მერვე მწვრთნელი 3,5 წელიწადში - აიაქსის პრობლემებს ბოლო არ უჩანს
ჯონ ჰეიტინგას გათავისუფლების შემდეგ „აიაქსი“ ბოლო 3,5 წელიწადში მერვე მთავარ მწვრთნელს ეძებს. „მწვრთნელების სასაფლაო“ - ამ სათაურით სტატიას ამსტერდამული კლუბის შესახებ ნიდერლანდური გამოცემა ad.nl-ი აქვეყნებს.
„2022 წლის ზაფხულში ერიკ ტენ ჰაგმა „აიაქსს“ ჩემპიონატი მოაგებინა და „ოლდ ტრაფორდზე“ გადაბარგდა. მას შემდეგ არც ერთ სპეციალისტს ამსტერდამულ კლუბში კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე არ უმუშავია“, - წერს გამოცემა.
ალფრედ შრიოდერი 6 თვეში დაითხოვეს, ის დროებით ჯონ ჰეიტინგამ შეცვალა, თუმცა მას სრულფასოვანი კონტრაქტი არ შესთავაზეს. ჰეიტინგას ნაცვლად „აიაქსმა“ ფსონი მორის სტეინზე გააკეთა, რომელსაც თანამდებობის დატოვება უკვე 114 დღეში მოუწია, ვინაიდან მისი ხელმძღვანელობით გუნდს ბოლო 59 წელიწადში ყველაზე ცუდი სტარტი ჰქონდა.
„აიაქსი“ დროებით სტეინის ასისტენტს, ჰედვიგეს მადუროს ჩააბარეს, რომელიც მალევე ჯონ ვან’ტ სხიპმა შეცვალა. მისი მწვრთნელობის პერიოდში გუნდმა ერედივიზიეს მე-18 ადგილიდან მეხუთეზე ასვლა მოახერხა. მიუხედავად ამისა, სპორტული დირექტორის შეცვლის შემდეგ „აიაქსის“ მთავარი მწვრთნელიც შეიცვალა - ვან’ტ სხიპის ნაცვლად იტალიელი ფრანჩესკო ფარიოლი დაინიშნა - პირველი უცხოელი მწვრთნელი 1998 წლიდან.
ფარიოლიმ გუნდი ერედივიზიეს პირველ ადგილზე დააბრუნა, ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე „აიაქსი“ „პსვ ეინდჰოვენს“ 9 ქულით უსწრებდა, თუმცა ჩემპიონობა ხელიდან გაუშვა. ფარიოლიმ ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო თანამდებობა მიმდინარე წლის მაისში დატოვა. მის შემცვლელად ჯონ ჰეიტინგა დაინიშნა, თუმცა 128 დღეში მასაც კარისკენ მიუთითეს.
ნიდერლანდური მედიის ცნობით, კლუბი რამდენიმე კანდიდატურას განიხილავს, რომელთა შორის არიან ერიკ ტენ ჰაგი, ჩავი ერნანდესი, მარკ ვან ბომელი და ენჯ პოსტეკოგლუც, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა.