ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, ვალტერ მაცარი
Aa
Aa

მაცარი გარსიას შეცდომას არ გაიმეორებს - კვარა ატალანტასთან სასტარტოშია

როგორც Corriere dello Sport-ი წერს, „ნაპოლის’’ ახალი მთავარი მწვრთნელი ვალტერ მაცარი „ატალანტასთან’’ გუნდს 4-3-3 ფორმაციით ათამაშებს. სერია ა-ს გასულ ტურში რუდი გარსიამ „ემპოლისთან’’ წაგებულ შეხვედრაში კვარაცხელია სასტარტოს მიღმა დატოვა და ცვლილებაზე ათამაშა. საბოლოოდ, ეს მატჩი „ნაპოლიმ'' დათმო და მატჩის შემდეგ გარსია მოსხნეს.

ვალტერ მაცარი კვარაცხელიასთან დაკავშირებით მსგავს შეცდომას არ დაუშვებს. შეტევის ხაზში პოლიტანოს, რასპადორისა და კვარაცხელიას ტრიო ითამაშებს.

ვალტერ მაცარი ვიქტორ ოსიმენის დაბრუნების მოლოდინშია, რომ ხვიჩა კვარაცხელიასა და ნიგერიელის დუეტი „რეალთან’’ მატჩისთვის მზად იყოს. მოგეხსენებათ, ოსიმენმა ტრავმის გამო ბოლო რამდენიმე მატჩი გამოტოვა, მალე დაბრუნდება.

Corriere dello Sport-ის ვერსიით „ნაპოლის’’ სასტარტო 11-ეული „ატალანტასთან'' ასეთი იქნება: გოლინი, დი ლორენცო, რაჰმანი, ნათანი, ოლივეირა, კაიუსტე, ლობოტკა, ჟელინსკი, პოლიტანო, რასპადორი, კვარაცხელია

Gazzetta-ს ვერსიითაც ვალტერ მაცარი 4-3-3 ფორმაციას მიანიჭებს უპირატესობას, თუმცა განსხვავება ისაა, რომ Gazzetta-ს ცნობით,  მაცარი ნახევარდაცვაში ლობოტკას, ელმასისა და ანგისას ტრიოს ათამაშებს.

სერია ა-ს შემდეგ ტურში „ნაპოლი'' „ატალანტას'' ესტუმრება, შეხვედრა 25 ნოემბერს 21:00 საათზე დაიწყება. მაცარი „ნაპოლიში'' მთავარი მწვრთნელის პოსტზე 10 წლის შემდეგ დაბრუნდა და დაბრუნების შემდეგ „ნაპოლი'' მისი ხელმძღვანელობით პირველ მატჩს ბერგამოში ჩაატარებს.

30 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგ ტურში „ნაპოლი'' მადრიდის „რეალს'' „სანტიაგო ბერნაბეუზე'' დაუპირისპირდება. შესაძლოა, ამ მატჩში ცნობილი ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის ცნობილი დუეტი დაბრუნდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები