ბედნიერ ადამიანად ვიგრძენი.

წლების განმავლობაში ვფიქრობდი, რომ ამ სისუსტეს ვერასდროს მოვიშორებდი, მაგრამ ჯგუფური თერაპიის სეანსებზე მეგობრები გავიჩინე და მათ ალკოჰოლიზმთან გამკლავების საშუალება მომცეს. „არსენალში“ ყოფნისას ყველა დამცინოდა, რადგან იცოდნენ, რომ ჩემს ნათქვამ: „მომავალ კვირას სმას თავს ვანებებ“ რეალური შედეგი არ მოჰყვებოდა. ახლა კი ყველაფერი სხვანაირად იყო.

მალევე, „არსენალმა“ ახალი მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი, დანიშნა. ყველაფერი ერთმანეთს იდეალურად დაემთხვა. თავიდან ყველას გვეშინოდა, მაგრამ ნელ-ნელა ვითარებას გავუმკლავდით. ფეხბურთელებმა, რომლებსაც მანამდე სხვადასხვა ტიპის პრობლემები ჰქონდათ, არსენთან შესანიშნავი ურთიერთობა დაამყარეს. ვენგერმა ჩვენი ცხოვრება შეცვალა. ნეტავ რა იქნებოდა მას ეს პოსტი 2-3 წლით ადრე რომ მიეღო.

1996 წელი საშინლად მახსენდება, თუმცა ჩემი ცხოვრება სწორედ ამ პერიოდში შეიცვალა. ბევრი რამ გამოვიარე და აბსოლუტურად სხვა ადამიანად ვიქეცი. ევროპის ჩემპიონატზე გამოძახებით და კაპიტნის სამკლაურის მიღებით ძალიან ბედნიერი ვიყავი, თან იმ ზაფხულს მიუხედავად ყველაფრისა მშვენივრად ვითამაშეთ. საკუთარი თავით ვამაყობ, მაგრამ ფაქტია, რომ ევრო ევრო 96-დან ორი თვის შემდეგ აბსოლუტურად სხვა ადამიანი ვიყავი.

ბევრი რამ მკურნალობის დამსახურებაა. როგორც მერსონი ამბობდა, დიარეას უბრალო სურვილით ვერ შეაჩერებ, მას მედიკამენტები სჭირდება. ალკოჰოლზე დამოკიდებულება სწორედ ასე დავამარცხე.

„არსენალში“ და ინგლისში მომდევნო 6 წელი მშვენივრად ჩავატარე, ფეხბურთით დავტკბი და თავი ჩიტივით თავისუფალ ადამიანად ვიგრძენი!

გაზიარება: