Aa Aa
1 მაისი 2020  |  22:00

4 კაცის ამბავი | შედეგიანი, განსაკუთრებული, შემოქმედი და თავზეხელაღებული

სპორტულ თემებზე საუბრისას კამათი არის ის, რასაც ვერასდროს გაექცევი. განსაკუთრებით კი ეს ფეხბურთზე საუბრის დროს ხდება.

კამათი კარგია. როცა კითხვას სვამ და პასუხის მოსმენა გსურს, ელოდები კონტრარგუმენტს და საბოლოოდ აზრი გიყალიბდება - ჭეშმარიტება ხომ კამათში იბადება. სადაც მეტია კამათი, ესეიგი ის თემა აქტუალურია და მასზე დროის დახარჯვა ღირს.

ჩემთვის ასეთი თემა ფეხბურთია და შევეცდები თქვენთან კიდევ ერთხელ „ვიკამათო“.

ჩემი პირდი მოსაზრებაა, რომ ფეხბურთში წარმატების მისაღწევად ყოველთვის, თუ ყოველთვის არა მინიმუმ 90%-ით მთავარი როლი აქვს მწვრთნელს.

ისტორიაში ბევრი კარგი გუნდი გვინახავს, რომლებსაც ძლიერი მოთამაშეები ჰყავდა, თუმცა იმ წარმატებას ვერ მიაღწია, რისთვისაც ლოგიკურად უნდა მიეღწიათ. ამის მიზეზი კი შესაბამისი დონის მწვრთნელის არყოლა იყო.

სწორედ ბევრი მსგავსი ფაქტის ნახვის შემდეგ ჩამომიყალიბდა ასეთი აზრი, რომ მთავარი არის მწვრთნელი და არა რომელიმე სუპერვარსკვლავი.

„ასეთი ფეხბურთელები და ასეთი გუნდი მყავდეს, მეც მოვიგებდი ყველაფერს“, - ეს ყველაზე სულელური მოსაზრებაა, რაც შეიძლება ფეხბურთზე საუბრისას მოვისმინოთ. ვინც ასე ფიქრობს, მწვრთნელის ფენომენს ფეხქვეშ თელავს.

მცირე შესავლის შემდეგ გეტყვით, რომ დღეს ვისაუბრებ 21-ე საუკუნეში მოღვაწე 4 მწვრთნელზე, რომლებმაც ჩემი აზრით ბოლო 20 წელიწადში ფეხბურთზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინეს და დროის კონკრეტულ მონაკვეთში, კონკრეტულ გუნდში ისტორიულად მნიშვნელოვანი სამუშაო გასწიეს, რასაც ლოგიკური შედეგიც მოჰყვა. დღეს ანჩელოტის, მოურინიოს, გუარდიოლასა და კლოპის ფენომენზე მინდა გესაუბროთ.

ანჩელოტი - კაცი, რომელიც თავის კვალს ყველგან ტოვებს

მილანი - გუნდი, რომლის წინააღმდეგაც ფავორიტი არავინ იყო

2001-2009 წლებში ანჩელოტის ფორმაციის „მილანი“ ევროპაში უდაოდ ყველაზე ძლიერი კლუბი იყო. „როსონერი“ სტაბილურობის ეტალონი გახლდათ.

ქომაგებს ყოველ წელს ტიტულების მოგება და სპექტაკლების ხილვა სურთ, თუმცა ასეთი რამ ისტორიაში საკმაოდ იშვიათად ხდება და თუ ხდება, ისიც მხოლოდ რამდენიმე წლით გრძელდება.

სტაბილურობა - ამ სიტყვას საკმაოდ ღრმა მნიშვნელობა აქვს. ჰკითხედ დღეს „მილანის“, ან „მანჩესტერ იუნაიტედის“ ქომაგებს თუ რა ენატრებათ მათ და შემდეგ ამ სიტყვის მნიშვნელობას უფრო მარტივად გაიგებთ.

„პაპა კარლოს“ „მილანმა“ 8 ტიტულის მოგება შეძლო, მათ შორის 2003 და 2007 წლებში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

ამ გუნდს ჰქონდა სტატუსი, რომელსაც ფულით ვერ იყიდი, ის დიდი შრომის შემდეგ მოიპოვება.

1994 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში „მილანმა“ „ბარსელონა“ 4:0 დაამარცხა. ეს იყო კაპელოს სტაბილური და დაუნდობელი მანქანა, რომელმაც სერია ა დაუმარცხებლად მოიგო და ისტორია დაწერა, რასაც კრუიფის მრისხანე და ფურცელზე ფავორიტი „ბარსაც“ მიაყოლა, რომელიც ნაწილებად დაშალა. ამის შემდეგ, „როსონერი“ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს 8 წელი ვეღარ იგებდა.

როგორც მოგეხსენებათ, „მილანი“ ყოველთვის სათასო გუნდი იყო. სკუდეტოს ძირითადად „იუვენტუსი“ იგებდა, თუმცა ევროსარბიელზე „ბებერი ქალბატონი“ ისეთი წარმატებული არასდროს ყოფილა, როგორც „როსონერი“.

ანჩელოტიმ „მილანს“ ის გრძნობა, ის რწმენა და ადგილი დაუბრუნა, რომელიც ამ კლუბს ისტორიულად გააჩნდა, თუმცა ბოლო წლებში სულ რაღაც აკლდებოდა და ეს „რაღაც“ მწვრთნელი იყო.

კარლოს ფორმაციის „მილანმა“ 2003 წელს ფინალში „იუვენტუსი“ დაამარცხა და „წყურვილი მოიკლა“. ამის შემდეგ, ევროპაში „როსონერის“ დომინირება დაიწყო. ამ სიტყვის მნიშვნელობაზე და სწორად გაგებაზე ზემოთ უკვე გესაუბრეთ.

2003 და 2007 წლებში „მილანმა“ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლო, თუმცა 2005 წლის ფორმაციის გუნდი, რომელიც ფინალში „ლივერპულთან“ საოცარ მატჩში დამარცხდა, ვფიქრობ ყველაზე ძლიერი კოლექტივი იყო, რომელიც ანჩელოტის ოდესმე ჰყოლია, მაგრამ სტამბულში სასწაული მოხდა, რომლის ახსნასაც ბევრი დღემდე ვერ ახერხებს.


ჩელსი - მცირე დრო და „ჭირვეულის მორჯულება“

2009 წელს ანჩელოტი „ჩელსის“ მწვრთნელად დაინიშნა. ეს ადამიანი შედეგის დადებას ყველგან ახერხებს, სადაც მას ნდობას უცხადებენ და საკმარის დროს აძლევენ.

ლონდონში მას არც ისე დიდი დრო მისცეს, მხოლოდ 2 წელი, თუმცა მან შედეგის დადება მაინც მოახერხა.

„გუნდს ტრავმებთან დაკავშირებით შემადგენლობაში პრობლემები ჰქონდა. მე, ჩემი მუშაობის სტილი მქონდა, რომელიც 2 მოთამაშისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ესენი ანელკა და დროგბა იყვნენ.

მედშტაბი თვლიდა, რომ დროგბა კანში უნდა გაგვეშვა, რათა მას ტრავმის შემდგომი პროცესი გაეარა. ეს შუა ზაფხულამდე უნდა გაგრძელებულიყო. მე ვფიქრობდი, რომ ის ლონდონში უნდა დარჩენილიყო.

როდესაც დროგბა კანიდან დაბრუნდა, შევეცადე მას და ანელკას ერთად ეთამაშათ. მაშინ ფრანგი ლიგაში საუკეთესო ბომბარდირი იყო. ჩვენ შეხვედრა გვქონდა, რა დროსაც ანელკამ თქვა - მე, მხოლოდ ერთ პოზიციაზე ვთამაშობ.

ცოტა პატივისცემისა და მეგობრობის ნაკლებობა იყო. ორივენი დიდებულები იყვნენ, მაგრამ ერთ-ერთი, როდესაც ბურთი დაიკარგებოდა, მის დასაბრუნებლად გუნდს უნდა დახმარებოდა და ცოტა სხვაგვარად ემოქმედა.

აქ არ ყოფილა არანაირი ბოროტი განზრახვა არც დროგბას და არც ანელკას მხრიდან, თუმცა ეს მოხდა და მე, ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდებული შანსი ხელიდან გავუშვი“. - ეს სიტყვები ლუიშ ფელიპე სკოლარის ეკუთვნის, რომელიც „ჩელსის“ 2008-2009 წლების სეზონში წვრთნიდა.

ანელკას მძიმე ხასიათის შესახებ ყველამ კარგად იცის. სკოლარის წასვლის შემდეგ გუნდი კარლო ანჩელოტიმ ჩაიბარა, რომელმაც ეს პრობლემა მარტივად მოაგვარა. ანელკამ თამაში მარჯვენა ფლანგზე მეორე ფორვარდად დაიწყო და დროგბასთან ერთ-ერთი საუკეთესო დუეტიც შექმნა. გუნდმა 2009-2010 წლების სეზონში პრემიერლიგა მოიგო.

ანჩელოტის გავლენა ამ შემთხვევიდანაც ნათლად გამოჩნდა.

პსჟ - სუსტი მენტალიტეტისა და ნაკლები ჭკუის მქონდე კლუბი, რომელიც კარლოს არ ენდო

კარლოს ლონდონში 2 წელზე მეტი არ ადროვეს. შემდეგ იყო პსჟ და მორიგი ორი წელი, რაც რა თქმა უნდა, ამ არც ისე მდიდარი ისტორიის მქონე და სუსტი მენტალიტეტის პატრონი კლუბისთვის საკმაოდ ცოტა დრო გახლდათ.

პარიზელებს ფსიქოლოგიური პრობლემები დღემდე აქვთ და ეს დიდწილად არასწორი მწვრთნელების დანიშვნის ბრალია. კლუბის ხელმძღვანელობა დიდ ფულს ხარჯავს ტრანსფერებში, თუმცა მწვრთნელებში იმდენად დიდ ინვესტიციას არ დებს, რაც საჭიროა. შედეგად ვხედავთ ფულით გაბერილ კლუბს, რომელსაც „ლუზერის“ მენტალიტეტი აქვს ჩამოყალიბებული.

ერთ კითხვას დავსვამ - ანჩელოტის ხელში პსჟ „ბარსელონასთან“, ან „მანჩესტერთან“ იმ სამარცხვინო მარცხებს იწვნევდა? ჩემი აზრით არა...

რეალი - კარლომ „სამეფო კლუბს“ ისტორიული მნიშვნელობის საქმე გაუკეთა

2013-2014 წლების სეზონში კარლო ანჩელოტიმ მოურინიოს „რეალი“ ჩაიბარა და პირველივე სეზონში გუნდს ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა - ნანატრი „ლა დესიმა“.

ეს იყო ფლორენტინო პერესის ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება რაც მას ოდესმე მიუღია.

„პაპა კარლომ“ „რეალში“ ბევრი რამ სასიკეთოდ შეცვალა. კრიშტიანუს კარიერაში ანჩელოტიმ უდიდესი როლი ითამაშა. "რონიმ" ასაკის მატებასთან ერთად სიღრმიდან თამაშს მოუკლო და საჯარიმოში მეტი დროის გატარება დაიწყო. ერთი შეხედვით ეს მტკივნეული პროცესი პორტუგალიელმა ანჩელოტის დახმარებით ფენომენალურად გაიარა.

ცალკე უნდა აღვნიშნოთ ანჩელოტის მიერ გარდაქმნილი დი მარია, რომელსაც მოედნის ცენტრში ამის შემდეგ აღარ უთამაშია. დიახ, ის რამდენიმეჯერ ნაკრებშიც და პსჟ-შიც ნახევარდაცვის შუა ხაზს მოარგეს, თუმცა ეს დროებითი და უშედეგო იყო.

კარლო ერთადერთი მწვრთნელია, რომელმაც დი მარიაში ეს ნიჭი დაინახა და ის სწორად გამოიყენა.

როცა გუნდს ისეთ მწვრთნელს აბარებ, რომელმაც არსებული რესურსის ზუსტად და მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება იცის, ეს იმას ნიშნავს, რომ პირველ რიგში შენ ხარ ადამიანი, რომელიც რესურსს სწორად იყენებს. ფლორენტინო პერესმა თავის შეცდომებზე ისწავლა და გუნდი სწორ მწვრთნელს ჩააბარა, რომელმაც „რეალისთვის“ უმნიშვნელოვანესი სამუშაო გასწია.

ანჩელოტიმ მოურინიოს დაწყებული საქმე გააგრძელა და „რეალს“ ის მენტალიტეტი დაუბრუნა, რომელიც გუნდს 2003 წლის შემდეგ დაკარგული ჰქონდა.

ზიდანმა წელში გამართული და ფსიქოლოგიურად რეაბილიტირებული გუნდი ჩაიბარა, რომელსაც შემდეგ ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ სამჯერ მოაგებინა.

ანჩელოტიმ ამ საუკუნეში ფეხბურთს ბევრი რამ მისცა და ის უკეთესობისკენ შეცვალა. სიამოვნებით ვიხილავდი მას რომელიმე გრანდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე...

მოურინიო - „განსაკუთრებულლი“ კაცი, რომელიც სიტუაციას ერგებოდა

პორტუ და ჩელსი - ჟოზეს ნამდვილი სახე

„გთხოვთ ქედმაღალს ნუ მიწოდებთ, იმიტომ, რომ მე სიმართლეს ვამბობ. მე ევროპის ჩემპიონი ვარ. ვფიქრობ, რომ განსაკუთრებული ვარ“, - ეს ჟოზე მოურინიოს ყველაზე ცნობილი ფრაზაა.

ჟოზე მართლად „განსაკუთრებული“ იყო. დიახ, იყო და ახლა აღარ არის. თუ რატომ, აქამდეც მივალთ, ჯერ ცოტა უკან წავიდეთ და ვნახოთ როგორ დაიწყო ყველაფერი და რატომ იქცა მოურინიო იმად რაც დღეს არის.

იმ დროს, როცა ევროპაში ისეთი ვეშაპები დომინირებდნენ როგორებიც „რეალი“, „ბაიერნი“ და „მილანი“ იყვნენ, მოვიდა ერთი ახალგაზრდა პორტუგალიელი მწვრთნელი და „პორტუსთან“ ერთად ყველაფერი მოიგო რისი მოგებაც შეიძლებოდა.

2002-2003 წლების სეზონში „პორტუმ“ ჩინებულ სტილში უეფას თასი (ევროპა ლიგა) მოიგო და მომდევნო წელს ჩემპიონთა ლიგაზეც იასპარეზეს, თუმცა ამ სიმპათიური გუნდისგან იგივეს გამეორებას არავინ ელოდა, რადგან ეს სხვა დონე იყო და იქ სხვა დონის კონკურენცია გახლდათ.

მოურინიომ 2003-2004 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგაც დაისაკუთრა და ასე დაიწყო მისი „განსაკუთრებულობის“ ისტორია.

„პორტუს“ საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა ჰყავდა, თუმცა ეს არ ყოფილა ვარსკვლავური კრებული, გუნდი რომელსაც ფინანსურად დიდი შესაძლებლობები ჰქონდა. არა, ეს იყო მოკრძალებული კლუბი, სიმპათიური მოთამაშეებითა და ძალიან ძლიერი მწვრთნელით.

სტატიის თავში სწორედ მწვრთნელის ფენომენზე ვსაუბრობდი და მოურინიოს „პორტუ“ ამის ნათელი დასტურია.

ამ გუნდმა იმ დროს არსებული სტანდარტები დაარღვია და საფეხბურთო ისტორიაში ახალი თავი დაწერა. ჟოზემ შეუძლებელი შესაძლებლად გახადა და უმაღლეს დონეზე სათამაშოდ მოემზადა.

2004 წლიდან ის „ჩელსის“ მწვრთნელი გახდა. „არისტოკრატებს“ მან ნანატრი პრემიერლიგა მოაგებინა და შექმნა უძლიერესი გუნდი, რომელიც ინგლისში ფერგიუსონისა და ვენგერის პაექრობაში ჩაერია. ეს კი ადვილი საქმე არ გახლდათ, რადგან 1995 წლიდან პრემიერლიგას „მანჩესტერი“, ან „არსენალი“ იგებდა.

ისევე როგორც „პორტუ“, ჟოზეს „ჩელსიც“ საკმაოდ მიმზიდველ და შემტევ ფეხბურთს თამაშობდა. ამ გუნდს აგრესიული, გააზრებული შეტევები და მეტოქეების განადგურება უყვარდა.

და მოვიდა 2005-2006 წლების სეზონიც... „ჩელსის“ ინგლისში „არსენალისა“ და „მანჩესტერის“ ჰეგემონია უკვე დამხობილი აქვს და ჩემპიონთა ლიგის მოგებას უმიზნებს, რასაც რომან აბრამოვიჩი ითხოვდა.

მერვედფინალში ჟოზეს გუნდი რაიკაარდის „ბარსელონას“ შეხვდა, რომელსაც წინა სეზონში გაუსწორდა და ორი მატჩის ჯამში 5:4 დაამარცა, თუმცა ამჯერად „არისტოკრატებს“ გაცილებით ძლიერი „ბლაუგრანა“ ესტუმრა.

მოურინიოს წაგება არასდროს უყვარდა. ზოგადად ვის უყვარს მარცხი? არავის, მაგრამ განსაკუთრებით ჟოზეს. მან შეუძლებელი შეძლო, ლიგა საშუალო დონის გუნდით მოიგო, შემდეგ ფერგიუსონისა და ვენგერის ისტორიული დომინირება დაასრულა - ის თავს განსაკუთრებულს უწოდებს და მსოფლიოში საუკეთესოდ თვლის. უკვე დროა, მან ჩემპიონთა ლიგა კიდევ მოიგოს და ამჯერად ეს ფავორიტის სტატუსით გააკეთოს...

ამ ყველაფერმა ერთად, მოურინიოს გადააწყვეტინა ის, რაც ისტორიას სამუდამოდ დარჩა. „ჩელსიმ“ „ბარსას“ მოხნულ და განადგურებულ მოედანზე უმასპინძლა. მინდორი საშინელ მდგომარეობაში იყო. ეს ყველაფერი კატალონიელთა მომაკვდინებელი შემტევი ხაზის გასანეიტრალებლად გაკეთდა.

მოურინიოს კარიერაში პირველად მეტოქის შეეშინდა. მან გიგანტების დაჩოქება შეძლო, თუმცა ამჯერად ის შიშს გრძნობდა. იცოდა, რომ იგივე ხერხი არ გაჭრიდა.

ჟოზე საბოლოოდ მაინც დამარცხდა და ლიგა, რომელიც მას უნდა მოეგო „ბარსელონამ“ დაისაკუთრა.

მოურინიომ აბრამოვიჩის სურვილი ვერ დააკმაყოფილა და სანუკვარი თასი ვერ მოიგო. 2007 წელს ის დაითხოვეს.

ინტერი და რეალი - იძულებით შეცვლილი მოურინიო

ამის შემდეგ „მოუს“ ცხოვრებაში მორიგი შთამბეჭდავი მომენტი დადგა. 2008-2010 წლები, დაუვიწყარი 2 სეზონი და ტრიუმფი, რომელიც მას სურდა.

„ინტერს“ ჩემპიონთა ლიგა 1965 წლის შემდეგ მოგებული არ ჰქონდა. გუნდი დიდად არც სერია ა-ში გამოირჩეოდა.

მოურინიოს გზაზე კვლავ „ბარსელონა“ გადაეღობა, რომელიც ამჯერად რაიკაარდის გუნდზე გაცილებით ძლიერი იყო. მათ შეჩერებას ვერავინ ახერხებდა და ეს ჟოზესთვის განსაკუთრებული გამოწვევა იყო.

„მოუმ“ „ბარსა“ დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგას დამსახურებულად დაეუფლა. „სან სიროზე“ „ინტერმა“ 3:1 მოიგო. „კამპ ნოუზე“ კი მოურინიომ გუნდს ანტიფეხბურთი ათამაშა.

იმ მომენტამდე ფეხბურთს ასეთი რამ არ ენახა, თუმცა ამას თავისი მიზეზი ჰქონდა. „ბარსას“ 2 გოლი ჰქონდა გასატანი, „ინტერს“ კი პირველივე ტაიმში ტიაგო მოტა გაუგდეს, რამაც მოურინიოს გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია. კაცნაკლული გუარდიოლას გუნდს გახსნილ ფეხბურთს არცერთი სრულ ჭკუაზე მყოფი არ ეთამაშებოდა.

ჟოზეს „ინტერმა“ იტალიაშიც ყველას აჯობა. „მილანთან“ 4:0 მოგებული დერბი ქომაგებს სასიამოვნო მოგონებად დარჩათ.

მის კარიერაში მომდევნო ეტაპი მადრიდის „რეალი“ იყო. კიდევ ერთი კლუბი და მისი პრეზიდენტი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მოგებას ითხოვდა.

მოურინიომ ვერც „ჩელსიში“ და ვერც „რეალში“ ეს ვერ შეძლო, ამას თავისი მიზეზები ჰქონდა. ჟოზე წნეხის ქვეშ ვერ მუშაობს. როცა მას რამე გარანტირებულს თხოვენ, ის ამას ვერ აკეთებს. მას თავისი სტილი და მიდგომები აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ მან პერესის მოთხოვნა ვერ შეასრულა, ჟოზემ მადრიდელებს რწმენა დაუბრუნა. გუნდი წლების განმავლობაში ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალს ვერ სცდებოდა, მოურინიომ კი „რეალი“ კვლავ ტურნირის ფავორიტად აქცია, ლა ლიგაში კი „ბარსელონას“ 3 წლიანი დომინირება დაასრულა და ჩემპიონი გახდა.

ჟოზემ „რეალის“ „გამოღვიძებაში“ თავისი წვლილი შეიტანა და ის არც ისე მოკრძალებული იყო, რომელიც როგორც უკვე აღვნიშნეთ ანჩელოტიმ სრულყო, რომელიც შემდეგ ზიდანმა ჩაიბარა.

ახლა დავუბრუნდეთ მოურინიოს გარდაქმნის მომენტს, რატომ განიცადა ამ მწვრთნელმა დეგრადაცია? მისი კარიერის დასაწყისი სულ სხვაგვარი გახლდათ, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე ჟოზეს გარკვეულწილად არ გაუმართლა და ამის მიზეზი „ბარსელონა“ იყო.

„პორტუში“ და „ჩელსიში“ ტრიუმფის შემდეგ, მას თამასა მაღლა ჰქონდა აწეული და ამ სტატუსს დაცვა სჭირდებოდა.

მოურინიომ შედეგის მისაღწევად თავის სტილზე უარი თქვა და ახალი მიდგომა შეიმუშავა, რომელიც საკმაოდ დიდ ხანს გაუგრძელდა, რადგან პარალელურად „ბარსელონა“ ძლიერდებოდა და მათი დამარცხება სულ უფრო რთული ხდებოდა.

ჟოზე გარემოებების მსხვერპლი გახდა. მისი კარიერის მნიშვნელოვანი მონაკვეთი „ბარსელონას“ შეჩერებას შეეწირა. ჯერ „ინტერში“, შემდეგ კი „რეალში“ მას ამის გაკეთება უწევდა.

ერთი წამით დაფიქრდით - რამხელა ძალისხმევა, შრომა და ფიქრი სჭირდებოდა პეპის „ბარსასთვის“ წინააღმდეგობის გაწევას, რომელიც საბოლოოდ შედეგს მოიტანდა. მოურინომ ეს ყველაზე კარგად გააკეთა. რაც სხვა დიდ მწვრთნელებს არ გამოუვიდათ, მან ეს შეძლო.

ამ დროს, წლების განმავლობაში და იმ ჭიდილში მოურინიომ თავისი თავდაპირველი ხედვა და სტილი დაკარგა. ჟოზე შეიცვალა და მისმა საფეხბურთო ხედვამ დეგრადაცია განიცადა.

სწორედ ამიტომ გამოდგა წარუმატებელი მისი „მანჩესტერული“ წლები და „ჩელსიში“ დაბრუნებაც. ის უკვე ძველი მოურინიო აღარ იყო და მისი გუნდები ისე თამაშობდნენ, თითქოს მათი ყოველი მეტოქე „ბარსელონა“ იყო.

როცა ასე თამაშით შედეგს მიიღებ უნდა იცოდე, რომ მსგავსი სტილით იგივეს გამეორება გაგიჭირდება. საბოლოოდ ფეხბურთში წარმატებას ის გუნდები აღწევენ, რომლებიც შემტევ და ლაღ ფეხბურთს თამაშობენ. დაცვითი სტილის მქონე და ნაკლებად კრეატიული გუნდები წარმატებას შიგადაშიგ აღწევენ და ისინი დომინირებას ვერასდროს ახერხებენ, რადან ფეხბურთი თავისი არსით ასეთია, ის ლაღია და შემოქმედებითი.

პეპი - კაცი, რომელმაც 21-ე საუკუნეს ტოტალური ფეხბურთი დაუბრუნა

ბარსელონა - დაწესებული ახალი სტანდარტები

ახლა გუარდიოლაზე საუბრის ჯერია, მწვრთნელი რომელიც მოურინიოს მთავარი მეტოქე იყო. მათი პაექრობები ყოველთვის გამორჩეული და ყველაზე ყურებადი გახლდათ.

21-ე საუკუნის საკლუბო ფეხბურთი საკმაოდ საინტერესოდ დაიწყო და მრავალფეროვანიც იყო. „რეალი“, „ბაიერნი“, „მილანი“, „პორტუ“, „ბარსა“, „ლვერპული“, ისევ „მილანი“, „მანჩესტერი“... - ჩემპიონთა ლიგას სხვადასხვა კლუბები იგებდნენ და ტოლსწორად თამაში ყველა მათგანთან იყო შესაძლებელი.

გუარდიოლამ ამ საუკუნეს რაღაც ახალი შესთავაზა, რომელიც ძველზე იყო დაფუძნებული. მიხელსისა და კრუიფის ხედვა ახალ საუკუნეში, სადაც ფეხბურთი შეცვლილი და უფრო ასწრაფებულია.

პეპმა შექმნა გუნდი, რომლის წინააღმდეგაც მეტოქეები თავიანთ სათამაშო სტილზე უარს ამბობდნენ.

ასეთი რამ კი ისტორიაში იშვიათი გახლავთ. „ბარსელონა არის საუკეთესო გუნდი, ვის წინააღმდეგაც მანჩესტერი გამიყვანია.

მესის ირგვლივ აწყობილი მსოფლიოს დომინანტი გუნდი. მათ მიმართ შურის გრძნობა არ მქონდა. მათთან მარცხის გამო სინანულში ვიყავი, მაგრამ არ მშურდა მათი“. - ეს სიტყვები სერ ალექს ფერგიუსონმა 2011 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში „უემბლიზე“ „ბარსელონასთან“ მარცხის შემდეგ წარმოთქვა.

პეპის გავლენა თანამედროვე ფეხბურთზე

გუარდიოლამ ფეხბურთში არსებული თამასა მაღლა აწია და ის ახალ საფეხურზე გადაიყვანა, მათ ახალი სტანდარტები დააწესეს. მისი თამაშის სტილი ესპანეთის ნაკრებმა 2010 წელს გამოიყენა, იგივე შეგვიძლია ვთქვათ გერმანიაზეც, რომელთა თამაშშიც 2014 წლის მუნდიალზე დიდი ცვლილებები შეინიშნებოდა. „ბუნდესტიმმა“ მსოფლიო ჩემპიონატი არაგერმანულ სტილში მოიგო, რის შემდეგაც გერმანული და ევროპული გამოცემები აქტიურად საუბრობდნენ გუარდიოლას „ბაიერნის“ სათამაშო სტილზე, რომელმაც გავლენა ეროვნულ ნაკრებზეც მოახდინა.

"ვერ ვიტან, როდესაც ფეხბურთელი პასს მხოლოდ პასისთვის აკეთებს. ვერ ვიტან "ტიკი ტაკას". ეს სისულელეა, რომელსაც მიზანი არ გააჩნია. როდესაც გადაცემას აკეთებ, მკვეთრად განსაზღვული მიზანი უნდა გქონდეს და ეს გოლის გატანა უნდა იყოს.

წარმატების საიდუმლო ის გახლავთ, რომ მოედნის ერთი მონაკვეთი დაიტვირთოს და მეტოქეს დაცვას მოდუნება აიძულოს. თქვენ მეტოქეს აიძულებთ კონკრეტულ მონაკვეთში ძალების დამატებითი მობილიზაცია მოახდინოს, რითიც ამ დროს მისი დაცვა სუსტდება. და როდესაც მეტოქე ამას გააკეთებდა, ჩვენ შეტევაზე გადავდიოდით და გოლი მოედნის სხვა მონაკვეთიდან გაგვქონდა. სწორედ ამიტომაა საჭირო ბევრი გადაცემა, მაგრამ ამას კონკრეტული მიზნისთვის უნდა აკეთებდე."

პეპმა იდეალურად განმარტა, თუ რა არის მისი თამაში და ვინ არიან მისი მიმდევრები, რომლებიც ცდილობენ ტოტალური ფეხბურთი ითამაშონ, მაგრამ დაახლოებით ის გამოსდით, რასაც ბოლო წლების უფერული „ბარსელონა“ აკეთებს.

„ბლაუგრანადან“ წასვლის შემდეგ მას ჩემპიონთა ლიგა არ მოუგია, ფინალშიც არ ყოფილა, თუმცა მისმა ფილოსოფიამ ფეხბურთზე უდიდესი გავლენა მოახდინა. გერმანიის ნაკრებზე უკვე ვისაუბრეთ. პეპის სტილი ინგლისში ახალი იყო და ბევრი თვლიდა, რომ გუარდიოლა პრემიერლიგას ისევე მარტივად ვერ მოიგებდა, როგორც ამას ესპანეთში და გერმანიაში აკეთებდა, თუმცა მისმა „სიტიმ“ რეკორდი დაამყარა - ყველაზე მეტი გოლი, ყველაზე მეტი ქულა და ყველაზე დიდი სხვაობა მეორეადგილოსანთან - „ქალაქელებმა“ ჩემპიონატი არამხოლოდ მარტივად მოიგეს, არამედ ისტორიაც გადაწერეს, თუმცა შემდეგ „ერთი კაცი“ გამოჩნდა, რომლის შესახებაც მალე ვისაუბრებთ...

გუარდიოლა არასდროს ღალატობს თავის სტილს და მიდგომებს. მარცხის მიუხედავად ის თვლის, რომ მისმა გუნდებმა ერთ სტილში უნდა ითამაშონ - ლამაზად და დომინანტურად.

პეპის მიერ ზედმეტად მაღლა აწეულ თამასას მოურინიო დიდ ხანს ებრძოდა და რამდენიმეჯერ მისი დამარცხება შეძლო, თუმცა მისი ხერხები მოწონებას არ იმსახურებდა და ამ სტილს მომავალი არ ჰქონდა, რაზეც უკვე ვისაუბრეთ.

ნათელი იყო, რომ დროთა განმავლობაში გამოჩნდებოდა ვინმე, ვინც გუარდიოლას ფილოსოფიას პირდაპირ და ყოველგვარი შიშის გარეშე დაუპირისპირდებოდა, რომელიც მას ფეხბურთის თამაშით დაამარცხებდა და არა რაიმე ანტისაფეხბურთო ხერხებით.

ჩვენი სტატიის მეოთხე და ბოლო გმირს იურგენ კლოპს მივადექით.

კლოპი - კაცი შიშის გარეშე, რომელიც სწორ დასკვნებს აკეთებს

მწვრთნელი, რომელმაც გუარდიოლას წინააღმდეგ საკუთარ სტილზე უარი არ თქვა და მისი არ შეეშინდა.

მაღალი პრესინგი, აგრესიული შეტევები, რომლებიც დიდი ძალებით ხორციელდება. კლოპმა გურადიოლას მონსტრი არაფრად ჩააგდო და თავის სტილს გაჰყვა, რომელმაც გაუმართლა კიდეც.

კლოპი არის მწვრთნელი, რომელიც შეცდომებზე სწავლობს. ჩემპიონთა ლიგის ფინალში „რეალთან“ დამარცხების შემდეგ გერმანელმა სპეციალისტმა თავისი გუნდის ნაკლი უფრო მკაფიოდ დაინახა და მის გამოსწორებას შეუდგა.

„მერსისაიდელებს“ არ ჰყავდათ გრძელი სათადარიგო სკამი. გუნდი სალაჰის საოცარ ფორმაზე ზედმეტად იყო დამოკიდებული. ფინალში „მოს“ დაშავების შემდეგ „წითლები“ სწორხაზოვნად მოთამაშე „ნიუკასლს“ დაემსგავსნენ.

2018 წლის ზაფხულში „მერსისაიდელების“ რიგებს რამდენიმე მაღალი დონის მოთამაშე შეემატა, რამაც გუნდი დააბალანსა და მწვრთნელს ტაქტიკური მანევრების საშუალება მისცა.

კლოპი მიხვდა, რომ ყველა შეხვედრაში სპექტაკლის დადგმა, „ენფილდზე“ ცეცხლის დანთება საბოლოოდ შედეგს ვერ მოიტანდა და შედარებით პრაგმატულად თამაში დაიწყო.

მან გუნდში პრიორიტეტები გადააწყო. ფეხბურთელებს როლები შეუცვალა. კლოპი ერთ ფეხბურთელს მხოლოდ ერთ პოზიციაზე არასდროს იყენებს. რა თქმა უნდა, ეს თერთმეტივე მოთამაშეს არ ეხება.

სალაჰის პოზიციის ცვლა „ლივერპულს“ მომგებიან სიტუაციაში ამყოფებს. მეტოქემ წინასწარ არ იცის თუ სად ითამაშებს ეგვიპტელი და ზოგადად რა სტილს აირჩევს მთლიანად გუნდი. არის მატჩები, სადაც ეგვიპტელი უბრალოდ არ ჩანს და არ აქტიურობს, მაგრამ გუნდი მაინც მარტივად იგებს.

კლოპმა სალაჰის ადგილი დაიკავა. „ლივერპული“ 1 მოთამაშეზე დამოკიდებული გუნდი იყო, ახლა კი „მერსისაიდელები“ გუნდურად თამაშობენ და ლიდერის როლს კონკრეტული მოთამაშე არასდროს ასრულებს.

„წითლები“ გეგენპრესინგს წარმატებულად იყენებენ. ეს არის ახალი ხედვა, რომელიც კლოპმა „დორტმუნდში“ მუშაობისას შეიმუშავა და „ლივერპულში“ იდეალურად დახვეწა. ეს არის სტილი, რომელმაც პეპის ტოტალურ ფეხბურთს მოუგო.

აქ არ არის საუბარი ის ჯობია, თუ ეს ჯობია. მხოლოდ იმის თქმას ვცდილობ, რომ ფეხბურთი მუდმივად პროგრესირებს და ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც, ვინც გაჯობებს და ისე მოგიგებს, რომ შენზე უკეთ ითამაშებს.

მთავარი არ არის ის, რომ კლოპმა გუარდიოლას რაღაც მონაკვეთში აჯობა. პეპმაც დაამარცხა ის და დარწმუნებული ვარ ამას მომავალშიც გააკეთებს. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის სანახაობრივი ფეხბურთი, რომელიც ამჟამად ევროპაში დომინირებს.

არაფერია იმაზე ლამაზი სანახავი, როცა შემტევ და ლამაზად მოთამაშე გუნდს, კიდევ უფრო შემტევი გუნდი ამარცხებს - ამ დროს ყველაზე მეტად მოგებული ქომაგები რჩებიან.

დასკვნა

ჩემი სტატიის მთავარი მიზანი იმ მწვრთნელებზე საუბარი იყო, რომლებმაც თავიანთი კარიერის უმნიშვნელოვანესი სიტყვა 21-ე საუკუნეში თქვეს და ამან ფეხბურთს რაღაც ახალი და საჭირო შესძინა.

ის, რაც ანჩელოტიმ „მილანში“ და „რეალში“ ყოფნისას გააკეთა და კიდევ სხვა დეტალები, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრე. ის, რაც მოურინიომ თავისი კარიერის პირველ ათწლეულში გააკეთა, რაც გუარდიოლამ გააკეთა ფეხბურთისთვის და შემდეგ რაც კლომპა გააკეთა - ამ 4 ადამიანის როლი განუსაზღვრელად დიდია და წლების შემდეგ, ისტორია მათ მიმართ მადლიერებას გამოხატავს, ისინი კიდევ უფრო დაფასდებიან.

კონკრეტულ დროს მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება განსაზღვრავს იმას, თუ ვინ ხარ შენ და ვინ იქნები წლების შემდეგ ისტორიისთვის.

P.S. ალბათ შეამჩნევდით, რომ სტატიაში სერ ალექს ფერგიუსონი ნახსენები არ არის. “ფერგის“ ფენომენალური ეპოქა 1986 წლიდან იღებს სათავეს და ის მე-20 საუკუნის ბოლოსა და 21-ეს დასაწყისს მოიცავს. ამ ადამიანის მოღვაწეობას ცალკე სტატია სჭირდება.

გაზიარება: