გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

გადაიხდის მეცი სარეკორდო თანხას? რას წერენ მიქაუტაძის მომავალზე

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მოხვედრის შემდეგ ქართველი ფეხბურთელების მიმართ ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა და მათ შორისაა გიორგი მიქაუტაძე, რომლის სატრანსფერო უფლებებიც „აიაქსს“ ეკუთვნის და „მეცში“ იჯარის წესით თამაშობს. ცნობილმა გამოცემა FootballTransfers-მა 23 წლის ქართველ ფორვარდს სტატია მიუძღვნა.

გიორგი მიქაუტაძე, ნოა ლანგი, კვინტენ ტიმბერი, პერ შუურსი, სვენ ბოტმანი, მოჰამედ დარამი, კელვინ ბესი, ლუკას ოკამპოსი, ფრანსისკო კონსეისაუ - ყველა ამ ფეხბურთელს განსხვავებული ბიოგრაფია და ერთი საერთო აქვთ: „აიაქსში“ თავის დამკვიდრება ვერაფრით შეძლეს, სხვა გუნდებში კი საკუთარ შესაძლებლობებს ბოლომდე ავლენდნენ. ქართველი ფორვარდის ამსტერდამის კლუბში ტრანსფერის ინიციატორი სპორტული დირექტორი სვენ მისლინტატი იყო, რომელიც პოსტიდან მალევე გაუშვეს. მთავარ მწვრთნელს მორის სტეინს კი არასოდეს უყვარდა მიქაუტაძე. არც მის ნაცვლად დანიშნულმა ჯონ ვან სხეპმა მისცა თავის გამოჩენის შანსი და 19 მილიონ ევროდ ნაყიდი ფეხბურთელი გამუდმებით სათადარიგო სკამზე იჯდა.

მიქაუტაძე მოედანზე „აიაქსის“ ფორმით 9-ჯერ გავიდა, თუმცა ჯამში მხოლოდ 344 წუთი ითამაშა და შედეგიანი მოქმედებით თავი არ გამოუჩენია. 4 იანვარს ამსტერდამელებმა გიორგი მის ყოფილ კლუბში „მეცში“ იჯარით გაუშვეს და სხვა ვარიანტიც არ ქონდათ, რადგან ფიფას წესდების თანახმად, ერთი სეზონის მანძილზე ფეხბურთელს მხოლოდ ორ გუნდში შეუძლია ასპარეზობა. მართალია თავდაპირველად ფორმაში შესვლა გაუჭირდა, თუმცა ბოლო სამი მატჩია ის მოედანს უგოლოდ აღარ ტოვებს და ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში „მეცის“ მთავარი იმედი სწორედ მიქაუტაძეა, რომელსაც ამ გუნდის ელიტაში აღზევებაში მთავარი როლი მიუძღვის - შარშანდელ სეზონში სწორედ მისმა 23 გოლმა და 8 საგოლე პასმა განაპირობა მეცელების წარმატებები.

ზაფხული ახლოვდება, სიტუაცია კი ასეთია - მიქაუტაძეს „აიაქსთან“ კონტრაქტი 2028 წლამდე აქვს გაფორმებული და იქიდან გამომდინარე, რომ მისი თამაშის დონე არ დაცემულა, თანაც სანაკრებო დონეზეც კონტინენტის პირველობაზე გასვლით უდიდეს წარმატებას მიაღწია, ნიდერლანდელები მას იაფად არ შეელევიან. თუ „მეცმა“ საუკეთესო ბომბარდირის გამოსყიდვა მოინდომა, მაშინ ნებისმიერ შემთხვევაში კლუბის ისტორიაში სარეკორდო თანხის გაღება მოუწევს, რადგან ყველაზე ძვირი ამ გუნდს 2001 წელს „დეპორტივოდან“ ჟაკ სონგოს დამატება დაუჯდა, რომლის სანაცვლოდაც გალისიელებს 6,5 მილიონი ევრო გადაუხადეს.

გიორგის ანგარიშზე მიმდინარე ლიგა 1-ში 5 გოლია, „მეცი“ კი სატურნირო ცხრილში 23 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას მიქაუტაძე და მისი თანაგუნდელები 30 მარტს, საკუთარ სტადიონზე „მონაკოსთან“ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველაზე მაღალი ხელფასი მეცში | მიქაუტაძის ანაზღაურების ნახევარს აიაქსი ფარავს
ყველაზე მაღალი ხელფასი მეცში | მიქაუტაძის ანაზღაურების ნახევარს აიაქსი ფარავს