„მას არანაირი შანსი არ აქვს, ის ჯუჯაა“ - ასეთი იყო სერ ალექს ფერგიუსონის შეფასება პოლ სქოულზე, როდესაც ის მანჩესტერ იუნაიტედის ახალგაზრდული გუნდის თამაშზე პირველად ნახა..
საბედნიეროდ, მრავალი წლის განმავლობაში სერ ალექსი თავისი დაშვებული შეცდომით ტკბებოდა. სქოულზი კი ინგლისის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან ფეხბურთელად იქცა..
გულშემატკივრები ხშირად ასახელებენ ყველა დროის საუკეთესო მცველებს, ნახევარმცველებს, თავდამსხმელებს, თერთმეტეულებს.. სქოულზის გვარი კი ასეთ დროს იშვიათად გვხვდება.. არადა ის თავისი თაობის გამორჩეული და ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი იყო.
დღეს კი მინდა პოლის კარიერის გამორჩეული მომენტები თავისივე ინტერვიუს სახით შემოგთავაზოთ.
ასთმა
„ეს უბრალოდ ისეთი რამ იყო, რასთან ერთადაც უნდა მეცხოვრა. ყველა საჭირო მედიკამენტი უნდა მიმეღო. ყველაზე ცუდი პერიოდი ზამთარში დგებოდა, როცა ძალიან ციოდა და მკერდი მეყინებოდა. ასეთ დროს საშინელი ტკივილი ჩნდებოდა. მახსოვს, ერთხელ ისეთი ტკივილები მქონდა, რომ რამდენიმე კვირა ვერ ვითამაშე. თამაშების წინ, სპეციალურ მაზს ვისვამდი, ზოგჯერ შესვენების დროსაც კი..“
მთელი კარიერა მანჩესტერში
„ბავშვობაში ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ მთელს კარიერას მანჩესტერ იუნაიტედში გავატარებდი. როდესაც 17 წლის ვიყავი, ჩემს გარშემო უამრავი კარგი ფეხბურთელი იყო. იუნაიტედის A და B გუნდებში ვთამაშობდით, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთ დონეზე ავიდოდი. გიგზი, ნიკი ბატი, ნევილები.. გულწრფელად გეტყვით, რომ არ ვიცოდი საკმარისად კარგები ვიქნებოდით, თუ არა..“
კარიერის საუკეთესო გოლი
„აუცილებლად უნდა გამოვარჩიო ბრედფორდთან გატანილი გოლი. ბევრი ამბობს, რომ დამუშავებული კომბინაცია იყო, მაგრამ არასდროს გვივარჯიშია. ყველაფერი სპონტანურად მოხდა. ერთ მომენტში ბექჰემს გავხედე, ვანიშნე, რომ პასი ჩემთვის მოეცა. მან ბურთი სასურველ ადგილას გადმომაწოდა და მეც ძლიერად დავარტყი.
მიუხედავად ამისა, არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ჩემი საუკეთესო გოლია. საკამათოა, მაგრამ შეიძლება ასტონ ვილასთან გატანილი გოლი დავასახელო. ეს უფრო რთული გასატანი იყო.
ყველაზე ტექნიკური ინგლისელი?
„ასეთი ტიპის მოთამაშე ჩემს პოზიციაზე მყოფი ფეხბურთელების დაკვირვებით და მათგან სწავლის შედეგად გავხდი. დიდი დამსახურება აქვს იუნაიტედის ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელს, ერიკ ჰარისონს. როდესაც თავისუფალი დრო გვქონდა, ის ცალკე მავარჯიშებდა და საოცარ რაღაცებს მასწავლიდა. საბედნიეროდ, ამან გაამართლა.
დიდწილად ეს ჩემი ბუნებრივი თამაშის დამსახურება იყო. უბრალოდ იმაზე ვიყავი კონცენტრირებული, რაშიც კარგი ვიყავი. წლების განმავლობაში ინგლისურ ფეხბურთში ბევრი ტექნიკური ნიჭიერი მოთამაშე იყო, მაგრამ საკუთარი პოტენციალი სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ განავითარეს.“
სერ ალექსი და თავში დამიზნებული ბურთი
„დიახ ეს ნაწილობრივ სიმართლეა. ის ხშირად დაგვცინოდა, მაგრამ გამიზნულად მისთვის ბურთი არასდროს გამირტყამს. უფრო ხშირად, მის გვერდით მდგარ ადამიანებს ვუმიზნებდი, რომ გაჩერებულიყო. პირდაპირ ამას ვერასდროს ვიზამდი, რადგან აუცილებლად დამინახავდა მიუხედავად იმისა, რომ როცა ბურთს მათკენ ვურტყამდი, გამუდმებით რამდენიმე ფეხბურთელის გარშემო ვიყავი. ფერგის ვერაფერს გამოაპარებ.
მახსოვს ერთხელ ფილ ნევილს შორიდან თავში კრეკერი მოვარტყი და ვერ დამინახა, თუმცა მაშინვე ჩემკენ გამოიშვირა ხელი და მე დამადანაშაულა. ეს ძალიან სასაცილო იყო.
საყურე, ტატუ
„მსოფლიოში ვერაფერი მაიძულებდა, რომ ტატუ ან საყურე გამეკეთებინა. არავითარ შემთხვევაში! როგორც ჩანს, დღესდღეობით ფეხბურთელი ტატუს გარეშე ვერ გახდები. მე ძალიან შემრცხვებოდა.“
ჟურნალისტებთან ურთიერთობა
„არასდროს მიყვარდა მედიასთან საუბარი. ჩემი პოზიციის ფეხბურთელი ჰეთ-თრიკს იშვიათად ასრულებს. როდესაც 1999 წელს, უემბლიზე პოლონეთს მესამე გოლი გავუტანე, აღნიშვნის დროს გავიაზრე, რომ თამაშის შემდეგ, აუცილებლად მომიწევდა ჟურნალისტებთან საუბარი და არ გამიხარდა, თუმცა მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და დროის გასვლასთან ერთად მიდგომა შევცვალე.“
მშვიდი და მორცხვი
„ვინც კარგად მიცნობს ყველამ იცის, რომ თანაგუნდელებთან და მეგობრებთანაც მშვიდი და მორცხვი ვარ. ინტერვიუების მიცემა დიდად არასდროს მსიამოვნებდა, მაგრამ ეს ფეხბურთის ნაწილი იყო.“
გაღიზიანება ჯერარდზე და ლამპარდზე
„მასობრივად ფიქრობდნენ, რომ სვენ-გორან ერიქსონი ჯერარდს და ლამპარდს ჩემზე წინ აყენებდა. ეს ფაქტი მე არ მაღიზიანებდა. სვენმა ფლანგზე დამაყენა და ამის გამო მწვავედ გააკრიტიკეს. სიმართლე კი ისაა, რომ მე იუნაიტედშიც ხშირად ვთამაშობდი ფლანგზე და ბევრი გოლი გავიტანე, მაგრამ ნაკრებში ასე არ გამოვიდა.
სიმართლე კიდევ ისაა, რომ მე და სვენი ერთმანეთს კარგად ვუგებდით. არ მგონია ვინმეს ეს არ ეხერხებოდეს, ყველას გვიყვარდა მასთან თამაში. მან იმ პოზიციაზე იმიტომ დამაყენა, რომ ეს უბრალოდ მისი არჩევანი იყო. ამაში ვერ ჩავერეოდი.“
2002 წლის მუნდიალი და სიცხე
„როცა გავიგე, რომ მსოფლიო ჩემპიონატი სამხრეთ კორეაში უნდა ჩატარებულიყო გავიფიქრე: „მე იქ არ წავალ“..
იქ ძალიან ცხელოდა და კარგად ვერ ვითამაშეთ. ბრაზილიასთან წაგება მეტწილად ამის ბრალი იყო. ინგლისელებს გვიჭირს ასეთ ამინდში თამაში. იმდენად ცხელოდა, რომ მოედანზე გახურებაც კი ვერ მოვახერხეთ. ეს არ იყო მსოფლიო ჩემპიონატი, რომლითაც მე ვისიამოვნე.“
ტიტულების გაცვლა
„გავცვლიდი, თუ არა ყველა საკლუბო ტიტულს მუნდიალის თასში? არასდროს! მილიონი წელიც, რომ გავიდეს არა! რა თქმა უნდა, მსოფლიო ჩემპიონატის მოგება დაუჯერებელი იქნებოდა, მაგრამ არა!“
საუკეთესო, ვის წინააღმდეგაც უთამაშია
„ეს ცოტა რთულია.. ბოლო პერიოდში მე ჩავის, ინიესტას და მესის წინააღმდეგ ვითამაშე. ასევე იყვნენ ზიდანი, რივალდო და რონალდო. თუ ერთის არჩევაზეა საუბარი, რა თქმა უნდა, ეს ზიდანი იქნება. როდესაც მის წინააღმდეგ ვთამაშობდი, ყოველთვის გაოცებული ვიყავი.“
ბარსელონა VS მანჩესტერი
„ბარსელონა ორივე შემთხვევაში უბრალოდ უკეთესი გუნდი იყო. ისინი შესანიშნავად თამაშობდნენ. მათ ჰყავდათ მესი, მაგრამ გაიხსენეთ სხვებიც. საოცარი იყო, თუ როგორ იბრუნებდნენ და შემდეგ ინარჩუნებდნენ ბურთს. მათი თამაშის სტილი ყველასთვის გაკვეთილი იყო.“
როი კოინთან ერთად თამაში
„როისთან თამაში წარმოუდგენელი იყო. მისი ნდობა ყოველთვის შეიძლებოდა. მალევე მივხვდი, რომ თუ ფორმაში არ იქნებოდი, კინი აუცილებლად შეეცდებოდა ამის გამოსწორებას და პირად კონტროლზე აგიყვანდა.
მისი ცუდი ენა? რამდენიმე სისულელე მსმენია, მაგრამ ეს გაიძულებდა იმდენად კარგი ყოფილიყავი, რომ ამისთვის თავი აგერიდებინა. ის შესანიშნავი ლიდერი და კაპიტანი იყო. წინსვლაში ხელს გვიწყობდა და მოედანზე მწვრთნელის როლს ასრულებდა.“
კაპელოს მცდელობა
„სანაკრებო კარიერა 2004 წელს დავასრულე. 2010 წელს ფაბიო ძალიან ცდილობდა, რომ ნაკრებში დავებრუნებინე და კინაღამ დავთანხმდი, მაგრამ საბოლოოდ მაინც უარი ვთქვი. ყოველთვის მინდოდა, რომ ზაფხულში ოჯახისთვის მეტი დრო მქონოდა. 6 კვირით მათ ვერ დავტოვებდი და სამხრეთ აფრიკაში ვერ წავიდოდი. რა თქმა უნდა, მუნდიალზე თამაში მაცდური იყო, მაგრამ ოჯახი უფრო მნიშვნელოვანია. არასდროს მსიამოვნებდა ოჯახის დიდი ხნით დატოვება.“
წარუმატებლობის მიზეზი
„ვფიქრობ, ინგლისის ნაკრებში რამდენიმე ეგოისტი ფეხბურთელი თამაშობს. ჩვენ ყოველთვის გვქონდა ნიჭი, მაგრამ ამას ვერასდროს ვახერხებდით. საუთგეიტმა ბევრი რამ შეცვალა, მაგრამ საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა. მთავარი იცით რა არის? როდესაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაშობ, უნდა დაფიქრდე, არიან თუ არა ჩვენი მოთამაშეები ისეთივე კარგები, როგორც თავად ფიქრობენ.“
ჩ.ლიგის ფინალის გამოტოვება
„ემოციურად ეს ძალიან რთული იყო. 1999 წელს მანჩესტერ იუნაიტედმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო და მედალი მეც მივიღე, მაგრამ არ მგონია, რომ მოვიგე. ფინალში არ მითამაშია და ასე ვფიქრობ. ამიტომ ჩემთვის ეს პირველად 2008 წელს მოხდა. ჩელსი დავამარცხეთ და ფინალის მოგების გემო მაშინ გავიგე.“
შედარება
„1999 წლის იუნაიტედი, თუ 2008 წლის? ძალიან ძნელია შედარება. 1999 წელს ჩვენ განსხვავებული დამოკიდებულება გვქონდა. მოედანზე უბრალოდ მეტი გოლის გასატანად გავდიოდით. 2008 წლის გუნდი კი სხვანაირი იყო. ფეხბურთში ახალი წესები იყო შემოღებული. საბოლოო ჯამში, მიხარია, რომ ორივე გუნდის ნაწილი ვიყავი.“
ვენგერის რეპლიკა
„ერთხელ არსენ ვენგერმა ინტერვიუში ჩემზე განაცხადა, რომ მე ბევრი ბნელი მხარე მქონდა. დღემდე არ ვიცი რას გულისხმობდა და დიდად არც დავინტერესებულვარ.“
კარიერის დასრულება ოლდჰემ ატლეტიკში
„დიახ ეს ჩემი ბავშვობის კლუბია, მაგრამ ამასთან ახლოსაც კი არ ვყოფილვარ. ნამდვილად სურდა ოლდჰემს ჩემი დამატება, მაგრამ ბევრი გარემოების გამო ეს არ მოხერხდა.“
კარიერის დასრულება
„ჩემი კარიერის ბოლო წელს, შობის შემდეგ, რამდენიმე თამაშში თავს კარგად ვერ ვგრძნობდი. სეზონის პირველი ნახევარი კარგი იყო, მაგრამ რეინჯერსთან ჩემპიონთა ლიგის მატჩში ტრავმა მივიღე და საბოლოოდ ვეღარ გამოვჯანმრთელდი. ეს მხოლოდ საზარდულის ტრავმა იყო. რეაბილიტაციას 1 კვირაზე მეტი არ უნდა დასჭირვებოდა, მაგრამ საბოლოოდ 7 კვირა ვმკურნალობდი. ამის შემდეგ, ფეხებში ისეთი ძალა ვეღარასდროს ვიგრძენი, როგორიც ადრე.. მუდმივად სიმძიმის შეგრძნება მქონდა.. თავს ვარჯიშებზეც ცუდად ვგრძნობდი და მივხვდი, რომ წასვლის დრო იყო..
დღეს..
სამწუხაროდ მწვრთნელის პროფესია ჩემთვის კომფორტული არ აღმოჩნდა.. ბედნიერი ვარ იმით, რასაც დღეს ვაკეთებ. მე ისევ ვარ ფეხბურთის ნაწილი და ფეხბურთი ჩემი ყოველდღიურობაა. ამის გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელი იქნებოდა..“