Aa
Aa

არსენალი VS ნაპოლი - მატჩის წინ

ევროპა ლიგის მეოთხეფინალური ეტაპის ყველაზე ხმაურიანი წყვილი „არსენალმა“ და „ნაპოლიმ“ შეადგინეს, რომლებიც პირველ მატჩს ლონდონში გამართავენ.

ნეაპოლელებს ინგლისში გამართულ შეხვედრებში ძალიან ცუდი სტატისტიკა აქვთ და იქ ჩატარებული 7 მატჩიდან არცერთი არ მოუგიათ.

კარლო ანჩელოტის გუნდმა უქმეებზე „ჯენოასთან“ საშინაო ფრე ითამაშა, თანაც მეტოქე მთელი მეორე ტაიმი 10 კაცით იყო და „პარტენოპეიმ“ მას ვერაფერი მოუხერხა.

იტალიელებს დღევანდელ მატჩში რაულ ალბიოლისა და ამადუ დიავარას იმედი ვერ ექნებათ, საეჭვოა დავიდ ოსპინას ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაშიც.

ანჩელოტის აზრით, ამ ორრაუნდიან წყვილში ბევრ რამეს დაცვის ხაზში ეფექტური თამაში გადაწყვეტს. „პაპა კარლოს“ სჯერა, რომ თუკი მისი ბიჭები თავს კარგად დაიცავენ, მეტოქის კარსაც უფრო მწვავედ შეუტევენ.

„დღევანდელ შეხვედრაში ჩვენ დაცვაში კარგად უნდა ვითამაშოთ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ შევუტევთ. მსგავს მატჩებში ბალანსია მთავარი და როგორც შეტევაში ისე დაცვაში კარგი თამაშია აუცილებელი. უნდა გვახსოვდეს რომ განმეორებითი მატჩი ნეაპოლში ჩატარდება. მჯერა რომ თუ დაცვაში კარგად ვითამაშებთ, შეტევაშიც კარგ მომენტებს შევქმნით.“

კვირას მძიმე თამაშის გადატანა მოუხდა „არსენალს“, რომელიც ლივერპულს ეწვია და „ევერტონთან“ 0:1 დამარცხდა. „მეთოფეები“ პრემიერ ლიგის ოთხეულში მოსახვედრად იბრძვიან და ამ მარცხით საქმე საგრძნობლად გაირთულეს.

მასპინძლები დღევანდელ შეხვედრაში ბელერინს, ჰოლდინგსა და უელბეკს ვერ დაიხმარენ, მცირე ტრავმები აქვთ კოშელნისა და ჯაკასაც, თუმცა სავარაუდო შემადგენლობაში ორივე მათგანის გვარი ფიგურირებს.

ბოლო დროს, „არსენალში“ არსებულ კონფლიქტზე წერს ბრიტანული პრესა, უნაი ემერიმაც ხაზი გაუსვა, რომ მისი გუნდი ერთიანი და, ამავდროულად, მშვიდი უნდა იყოს.

„ვფიქრობ წინ ძალიან კარგი მატჩი გველოდება, რომელსაც კარგი ფეხბურთელები შექმნიან. ამ შეხვედრაში ჩვენთვის მთავარია ძლიერები, მშვიდები და ერთიანები ვიყოთ. ფოკუსირება კი მხოლოდ თამაშზე მოვახდინოთ.“

„არსენალისა“ და „ნაპოლის“ შეხვედრა დღეს, ლონდონის „ემირეითს სთედიუმზე“, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. მატჩს ესპანელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება, რომელსაც ალბერტო უნდიანო მალენკო უხელმძღვანელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები