ჰოფენჰაიმი, ოთარ კიტეიშვილი, გრაცის შტურმი, გიორგი ფოფხაძე, FA Players Agents
Aa Aa

„ტკივილი ყოველ წამს მახსენებდა თავს“ - კიტეიშვილის წარსული და პერსპექტივა

„ოთარ კიტეიშვილი მახსოვს, როგორც მორცხვი და მშვიდი ბიჭი, მაგრამ ალბათ იმიტომაც, რომ ‘‘შტურმში’’ გადმოსვლისას ინგლისურად კარგად ვერ საუბრობდა. შემდეგ ისწავლა და გარემოსთან ადაპტირდა. ძალიან კარგი პიროვნებაა, თანაგუნდელებს ყოველთვის ეხმარებოდა... და რა თქმა უნდა მისი ტექნიკური უნარები... ის ერთ-ერთი საუკეთესოა, ვისთანაც კი მითამაშია. ერთი წელი ერთად ვთამაშობდით'' - ასე იხსენებს „შტურმის“ ყოფილი ფეხბურთელი ლუკას გროცურეკი კიტეიშვილის ავსტრიული კარიერის საწყის პერიოდს CrystalSport-თან საუბარში.

„ქუჩის ფეხბურთი დამეხმარა. ფეხბურთზე სიარული საკმაოდ გვიან, 11 წლის ასაკში დავიწყე. მანამდე ფეხბურთს ვთამაშობდი ქუჩაში.  ბევრ რაღაცაში გეხმარება, კოორდინაციაში... მით უმეტეს ადრეულ ასაკში ბევრ ისეთ თვისებას გძენს, რომლებიც შენში თავისით, ბუნებრივად ყალიბდება. თანამედროვეობაში ქუჩის ფეხბურთის შეთავსება რთულია, მაგრამ აკადემიებში ცდილობენ ქუჩის ფეხბურთის ელემენტები დანერგონ, ამას ყურადღება მიაქციონ, ეს ერთგვარი კომპენსირებაა“ - ბავშვობის ადრეული წლების გარდა ოთარ კიტეიშვილი ბევრ სხვა თემაზეც გვესაუბრა, მის საფეხბურთო ოჯახზე, სადაც ოთხივე ძმა ფეხბურთს თამაშობდა (ამჟამად სამია მოქმედი ფეხბურთელი). ოთარი ყოფილი თანაგუნდელის, რასმუს ჰოილუნდის პლუსებზე საუბრობს, რომელიც ამ ზაფხულში „მან. იუნაიტედმა“ 72 მილიონ ევროდ შეიძინა. ასევე, კიტეიშვილმა კარიერის ყველაზე მძიმე და რთული მომენტები გაიხსენა, როცა ტრავმები ფეხბურთს მიღმა დიდი ხნით ტოვებდა.

ალბათ, ბევრისთვის უცნობი ფაქტია, მაგრამ კიტეიშვილი ფეხბურთელის კარიერის პარალელურად უნივერსიტეტში გრანტით მოხვდა, თუმცა ამ საკითხზე, მისთვის დამახასიათებლად, საკმაოდ მორიდებით საუბრობს.

ინტერვიუ ოთარ კიტეიშვილთან

„ჰოფენჰაიმი“ 

CrystalSport-ის ცნობით, მიმდინარე ზაფხულში „ჰოფენჰაიმი’’ ოთარ კიტეიშვილის დამატების საკითხს განიხილავდა. გერმანულ კლუბში მის გარშემო არსებულ ვითარებას აკვირდებოდნენ, მასზე ნამდვილად ფიქრობდნენ, თუმცა ამ ეტაპზე მოლაპარაკებაში მნიშვნელოვანი პროგრესი არაა. რაც დარწმუნებით შეგვიძლია გითხრათ, ‘‘ჰოფენჰაიმი’’ კიტეიშვილით ნამდვილად დაინტერესებული იყო,  მუშაობა ნამდვილად მიმდინარეობდა. სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე გარკვეული დრო რჩება. შესაძლოა, გერმანული კლუბი კიტეიშვილის ტრანსფერზე გააქტიურდეს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

ევრო 2024-ის პერსპექტივა

მაშინ როცა ლუკა გაგნიძე რუსეთს თავს ვერ აღწევს, ნიკა გაგნიძე ტრავმირებულია და მას ეროვნულ ნაკრებამდე გზა გასავლელი აქვს, მექვაბიშვილის ევროპული ტრანსფერი ჭიანურდება, ნიკა კვეკვესკირის კარიერის საუკეთესო წლები სრულდება, არავინ ეცადა ჯაბა კანკავა ნაკრებში დარჩენაზე დაეთანხმებინა, სანიოლს ალთუნაშვილი არ მოსწონს და (ჯერ) თამაშის შანსს არ აძლევს, ქოჩორაშვილი პროფესიულ ფეხბურთში დიდი ნაბიჯის გადადგამას ახლა იწყებს, აბურჯანია ართმევაზე კარგი თამაშით ვერ გამოირჩევა - ამ ფონზე კიტეიშვილის კარიერული წინსვლა და პროდუქტიულობის სტაბილურად გამოვლენა ეროვნული ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კიტეიშვილის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვნად გარკვეული ფაქტორების ერთობლიობიდან გამომდინარე მესახება, რაც საბოლოო ჯამში კონკურენტებთან უპირატეს მდგომარეობაში აყენებს:

დაბალანსებული შეტევების ჩაშლასა და შექმნაში.

გოლებს ორივე ფეხით იტანს, ორივე ფეხით კარგად თამაშობს. 

სანაკრებო გამოცდილება მაღალი დონის გუნდებთან - 30 მატჩი ეროვნულ ნაკრებში. ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი დანიასთან საყრდენის პოზიციაზე ჩაატარა (2019 წელი). ამ შეხვედრიდან გამოსარჩევია მისი თამაში კრისტიან ერიქსენის წინააღმდეგ. ეროვნულ ნაკრებში კიტეიშვილს უპირველესად საყრდენის პოზიციაზე ვხედავ.

სიმაღლისა (172 სმ) და პოზიციის მიუხედავად კარგია თავით თამაშისას. ეროვნული ნაკრებიდან მის კონკურენტებს არ გაუტანიათ საკლუბო დონეზე თავით იმდენი გოლი, რამდენიც კიტეიშვილმა შეაგდო. კიტეიშვილის კარიერიდან გთავაზობთ თავით გატანილ რამდენიმე გოლს.

27 წლისაა და მის კონკურენტებთან შედარებით ტოპ 5 ლიგაში გადასვლის ყველაზე მეტი შანსი აქვს. კვეკვესკირი (31) და აბურჯანია (28) ასაკიდან გამომდინარე ალბათ ამ შანსს ვეღარ მიიღებენ, ხოლო კიტეიშვილზე უმცროს კონკურენტებს ტოპ ლიგამდე დიდი გზა აქვთ გასავლელი.

კიტეიშვილი კვეკვესკირთან და აბურჯანიასთან შედარებით ბურთთან თუ უბურთოდ უფრო სწრაფი და სხარტია, რაც როგორც ბურთის „ამოტანაში“, ასევე დაკარგული ბურთის შემდეგ მეტოქის დევნასა და ბურთის ართმევაში გამოიხატება. ამასთან ერთად, გაცილებით უკეთ და ხშირად ასრულებს დრიბლინგს.

ასევე, ნაკრების თამაშში გამოჩნდა ერთ მნიშვნელოვანი მომენტი, აბურჯანიასა და კვეკვესკირის სწრაფი აზროვნება მათ დაბალ სისწრაფეს ვერ აკომპენსირებს. ისინი მაშინ არიან პროდუქტიულნი, როცა სწრაფად აზროვნებენ და მახვილგონივრულ გადაცემებს ასრულებენ. ბოლო პერიოდში, სანაკრებო შეხვედრებში პლუსებს ნაკლებად ავლენენ. მათი სისუსტეები თვალშისაცემი განსაკუთრებით ძლიერ გუნდებთანაა.

ნაკლოვანება კონკურენტებთან მიმართებით

შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენაში ტრავმები უდიდესი დაბრკოლებაა. ბოლმა ორმა სეზონმა კიტეიშვილი ტრავმებისკენ მიდრეკილ ფეხბურთელად აქცია, თუ მანამდე მხოლოდ მცირე ტრავმებს იღებდა, ბოლო ორ სეზონში ფეხბურთს მიღმა ხანგრძლივი დროით რჩებოდა. ცხადია, შესაძლოა ეს საკითხი მისი „ჰოფენჰაიმში’’ ან სხვა ძლიერ კლუბში გადასვლაში ხელისშემშლელი ფაქტორი აღმოჩნდეს, რადგან ასეთ დონეზე ყველა დეტალს ითვალისწინებენ, ფიზიკური მომზადება და ამტანობა აუცილებელი ფაქტორებია.

ფორმის აღდგენა

ობიექტურად, ოთარ კიტეიშვილს ბევრი დადებითი თვისება აქვს პიროვნული თუ საფეხბურთო კუთხით, მაგრამ ეს არ ცვლის ჩემი მიდგომის მთავარ ხაზს - ვეცადო მაქსიმალურად კრიტიკულად შევაფასო თითოეული ფეხბურთელი. კრიტიკულ შეფასებაში ნათელი სურათის დანახვას ვგულისხმობ და არა იმ არასწორ აღქმას, კრიტიკას რომ ლანძღვაში აიგივებენ.

კრიტიკული შეფასება ოთართან მიმართებაში განსაკუთრებულად რთულია, რადგან თითქმის მხოლოდ მის პოზიტიურ მხარეზე გვიწევს აქცენტის გაკეთება, მაგრამ მისი ბოლოდროინდელი საკლუბო თუ სანაკრებო მატჩები გაცილებით მეტის სურვილს ტოვებს (შოტლანდიასთან შეხვედრა, პსვ-სთან ორმატჩიანი დაპირისპირება), საუკეთესო ფორმისგან შორსაა, მხოლოდ ავსტრიის თასსა თუ ბუნდესლიგაში კარგი თამაში მისთვის თუ მისი ქომაგებისთვის კმაყოფილების საბაბი ვერ იქნება.

კიტეიშვილს ყველაფერი შეუძლია, თუმცა 90 პროცენტით

ქართულ ფეხბურთში ჩართული ადამიანებისთვის თანამემამულეებზე საუბრისას დამახასიათებელია ნაკლები გამბედაობა, ამიტომ მაქსიმალურად ობიექტური შეფასებებისთვის Sky Sports-ის ავსტრიული ბიუროს რეპორტიორს, იორგ კიუნეს ვესაუბრე, რომელიც 20 წელზე მეტია „შტურმის“ მატჩებს აქტიურად აშუქებს.

 - პიროვნული თვისებები, რომლებსაც ოთარ კიტეიშვილი ზოგადად მედიასთან ან კონკრეტულად თქვენთან ურთიერთობისას ავლენს?

- ვფიქრობ, ის უფრო მეტად მშვიდი ბიჭია, არ არის ძალიან კონტაქტური. გუნდის შიგნით მისი პიროვნული მახასიათებლები მნიშვნელოვანია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „შტურმის’’ მესამე კაპიტანია.

 - რა ხარვეზები ჩნდებოდა „შტურმის“ თამაშში, როცა კიტეიშვილი ტრავმების გამო გამო გუნდს ვერ ეხმარებოდა?

 - მას ტრავმების გამო გარკვეული პერიოდები გაუცდა, ტრავმების მიღებამდე კრისტიან ილცერის ყველაზე მნიშვნელოვანი ბიჭი იყო შეტევაში, მაგრამ სამართლიანია აღვნიშნოთ, რომ ოთარის შეცვლა პერსონალურად კარგი იყო ტომი ჰორვატისთვის - ბიჭი სლოვენიიდან, რომელმაც მაღალი დონის სეზონი ჩაატარა.

ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე პსვ-მ „შტურმი“ ორი მატჩის ჯამში 7:2 დაამარცხა (4:1, 3:1). კიტეიშვილი ორივე შეხვედრაში „შტურმის“ მხრიდან ერთ-ერთი საუკეთესო იყო, თუმცა გუნდებს შორის არსებულ განსხვავებას 5-ბურთიანი სხვაობა იდეალურად ასახავს. ორივე შეხვედრაში კიტეიშვილი მისმა უშუალო კონკურენტმა ტომი ჰორვატმა შეცვალა.

- როგორ აღწერთ ოთარ კიტეიშვილის გავლენას „შტურმის“ თამაშზე?

- ვფიქრობ, ყველამ იცის რომ ოთარს ყველაფერი შეუძლია, მათ შორის გოლის გატანაც. თუ 80 წუთი არ ჩანს, სიფრთხილე უნდა გამოიჩინო, რადგან 10 წუთია დარჩენილი.

- თქვენი თვალით დანახული კიტეიშვილის სუსტი და ძლიერი მხარეები მინდორზე?

- დავიწყოთ მისი საუკეთესო თვისებებით. როგორც აღვნიშნე, მას ნამდვილად ყველაფერი შეუძლია, მაგრამ მას ყველაფერი მხოლოდ 90 პროცენტით შეუძლია, გოლის გატანა შეუძლია 90 პროცენტით, თავით თამაში - 90 პროცენტით, დაცვითი ფუნქციების შესრულება - 90 პროცენტით, რომელსაც გულწრფელად რომ ვთქვა აუმჯობესებს.

რაც შეეხება ამ კითხვაზე პასუხს, თუ რა არის მისი სისუსტე, მისი სისუსტე იმ 10 პროცენტის არქონაში გამოიხატება, რომელსაც 90 პროცენტიანი პროდუქტიულობის შემდეგ უნდა ასრულებდეს.

- გაქვთ თუ არა მოლოდინი, რომ ამ ზაფხულში ოთარ კიტეიშვილი ახალ გუნდში გადავა?

- არ ვფიქრობ, რომ ამ ზაფხულში ტრანსფერი შედგება, მაგრამ თუ ამ სეზონს ტრავმების გარეშე ჩაატარებს, ეს შესაძლებელია. ასევე, თქვენ იცით, რომ ამ სეზონის შემდეგ „შტურმთან“ კონტრაქტის ვადა ეწურება. ზაფხულის მსგავსად ტრანსფერის განხორციელება ზამთარშიც ნაკლებად რეალური მგონია, მაგრამ მოდით ვნახოთ, თუ ამ სეზონს მძიმე ტრავმის გარეშე ჩაატარებს.

„შტურმის“ ყოფილი ფეხბურთელი ლუკას გროცურეკი და Sky Sport-ის ავსტრიული ბიუროს რეპორტიორი იორგ კიუნე.

- რომ არა ტრავმები, როგორ ფიქრობთ რა იქნებოდა მისი კარიერის ჭერი?

- მისი ანატომიიდან, მისი აღნაგობიდან გამომდინარე კარიერის ჭერი პრემიერ ლიგა არ იქნებოდა, შესაძლოა არც ლა ლიგის ტოპ 5 გუნდი ყოფილიყო, მაგრამ მათ გარდა თითქმის ყველგან ითამაშებდა: ბუნდესლიგა, სერია ა, ლიგა 1, პორტუგალია, ნიდერლანდები და ასე შემდეგ.

- ტრავმები და გოლი „ფეიენორდთან“... ეს ნიშნავს, რომ ძლიერი მენტალიტეტისაა?

- ალბათ, მენტალიტეტი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არ იყო, შესაძლოა გარკვეულწრილად იყო, მაგრამ  უფრო მეტად ეს იყო ხარისხი, მაღალი სათამაშო დონე. ამ გოლმა გაგვაოცა და ნამდვილად გვათქმევინა: ვაუ. ოთარის გოლის შემდეგ, ამ მომენტის შემდეგ, იმ წუთებში ჟურნალისტებიც კი ქომაგები ვიყავით. ეს ნამდვილად განსაკუთრებული იყო. პირადად ჩემთვის, საუკეთესო სიტუაცია ავსტრიული ფეხბურთის ტრანსლაციის გუნდში - ვფიქრობ, ბოლო 20 წელზე მეტი ხნის მანძილზე. იმ წუთებში ნამდვილად ქომაგი ვიყავი და ნამდვილად ვთქვი: Yes. ეს იყო გრაცის სტადიონზე.

„ფეიენორდთან“ მატჩი ოთარ კიტეიშვილის კარიერაში ერთადერთი არაა, როცა მატჩის მიწურულს მისმა გოლმა თამაშს დრამატულობა შესძინა. 2016 წელს, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების რიგებში შვედეთის 21-წლამდე გუნდს სტუმრად 89-ე წუთზე გაუტანა და ანგარიში გაათანაბრა - 2:2. მე-5 დამატებულ წუთზე ჯორდან ლარსონმა გამარჯვების გოლი შეაგდო (3:2), თუმცა კიტეიშვილის გოლმა აჩვენა მისი დამოკიდებულება საქმისადმი, კონცენტრაციის მატჩის ბოლომდე შენარჩუნება. ამასთან, შესრულებით შვედეთთან გატანილი გოლიც, ისევე როგორც „ფეიენორდთან“, მის ტექნიკურ უნარებს უსვამს ხაზს.

სწორი ღირებულებები/პრიორიტეტები და FA Players Agents-ის როლი

90-იანი წლებიდან მოყოლებული, რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ინტერვენციამდე, რუსული რუბლი ბევრისთვის დიდ ცდუნებას წარმოადგენდა. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, კარიერის სტარტზე რა გადაწყვეტილებებს იღებ და ეს გადაწყვეტილებები გრძელვადიან პერსპექტივაში რა შედეგს მოიტანს, რაც მნიშვნელოვნად დამოკიდებულია მათზეც, ვისთან ერთადაც თანამშრომლობით მომავალს ხედავ - 2018 წლის ზაფხულში FA Players Agents-ის ჩართულობით ოთარ კიტეიშვილი თბილისის დინამოდან გრაცის „შტურმში“ გადავიდა. როცა საუკეთესო ქართულ სააგენტოზე ვსაუბრობთ, ადვილად შევამჩნევთ, რომ მათი წარმომადგენლები ძალიან დიდ მნიშვნელობას მოთამაშეების პიროვნულ თვისებებს ანიჭებენ. წარმატებული კარიერის შენარჩუნებისთვის ან ტრავმის/რეგრესის შემდეგ საუკეთესო ფორმაში დაბრუნებისთვის პიროვნული თვისებები გადამწყვეტია, სწორად შერჩეული მოთამაშეები FA Players Agents-ის წარმატების უმნიშვნელოვანესი განმაპირობებელი ფაქტორია. ალბათ, ერთადერთი გამონაკლისი ლუკა ზარანდიაა, რომელმაც სპორტულ რეჟიმს არ უერთგულა და საუკეთესო თვისებები მხოლოდ ფრაგმენტულად გამოავლინა, კიტეიშვილის მომავალთან დაკავშირებით კი ოპტიმიზმის უპირველესი საფუძველი ფეხბურთელის პიროვნული თვისებებია.

CrystalSport-ის არქივიდან FA Players Agents-ის ერთ-ერთი წარმომადგენლის, გიორგი ფოფხაძის კომენტარს გთავაზობთ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი FA Players Agents-ის მუშაობის სტილზე ზოგადად საუბრობს. ინტერვიუ 2021 წლის მაისშია ჩაწერილი.

ნაწყვეტი CrystalSport-ის არქივიდან


FA Players Agents-მა განსაკუთრებით ხმაურიანი ტრანსფერები ბოლო ორ სატრანსფერო ზაფხულში განახორციელა.

2022 წლის ზაფხულში ლუკა ლოჩოშვილი სერია ა-ში გადავიდა, ლუკა პარკაძის ბაიერნში ტრანსფერი დაანონსდა და ოფიციალურად მიმდინარე ზაფხულში განხორციელდა, შემდეგ კი იჯარით ავსტრიულ „ადმირაში“ გადავიდა.

2023 წლის ზაფხულში გაბრიელ სიგუას (თბილისის „დინამოდან'' „ბაზელში“), სანდრო ალთუნაშვილისა (ბათუმის „დინამოდან“ „ვოლფსბერგერში“) და საბა ლობჟანიძის („ჰატაისპორიდან“ „ატლანტა იუნაიტედში“) ტრანსფერები განხორციელდა.

გასული ორი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა იმ კუთხითაც იყო აღსანიშნავი, რომ პირველად FA Players Agents-ის მოთამაშე ტოპ 4-ში გადავიდა (სერია ა) და ასევე პირველად ქართულმა სამენეჯერო კომპანიამ ქართველი ფეხბურთელის MLS-ში ტრანსფერი განახორციელა. MLS საკმაოდ პროგრესირებადი ჩემპიონატია და ამ ჩემპიონატის მოცვა წინგადადგამული ნაბიჯია.

გთხოვთ სტატიასთან დაკავშირებით დააფიქსიროთ თქვენი გულწრფელი და კრიტიკული აზრი, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი განვითარებისთვის.

გაზიარება: