ნიკა კვეკვესკირი, პოზნანის ლეხი
Aa
Aa

კვეკვესკირი: ფეხბურთი მენატრებოდა, ეს პასი სრულყოფილი იყო

ექსტრაკლასას გასულ ტურში პოზნანის „ლეხმა'' შინ „ლოძი'' 3:1 დაამარცხა. მე-60 წუთზე თამაშში ნიკა კვეკვესკირი ჩაერთო, რომელმაც 81-ე წუთზე ბრწყინვალე საგოლე პასი შეასრულა და ამ პასს კრისტოფერ ველდეს გოლი მოჰყვა. ამ გოლით მატჩის საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.

„დიდი ხანია ერთ გუნდში ვართ, ამიტომ კრისტოფერი შესაძლოა ჩემგან ასეთ პასს ელოდა. დავინახე მისი მოძრაობა, ვიცოდი სად გამეგზავნა ბურთი. სრულყოფილი ჩაწოდება და შემდეგ ბრწყინვალე დარტყმა იყო. ეს გოლი გვჭირდებოდა, რადგან გაშვებული გოლის შემდეგ ოდნავ არადამაჯერებელნი ვიყავით. ამ გოლმა მატჩი დაასრულა’’.

მიმდინარე სეზონში ნიკა კვეკვესკირმა ტრავმების გამო ბევრი მატჩი გამოტოვა. 31 წლის ნახევარმცველმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან ამ თემაზე ისაუბრა:

„ტრავმების გამო რეალურად სეზონი ახლა დავიწყე, ეს ტრავმები უიღბლობა იყო, ფეხბურთი მენატრებოდა. როცა მატჩებს გარედან ვუყურებდი, „ლეხის'' მაისურით თამაში უფრო მეტად დავაფასე, რადგან ძალიან მენატრებოდა. იმედი მაქვს ჩემი ბოლო ტრავმა იყო და ახლა ყველაფერი უკეთ განვითარდება. ახლა ოდნავ მეტი დრო მჭირდება მინდორზე, რომ კარგ ფორმაში შევიდე''.

კვეკვესკირმა „ლეხის'' მაისურით ამ სეზონში მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა, სასტარტოში ორჯერ მოხვდა და 1 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები