გორის დილა, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა, გაგრა, ბათუმის დინამო, თელავი, წყალტუბოს სამგურალი, კოლხეთი 1913
Aa
Aa

Crystalbet ეროვნული ლიგა: დინამო ბათუმი და დილა გალიდერდნენ, კოლხეთმა პირველი მატჩი მოიგო

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-3 ტურის დარჩენილი შეხვედრები გაიმართა. დღის პირველ მატჩში, ქობულეთის ტექნიკურ ცენტრზე ფოთის „კოლხეთი“ „გაგრას“ დაუპირისპირდა და მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ანგარიში 31-ე წუთზე „გაგრამ“ გიორგი ლომთაძის გოლით გახსნა. 22 წლის ფეხბურთელმა გიორგი ხარებაშვილის გადაცემა ზუსტად გამოიყენა.

ტაიმის მიწურულს ფოთელებმა წონასწორობა აღადგინეს. გაგრელთა კარში ავტოგოლი ლევან კაკუბავამ გაიტანა. მეორე ნახევარში, 57-ე წუთზე „კოლხეთი“ წინ ლაშა კოხრეიძემ გაიყვანა და საბოლოოდ, ფოთელებმა მისივე გოლით მინიმალური სხვაობით, 2:1 გაიმარჯვეს.

3 ტურის შემდეგ „კოლხეთი 1913“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში 4 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება, „გაგრა“ კი 0 ქულით ბოლო ადგილს იკავებს.

დღის მეორე მატჩი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ჩატარდა, სადაც ადგილობრივმა „დილამ“ „თელავს“ უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.

გორელებმა ერთადერთი გოლი 36 წუთზე გაიტანეს. თელაველთა კარი ტაირელ ვაუტერმა ეფექტური საჯარიმო დარტყმით აიღო. გოლამდე, მთავარმა მსაჯმა მოედნიდან „თელავის“ მეკარე ბექა ქურდაძე გააძევა, რომელმაც საჯარიმოს გარეთ ბურთზე ხელით ითამაშა.

გორის „დილას“ 3 ტურის შემდეგ 9 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ერთად მეორე ადგილს იკავებს, „თელავი“ კი 3 ქულით მე-6 საფეხურზეა.

მე-3 ტურის დასკვნითი მატჩი ბათუმში ჩატარდა, სადაც საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „დინამომ“ წყალტუბოს „სამგურალი“ მიიღო და 1:0 დაამარცხა.

ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს, ბათუმელთა კაპიტანმა სანდრო კობახიძემ გაიტანა და თავის გუნდს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მესამე გამარჯვება მოუტანა.

3 ტურის შემდეგ ბათუმის „დინამო“ 9 ქულით სატურნირო ცხრილს ლიდერობს, თუმცა, გორის „დილას“ ბურთების უკეთესი შეფარდებით უსწრებს, „სამგურალი“ კი 0 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფება.

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-4 ტურის შეხვედრები 15-16 მარტს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები