ალექსანდრე ფეიქრიშვილი
Aa
Aa

მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა ტალანტები | ქართველი ფეხბურთელი The Guardian-ის რჩეულთა შორის

ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა, The Guardian ყოველწლიურად, მსოფლიოს ყველაზე პერსპექტიულ ახალგაზრდა ფეხბურთელებს ასახელებს. წლეულს, The Guardian-მა 2006 წელს დაბადებული ფეხბურთელები გამოარჩია და 60 მოთამაშეს შორის ალექსანდრე ფეიქრიშვილიც მოხვდა.

„ფეიქრიშვილი დინამო თბილისის აკადემიაში ირიცხება, რომელსაც ბოლო წლებში ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მამარდაშვილი და ზურიკო დავითაშვილი აღუზრდია, და თავის ასაკში ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად ითვლება. ალექსანდრე ე.წ box-to-box ნახევარმცველია, რომელიც გარდა იმისა, რომ ფიზიკურად ძლიერია, კრეატიული ფეხბურთელიც გახლავთ.

მას ბურთის წინ წაღება კარგად გამოსდის. შეუძლია, გრძელი გადაცემებით იერიშების მიმართულება შეცვალოს და როგორც საკვანძო პასის გაკეთების, ისე შეტევების დაგვირგვინების უნარი აქვს. ბურთის გარეშე, სამუშაო ეთიკით, პოზიციის შერჩევითა და ჭკვიანური პრესინგით გამოირჩევა.

ფეიქრიშვილი სათამაშო სტილი ბალანსს წარმოადგენს სტივენ ჯერარდისა და ფედე ვალვერდეს სათამაშო სტილისა. მას საქართველოს 17-წლამდე, 18-წლამდე და 19-წლამდე ნაკრებში უასპარეზია და დინამო თბილისს დარასელიას თასის მოგებაშიც დაეხმარა. მისი წყალობით, ქართულმა კლუბმა ისეთი გუნდები დაამარცხა, როგორებიც მონცა, ჯენოა და სევილია არიან. ფინალში, ფეიქრიშვილმა სევილიას გამარჯვების მომტანი გოლი გაუტანა და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელი გახდა“, - წერს ბრიტანული გამოცემა.

სხვათა შორის, The Guardian-ის რჩეულთა შორის „ბარსელონაში“ მოთამაშე არონ იაკობიშვილიც მოექცა, რომელიც წარმოშობით ქართველია, მაგრამ უნგრეთის მოქალაქეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები