Aa Aa

ოქროს ბიჭუნა, ვისიც არავის სჯეროდა

სტეფ კარის ცხოვრება ერთი დიდი შთამაგონებელი ისტორიაა. ბიჭუნა, რომელსაც ბავშვობაში არავინ აფასებდა, NBA-ში მოხვედრის შემდეგ, სასწაულებს ახდენს. სტეფი თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე და ყველა დროის საუკეთესო მსროლელია. 3 ჩემპიონობასთან ერთად, მან MVP-ს ჯილდო 2-ჯერ მოიგო და ყველა ვარსკვლავის მატჩში მონაწილეობა 6-ჯერ მიიღო. კარი ლიგის ისტორიაში ერთადერთი კალათბურთელია, რომელიც სეზონის საუკეთესო მოთამაშედ ერთხმად დაასახელეს.

სტეფი 1988 წლის 14 მარტს ოჰაიოში დაიბადა და ბავშვობიდანვე კალათბურთში იყო ჩართული. მამამისი, დელ კარი „შარლოტ ჰორნეტსში“ თამაშობდა და თავისი ოჯახი მატჩებზე ხშირად დაჰყავდა. მერვე კლასში კალათბურთის სიყვარულმა სტეფს ამ სპორტისთვის გაყოლა გადააწყვეტინა და „ოქროს ბიჭუნამ“ მიზნად კოლეჯში მოხვედრა დაისახა. თუმცა ყველაფერი არც ისე მარტივად იყო, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა. 16 წლის ასაკში კარი სიმაღლეში 1.67 გახლდათ და მხოლოდ 55 კგ-ს იწონიდა. მთავარი პრობლემა კი ბურთის სროლის მანერა იყო. ძალის არქონის გამო, სტეფი ბურთს ისეთი დაბალი წერტილიდან უშვებდა, რომ ტანმაღალი მცველებისთვის დაფარების განხორციელება არანაირ სირთულეს არ წარმოადგენდა.

მიზნის მისაღწევად ცვლილებები აუცილებლობა გახლდათ. დელთან გულახდილი საუბრის შემდეგ, სტეფმა გადაწყვიტა მთელი ზაფხული სროლის გაუმჯობესებაზე დაეხარჯა და გაშვების წერტილი თავს მაღლა აეტანა. როგორც სეთ კარი იხსენებს, ეს მისი ძმის ცხოვრებაში ყველაზე ცუდი ზაფხული იყო. ვარჯიში მანამ გრძელდებოდა, სანამ 16 წლის ბიჭუნა 1000 სამქულიანს არ ისროდა და ხშირად ყოფილა მომენტები, როდესაც ძალაგამოცლილ სტეფს ბურთის სროლა ფიზიკურად აღარ შეეძლო.

თავდაუზოგავი შრომის შედეგი მას შემდეგ გამოჩნდა, რაც დელმა სტეფის ვარჯიში აბსოლუტურად განსხვავებული ტექნიკით დაიწყო. როცა კალათბურთელები სროლას სწავლობენ, მწვრთნელები კატეგორიულად მოითხოვენ, რომ მათ ბურთი მაშინ გაუშვან, როცა ნახტომის ყველაზე მაღალ წერტილს მიაღწევენ. სტეფის სროლის სტილი კი რადიკალურად განსხვავებულია. კარი სროლას ახტომისას ახორციელებს (რეალურად თითქმის არც ხტება, მარტო ქუსლებს წევს), რაც მას ბურთის სწრაფად გაშვების საშუალებას აძლევს და მისი სროლის დაბლოკვა თითქმის შეუძლებელი ხდება.

ტექნიკის ცვლილებამ შედეგი გამოიღო. გაუმჯობესებული სროლით სტეფი შეტევაში უკეთ გამოიყურებოდა და საშუალოდ დაახლოებით 20 ქულას აგროვებდა. სკოლის დამთავრების შემდეგ, კარიმ ახალ ეტაპზე გადასვლა და კოლეჯში სწავლის გაგრძელება გადაწყვიტა, თუმცა ფიზიკური მონაცემების გამო, მის მიმართ ინტერესს არავინ იჩენდა. ჩრდილოეთ კაროლინას კოლეჯის საკალათბურთო გუნდის ლეგენდარული მთავარი მწვრთნელი, როი უილიამსი იხსენებს: „სტეფენის პირველი ნახვისას ერთადერთი, რაც გავიფიქრე არის ის, რომ ეს ბავშვი საკალათბურთო კარიერისთვის ძალიან პატარა გახლდათ“!

კოლეჯის გუნდების თავკაცთა აბსოლუტური უმრავლესობაც ამ აზრზე იყო, ერთადერთ ვარიანტად დელ კარის ალმა-მატერი „ვირჯინია ტექი“ რჩებოდა, თუმცა კარი მათაც უარით გაისტუმრეს!!! ჟურნალისტებთან საუბრისას სტეფი აცხადებს: „ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში, თუმცა არ დავნებებულვარ, კოლეჯებისგან მიღებული უარი მოტივაციად ვაქციე და საკუთარ თავზე მუშაობა განვაგრძე“.

სტეფის ოცნება მალევე ახდა და პატარა კოლეჯმა „დევიდსონმა“, მას სპორტული სტიპენდია შესთავაზა,

„დევიდსონის“ საკალათბურთო გუნდის თავკაცი, ბობ მაკკილოპი იხსენებს: „კოლეჯები სტეფს მისი აღნაგობის გამო იწუნებდნენ, თუმცა მისთვის ერთხელ მაინც სხვა კუთხით, რომ შეეხედათ, მიხვდებოდნენ მასში რა დიადი საკალათბურთო გენიალიზმი იმალებოდა”. სწავლის დაწყების პირველ დღეს მაკკილოპმა სტუდენტებს მოუწოდა რომ „დევიდსონის“ მატჩებს დასწრებოდნენ და კარის საოცარი თამაშით დამტკბარიყვნენ. სტეფს არაერთხელ უთქვამს, რომ მაკკილოპის გარეშე იგი წარმატებული კალათბურთელი ვერ გახდებოდა.

„ველურ კატებში“ კარის კარიერა საშინლად დაიწყო. სადებიუტო შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში გამწესებულმა „ოქროს ბიჭუნამ“ პირველი ტაიმი 9 დაკარგვით დაასრულა. მეორე ტაიმის დაწყებამდე ასისტენტებმა მაკკილოპს სტეფის სათადარიგოთა სკამზე გადაყვანა ურჩიეს, თუმცა მთავარმა მწვრთნელმა ახალგაზრდა გამთამაშებელს ნდობა ბოლომდე გამოუცხადა და მატჩიც „დევიდსონის“ გამარჯვებით დასრულდა. მეორე შეხვედრაში კი სტეფმა საკუთარი უნიკალურობა გამოავლინა და თავი 32 ქულას, 4 გადაცემას და 9 მოხსნას მოუყარა.

სტეფის კარიერა ნელ-ნელა აეწყო. სადებიუტო სეზონში კარი პირველწლიან მოთამაშეებს შორის ქულების საშუალო მაჩვენებლით მეორე გახლდათ და მხოლოდ კევინ დურანტს ჩამორჩა. სტეფმა „დევიდსონის“ რეკორდიც მოხსნა და 113-ზე მეტი სამიანი ჩააგდო.

კარისთვის ყველაზე წარმატებული მეორე სეზონი აღმოჩნდა, „დევიდსონის“ გამთამაშებელი საშუალოდ 25.5 ქულას, 4.7 მოხსნას და 2.8 გადაცემას აგროვებდა, მისი გუნდი კი კოლეჯების კალათბურთის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე მოხვდა, სადაც პირველ ტურში „გონზაგა“ დაამარცხა. „ბულდოგსთან“ ჯახში სტეფმა 40 ქულა დააგროვა და 10-დან 8 სამქულიანი ჩააგდო. მისი მომდევნო მსხვერპლი „ჯორჯთაუნი“ აღმოჩნდა, რომელმაც პირველი ტაიმი 17 ქულით მოიგო, მაგრამ სტეფის საოცარმა თამაშმა და მეორე ტაიმში დაგროვებულმა 25-მა ქულამ „დევიდსონს“ 4-ქულიანი ამარჯვება მოუტანა. მერვედფინალში „ველურმა კატებმა“ „ვისკონსინი“ 73-65 დაამარცხეს. კარი იმ შეხვედრაშიც საოცრად გამოიყურებოდა და გუნდს 33 ქულა შესძინა. საბოლოოდ „დევიდსონი“ არსებობის განმავლობაში საუკეთესო 8 გუნდს შორის პირველად მოხვდა და მომავალ ჩემპიონთან, „კანზასთან“ დამარცხდა. დელ კარი იხსენებს: „ვუყურებდით მის თამაშს და ვერ ვიჯერებდით, რომ ეს ისევ ის ბიჭი იყო, რომელიც რამდენიმე წლის წინ ჩემთან ერთად ეზოში ვარჯიშობდა. ყოველი ჩაგდებული ბურთის შემდეგ, მეუღლეს ვეუბნებოდი - წარმოგიდგენია?! მან ეს ბურთი ჩააგდო! ვინ იცის შემდეგი რა იქნება!“

სტეფმა „დევიდსონის“ რიგებში მესამე წელსაც ითამაშა: „მინდა უკეთესი კალათბურთელი გავხდე და ლიგისთვის უკეთ მოვემზადო. განსაკუთრებით გამთამაშებლის პოზიციაზე მსურს პროგრესის მიღწევა, რადგან იმედი მაქვს, NBA-ში სწორედ ამ პოზიციაზე ვიასპარეზებ“.

მესამე სეზონში სტეფი საშუალოდ 28.6 ქულას აგროვებდა და 2009 წლის დრაფტზე გასვლა გადაწყვიტა. კარი დრაფტზე მეშვიდე ნომრად „გოლდენ სტეიტმა“ აირჩია. მის წინ კი ისეთი კალათბურთელები აიყვანეს, როგორებიც ჰაშიმ ტაბიტი, რიკი რუბიო და ჯონი ფლინი არიან.

ერთ-ერთმა სკაუტმა, რომელიც იმედისმომცემი კალათბურთელების მოძიებაზე იყო ორიენტირებული თავის მოხსენებაში განაცხადა: „სტეფი NBA-ს სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. ლიგაში წარმატებული თამაშისთვის მისი ფიზიკური მონაცემები საკმარისი არაა. განსაკუთრებით არ მოსწონს, როცა მცველები მის წინააღმდეგ აგრესიულად თამაშობენ. შეიძლება თამაშის მიმდინარეობისას ბურთი უამრავჯერ ისროლოს. მისი ტყორცნების ეფექტურობაზე ხმაურიანი გარემო დიდ გავლენას ახდენს. გამთამაშებლის პოზიციაზე მოთამაშე კალათბურთელისთვის, იგი ძალიან ბევრ სულელურ შეცდომას უშვებს. ხშირად ისვრის ბურთებს, რომლებიც სასროლი არაა და სწრაფი შეტევებისას მოულოდნელი და დაბალპროცენტიანი სროლები ახასიათებს. ჩამოყალიბებული არაა რომელ პოზიციაზე თამაშობს - გამთამაშებლის თუ მსროლელი მცველის, ამიტომ მისი არჩევა ნებისმიერი გუნდისთვის სერიოზულ რისკებთანაა დაკავშირებული“.

სტეფის შესაძლებლობებში ეჭვის შეტანა და კრიტიკა NBA-ში მისვლის შემდეგაც გაგრძელდა. ამ მხრივ განსაკუთრებით გამორჩეული 2011-12 წლების სეზონი გახლდათ, რომლის უდიდესი ნაწილი მან ტრამვის გამო გამოტოვა. ჟურნალისტები სტეფის 44-მილიონიან კონტრაქტს აკრიტიკებდნენ და მიიჩნევდნენ, რომ კარის ტრავმიანობიდან გამომდინარე მისთვის ამხელა თანხის გადახდა არასწორი ნაბიჯი იყო.

გამოჯანმრთელებულმა „ოქროს ბიჭუნამ“ 2012-13 წლების სეზონში საშუალოდ 22.9 ქულა დააგროვა, თუმცა ყველა ვარსკვლავის მატჩზე მაინც ვერ მოხვდა, „სახლში ვიჯექი და ველოდებოდი ოლ-სტარის მონაწილეებს როდის გამოაცხადებდნენ. იმედი გამიცრუვდა, როდესაც მათ შორის მე არ აღმოვჩნდი“.

მაშინ, როცა სტეფს ცუდი მატჩები ჰქონდა და სროლები არ მისდიოდა, მაკკილოპისგან მოკლე ტექსტურ შეტყობინებას იღებდა, რომელიც ასეთი შინაარსის იყო: „ღამე ქუჩაში გაატარე“! კარის ყოფილი თავკაცი თვლიდა, რომ საკალათბურთო პრობლემების გადალახვა და პროგრესის მიღწევა მხოლოდ ვარჯიშით შეიძლებოდა".

მაკკილოპი იხსენებს: „იმ ღამეს, როცა სტეფი „ოლ სტარზე“ არ აირჩიეს საკუთარ სახლში გულდაწყვეტილი ვიჯექი და უეცრად სტეფისგან შეტყობინება მივიღე - „ამ საღამოს ნამდვილად ქუჩაში გავატარებ!“ მაშინ დავრწმუნდი, რომ ეს ბიჭი NBA-ში წარმატებას აუცილებლად მიაღწევდა"!

დღესდღეობით სტეფში ეჭვი არავის ეპარება, 2015-16 წელს კარიმ საოცარი სეზონი ჩაატარა, მისმა გუნდმა კი 73 მოგებით ლეგენდარული მაიკლ ჯორდანის „ჩიკაგო ბულსის“ რეკორდი მოხსნა. აღნიშნულ სეზონში სტეფი საშუალოდ 30.1 ქულას აგროვებდა, 402! სამქულიანი ჩააგდო და პირველი ერთხმად არჩეული MVP გახდა. იგი პარკეტზე საოცრებებს აკეთებს და მისი განეიტრალება ლიგის არცერთ მოთამაშეს შეუძლია (დელავედოვაზე არაფერი თქვათ, კარის ტრამვა ჰქონდა)! სტეფი პატარა „ბიჭია“, ვისიც ყველას ეშინია! ტყუილად კი არ აქვს ზედმეტსახელად “Baby-faced assassin”!

გაზიარება: