მოტივირებული, „გაუმაძღარი ცხოველი“, რომლისთვისაც დრო სხვაგვარად გადის
Aa Aa

მოტივირებული, „გაუმაძღარი ცხოველი“, რომლისთვისაც დრო სხვაგვარად გადის

„მატჩის მსვლელობისას ჯონ ო’შის ჟანგბადი სჭირდებოდა. მას სუნთქვა უჭირდა, ისევე როგორც ჩვენ ყველას, მაგრამ ო’შის განსაკუთრებით, რადგან რონალდუს პერსონალურად ის მეურვეობდა. ჩვენ მას ვესაუბრებოდით, თუმცა მას არ შეეძლო, პასუხის გაცემასაც ვერ ახერხებდა.

სქოულზი, ნიკი ბატი და მე დავნებდით. „ბიჭი ძალიან მაგარია, ჩვენ ის უნდა შევიძინოთ“, - ვამბობდით შეხვედრის შემდეგ. ავტობუსში ვისხედით, რომ ინგლისში წავსულიყავით, თუმცა ზედმეტად საათნახევრის მოცდა მოგვიხდა. შემდეგ მათ აგვიხსნეს რატომაც. პასუხი ასეთი იყო - „უკაცრავად, ჩვენ გარიგება დავდეთ, რომ რონალდუ შეგვეძინა“. - იხსენებს რიო ფერდინანდი.

რომ არა ფერგი და „მანჩესტერ იუნაიტედი“, იქნებოდა რონალდუ იგივე, ვინც დღეს არის? ვფიქრობ არა. კრიშტიანუ თავისი ნიჭითა და მონდომებით არ დაიკარგებოდა, მაგრამ სერ ალექსის სკოლის გავლის გარეშე პორტუგალიელი იმ დონეს ვერ მიაღწევდა, სადაც ახლა იმყოფება.

ცხოვრებაში ყველას თავისი გზა აქვს გასავლელი. ადამიანს წინასწარ არაფერი უწერია, რადგან ყველას აქვს თავისუფალი ნება და ყველა საკუთარ მომავალს თავადვე ქმნის. ჩვენი თითოეული ნაბიჯი და გადაწყვეტილება ჩვენივე მომავალს განსაზღვრავს.

დღეს რონალდუს კარიერის მეორე ნაწილზე უნდა გესაუბროთ - როგორ შეცვალა მან თავისი სათამაშო სტილი და როგორ ადაპტირდა დროსთან.

კრიშტიანუ რონალდუ თანამედროვე ფეხბურთის ნამდვილი სახეა. პორტუგალიელმა ყველას დაანახა, რომ სათანადო ფიზმომზადებითა და მონდომებით 35 წლის ასაკშიც უმაღლეს დონეზე თამაში შესაძლებელია.

რონალდუმ იდეალურად იცის, თუ როდის რა შეუძლია. კრიშტიანუმ „მანჩესტერიდან“ წასვლის შემდეგ, თავისი სათამაშო სტილის ნელ-ნელა შეცვლა დაიწყო, თუმცა ის ამას მარტო ვერ იზამდა - მას დამხმარე სჭირდებოდა, ასეთად კი კარლო ანჩელოტი მოევლინა.

პორტუგალიელი დროთა განმავლობაში ფლანგზე ეფექტურობას კარგავდა და ისეთი მრისხანე აღარ იყო, როგორიც „მანჩესტერული“ კარიერის წლებში და „რეალში“ ყოფნის პირველ სეზონებში.

რონალდუმ დროს ფეხი აუწყო, წლების გასვლასთან ერთად მან პოზიციები არ დათმო და თავისი სტატუსი შეინარჩუნა. კრიშტიანუ დროის მსვლელობას ყურადღებას არ აქცევს და რეკორდების დამხობას განაგრძობს. იგი ყოველწლიურად გვეუბნება, რომ არსად მიდის, ოქროს ბურთის მოგება კიდევ უნდა და გვპირდება, რომ საუკეთესოს წოდებს კიდევ ბევრჯერ მიიღებს.

მისი კარიერა ერთ წიგნად უნდა გამოიცეს და მასში დეტალურად აღწერონ, როდის, რა და როგორ შეძლო, ამ მოტივირებულმა, გაუმაძღარმა ცხოველმა“. მომავალი თაობებისთვის რონალდუს განვლილი გზა ფასდაუდებელი გაკვეთილი იქნება.

ახლა კი მის ევოლუციას დავუბრუნდეთ და ეტაპობრივად მივყვეთ, თუ როგორ მოხდა და გრძელდება ეს ყველაფერი.

ანჩელოტის ეფექტი - რა შეცვალა კარლომ რონალდუს კარიერაში

2013-2014 წლების სეზონში კარლო ანჩელოტიმ მოურინიოს „რეალი“ ჩაიბარა და პირველივე სეზონში გუნდს ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა - ნანატრი „ლა დესიმა“.

„პაპა კარლომ“ მოურინიოს სათამაშო სქემა მთლიანად შეცვალა. იტალიელმა გუნდი გაცილებით სწრაფი და მოქნილი გახადა.

ჟოზე ძირითადად 4-2-1-3 სქემას იყენებდა. საყრდენ ნახევარმცველებად ხედირასა და ალონსოს ათამაშებდა. მათ წინ კი მესუთ იოზილი იყო გამწესებული.

შემტევი ტრიო კი რონალდუ-ბენზემა-დი მარიასგან იყო დაკომპლექტებული. მოურინიოს სქემა ვერ ამართლებდა. გუნდმა 3 წელიწადში ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ ნახევარფინალებში ითამაშა, ლა ლიგა კი ერთჯერ მოიგო.

ანჩელოტიმ სქემა თავის პირველივე სეზონში შეცვალა. საჭიროების შემთხვევაში გუნდი ერთ შეხვედრაში 4-4-2-ს და 4-3-3-საც თამაშობდა.

რონალდუს საჯარიმოსკენ შეწევამ გუნდის წარმატებაში დიდი როლი ითამაშა და ამ ყველაფრის შემოქმედი ანჩელოტისთან ერთად ანხელ დი მარია იყო, რომელმაც 2013-14 წლებში საოცარი სეზონი ჩაატარა.

მადრიდელთა სქემა ასე გამოიყურებოდა: დი მარია თამაშს ცენტრიდან იწყებდა, შეტევის დასკვნით ფაზაში არგენტინელი მარცხენა ფლანგისკენ იწყებდა გადაადგილებას, რონალდუ კი საჯარიმოში ბენზემას უწყვილდებოდა.

დი მარიას როლი და ამ პოზიციაზე მისი საჭიროება „ელ კლასიკოში“ ჩატარებულ შეხვედრაში გამოჩნდა, რომელიც მართალია „რეალმა“ წააგო (3:4), მაგრამ არგენტინელი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

აქ ნათლად ჩანს, თუ რა როლი ჰქონდა დი მარიას და როგორ მოქმედებდა რონალდუ ამ დროს.


 

არგენტინელმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემპიონთა ლიგის განმეორებით ნახევარფინალურ შეხვედრაში მიუნხენში, სადაც „რეალმა“ „ბაიერნი“ 4:0 გაანადგურა. დი მარიას სისწრაფე და დრიბლინგი მოედანზე მადრიდელებს დიდ უპირატესობას სძენდა.

დი მარია ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი იყო ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც, სადაც მან „ატლეტიკოს“ მარჯვენა ფლანგი უბრალოდ აიკლო.


 

გატარებული ცვლილებების შემდეგ, ხსენებულ სეზონში რონალდუს სტატისტიკა გაუმჯობესდა და ასეთი იყო:

რონალდუ არ არის სუფთა 9 ნომერი - მას გვერდით „ყურადღების გადამტანი“ სჭირდება

მიუხედავად ტრანსფორმაციისა და ევოლუციისა, რონალდუს კლასიკურ 9 ნომერს ვერ ვუწოდებთ. იყო მისი ცენტრფორვარდად გამწესების რამდენიმე მცდელობა, რომლებიც კრახით დასრულდა.

როგორც „გაძეტა დელო სპორტი“ წერდა, მიმდინარე სეზონში იტალიის თასის ფინალში „ნაპოლისთან“ მატჩამდე, უფრო ზუსტად კი ბოლო სავარჯიშო სესიაზე მაურიციო სარიმ რონალდუს ცენტრფორვარდად თამაში კიდევ ერთხელ თხოვა, რაზეც კრიშტიანუმ უხეშად უპასუხა და უარი განუცხადა.

იტალიური გამოცემა წერდა, რომ რონალდუ ცხრიანის პოზიციაზე თამაში არ სურს. მისი თქმით, იგი მთელი კარიერა მარცხნიდან უტევდა და ახლა პოზიციის შეცვლა არ სურს.

რონალდუს 4-3-3-ის ნაცვლად 4-4-2 სათამაშო სქემა უფრო მეტად ხიბლავს, რომელშიც ის მეტ თავისუფლებას მიიღებს და იქ ითამაშებს, სადაც მოისურვებს.

პორტუგალიის ნაკრებში ის სწორედ ასე მოქმედებს და ბოლო წლებში „რეალშიც“ მსგავსი სქემით თამაშობდა.

კრიშტიანუს თვისებების მქონე ფეხბურთელს მოედანზე რაც შეიძლება მეტი თავისუფლება სჭირდება. „რონის“ უკან დაწევა და თამაშის ფლანგიდან წამოწყება, იგივე მოედნის სიღრმიდან მოქმედება და ხანდახან მარჯვენა ფლანგზე გადასვლაც უყვარს.

დიახ, ის სიღრმიდან მოქმედების დროს, მესის მსგავსად სახიფათო ვერ არის, თუმცა პორტუგალიელს თავისი პლუსები აქვს. სანამ რონალდუ მოედანზე თავისუფლად გადაადგილდება, ამ დროს საჯარიმოში აუცილებლად უნდა იყოს ცენტრფორვარდი, რომელიც მცველების ყურადღებას მიიქცევს, იბრძოლებს და კრიშტიანუს თავისუფალ სივრცეს შეუქმნის.

„რეალში“ რონალდუს ასეთი პარტნიორის როლს კარიმ ბენზემა ასრულებდა, „იუვენტუსში“ კი ამჟამად გონსალო იგუაინია.

მარიო მანჯუკიჩმა გასულ სეზონში ეს როლი კარგად ვერ მოირგო და სწორედ ამიტომ, წელს ხორვატმა გუნდი დატოვა.

რონალდუ გამუდმებით მოძრაობს და საჭირო მომენტში საჯარიმოში ქარიშხალივით შეიჭრება ხოლმე, რაც ხშირად გოლით სრულდება.

იგუაინი რონალდუს მოედანზე კარგად უგებს. მაგალითისთვის, ეს ყველაფერი მიმდინარე სეზონში ტურინში „ნაპოლისთან“ შეხვედრაში იდეალურად გამოჩნდა, როდესაც გატანა იგუაინმაც შეძლო და კრიშტიანუმაც.

აქ კარგად ჩანს, თუ როგორ იქცევს იგუაინი მცველების ყურადღებას და რამდენად უთავისუფლდება სიცრცე რონალდუს. „პიპიტაზე“ ერთბაშად 5 მოთამაშეა გადასული და მას კრიშტიანუსთვის პასის გაკეთებაც თავისუფლად შეეძლო, თუმცა არგენტინელმა თავის თავზე აიღო და არც შემცდარა.


 

რონალდუს გოლის დროს მცველების ძირითადი ყურადღება კვლავ იგუაინისკენაა მიპყრობილი და ამ დროს პორტუგალიელს მხოლოდ 1 მოთამაშე მეურვეობს. რა თქმა უნდა მომენტი გოლით სრულდება.


 

რონალდუმ თავისი თავი ზუსტად და დროულად გარდაქმნა. ასაკის მატებას მისი შედეგიანობისთვის ხელი არ შეუშლია. კრიშტიანუ თავის შესაძლებლობებს ყოველთვის სწორად აფასებს და ჩვენ ამ ყველაფერს მოედანზე უკვე წლებია ვხედავთ.

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი რონალდუს დანაპირების შესრულებაში?

„ვთვლი, რომ ისტორიაში საუკეთესო მოთამაშე ვარ. ზოგადად ვიცი, რომ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესოდ ვითვლები.

ისტორიაში ყველაზე მეტი ოქროს ბურთის მოგება მინდა. ამ რეკორდს სიამოვნებით დავამხობდი და ვფიქრობ ვიმსახურებ კიდეც.

მესი შესანიშნავი პიროვნება და ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ ოქროს ბურთი ექვსჯერ, შვიდჯერ ან რვაჯერ რომ დავისაკუთრო, მასზე მაღლა დავდგები“.

ოქროს ბურთის ამდენჯერ მოსაგებად რონალდუს ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფი 1-2-ჯერ მაინც დასჭირდება, ამისთვის კი „იუვენტუსი“ მას ხელს სათანადოდ ვერ უწყობს.

პორტუგალიელმა დიდი და საკმაოდ სარისკო ნაბიჯი გადადგა, როდესაც საათივით აწყობილი „რეალიდან“ წავიდა და ჩემპიონთა ლიგის კომპლექსის მქონე „იუვენტუსს“ შეუერთდა.

პირველივე სეზონში გამოჩნდა, რომ „იუვეს“ კვლავ ის პრობლემები აქვს, რაც აქამდე ჰქონდა.

ამსტერდამის „აიაქსთან“ შეხვედრაში ტურინელთა ნახევარდაცვა სადღაც გაქრა. ფრენკი დე იონგმა და კომპანიამ მასიმილიანო ალეგრის მოედნის ცენტრი უბრალოდ წაართვეს.

სათამაშო სტილის ცვლილებიდან გამომდინარე რონალდუს ზურგს უკან ძლიერი ნახევარდაცვა სჭირდება, რომ მისი მწვავე გადაცემებით მომარაგება შეძლონ.

რასაც „იუვენტუსი“ გასულ სეზონში რონალდუს არ აკლებდა, ეს ფლანგიდან ჩაწოდებები იყო. მოედნის ცენტრში მხოლოდ მირალემ პიანიჩი საკმარისი ვერ არის და „ბებერ ქალბატონს“ ვერც ბოსნიელის ნაცვლად შეძენილი არტურ მელო მოუგვარებს პრობლემებს.

კროოსი, მოდრიჩი, კაზემირო, ისკო, ვალვერდე... „იუვეს“ ნახევარდაცვა მადრიდელებთან ახლოსაც ვერ დგას.

მაურიციო სარის გუნდსაც ეს პრობლემა უდგას. აარონ რემზისა და ადრიენ რაბიოს ტრანსფერები ბევრს ვერაფერს ცვლის.

ასეთი გუნდით რონალდუს ჩემპიონთა ლიგაზე დომინირება ძალიან გაუჭირდება.

მიმდინარე სეზონში, „ლიონთან“ სტუმრად გამართულმა მერვედფინალის პირველმა მატჩმა, ტურინელთა პრობლემები კიდევ ერთხელ დაგვანახა.

„იუვე“ ბურთს 61%-ით აკონტროლებდა, კარისკენ კი 15-ჯერ დაარტყეს. ერთი შეხედვით, სტუმრად ჩატარებული მატჩის კვალობაზე კარგი სტატისტიკური მაჩვენებელია, თუმცა გუნდმა საგოლე მომენტები ვერ შექმნა, კარში ბურთი მხოლოდ 1-ჯერ წავიდა და სარის ბიჭებმა 0:1 წააგეს.

ლიდერის დეპაის გარეშე მოთამაშე „ლიონმა“, ტურინელებს მომენტების შექმნის საშუალება არ მისცეს და ბევრისთვის მოულოდნელად ამ წყვილში ვითარება დაიძაბა.

ხსენებულ შეხვედრაში, ორივე გუნდის რიგებში ყველაზე დაბალი შეფასება რონალდუს ჰქონდა, რაც ასევე ტურინელთა ნახევარდაცვის უუნარობაზე მიუთითებს. 90 წუთის განმავლობაში „რონის“ მისამართით მწვავე გადაცემა ფაქტიურად არ გაკეთებულა. „ლიონმა“ „იუვეს“ ნახევარდაცვასა და კრიშტიანუს შორის კავშირი გაწყვიტა, რის შედეგადაც პორტუგალიელი გაანეიტრალეს.

კრიშტიანუს თავისი პლუსები აქვს. ის არ არის მესი, რომ მოედნის ცენტრისკენ ჩაიწიოს, სიღრმიდან იმოქმედოს და მატჩის რიტმი აკონტროლოს. პორტუგალიელს თავისი არსენალი აქვს, რომელსაც ყოველთვის იყენებს, რასაც ვერ ვიტყვით „იუვენტუსზე“, რომელიც რონალდუს მისი უნარების გამოვლენაში ხელს ნამდვილად ვერ უწყობს.

დასკვნა - დროსთან მებრძოლი კაცი თავის გასაკეთებელს კვლავ აკეთებს

35 წლის ასაკში კრიშტიანუ მორიგი რეკორდების ავტორი ხდება. რამდენიმე დღის წინ, პორტუგალიელი გახდა პირველი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც 50 + გოლი პრემიერლიგაში, ლა ლიგაში და სერია ა-შიც გაიტანა.

რონალდუ არც ძველ „ჩვევებს“ ივიწყებს. მიმდინარე სეზონში მისი გოლი „ჯენოას“ კარში - დარტყმის შედეგად ბურთმა 105 კმ/სთ სიჩქარე განავითარა, რაც როგორც შემდეგში გაირკვა „რონის“ კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერად შესრულებული გასროლა გამოდგა.

ნებისმიერ შემთხვევაში, რაც არ უნდა მოხდეს, რონალდუს პოზიციისა და სათამაშო სტილის შეცვლა, საფეხბურთო ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტად დარჩება.

“რიო და კრიშტიანუ მაგიდის ჩოგბურთს თამაშობდნენ, ფერდინანდმა იგი მთელი გუნდის წინ დაამარცხა, ჩვენ აღტაცებისგან ვყვიროდით, რონალდუ კი ძალიან გაბრაზდა. კრიშტიანუ ორი კვირის განმავლობაში ვარჯიშობდა და სათადანო დონის მიღწევის შემდეგ რიო ჩვენ თვალწინ გაანადგურა.

მისი ამბიციები ამიტომ არ მაკვირვებს, ვიცი რატომ უნდა კიდევ ერთი „ოქროს ბურთის“ და მსოფლიო ჩემპიონატის მოგება. კრიშტიანუ გაბრაზებული მამაკაცია და იგი მიზნის მისაღწევად ყველაფერს აკეთებს“. - პატრის ევრა.

ასე იყო თავიდანვე და ასევეა ახლაც - რონალდუს მოტივაცია და „მუდმივი შიმშილის გრძნობა“ არასდროს ტოვებს.

კრიშტიანუ რონალდუ დოს სანტოს ავეირუ - მოტივირებული, „გაუმაძღარი ცხოველი“ და უბრალოდ კაცი, რომელიც დროს ებრძვის და "მატჩი" კვლავ მისი სცენარით მიმდინარეობს.

გაზიარება: