ბორდო, ზურიკო დავითაშვილი, კლემან გრეზი
Aa
Aa

ამ მხრივ პრობლემა აქვს - beIN SPORTS-ის ჟურნალისტმა ზურიკოზე ისაუბრა

beIN SPORTS-ის ჟურნალისტმა კლემან გრეზმა „ბორდოს’’ ქართველ ფეხბურთელზე, ზურიკო დავითაშვილზე ისაუბრა. მისი აზრით, დავითაშვილს ეფექტიანობის მხრივ პრობლემა აქვს.

„სტატისტიკა აკლია. ვიცით რომ ვერტიკალური მოთამაშეა, ძალიან საინტერესო ფეხბურთელია, მაგრამ სიმართლეა რომ, რაც „ბორდოში’’ გადმოვიდა, დიდი წარმატება არ ჰქონია. როგორც მინიმუმ, ეს გასვლით შეხვედრებზე ითქმის (ზურიკომ ლიგა 2-ში ექვსივე გოლი საკუთარ მოედანზე გაიტანა).

ჩვენ ვსაუბრობთ მის ეფექტიანობაზე, ამ მხრივ პრობლემა აქვს, მაგრამ ჩვენ ასევე შეგვიძლია მისი წარმატების ნაკლზე ვისაუბროთ, 71-ე წუთზე 10 მეტრიდან თითქმის სრულყოფილად დაარტყა...’’.

კლემან გრეზის მხედველობაში „სენტ-ეტიენთან'' მატჩის ეპიზოდი აქვს, როცა დავითაშვილმა ახლო მანძილიდან ოდნავ არაზუსტად დაარტყა. ამის გამო ქართველი შემტევი „ბორდოს'' მთავარმა მწვრთნელმა ალბერტ რიერამ გააკრიტიკა.

რიერა:„კარისკენ 20-ჯერ დავარტყით, მაგრამ ზუსტი მხოლოდ 4 იყო. ამას უიღბლობას ვერ დავაბრალებ, სიზუსტე გვაკლია. ეს ეხება ელისისა და ზურიკო დავითაშვილის დარტყმებსაც, პენალტივით რეალური მომენტები ვერ გამოიყენეს, 2 ან 3 გოლი უნდა გაგვეტანა და მოგვეგო''.

შეგახსენებთ, 2022 წლის ზაფხულიდან ზურიკო დავითაშვილი „ბორდოში’’ თამაშობს, ლიგა 2-ის 48 მატჩში 6 გოლი შეაგდო, ექვსივე გოლი საშინაო შეხვედრებში გაიტანა. 6 გოლთან ერთად მის აქტივში 6 საგოლე პასია. ასევე გეტყვით, რომ ერთი გოლი საფრანგეთის თასზე გაიტანა (გასვლით შეხვედრაში).

ამ სეზონში ზურიკო დავითაშვილმა 18-ვე ტურში ითამაშა, სასტარტოში 14-ჯერ მოხვდა, 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა. ქართველი შემტევის უგოლო სერია 9-მატჩიანია. ბოლოს 3 ოქტომბერს „კაენს'' შეუგდო.

ლიგა 2-ის ბოლო სამ ტურში „ბორდოს'' გამარჯვება არ მოუპოვებია, 19 ქულით მე-17 ადგილზეა, გასავარდნ ზონაშია. ჟირონდული კლუბი შემდეგ ტურში „დიუნკერკს'' ესტუმრება (19 დეკემბერი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები