ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, ჯოვანი დი ლორენცო
Aa
Aa

დი ლორენცო: ხვიჩას გოლი აკლია, მაგრამ საოცრად კონცენტრირებულია

იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა „ნაპოლიმ'' სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ზედიზედ მესამე შეხვედრა ვერ მოიგო, „ბოლონიასთან'' გასვლით შეხვედრაში 0:0 ითამაშა.

ხვიჩა კვარაცხელიამ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა, მიუხედავად იმისა რომ ქართველი გარემარბი საუკეთესო ფორმაში არაა, თანაგუნდელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. რუდი გარსიამ ქართველი შემტევი კვლავ შეცვალა (76-ე წუთზე), თუმცა ამჯერად ქართველ გარემარბს უკმაყოფილება ღიად არ გამოუხატვს.

Sofascore-მა კვარაცხელიას 7,1 დაუწერა. „ნაპოლიში'' მასზე მაღალი შეფასება ჯაკომო რასპადორიმ (7,6), ლეო ოსტიგორმა (7,3), ნათანმა (7,2) და მერეტმა (7,3) მიიღეს. კვარაცხელიას 26 პასიდან 19 ზუსტი იყო (73 პროცენტი). დრიბლინგის 8 მცდელობიდან 3 წარმატებით შეასრულა. ასევე, 18 ორთაბრძოლიდან 11 მოიგო.

ხვიჩას ყველა მომენტი ბოლონიასთან

მატჩის შემდეგ „ნაპოლის'' კაპიტანმა ჯოვინა დი ლორენცომ კლუბის მდგომარეობაზე, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენზე ისაუბრა.

დი ლორენცო კვარაცხელიაზე: „მას ნამდვილად აკლია გოლი, თუმცა საოცრად კონცენტრირებულია. ხვიჩა იმედგაცრუებულია, ისევე როგორც გუნდის სხვა მოთამაშეები. როგორც ვთქვი, ჩვენ გამარჯვება გვსურდა და როცა გამარჯვებას ვერ ვაღწევთ, ბედნიერი არავინაა’’.

ხვიჩა კვარაცხელიას უგოლო სერია 26-მატჩიანია, მარტის შემდეგ გოლი არ გაუტანია. იგულისხმება საკლუბო და სანაკრებო ოფიციალური შეხვედრები.

ვიქტორ ოსიმენს ძალიან ცუდი მატჩი ჰქონდა, Sofascore-მა 5,6 დაუწერა, რაც ძალიან დაბალი შეფასებაა. როცა გარსიამ ოსიმენი შეცვალა, ნიგერიელმა უკმაყოფილება გამოხატა. მოგეხსენებათ, შეცვლის გამო გარსიას მიმართ უარყოფითი რეაქცია ხვიჩა კვარაცხელიასაც ჰქონდა („ჯენოასთან'' და „ბრაგასთან''), თუმცა „ბოლონიასთან'' კვარაცხელია მწვრთნელის გადაწყვეტილებას მშვიდად შეხვდა.

დი ლორენცოს მოსაზრება კვარაცხელიასა და ოსიმენის რეაქციებზე რუდი გარსიას მიმართ:

„მატჩის მიმდინარეობისას სტაბილურობა და თანმიმდევრულობა უნდა შევინარჩუნოთ, დღეს ეს ჩვენი ნაკლია. ასეთ მომენტებში მსგავსი დამოკიდებულებები საჭირო არაა. ერთმანეთთან ვისაუბრებთ, რომ ეს ვითარება გამოვასწოროთ და გავაუმჯობესოთ.  ახალი სეზონია, ახალი მწვრთნელი გვყავს, მაგრამ გუნდი ერთიანია. ვითარების გამოსწორებისთვის ვიმუშავებთ’’.

ხუთ ტურში „ნაპოლის'' აქტივში მხოლოდ 8 ქულაა, ამ მომენტისთვის მე-7 ადგილზეა. მოქმედი ჩემპიონი „ნაპოლი'' ლიდერ „ინტერს'' 7 ქულით ჩამორჩება, მილანურმა კლუბმა საწყის ხუთ ტურში ქულათა მაქსიმუმი მოიპოვა.

მე-6 ტურში „ნაპოლი'' „უდინეზეს'' მიიღებს (27 სექტემბერი, 22:45).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები