რობერტო დურანი VS შუგარ რეი ლეონარდი - ფსიქოლოგიური ომი და ქუჩური ჩხუბი მონრეალში
Aa Aa

რობერტო დურანი VS შუგარ რეი ლეონარდი - ფსიქოლოგიური ომი და ქუჩური ჩხუბი მონრეალში

1980 წლის 20 ივნისს, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოკრივის, შუგარ რეი ლეონარდის მორიგი ბრძოლა იყო ჩანიშნული. შერკინების დაწყებამდე ლეგენდარულ ჯო ფრეიზერს ჰკითხეს: „შუგარ რეის მეტოქე ვინმეს გახსენებს“? „სმოუქინგ ჯოს“ პასუხმა არ დააყოვნა: „კი, ჩარლზ მენსონს“. ვინც არ იცით, ჩარლზ მენსონი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკული სერიული მკვლელი გახლდათ, ხოლო ის მოკრივე, რომელმაც ჯო ფრეიზერისგან ასეთი შედარება დაიმსახურა რობერტო დურანი იყო.

კრივის ისტორიამ უამრავი საოცარი ტრილოგია შემოგვინახა და მინდა ერთ-ერთ საუკეთესო მათგანზე გესაუბროთ. რობერტო დურანისა და შუგარ რეი ლეონარდის ტრილოგია მუჰამედ ალისა და ჯო ფრეიზერის, მარკოს ანტონიო ბარერასა და ერიკ მორალესის, არტურო გატისა და მიკი უარდის ტრილოგიების გვერდით ალბათ მხოლოდ ერთი მიზეზის გამო ვერ დადგება - შუგარ რეიმ და დურანმა მესამე ბრძოლა კარიერის პიკისგან ძალიან შორს მყოფებმა გამართეს, თუმცა მათი პირველი და მეორე შერკინება საოცარი სანახაობა და ხელოვნების ნამდვილი ნიმუში იყო. დღეს ყურადღებას ტრილოგიის პირველ ჯახზე გავამახვილებ, რომელმაც ნათლად დაგვანახა კრივში ფსიქოლოგიურ ომს რამხელა მნიშვნელობა აქვს.

რობერტო დურანი 1951 წელს დაიბადა და ბავშვობა უკიდურეს სიღარიბეში გაატარა. 8 წლის ასაკში ის სპარინგებს ზრდასრული მოკრივეების წინააღმდეგ ატარებდა.16 წლისამ კი, პროფესიონალურ დონეზე გადასვლა გადაწყვიტა. ზედიზედ მოგებული 28 ბრძოლის შემდეგ, „ქვის ხელები“ კენ ბუქანანს დაუპირისპირდა და საჩემპიონო ქამარი მოიპოვა. იგი იმ ბრძოლაშიც აუტსაიდერად მიიჩნეოდა, თუმცა სამშობლოში ორი საჩემპიონო ქამრითა და ნომერ პირველი მოკრივის სტატუსით დაბრუნდა.

„მე ვიყავი მაიკ ტაისონი მაიკ ტაისონამდე. მოკრივეები ერთხელ შემომხედავდნენ და შარვალში ისვრიდნენ. გამონაკლისი არც ლეონარდი იქნებოდა. მე ამერიკელებისთვის ახალი განთიადის დასაწყისი გახლდით. მათ ჩემნაირი მოკრივე არასდროს ენახათ და ისინი „ელ დიაბლოს“, ეშმაკს მიწოდებდნენ“.

1980 წელს შუგარ რეი ლეონარდს, რომელიც WBC-ის საჩემპიონო ქამარს ფლობდა, წესითა და რიგით მექსიკელი ჩემპიონის, ხოსე ისიდრო კუევასის წინააღმდეგ უნდა ეჩხუბა. კუევასი იმ მომენტში გახლდათ მოკრივე, რომელიც საჩემპიონო ქამარს ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში ფლობდა. მან ჩემპიონობა 1976 წელს მოიპოვა, ტიტული 10-ჯერ დაიცვა და ქამრების გაერთიანება გარდაუვალი ჩანდა, თუმცა საქმეში WBC-ის პრეზიდენტი, ხოსე სულაიმანი ჩაერია. მან თანამემამულეს ბრძოლაზე უარის თქმა და ადგილის რობერტო დურანისთვის დათმობა სთხოვა. ამის პარალელურად, WBA-ის ხელმძღვანელებზე, რომლის ოფისიც დურანის სამშობლოში, პანამაში მდებარეობდა, მილიტარისტული სამთავრობო რეჟიმი ზეწოლას ახორციელებდა და WBA-სგან ლეონარდის მომდევნო მეტოქის შეცვლას მოითხოვდა.

პანამელი დიქტატორის, ომარ ტორიხოსის არმიის ერთ-ერთი პოლკოვნიკი, რუბენ პარედესი WBA-ის ოფისს პირადად ეწვია და ორგანიზაციის პრეზიდენტს, როდრიგო სანჩესს შეხვდა. საბოლოოდ, WBC და WBA იძულებული გახდნენ დათმობებზე წასულიყვნენ და ერთმანეთის დაუძინებელი მტრების, ბობ არუმისა და დონ კინგის კლიენტებმა ბრძოლა შეათანხმეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბრძოლა კინაღამ ჩაიშალა. დურანს ლეონარდთან ჯახამდე 3 დღით ადრე, გულის არითმია დაუდგინეს. ექიმებმა პანამელს სიფრთხილის გამოჩენა სთხოვეს, მაგრამ „ქვის ხელებმა“ სიფრთხილის შესახებ არაფერი იცოდა.

როცა რობერტო დურანის ლეგენდარულ მწვრთნელს, რეი არსელს არითმიის შესახებ მოახსენეს, მისი პასუხი ასეთი გახლდათ: „ეს სიმართლე ვერ იქნება. ეს შეუძლებელია! დურანს გული არ აქვს“.

პანამელ მებრძოლს 1980 წლის 20 ივნისს ჩანიშნულ ბრძოლაში ფავორიტად ფაქტობრივად არავინ მიიჩნევდა. მუჰამედ ალი და შუგარ რეი რობინსონიც თვლიდნენ, რომ ლეონარდი მარტივად გაიმარჯვებდა. ერთადერთი, ვისაც განსხვავებული პოზიცია ჰქონდა კას დამატო იყო. „თუ დურანს ექნება სურვილი, რომ თავის შესაძლებლობებს თავდადება და სიმამაცე დაუმატოს, შუგარ რეი ლეონარდის შესაძლებლობებს გაანეიტრალებს“.

დურანი გამარჯვებისთვის ემზადებოდა და უკან დახევას არ აპირებდა. მან საკუთარი რეპუტაციის თავის სასარგებლოდ გამოყენება გადაწყვიტა და ცდილობდა მაყურებლებისა და შუგარ რეი ლეონარდის თვალში რაც შეიძლება ველურ და არაცივილიზირებულ მოკრივედ წარმოჩენილიყო. „ისინი ელ დიაბლოს, ეშმაკს მიწოდებდნენ და ნამდვილად არ ვაპირებდი გამეკეთებინა ის, რაც მათ ჩემს მეტსახელში ეჭვს შეატანინებდა. სიკეთე ბოროტების წინააღმდეგ! მე სიკეთის განსახიერება უნდა დამემარცხებინა. მათ შეეძლოთ ნებისმიერი რამ დაეწერათ, ინგლისურად კითხვა მაინც არ ვიცოდი“.

დურანმა როლი იდეალურად შეასრულა. იგი შუგარ რეი ლეონარდისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების შანსს ხელიდან არასდროს უშვებდა. პანამელისთვის საზღვრები არ არსებობდა და შეურაცხყოფის ობიექტი ხშირად შუგარ რეის მეუღლეც ხდებოდა. ლეგენდარული ამერიკელი მოკრივის მწვრთნელი, ანჯელო დანდი იხსენებს, რომ დურანის ფსიქოლოგიურმა ომმა მის შეგირდზე უდიდესი გავლენა მოახდენა და აიძულა რინგზე გასვლისას შეცდომები დაეშვა: „დურანი რეის სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და რეი ამას ვერ უმკლავდებოდა. როცა დურანი მონრეალის ქუჩებში მოსეირნე ლეონარდსა და მის მეუღლეს ხედავდა, მათი მისამართით ყვიროდა - „შენს მეუღლეს მოვკლავ! შენს მეუღლეს მოვკლავ“.

პანამელი გამარჯვებებს ბრუტალური ძალის დახმარებით აღწევდა. „ქვის ხელები“ მაღალი დონის მოკრივე იყო, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მისი ბრუტალური და აგრესიული სტილის გამო ეს უყურადღებოდ რჩებოდა. დურანი უპირატესობის მოსაპოვებლად გრეპლინგს იყენებდა და ახლო მანძილიდან უძლიერესი დარტყმების განხორციელება შეეძლო, რაც მის მეტოქეებს სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა. დურანს ყოველთვის ნოკაუტის გაფორმება სურდა და საკუთარ თავს უბრაზდებოდა, როცა მიზანს ვერ აღწევდა. ეს ბიჭი რინგზე შეუბრალებელი იყო და ნამდვილი ცხოველივით იბრძოდა.

შუგარ რეი ლეონარდი პანამელისგან რადიკალურად განსხვავდებოდა. ამერიკელი მოკრივის ბრძოლები ხელოვნების ნიმუშები იყო. იგი რინგზე ისე ცეკვავდა, როგორც ლეგენდარული მუჰამედ ალი და შუგარ რეი რობინსონი. ლეონარდი თავისი სისწრაფითა და რინგზე გადაადგილებით იყო ცნობილი. დურანთან ბრძოლის წინ მწვრთნელებმა მას თავისი უპირატესობებების გამოყენება დაავალეს, მაგრამ პანამელის ფსიქოლოგიურმა ომმა სწორედ აქ იჩინა თავი. ლეონარდს განრისხებული იყო და მხოლოდ ერთი რამ - დურანის განადგურება სურდა, რამაც რაციონალური გადაწყვეტილებების მიღებაში შეუშალა ხელი. პანამელის სვლამ გაამართლა! სასტარტო ნიშნიდან 30 წამის შემდეგ, ბრძოლა ქუჩურ ჩხუბში გადაიზარდა. ლეონარდმა თავის სტილზე უარი თქვა და დურანის სტილში იჩხუბა!

დურანი და შუგარ რეი ლეონარდი საუკეთესოს ვინაობას 15 რაუნდის განმავლობაში არკვევდნენ. „ბოლო რაუნდის დაწყებამდე მე მას ვუთხარი: „შენი დედაც“. ამის შემდეგ კი, მისთვის დარტყმების მიყენება და მასთან თამაში განვაგრძე. ვიცოდი, რომ გამარჯვებას მოვიპოვებდი. ვუთხარი, რომ უფრო მაგარი კაცი ვიყავი, ვიდრე ის. ვუთხარი, რომ უფრო მეტი დარტყმის მიღება შემეძლო, ვიდრე მას. ვუთხარი, რომ უკეთესი მოკრივე ვიყავი, ვიდრე ის. მას ჩემთვის ტკივილი არასდროს მოუყენებია. ძლიერი დარტყმები მომხვდა, მაგრამ მტკივნეული არცერთი ყოფილა“.

საფინალო გონგის ხმასთან ერთად, ამერიკელმა მეტოქეს ხელი გაუწოდა, მაგრამ პანამელმა იგი უყურადღებოდ დატოვა. შემდეგ კი, საკუთარი კუთხისკენ გაემართა, თავის სასქესო ორგანოს ხელი მოკიდა და ლეონარდი ესპანურ ენაზე ქალის სასქესო ორგანოსთან გააიგივა. დურანის ქცევებმა შუგარ რეი ლეონარდის ძმა, როჯერ ლეონარდი გააცოფა. ეს უკანასკნელი შურის საძიებლად რინგზე ავიდა, მაგრამ დურანმა იგი ერთი დარტყმით ნოკაუტში ჩააგდო. რამდენიმე წლის შემდეგ ეს შუგარ რეი ლეონარდმაც დაადასტურა: „დურანმა იგი უბრალოდ დაანოკაუტა. რინგზე ისეთი არეულობა იყო, რომ ბევრმა ვერც კი დაინახა ეს როგორ მოხდა“.

მსაჯებმა გამარჯვებულად პანამელი დაასახელეს და მას 145-144, 148-147 და 146-144 მისცეს. საგულისხმოა, რომ ერთ-ერთი მსაჯის ვერდიქტი შეცდომით წაიკითხეს და 147-147 დააფიქსირეს, თუმცა შეცდომა აღმოაჩინეს და დურანმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა.

„მე გავიმარჯვე, რადგან ლეონარდს ვაიძულე ჩემი სტილით ეჩხუბა. მას ეგონა, რომ სიმამაცეს იჩენდა ჩემივე სტილი რომ დამიპირისპირა, მაგრამ რეალურად ხალხს აჩვენებდა თუ როგორ უნდა წააგო ბრძოლა“.

დურანი პანამაში ტრიუმფით დაბრუნდა. ლეონარდმა კი, მარცხის გემო კარიერაში პირველად იგემა. ამ ორი უდიადესი მოკრივის თავგადასავალი აქ არ სრულდება. 5 თვის შემდეგ, მათ მატჩრევანში გამართეს, რომლის შესახებაც ოდესმე აუცილებლად დავწერ...

რამდენიმე საათის წინ, ლეგენდარულ პანამელს კორონავირუსი დაუდგინდა. იმედი ვიქონიოთ, რომ იგი Covid-19-ის დამარცხებასაც მოახერხებს!

გაზიარება: