Aa Aa

ელდორადო - პერიოდი, როცა კოლუმბიის ჩემპიონატი მსოფლიოში საუკეთესო იყო

ევროპელი ხალხი კოლუმბიაზე საუბრისას ხშირ შემთხვევაში სტერეოტიპებს მიჰყვება. მათთვის ეს ქვეყანა კოკაინთან, არაპოპულარულ კულტურასთან, ძალადობასთან, მრავალფეროვან აქცენტთან, თეთრ პიჯაკებთან და საოცარ ყავასთან ასოცირდება.

განსხვავებული შეხედულება არც მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული სპორტის გულშემატკივრებს აქვთ. მათ მეხსიერებაში კოლუმბიურმა ფეხბურთმა ადგილი კარლოს ვალდერამას საოცარი ვარცხნილობით, ფაუსტინო ასპრილიას უნიკალური სტილითა და რენე იგიტას „მორეილის დარტყმით“ დაიკავა.

საფეხბურთო სამყაროს ანდრეს ესკობარიც მშვენივრად ახსოვს. ეს უკანასკნელი 1994 წლის მუნდიალზე გატანილი ავტოგოლის გამო, სიცოცხლეს გამოასალმეს. ქომაგების უმრავლესობას კოლუმბიასა და ფეხბურთის ურთიერთკავშირზე საუბრისას სწორედ ესკობარის ტრაგედია ახსენდება.

ტერმინი „ელდორადო“ სხვადასხვა ასოციაციებს ბადებს. მისი გაგონებისას თვალწინ ქალაქი წარმოგვიდგება, რომელსაც ამაზონის ჯუნგლებში უამრავი მკვლევარი ეძებდა, რათა უდიდეს საგანძურს დაუფლებოდა. თუმცა ფეხბურთის კოლუმბიელი გულშემატკივრებისთვის ამ ტერმინს აბსოლუტურად განსხვავებული დატვირთვა აქვს. ისინი „ელდორადოს“ 1949-დან 1954 წლამდე პერიოდს უწოდებენ, როცა მათი აზრით მსოფლიოში საუკეთესო ჩემპიონატი ჰქონდათ. საინტერესო ისაა, რომ ეს მოსაზრება რეალობისგან შორს ნამდვილად არაა.

1948 წლამდე კოლუმბიაში ფეხბურთს სერიოზულად არავინ უყურებდა და ამ სპორტს მუშათა კლასის გასართობ ინსტრუმენტად აღიქვამდნენ, რომელიც ქვეყანაში ბრიტანელმა მეზღვაურებმა შეიტანეს. თუმცა ვითარება „სან ლორენცოს“ წყალობით შეიცვალა. არგენტინულმა კლუბმა კოლუმბიაში ტურნე გამართა, ადგილობრივი მოსახლეობის მოხიბვლა მოახერხა და მათ ფეხბურთი შეაყვარა. მოტივირებულმა კოლუმბიელებმა ფინანსური პრობლემები ძალიან მარტივად გადაჭრეს და კოლუმბიის პირველი პროფესიონალური საფეხბურთო ლიგა ჩამოაყალიბეს.

ახლად შექმნილ ასოციაციას DIMAYOR ეწოდა და მისი პრეზიდენტი უმბერტო სალსედო ფერნანდესი გახდა. DIMAYOR-ის წარმომადგენლებმა მანამდე არსებულ სამოყვარულო ასოციაციას, Adefutbol-ს საინტერესო წინადადებით მიმართეს და კოლუმბიაში ფეხბურთის პროფესიონალურ დონეზე აყვანა შესთავაზეს. Adefutbol-მა მათთან თანამშრომლობაზე კატეგორიული უარი განაცხადა, თუმცა ამაზე არ გაჩერებულა და ფიფაში თავის მეგობრებს DIMAYOR-ის პროფესიონალური ლიგის გაუქმება სთხოვა.

მარცხის აღიარებისა და დანებების ნაცვლად ფერნანდესმა ფიფას სანქციები ბოძებულ შანსად აღიქვა და ადვოკატის, ალფონსო ქუევედოს დახმარებით საკუთარი გეგმების განხორციელება განაგრძო. აღნიშნულმა დუეტმა დაადგინა, რომ მათ ფეხბურთელების გადაბირება ფიფას მიერ დაწესებული შეზღუდვებისგან თავის არიდებითა და იმდროინდელი სატრანსფერო და სახელფასო თანხებზე დაწესებული ლიმიტების გვერდის ავლით შეეძლოთ.

მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს იმ პერიოდში მკაცრი ფისკალური პოლიტიკა ჰქონდა, რის გამოც მოთამაშეები იმედგაცრუებულები იყვნენ და ხვდებოდნენ, რომ ისეთ ანაზღაურებას არ იღებდნენ, როგორსაც იმსახურებდნენ.

ფიფას მიერ DIMAYOR-ზე გატარებული სანქციების შედეგად კოლუმბიელებს ფეხბურთელების უსასყიდლოდ გადაყვანა შეეძლოთ და დაზოგილი თანხების ხელფასებზე გადანაწილების ფუფუნება ჰქონდათ. სულ მალე კოლუმბიაში ტოპ კლასის მოთამაშეებმა დაიწყეს ჩასვლა. პირველი ადოლფო პედერნერა აღმოჩნდა. ამ უკანასკნელმა საკუთარი მომავალი ბოგოტაში დაარსებულ გუნდ „მილონარიოსს“ დაუკავშირა და კარლოს ადალბეს კოლექტივს შეუერთდა. კოლუმბიელებმა პედერნერა „რივერ პლეიტიდან“ „მოიტაცეს“. ასტრონომიული ხელფასისა და კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, გაცემული ბონუსის შესახებ კი. ინფორმაცია ელვის სისწრაფით გავრცელდა...

„მილონარიოსის“ მაშინდელმა პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: „ხალხი გიჟს მიწოდებდა და მეკითხებოდა როგორ ვაპირებდი მისთვის 5000 დოლარის ოდენობის ბონუსის მიცემას და კვირაში 500 დოლარის გადახდას... თუმცა, როდესაც იგი გულშემატკივრებს წარვუდგინეთ, ბილეთების გაყიდვის შედეგად 35000 პესო მივიღეთ. ეს მაჩვენებელი საშუალოზე 7-ჯერ მეტი გახლდათ. 35000 პესო მაშინ 18000 დოლარი იყო, ასე რომ როგორც აღმოჩნდა ცუდი გარიგება არ გაგვიჩარხავს“.

არგენტინელი ფეხბურთელის კოლუმბიაში გადაბარგებას ჯერ „ჰართსის“ შოტლანდიელი მოთამაშის, ბობი ფლაველის და შემდეგ „ევერტონელი“ ბილი ჰიგინსის ტრანსფერი მოჰყვა.

აღსანიშნავია, რომ ეს იყო პერიოდი, როცა პროფესიონალ ფეხბურთელად და მაღალი დონის მოთამაშედ ჩამოყალიბება კარგი შემოსავლის გარანტიას არ იძლეოდა. ინგლისში მოასპარეზე ფეხბურთელები სეზონის დასრულების შემდეგ, სხვა სამსახურს ეძებდნენ, რათა თავიანთი ოჯახები შეენახათ. გამომდინარე აქედან, მზიან სამხრეთ ამერიკაში თამაშის სანაცვლოდ შეთავაზებულ საკმაოდ სოლიდურ ხელფასზე უარის თქმა ძალიან რთული იყო. ბუნებრივია, ამ ყველაფერმა კოლუმბიურ გუნდებში ლეგიონერების რაოდენობის ზრდა გამოიწვია. 1949 წლისთვის კოლუმბიაში სათამაშოდ 109 უცხოელი ფეხბურთელი წავიდა, მათგან 57 არგენტინელი გახლდათ. „დეპორტივო კუკუტამ“ 1950 წლის მუნდიალის გამარჯვებული ურუგვაის ნაკრებიდან 8 ფეხბურთელი დაიმატა და მათ შორის ლეგენდარული რამონ ვილავერდეც გახლდათ.

1950-იანი წლების დასაწყისში „მილონარიოსმა“ ალფრედო დი სტეფანო, ნესტორ როსი, ჰექტორ რიალი და რენე პონტონი გადაიბირა და უეცრად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი გახდა. „მილონარიოსმა“ ურუგვაისა და არგენტინაში ჩამოყალიბებული სათამაშო სტილი, „რიოპლატენსე“ მოირგო, რომელიც ცრუმოძრაობებზე და დრიბლინგზე იყო აგებული და კლუბის თამაშს ერთიორად სანახაობრივს ხდიდა. კოლუმბიური გუნდი საოცრად ასპარეზობდა და მეტსახელი „Ballet Azul“(Blue Ballet) „ლურჯი ბალეტი“ შეარქვეს.

ლეგიონერების დაყოლიებას სხვა კოლუმბიური გუნდებიც ახერხებდნენ. „სანტა ფემ“ „სტოკიდან“ ნილ ფრენკლინი და ჯორჯ მაუნთფორდი გადაიბირა, რასაც სულ მალე სენსაციური ტრანსფერი მიაყოლა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდა, ჩარლი მიტენი, შეიძინა.

„ატლეტიკო ხუნიორმა“ ბრაზილიელი ფეხბურთელები ტიმ და ელენიო დე ფრეიტასები, და უნგრელი მოთამაშეები ლაშლო შოკე, იმრე დანკო, ბელა შაროსი, ფერნეს ნეირსი და მიჰაილ ურამი დაიბევა.

„დეპორტივო პერეირამ“ მოთამაშეები პარაგვაიდან გადაიყვანა - კარმელო კოლომბო, მარსელინო ვარგასი, ენრიკე ავალოსი. იტალიიდან კი ლუიჯი დი ფრანკო შეიძინა.        

კოლუმბიელ ხალხს ქვეყანაში საოცარი ფეხბურთისა და ვარსკვლავებით დახუნძლული გუნდების ხილვის საშუალება მიეცა, თუმცა ევროპული გრანდებიდან ფეხბურთელების წასვლამ ფიფას მმართველები შეაშფოთა. მსოფლიო ფეხბურთის მესვეურებმა DIMAYOR-თან მოსალაპარაკებლად დელეგაცია რამდენჯერმე გაგზავნეს და აბსურდული ტურნირის შეწყვეტა უამრავჯერ მოსთხოვეს. საბოლოოდ ყველაფერი ფიფას სასარგებლოდ დასრულდა. 1950 წლის ბოლოს DIMAYOR ფიფას მოთხოვნებს დათანხმდა და მასთან „ლიმას პაქტი“ გააფორმა. ხელშეკრულების მიხედვით ფეხბურთელები კოლუმბიაში 1954 წლამდე დარჩებოდნენ, ხოლო შემდეგ საკუთარ კლუბებში დაბრუნების საშუალება ექნებოდათ.

კოლუმბიელი გულშემატკივარი საოცარი, ტექნიკური და სანახაობრივი ფეხბურთით 6 სეზონის განმავლობაში ტკბებოდა. აქედან 4-ჯერ ჩემპიონობა ვარსკვლავებით დახუნძლულმა „მილონარიოსმა“ იზეიმა.

1954 წელს DIMAYOR და „ელ დორადო“ დასრულდა. ვარსკვლავებმა კოლუმბია ზუსტად ისეთი სისწრაფით დატოვეს, როგორითაც ჩავიდნენ. დი სტეფანომ და რიალმა „რეალთან“ ერთად დომინაცია ევროპულ ფეხბურთში გააგრძელეს. ვილავერდე „ბარსაში“ წავიდა და კატალონიური გუნდის მაისურით 53 გოლი გაიტანა. ჩარლი მიტენი კი ინგლისში დაბრუნდა. თუმცა „წითელი ეშმაკების“ ლეგენდარულმა თავკაცმა, მეტ ბასბიმ „ბოგოტელ ბანდიტს“ თავის გამოჩენის საშუალება არ მისცა და იგი „ფულჰემს“ მიჰყიდა.

სამწუხაროდ თუ სასიხარულოდ ფეხბურთის ყველაზე უცნაური პერიოდი არც თუ ისე დიდხანს გაგრძელდა, მაგრამ მისი დავიწყება თითქმის შეუძლებელია.

გაზიარება: