მანჩესტერ იუნაიტედი, დავიდ დე ხეა, ნიკას ბლოგები
Aa Aa

მწვერვალიდან კარიერის დასრულებამდე - მე დავიდ დე ხეა ვარ

12-წლიანი მანჩესტერული კარიერის შემდეგ, დავიდ დე ხეა „იუნაიტედს“ სევდიანად დაემშვიდობა და როგორც ჩანს, მაღალ დონეზე ასვლა აღარ სურს..

სად შეიძლება წახვიდე მას შემდეგ, რაც „მანჩესტერ იუნაიტედს“ სიცოცხლე აჩუქე? არსად! თითქოს ესპანელმა მეკარემ დასკვნა გააკეთა..

მაგალითად ხუან მატა იაპონიაში ცხოვრებით ტკბება.. „წითელი ეშაკების“ დატოვების შემდეგ, ესპანელმა ნახევარმცველმა უკვე 2-ჯერ იზეიმა ჩემპიონობა..

მაგრამ დე ხეა, რომელიც მატაზე 2 წლით უმცროსია, „იუნაიტედიდან“ წასვლის შემდეგ, უგუნდოდ დარჩა..

ბევრ მეკარეს ექნებოდა ამბიცია, რომ ტოპ კლუბში გადასულიყო და მისი დონე დაემტკიცებინა, თუმცა დე ხეამ თავისი მოსაწონი გუნდი ვერ იპოვა და ცხოვრების განსხვავებულ რიტმს დაუბრუნდა.. ახლა ის მშობლიურ მადრიდში ცხოვრობს..

მაინც ყველასთვის სასურველი

მიუხედავად იმისა, რომ FA Cup-ზე ფინალში „მანჩესტერ სიტისთან“ თამაშის შემდეგ, დე ხეას „იუნაიტედის“ მაისური აღარ ჩაუცვამს, ის მაინც გახდა პრემიერ ლიგის ოქროს ხელთათმანის მფლობელი(კარი მშრალად ყველაზე მეტჯერ შეინახა)..

ბევრი დავიდის გაშვებას შეცდომად თვლის, რადგან 59 მილიონ ევროდ ნაყიდმა ანდრე ონანამ ვერ გაამართლა. მეტიც, მეტწილად მისი დამსახურებაა, რომ ერიკ ტენ ჰაგის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩა..

არც დე ხეას დაუშვია ნაკლები შეცდომები გასულ სეზონში, როცა „იუნაიტედი“ „სევილიასთან“ დამარცხდა, მაგრამ მრავალი წლის განმავლობაში ის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო. 2021/2022 წლების სეზონში ესპანელი მეკარე „მანჩესტერის“ წლის საუკეთესო ფეხბურთელი მეოთხედ გახდა, რაც აბსოლუტური რეკორდია.. ის „ფურია როხას“ კარს 4 წლის განმავლობაში იცავდა და მეტიც, 2015 წელს დე ხეას გადაბირება მადრიდის „რეალს“ სურდა, თუმცა სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, დოკუმენტების გაუმართაობის გამო ტრანსფერი ჩაიშალა..

33 წლის მეკარემ უამრავი შეთავაზება მიიღო, მათ შორის მიუნხენის „ბაიერნისგან“ და მილანის „ინტერისგან“, მაგრამ რატომღაც მან თამაში არ ისურვა..

მაღალი ხელფასი

ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება, როგორც ჩანს მისი ანაზღაურებაა. 2019 წელს დავიდი „მანჩესტერის“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა(კვირაში 375 000 ევრო). კრიშტიანუ რონალდუს გადასვლის შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს ფაქტი შეიცვალა, მაგრამ პორტუგალიელის წასვლით დავიდი კვლავ პირველი გახდა.

ესპანელს ალისონ ბეკერზე(200 000 ფუნტი კვირაში), ედერსონზე(180 000 ფუნტი კვირაში), ტიბო კურტუაზე, ტერ შტეგენზე და მანუელ ნოიერზე მეტი ანაზღაურება ჰქონდა.

დავიდი ზაფხულში მზად იყო სხვა გუნდებისგან შეთავაზების მოსასმენად, მაგრამ არცერთი მათგანი არ იყო იმასთან ახლოს, რასაც „ოლდ ტრაფორდზე“ იღებდა.. ანაზღაურება ბევრად ნაკლები იყო..

ფაქტობრივად დე ხეამ „იუნაიტედში“ იმდენი გამოიმუშავა, რომ შეიძლება მთელი სიცოცხლის განმავლობაში ეყოს. ასევე მისი მომღერალი მეუღლე ედურნი საკმაოდ მაღალანაზღაურებადი და ცნობილი ადამიანია. ის ასევე Spain's Got Talent-ის ჟიურია. მოკლედ დავიდს არანაირი ფინანსური მოტივაცია არ აქვს კარიერის გასაგრძელებლად..

მაქსიმალური სიამოვნება

როგორც ჩანს, დე ხეა ახლა მადრიდში ცხოვრებით ტკბება. მანჩესტერში საშემოსავლო გადასახადები გაცილებით მეტია, ვიდრე ესპანეთში. მას თავის მეუღლესთან 8-წლიანი ურთიერთობა აკავშირებს და 2021 წელს შვილი შეეძინა.

საინტერესო ის გახლავთ, რომ 33 წლის კარის დარაჯმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ის ინდივიდუალურად ვარჯიშობს, რათა ფორმაში იყოს და ვინ იცის სარფიანი შეთავაზების შემთხვევაში, შეიძლება ფეხბურთს დაუბრუნდეს..

დავიდის სოციალურ ქსელში არაერთ სხვადასხვა აქტივობას შევხვდებით.. თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დე ხეა ცხოვრებით ტკბება..

დავიდმა გარკვეული დრო მანჩესტერში გაატარა. გასული წლის ოქტომბერში ის დაბრუნდა და ბრუნო ფერნანდეშთან ერთად ივახშმა. დე ხეა ასევე „მანჩესტერ იუნაიტედის“ ქალთა გუნდის მატჩს დაესწრო, მაგრამ მანჩესტერში ჩასვლის მთავარი მიზეზი ადგილობრივი გადასახადების ვალდებულებების მოგვარება იყო.. ბევრი ფიქრობდა, რომ „იუნაიტედში“ დაბრუნდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა..

პენსიასთან ახლოს

რა თქმა უნდა, არის შანსი, რომ დე ხეა ფეხბურთში დაბრუნდეს, როგორც ეს ისკომ „ბეტისში“ გააკეთა, მაგრამ თითქოს დავიდი პენსიისკენ მიიჩქარის..

რა არის ამის მიზეზი? 33 წლის ესპანელს აგენტი არ ჰყავს, რომელიც რაიმე სახის მოლაპარაკებას აწარმოებს. „მანჩესტერიდან“ წასვლის შემდეგ, დავიდს არცერთი ინტერვიუ არ ჩაუწერია და საჯარო განცხადებაც არ გაუკეთებია საკუთარ მომავალთან დაკავშირებით..

The Athletic-ის ცნობით, თუ დე ხეა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს ახალ კლუბს ვერ იპოვის, ძნელად სავარაუდოა, რომ ზაფხულში ის კვლავ ფეხბურთში დაბრუნდება, რადგან 1-წლიანი უთამაშებლობა ნებისმიერ ფეხბურთელზე ცუდად აისახება..

მიუხედავად იმისა, რომ „იუნაიტედის“ სხვა დიდებული მეკარეები მაგალითად შმეიხელი და ვან დერ საარი 39-40 წლამდე თამაშობდნენ, შესაძლოა დე ხეამ ხელთათმანები ლურსმანზე 33 წლის ასაკში დაკიდოს..

ზედმეტი კრიტიკა ესპანეთში

დავიდს მადრიდული დებიუტი 18 წლის ასაკში ჰქონდა და სულ მალე ძირითადი შემადგენლობის მეკარე გახდა. მას ვან დერ საარის შეცვლა დაევალა და დაკისრებულ მოვალეობას თავი ბრწყინვალედ გაართვა..

დე ხეას ადაპტაციას ადვილად არ ჩაუვლია. მის ყველას შეცდომას ექსპერტები ზედმიწევნით კარგად აკვირდებოდნენ და ამბობდნენ, რომ მას ინგლისში წარმატების მისაღწევად საკმარისი მენტალური და ფიზიკური მზაობა არ გააჩნდა..

დავიდმა საბოლოოდ დაამტკიცა, რომ ექსპერტები ცდებოდნენ და სერ ალექსის წასვლის შემდეგ, ხშირ შემთხვევაში „იუნაიტედის“ ნათელი წერტილი იყო..

მიუხედავად წარმატებული საკლუბო კარიერისა, დე ხეას ესპანეთის ნაკრებში იკერ კასილასის შეცვლა დაევალა, რაც საბოლოო ჯამში ვერ მოახერხა. „წითელი ეშმაკების“ ვარსკვლავს 2016 წელს იტალიასთან წაგება დაჰბრალდა და ასევე უსახური იყო მისი 2018 წლის მუნდიალზე გამოსვლა..

დე ხეა ესპანური მედიისთვის იოლი ნადავლი გახდა. მას აბსოლუტურად ყველა გამოცემა აკრიტიკებდა, რაზეც გაბრაზებულმა ლუის ენრიკემ განაცხადა: „დავიდის კრიტიკა ტრადიციად იქცა, ეს უნდა დასრულდეს!“

სამარცხვინო სეზონი

დე ხეას ესპანეთის ნაკრებში 2020 წლის ოქტომბრის შემდეგ აღარ უთამაშია, ხოლო გამოძახებული ბოლოს 2021 წელს იყო..

„ფურია როხას“ უარის მიუხედავად, 33 წლის მეკარეს „მანჩესტერ იუნაიტედში“ მიკროსკოპით აკვირდებოდნენ და მოხდა გარდამტეხი ფაქტი. დე ხეამ „ბრენტფორდთან“ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა და ამის შემდეგ ნელ-ნელა ყველას ნდობა დაკარგა..


ყველა უმაღლესი დონის მეკარეს მყარი ფსიქიკა უნდა გააჩნდეს, მაგრამ დავიდის შემთხვევაში ასე არ იყო. შეცდომები ზედმეტად მოქმედებდა მასზე და რეაბილიტაციას დიდ ხანს ანდომებდა. „ბრენტფორდთან“ შეცდომას „სევილიასთან“, „ვესტ ჰემთან“ და „მანჩესტერ სიტისთან“ შეცდომები მოყვა..

ის ბუნებრივად განადგურებული იყო იმით, თუ როგორ ექცეოდნენ მას „იუნაიტედში“ 12-წლიანი ერთგულების შემდეგ.. მას კონტრაქტიც კი არ გაუხანგრძლივეს.. ეს ნებისმიერისთვის დიდი დარტყმა იქნებოდა..

დე ხეას გადაწყვეტილება ამოისუნთქოს, დატკბეს ცხოვრებით და ყურადღების ეპიცენტრში არ იყოს, კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ცხოვრებაში ფეხბურთის გარდა სხვა რაღაცებიც არის მნიშვნელოვანი..

მიუხედავად იმისა, რომ ესპანელმა „იუნაიტედში“ ბევრი ტიტული ვერ მოიგო, მან მაინც 12 წელი აჩუქა „წითელ ეშმაკებს“.. ჩაატარა 545 მატჩი და კარი მშრალად 190-ჯერ შეინახა.. ასეთი შედეგი კი „მანჩესტერის“ ისტორიაში არცერთ სხვა მეკარეს არ ჰქონია..

არავინ იცის დაბრუნდება, თუ არა დავიდი, მაგრამ გულშემატკივრებმა მას მადლობა უნდა გადაუხადონ, რადგან საკუთარი მოგერიებებით ყველას აღაფრთოვანებდა..

გაზიარება: