18 წლის ტალანტი გიორგი ნიკოლაიშვილი, რომლის შესახებ ვრცელ სტატიას გთავაზობთ, გერმანიასთან მჭიდრო კავშირშია. მიუხედავად იმისა, რომ „იბერია 1999’’-ის აკადემიის (ყოფილი „საბურთალოს'') აღზრდილია, ბევრი მიზეზის გამო შეგვიძლია გერმანია მის მეორე სამშობლოდ წარმოვიდგინოთ, მისი მომავალი ახლა ყველაზე მეტად ბუნდესლიგისკენ იკვეთება. გასული წლიდან მოყოლებული რამდენიმე სტატია იმ ნიჭიერ ფეხბურთელებზე დავწერე, რომლებიც ცნობილი უცხოური კლუბების აკადემიებში იზრდებიან, ნიკოლაიშვილს მათგან განსხვავებული ცხოვრება აქვს იმ კუთხით, რომ უცხოური კლუბის აკადემიაში არ გაზრდილა, თუმცა გერმანულ კულტურასთან დიდი სიახლოვის გამო წარმატებული გერმანული კარიერის შექმნის დიდი პერსპექტივა აქვს.
გერმანიაში, ქალაქ ინგოლშტადტში დაბადებული გიორგი ნიკოლაიშვილი, მეტსახელით ბუბუ, 2022 წლიდან მოყოლებული ცნობილი გერმანული კლუბების რადარზეა. ტალანტი, რომლის მიმართ ინტერესს მიუნხენის „ბაიერნი’’ იჩენს, ინგოლშტადტში 5-წლამდე ცხოვრობდა, თუმცა თბილისის გერმანულ საერთაშორისო სკოლაში გერმანელებისთვის დამახასიათებელი დისციპლინით მე-7 კლასამდე სწავლობდა, გერმანიას ყოველწლიურად ერთხელ მაინც სტუმრობდა და მხოლოდ გერმანული პასპორტი არ არის ის ერთადერთი ფაქტორი, რატომაც მისთვის გერმანია ახლობელ ქვეყნად იქცა.
მას ძალიან მოსწონს ის რეაქცია, რა ემოციასაც გერმანულ ფეხბურთში მცველები წარმატებული ვარდნისას გამოხატავენ, ყვირილით, რაც ქართული რეალობისთვის უცხოა, თუმცა გერმანული ფეხბურთისთვის დამახასიათებელი. ამიტომ, ამპლუით ცენტრალური მცველი გიორგი ნიკოლაიშვილი გერმანულ მინდვრებზე ვარჯიშისას თუ თამაშისას მხოლოდ სიხისტეს არ ავლენს, ემოციებს თამამად გამოხატავს და ამ პროცესით დიდ სიამოვნებას იღებს.
ბუბუს ბავშვობის ყველაზე შთამბეჭდავი მოგონება „ალიანს არენას’’ უკავშირდება, 7 წლის ასაკში მიუნხენის „ბაიერნის’’ მატჩს დაესწრო, შვაინშტაიგერის გოლმა და იმ საღამოს შთაბეჭდილებამ ბასტიანისა და „ბაიერნის’’ ერთგულ ქომაგად აქცია. ისევე როგორც „ბუბუ,’’ მისი მამაც და ბაბუაც „ბაიერნის’’ ქომაგები არიან. მოგვიანებით, 2015 წელს, როცა გერმანიის ნაკრები საქართველოში იმყოფებოდა, ბუბუ მის საყვარელ ფეხბურთელს შეხვდა, სამახსოვროდ ავტოგრაფი და აღნიშნული ფოტო დარჩა.
სკოლის გავლენა ფეხბურთელის მენტალურ განვითარებაზე
ბაღიდან მოყოლებული მე-7 კლასამდე თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის მოსწავლე იყო, თავისუფლად საუბრობს ინგლისურ და გერმანულ ენებზე. სკოლის მკაცრი დისციპლინიდან და მაღალი მოთხოვნებიდან გამომდინარე მას განუვითარდა ის მნიშვნელოვანი უნარები, რაც როგორც გერმანულ საზოგადოებაში, ასევე გერმანულ საფეხბურთო კლუბებში ადაპტირებისთვის გადამწყვეტია: დისციპლინა და გერმანული ენის მაღალ დონეზე ცოდნა.
ნინო აბაშიძე, რომელიც გერმანულ საერთაშორისო სკოლაში ბუბუს მასწავლებელი იყო, მის ბავშვობაზე CrystalSport-ს გულდასმით გვიყვება: „მშვიდი და გაწონასწორებული, გამოკვეთილად კარგი სოციალური უნარებით, მოწესრიგებული მოსწავლე, არაკონფლიქტური, კომუნიკაბელური და ყოველთვის მზადმყოფი დახმარებისთვის. ყველასთან საერთო ენის გამონახვას ცდილობდა.
გულღია, გახსნილი, კეთილი, გამორჩეულად ყველაზე მეგობრული ბიჭი. თითქმის არასდროს ჰქონია კონფლიქტი მიუხედავად იმისა, რომ ბურთის ირგვლივ სიტუაცია ყოველთვის იძაბებოდა.
მახსოვს როცა ვცდილობდი მისთვის მათემატიკა ნაყინთან ერთად ამეხსნა, ბუბუს მამამ გვითხრა, რომ სჯობდა ნაყინი ბურთით ჩაგვენაცვლებინა, ასე უფრო დიდი ყურადღებით მოგისმენთ და უფრო კარგად ჩაწვდებაო. სახლში ჩვენც ბურთთან ერთად ვმეცადინეობთო. მას შემდეგ ბუბუ ჩვენთვის ბურთთან ასოცირდებოდა’’.
ბუბუ გერმანულ სკოლაში მე-7 კლასამდე სწავლობდა, შემდეგ დროის დეფიციტიდან გამომდინარე საჯარო სკოლაში გადავიდა, სადაც დისციპლინას ნაკლები ყურადღება ეთმობოდა, თუმცა ნინო აბაშიძე კარგად აღნიშნავს, გარკვეული ეტაპის შემდეგ ეს ყველაფერი (სწავლა და ფეხბურთი) ერთი ადამიანის ძალებს აღემატება.
ნინო აბაშიძე: „ჩვენი სკოლის მოთხოვნები ძალიან აკადემიურია. ბუბუ მოწესრიგებული და პასუხისმგებლიანი მოსწავლე იყო, თუმცა მისთვის პრიორიტეტი ფეხბურთი იყო, ფეხბურთი უფრო უყვარდა. ტურნირისთვის, რომელიც შესაძლოა 2-კვირიან გათავისუფლებას მოითხოვდეს, თვალს ვერ დავხუჭავთ.
გარკვეული ასაკის შემდეგ სწავლა და ფეხბურთი შეუთავსებელია და ეს ბუბუს კარგად ესმოდა. ფეხბურთი მოითხოვს ფიზიკურ რესურსს, დროის რესურსს და ასეთ რეჟიმში სწავლა ერთი ადამიანის ძალებს აღემატება. თუ არჩევანს სპორტულ კარიერაზე აკეთებ, თავს სხვანაირად უნდა მოუარო, სხვანაირად უნდა მიხედო.
გადაწყვეტილებას იღებ იმის მიხედვით, თუ რას გააკეთებ მომავალში, რა გსურს მომავალში, სად ხედავ შენს თავს. მე ვფიქრობ, ბუბუ სადაც ხედავს საკუთარ თავს, სწორედ იქ არის და ეს მას ბავშვობიდანვე კარგად ესმოდა’’.
გერმანული სკოლის წესრიგის გავლენა ფეხბურთელის განვითარებაზე უფრო მკაფიოდ რომ დავინახოთ, ზოგადი კონტექსტიდან უნდა ამოვიდეთ. ზოგადად, ქართულ სკოლებში განათლების დონე დაბალია, ამავდროულად ქართულ განათლების სისტემაში სკოლების მასწავლებლები სპორტსმენის კარიერისკენ მიზანსწრაფულ მოსწავლეებს ნაკლებ მოთხოვნებს უყენებენ. გარდა ამისა, ფეხბურთელთა დიდი ნაწილისთვის სკოლა ადრეული ასაკიდანვე მეორეხარისხოვანია, პრიორიტეტს ფეხბურთი წარმოადგენს. ამ კონტექსტიდან გამომდინარე, მათ მენტალურ განვითარებაზე სკოლა დიდ გავლენას ვერ ახდენს, იზრდებიან ნაკლებად დისციპლინირებულ გარემოში და საკმარისად არ უვითარდებათ ის მნიშვნელოვანი თვისებები, რაც ევროპული საზოგადოებებისთვის გადამწყვეტია - დისციპლინის დაცვა და პასუხისმგებლობის ქონა. ცხადია არსებობს სასიამოვნო გამონაკლისები (კალაძე, კაშია, კვარაცხელია, მამარდაშვილი), მაგრამ გიორგი ნიკოლაიშვილის მაგალითიდან გამომდინარე, ძლიერი სკოლა უცხო ენების შესწავლისა და დისციპლინის მხრივ სპორტსმენს ევროპული ცხოვრებისთვის უფრო სრულყოფილად ამზადებს, უფრო მყარ საფუძველს უქმნის და ევროპულ გარემოსთან უფრო სწრაფად ადაპტირების შესაძლებლობას აძლევს.
გერმანული კლუბების რადარებზე
2022 წლის ნოემბერში „კარლსრუეში’’ სინჯებზე პირველად გაემგზავრა, ერთ-ერთ გამორჩეულ გერმანულ აკადემიაში კმაყოფილები იყვნენ, გამძლეობისა და სირბილის კუთხით არ გაუჭირდა, ძალიან დიდ დატვირთვებს გაუძლო. „კარლსრუეს’’ აკადემიაში იმდენად დიდი დატვირთვებია, მარტივ და გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, შესაძლოა ფეხები „მოგწყდეს’’, მაგრამ ვარჯიში უნდა გააგრძელო. თუ „ბაიერნში’’ აქცენტი ბურთის კონტროლზე კეთდება, „კარლსრუე’’ სრულიად განსხვავებულია, იქ ფიზმომზადება ყველაზე მნიშვნელოვანია.
სინჯები წარმატებულად შეფასდა, „კარლსრუეს’’ კონტრაქტი მზად იყო, თუმცა შემდეგ კიდევ უფრო საინტერესო ვარიანტები გამოჩნდა, გასული წლის აგვისტო-სექტემბერსა და მიმდინარე წლის იანვარში ბუბუ „ბაიერნის’’ 19-წლამდე გუნდში ვარჯიშობდა. გერმანული კლუბის მხრიდან ინტერესი კვლავ რეალურია, თუმცა მხარეების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მოვლენებს წინ არ გავუსწრებთ და იმაზე მეტს არ დავწერთ, რაც „იბერიამ’’ იანვარში უკვე დაადასტურა (ვრცლად).
არასაფეხბურთო ფაქტორები
სუფთა საფეხბურთო ფაქტორების გარდა, რატომაა შესაძლებელი მისი გერმანულ ფეხბურთთან სწრაფად ადაპტირება?
გერმანულ კლუბებში ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ გერმანული ენის ცოდნას, როცა მათ ენაზე თავისუფლად საუბრობ, კომუნიკაციაში ადვილად შედიხარ და თარჯიმანი საჭირო არაა. ასევე, ბუბუსთვის გერმანია ახლობელი ქვეყანაა, გარდა იმისა, რომ 5-წლამდე ინგოლშტადტში ცხოვრობდა, ამ ქვეყანას ყოველ წელს ერთხელ მაინც სტუმრობდა. პლუს, სინჯები „კარლსრუესა’’ (ორჯერ) და „ბაიერნში’’ (ორჯერ). აქედან გამომდინარე, გერმანია მისთვის კომფორტული და კარგად ნაცნობი ქვეყანა გახდა, სამშობლოს მონატრებით გამოწვეულ ნოსტალგიასთან გამკლავება და გარემოსთან ადაპტირება მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, რაც უპირატესობაა სხვა ლეგიონერებთან მიმართებით, პერსპექტივაში მის კონკურენტებთან, რომლებიც გერმანიას სრულიად არ იცნობენ.
გიორგი ნიკოლაიშვილი საქართველოსა და გერმანიის მოქალაქეა, არაევროკავშირელად არ ითვლება, რაც ასევე დიდი პლუსია. მოგეხსენებათ, ქართველი ფეხბურთელებისთვის დღემდე არაევროკავშირელის სტატუსი უდიდეს პრობლემად რჩება. სამწუხაროდ, ევროკავშირის სტატუსის მიღება ამ მხრივ ვითარებას ვერ ცვლის. ბუბუსთვის ეს დიდი უპირატესობაა.
ლიდერული თვისებები
„იბერიის’’ აკადემიაში გუნდის კაპიტნად საფეხბურთო სპეციალისტმა ირაკლი აბრამიშვილმა დანიშნა, რომელიც ბუბუს 12-14 წლის ასაკში წვრთნიდა. მოცემულ ფოტოზე ბუბუ ირაკლი აბრამიშვილთან ერთადაა.
ირაკლი აბრამიშვილი CrystalSport-თან საუბარში იხსენებს:„კაპიტნად მყარი მენტალიტეტის, გუნდში მეგობრული ურთიერთობებისა და ლიდერული თვისებების გამო დავნიშნე. მყარ მენტალიტეტში პიროვნულად ძლიერ, მყარ ხასიათს ვგულისხმობ, რაც მნიშვნელოვანია გუნდის შეკვრაში, ერთ ოჯახად ჩამოყალიბებაში. მას კომუნიკაცია ჰქონდა როგორც ფეხბურთელებთან, ასევე სამწვრთნელო სტაფთან, რაც ხელს მიწყობდა ბალანსის დაცვაში.
ტაქტიკურად განსწავლულია, მაღალი საფეხბურთო ინტელექტი აქვს. გარდა ამისა, რადგან თავით კარგად თამაშობს, დაცვაში მეორე სართულზე ორთაბრძოლებს იგებდა, შეტევაში კი თავით გატანილი გოლებით გვეხმარებოდა’’.
2019 წელს, „იბერიის'' აკადემიასთან ერთად პორტუგალიაში IBER CUP-ზე გაემგზავრა. სამწუხაროდ, ტრავმის გამო ბუბუმ ეს ტურნირი გამოტოვა, თუმცა სამახსოვროდ მადრიდის „რეალის'' ასაკობრივი გუნდის კაპიტანთან გადაღებული ფოტო დარჩა.
წნეხისა და ნერვიულობის გარეშე თამაში
მას უყვარს უკნიდან კარნახი, თანაგუნდელების გამოცოცხლება, მოტივირება, ვითარების კონტროლი მინდორსა და გასახდელში. პასუხისმგებლობის აღება წნეხში არ აქცევს. პირიქით, კაპიტნის ფუნქციების შესრულება მისთვის სასიამოვნო პროცესია.
ნერვიულობის გარეშე თამაში გიორგი ნიკოლაიშვილის ერთ-ერთი საუკეთესო თვისებაა. მასზე არ მოქმედებს მწვრთნელის შენიშვნა, თავს არ ხრის, არ „იჭრება’’ და თამაშში რჩება. არიან მოთამაშეები, რომლებსაც ერთი შეცდომისა თუ მწვრთნელის შენიშვნის შემდეგ არაფერი გამოსდით, მაგრამ გიორგი ნიკოლაიშვილი, მაგალითად ცუდად გაკეთებულ პასს, სწრაფად ივიწყებს. შეცდომის შემდეგ არ ითრგუნება და შეცდომის გამოსწორებაზე ფიქრობს. გამოთქმა Stay in the game (თამაშში დარჩენა) მის პიროვნებას კარგად გამოხატავს.
რთულ მომენტში თანაგუნდელთა მოტივირების უნარი
„იბერიის’’ აკადემიაში ბუბუს 14-დან 16-წლამდე ქართულ ფეხბურთში გამორჩეული სპეციალისტი ვოვა მუსერიძე წვრთნიდა, რომელიც CrystalSport-თან საუბარში ბუბუსთან მუშაობის წლებს იხსენებს და ნიჭიერი მცველის საფეხბურთო/პიროვნულ თვისებებზე საუბრობს. ბუბუ ამ წლებშიც გუნდის კაპიტანი იყო.
„ბავშვობიდან შრომისმოყვარე, მეგობრული და უკონფლიქტო იყო. რადიკალურად მაშინ იცვლებოდა, როცა მოედანზე გადიოდა, მებრძოლ ხასიათს ავლენდა, სათამაშო ეპიზოდებში აგრესიულია და როგორც კაპიტანი ძალიან მომთხოვნია თანაგუნდელთა მიმართ. გასახდელში გაწონასწორებული, დაძაბული თამაშის დროსაც კი. ვგრძნობდი, გვერდით მეგობარი მყავდა.
მისი კარგი ტექნიკა, მოკლე და გრძელი და გადაცემები შეტევის დაწყებაში ძალიან გვეხმარებოდა. პერსონალური თამაში და დაზღვევაზე მოქმედება მისი ძლიერი მხარეები იყო. ასევე, თავით თამაში სტანდარტულებისას.
მენტალურად მდგრადსა და ლიდერული თვისებებით დაჯილდოებულს თამაშის ტემპი კარგად „ეჭირა,’’ კარგად გრძნობდა ყველა სათამაშო ეპიზოდს, თუ როგორ უნდა ემოქმედა’’.
მუსერიძე აღნიშნავს, რომ ბუბუს რთულ მომენტებში თანაგუნდელთა მოტივირება შეეძლო.
ვოვა მუსერიძე: „მახსენდება ასეთი ეპიზოდი, რამდენიმე მოთამაშე სავარჯიშო პროცესისას არასერიოზულად იქცეოდა, რაზე მათ მეგობრული რჩევა მისცა და მათი დამოკიდებულება საქმის მიმართ შეცვალა. ასევე, მახსენდება მატჩი, როცა პირველი ტაიმი 0:2 დავთმეთ, შესვენებაზე თანაგუნდელებს მიმართა, მათ მოტივაცია მისცა და ის თამაში 4:3 მოვიგეთ. ბუბუმ ორი გოლი გაიტანა, ერთი თავით და ერთი პენალტით’’.
აღიარებები
2005 წელს ნოდარ ახალკაცის სახელობის VIII საერთაშორისო ბავშვთა ფესტივალის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. პრიზს ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი ნუკრი კაკილაშვილი გადასცემს.
2018 წელს მილანის „ინტერმა’’ თბილისის ზღვაზე, „ზესტაფონის’’ ბაზაზე საზაფხულო კემპი ჩაატარა. კემპში, რომელშიც 100-მდე ბავშვი მონაწილეობდა, იტალიელმა მწვრთნელებმა ორი მოთამაშე გამოარჩიეს, 10 წლის ლუკა ლომთათიძე და 12 წლის გიორგი ნიკოლაიშვილი.
2019 წელს „იბერიის'' ორგანიზებით ჩატარებული AUDI CUP-ის საერთაშორისო ტურნირის საუკეთესო მცველად დაასახელა. პრიზს ლევან კობიაშვილი გადასცემს.
სანაკრებო გამოცდილება
საქართველოს მოქალაქეობა საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში გამოძახებისას მიიღო. როგორც გითხარით, ახლა გერმანიისა და საქართველოს მოქალაქეა. გიორგი ნიკოლაიშვილს საქართველოს 16, 17,18 და 19 წლამდე ნაკრებებში უთამაშია.
2022 წლის გაზაფხულზე საქართველოს 16-წლამდე ნაკრებთან ერთად UEFA-ს განვითარების თასი მოიგო (ფოტოზე ბუბუ 3-ნომრიან მაისურშია).
2022 წლის შემოდგომაზე, 16 წლის ასაკში საქართველოს 17-წლამდე ნაკრებში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ისრაელთან, ინგლისთან და ლიეტუვასთან ითამაშა. აღნიშნული მატჩებიდან ბუბუს საუკეთესო მომენტებს გთავაზობთ.
გასულ თვეში ლაშა ფირცხალაიშვილის გაწვრთნილმა საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა პორტუგალიაში ოთხთა ტურნირში მიიღო მონაწილეობა. პორტუგალიასთან და დანიასთან გამართული მატჩებიდან გიორგის საუკეთესო მომენტებს გთავაზობთ.
მენეჯერის როლი პროგრესის გზაზე
რატომ არ გაუჭირდა „იბერიის’’ აკადემიაში გაზრდილ ფეხბურთელს „კარლსრუეს’’ 19-წლამდე გუნდში დიდი დატვირთვებით ვარჯიში?
თანამედროვე ფეხბურთში მენეჯერის როლი უმნიშვნელოვანესია. ბუბუს მენეჯერი გიორგი ფოფხაძე კარგად იცნობს ევროპულ მოთხოვნებს, რა არის საჭირო ამ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. მისი რჩევა დამატებითი ვარჯიშის აუცილებლობაზე ბუბუსთვის მნიშვნელოვანი ბიძგის მიმცემი აღმოჩნდა. მენეჯერი ხელს უწყობდა და აფრთხილებდა, რომ ფიზმომზადება კონკურენციაში გამარჯვებისთვის აუცილებელი იყო. მისივე ინიციატივით, გიორგი Champions Academy-სა და Shio Sports Performance-ში ვარჯიშობდა, ახლა კი ვიდრე ევროპული კარიერისკენ პირველ ნაბიჯს გადადგამს, თორნიკე თარხნიშვილის PRO SPORT-ში ემზადება.
სისწრაფე მნიშვნელოვნად გააუმჯობესა
მისი ნაკლი სისწრაფე იყო. ვოვა მუსერიძესთან მუშაობის პერიოდში ძალიან ნელი იყო, თუმცა Champions Academy-სა და Shio Sports Performance-ში შესრულებული ვარჯიშები სისწრაფის მომატებაში მნიშვნელოვნად დაეხმარა. კოორდინაცია გააუმჯობესა და უფრო მოქნილი გახდა, თუმცა მას მაინც ვერ განვიხილავთ იმ ტიპის მოთამაშედ, რომელიც მარცხენა მცველად ითამაშებს და შეტევაში ისე აქტიურად ჩაერთვება როგორც მაგალითად ირაკლი აზაროვი, თუმცა დაცვაში კარგი თამაშით მარცხენა გარემარბს საქმეს შეუმსუბუქებს. გარდა ამისა, რადგან მისი მთავარი პლუსი აზროვნება და თამაშის წაკითხვაა (მინდორზე მისი IQ, ინტელექტუალური განვითარების კოეფიციენტი მაღალია), შეუძლია მარცხენა ფლანგზე შეტევაში პერიოდულად ჩართვით გუნდს სარგებელი ტაქტიკური განსწავლულობითა და სწორი პასით მოუტანოს.
მას ასევე უთამაშია მარჯვენა მცველად და საყრდენად (ბუბუს ალტერნატიული პოზიციები).
ნიკოლაიშვილთან მიმართებით არსებობს ერთი ნაკლოვანება, რომლის აღმოფხვრას ცაციების უმრავლესობა ვერ ახერხებს, მარჯვენა ფეხით კარგად ვერ თამაშობს. შორს რომ არ წავიდეთ, ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისი გივი ხაჩიძეა, რომელიც ე.წ. „ორფეხაა’’, „იბერიაში’’ ნიკოლაიშვილის თანაგუნდელია და მისი მენეჯერიც გიორგი ფოფხაძეა.
ტრავმები
ბოლო წლებში მძიმე ტრავმა არ მიუღია. 10-11 წლის ასაკში მარჯვენა ფეხის მუხლი ჩაუბრუნდა, 13 წლის ასაკში კი ასევე მარჯვენა ფეხის კოჭი მოიტეხა. ორივე ტრავმის გამო დაახლოებით 4-5 თვე გაუცდა.
მშვიდი ცხოვრება
მას არ აქვს გვერდი Facebook-სა და Instagram-ში, სოციალურ მედიაში ვერ იპოვით. თვლის რომ ასე უფრო მშვიდად ცხოვრობს, თუმცა კარიერული პროგრესისა და ცნობადობის გაზრდის შემდეგ უფრო აქტიური გახდება.
მისი მეგობრების დიდი ნაწილი სპორტსმენი არაა, მათგან განსხვავებული ცხოვრების წესი აქვს, სპორტსმენის კარიერა ბევრ დათმობაზე წასვლას მოითხოვს, მათ შორის უარის თქმას ღამით გარეთ გასვლაზე, ღამით საკვების მიღებასა თუ გვიან დაძინებაზე. ბუბუ ფეხბურთისკენაა მიმართული, მეგობრებისთვის უარის თქმა არ უჭირს, ფეხბურთია პრიორიტეტი და დათმობებზე წასვლა პრობლემას არ წარმოადგენს.
ამჟამად, მე-12 კლასშია, ზაფხულში ეროვნულ გამოცდებს ჩააბარებს, სპორტის მენეჯმენტის ფაკულტეტზე მოხვედრა სურს.
ინტერესები თავისუფალ დროს
კარგი ვოკალური შესაძლებლობების მქონე ბიჭი 1 წელი ანსამბლ „7 კაცაში’’ მღეროდა, დროის სიმცირის გამო, ისევე როგორც გერმანულ სკოლაზე, სიმღერაზეც უარი თქვა. თავისუფალ დროს უსმენს „ჭოხოებს’’, „7-კაცასა’’ და მსგავსი ჟანრის სიმღერებს, თავადაც მღერის ხოლმე. დედის დიდ სურვილს, კვლავ იაროს სიმღერაზე, ფეხბურთელის კარიერიდან გამომდინარე ვეღარ ასრულებს.
Youtube-ში ქართულ არხებს არ უყურებს, მისი საყვარელი არხია Sidemen.
„ბუბუს’’ საყვარელი კალათბურთელი სტეფ კარია, აღფრთოვანებას ვერ მალავს, როცა სტეფზე საუბრობს, მის თამაშებს ხშირად უყურებს.
Netflix-ის ფილმების მაყურებელია, ბოლო პერიოდში მესისა და რონალდუს შესახებ გადაღებული ფილმები ნახა, მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება რონალდუს საქმისადმი დამოკიდებულებამ მოახდინა, 24 საათი ვარჯიშობს და მის შვილსაც ასეთ რეჟიმში ამყოფებს.
გიორგი ქარსელაძის, ირაკლი ეგოიანის, ჯამალ კაიშვილის, ლუკა ლობჟანიძისა და გიორგი ლობჟანიძის შემდეგ სტატია მორიგ ნიჭიერ ფეხბურთელზე, გიორგი ნიკოლაიშვილზე დავწერე. ეს სტატია პირველწყაროა, რომელიც 18 წლის ტალანტის შესახებ მაქსიმალურად ამომწურავ და ვრცელ ინფორმაციას მოიცავს. მნიშვნელოვანია დააფიქსიროთ თქვენი გულწრფელი და კრიტიკული პოზიცია, გამოთქვათ თქვენი მოსაზრება სტატიის შესახებ, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი განვითარებისთვის.
მასალაში გამოყენებულია „იბერია 1999''-სა და სფფ-ის პრესსამსახურის ფოტოები