თბილისის დინამო, ბათუმის დინამო, გიორგი ლორია, გიორგი ხარაიშვილი, კადეტე
Aa
Aa

ლორიამ პენალტი აიღო - ღუდუშაურმა ბათუმის დინამო მარცხისგან იხსნა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 26-ე ტურის ცენტრალურ მატჩში ბათუმის „დინამოსა'' და თბილისის „დინამოს'' შეხვედრა 2:2 დასრულდა.

ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, მე-4 წუთზე პაატა ღუდუშაურის პასით ლადო მამუჩაშვილმა გაიტანა. თბილისის „დინამომ'' წონასწორობა 37-ე წუთზე აღადგინა, ესპანელმა ახალწვეულმა კადეტემ სადებიუტო მატჩში შეაგდო, შორი მანძილიდან დაარტყა, კვასხვაძე ბურთს ვერ შეწვდა და ანგარიში 1:1 გახდა.

52-ე წუთზე დავით სხირტლაძის გადაცემით გიორგი ხარაიშვილმა თბილისის „დინამო'' დააწინაურა - 2:1.

67-ე წუთზე ლადო მამუჩაშვილს დუბლის შესრულების კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ პენალტი ვერ გაიტანა, ლორიამ ბრწყინვალე რეაქცია გამოავლინა და დამატებაზე დარტყმულიც მოიგერია.

73-ე წუთზე ცოტნე ფაცაციას პასის შემდეგ ღუდუშაური მეკარესთან პირისპირ გავიდა და ბათუმის „დინამო'' მარცხისგან იხსნა. აღსანიშნავია, რომ ღუდუშაურმა ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა.

26 ტურის შემდეგ ბათუმის „დინამო'' 56 ქულით პირველ ადგილზეა, თბილისის „დინამო'' 7 ქულით ჩამორჩება. მესამე ადგილს „საბურთალო'' 45 ქულით იკავებს, რომელიც 26-ე ტურში მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე „თელავთან'' დამარცხდა.

26-ე ტურში გორის „დილამ'' ვანდერსონ სილვასა და მიშიკო სარდალიშვილის გოლებით „სამგურალს'' 2:0 მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები