ბაიერნი, მანჩესტერ იუნაიტედი
Aa Aa

ბაიერნი VS მანჩესტერ იუნაიტედი - მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის პირველ ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. მიუნხენის „ბაიერნი“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლებს. ამ მატჩთან დაკავშირებით, CrystalSport ყველა საჭირო და მნიშვნელოვან ინფორმაციას ერთ სივრცეში გთავაზობთ.

„ბაიერნი“

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ტომას ტუხელის გუნდი მნიშვნელოვნად გაძლიერდა. მიუნხენურ გრანდში კიმ მინ-ჯე და ჰარი კეინი გადავიდნენ. „ბაიერნმა“ სეზონი კარგად დაიწყო.

ბუნდესლიგის 5 ტურიდან გერმანელებმა 4 მოიგეს და 1 ფრედ დაასრულეს. გასულ ტურში „ბაიერნი“ „ბაიერს“ დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. შეიძლება ითქვას, რომ „რეკორდმაისტერი“ „იუნაიტედთან“ თამაშს კარგ ხასიათზე ხვდება.

დანაკლისი:

ამ მხრივ, ტომას ტუხელს მნიშვნელოვანი პრობლემები არ აქვს. მის განკარგულებაში მანუელ ნოერი, მარუშიჩი და გერეირო არ იქნებიან.

ტუხელი მატჩის წინ:

„ერთმანეთს ევროპის ორი დიდი კლუბი ეთამაშება. წინ დიდებულ დაპირისპირებას ველოდები. გარკვეულ პოზიციებზე ცოტა ფეხბურთელი გვყავს, მაგრამ ეს პრობლემას არ გვიქმნის. ჩვენ გუნდის ყველა წევრისგან მაქსიმალურად ძლიერი მენტალიტეტი გვჭირდება. ჩემპიონთა ლიგა არის საუკეთესო საკლუბო შეჯიბრი, სადაც შეიძლება იასპარეზო. ამით სიამოვნება უნდა მივიღოთ.

პირველივე ტურში ტოპ გუნდი შეგვხვდა. ეს ჯგუფი მაინც სახიფათოა. აქედან გამომდინარე, მაქსიმალური კონცენტრაცია გვმართებს. თითოეულ მატჩში მიზანი 3 ქულა უნდა იყოს. ჯამალ მუსიალა სათამაშოდ მზად არის. მისი გამოყენება 60-70 წუთით შეიძლება. კიმიხმა გამოჯანმრთელება მოასწრო და ხელმისაწვდომია.“

„მანჩესტერ იუნაიტედი“

განსხვავებით „ბაიერნისგან“, „წითელმა ეშმაკებმა“ სეზონი ცუდად დაიწყეს. პრემიერ ლიგაში 5 ტური ჩატარდა და აქედან „იუნაიტედმა“ მხოლოდ 2 მატჩი მოიგო.

გასულ ტურში, ტენ ჰაგის გუნდმა „ბრაიტონს“ უმასპინძლა და ბევრისთვის მოულოდნელად 1:3 დამარცხდა. ამ მომენტისთვის, „მანჩესტერი“ სატურნირო ცხრილში 6 ქულით მე-13 ადგილზე იმყოფება.

დანაკლისი:

ამ მხრივ, ტენ ჰაგს პრობლემები აქვს. სხვადასხვა მიზეზების და ტრავმების გამო მის განკარგულებაში ამრაბატი, ანტონი, დიალო, მალასია, მაუნთი, სანჩო, შოუ, ვარანი და ვან-ბისაკა არ იქნებიან.

ტენ ჰაგი მატჩის წინ:

„მაგუაერს გარკვეული პრობლემები ჰქონდა. ვარჯიში დაასრულა, მაგრამ მიუნხენში გამგზავრება ვერ მოახერხა. ბევრი ტრავმირებული გვყავს და ვცდილობთ ოპტიმალური შემადგენლობა შევარჩიოთ. სამწუხაროდ, მნიშვნელოვან დროს ყოველთვის გვაკლდნენ ფეხბურთელები.

ვფიქრობ, „ბაიერნს“ კარგი და ნიჭიერი ფეხბურთელები ჰყავს. მათ წინააღმდეგ 1 წამითაც კი არ უნდა მოადუნო ყურადღება. „ბაიერნს“ ჩემპიონთა ლიგაზე განსაკუთრებით კარგად ვიცნობთ. არ ვფიქრობ, რომ დასვენება გვჭირდება. მიმდინარე სეზონში, მაღალ დონეზეც ვითამაშეთ და ასევე იმაზე ცუდად, ვიდრე გვეკადრებოდა.“

ურთიერთშეხვედრები:

ამ გუნდების ყველაზე ხმაურიანი დაპირისპირება 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიმართა. მთელი მატჩის განმავლობაში „ბაიერნი“ 1:0-ს იგებდა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში „იუნაიტედმა“ 2 გოლი გაიტანა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

უკანასკნელად ეს გუნდები ოფიციალურ მატჩში 2014 წლის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში შეხვდნენ. პირველი დაპირისპირება მანჩესტერში 1:1 დასრულდა, ხოლო განმეორებითი შეხვედრა, რომელიც მიუნხენში გაიმართა, „ბაიერნმა“ 3:1 მოიგო.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 20 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

გაზიარება: