თბილისის დინამო, გიორგი ჭიაბრიშვილი, ჰამრუნი
Aa
Aa

მარცხი 98-ე წუთზე - დინამოს მალტაზე 0:1-დან მოუგეს

UEFA-ს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „დინამო“ სტუმრად 81-ე წუთამდე იგებდა, თუმცა 81-ე და მე-7 დამატებულ წუთებზე გოლები გაუშვა და შეხვედრა მალტური „ჰამრუნის“ გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ამ შემადგენლობით ითამაშა:

ლორია, მაისურაძე (ოსიყმაშვილი 69), ხვადაგიანი, ტაბატაძე (მალი 69), კალანდაძე, ხარაიშვილი, მექვაბიშვილი, ოსეი (მოისწრაფიშვილი 87), იმრანი (მარგველაშვილი 69), კამარა, სხირტლაძე (მარუშიჩი 54)

პირველი ტაიმი ძალიან უღიმღამო გამოვიდა, თბილისის „დინამოს“ შეტევების განვითარება ძალიან უჭირდა, „ჰამრუნის“ ფეხბურთელები დაცვით ფუნქციებს კარგად ასრულებდნენ, თუმცა მეორე ტაიმში გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი შეტევაში გააქტიურდა, მე-60 წუთზე ზორან მარუშიჩმა ანგარიში გახსნა, მექვაბიშვილის შორეული გადაცემის შემდეგ ტაბიძემ მკერდით ბურთი კარგად დაუგდო და სერბმა ეს შანსი გამოიყენა.

ზორან მარუშიჩს გოლის გატანის 4 შანსი ჰქონდა და მხოლოდ ერთი გამოიყენა, ბურთი ორჯერ კარის ძელს გაარტყა, ერთხელ კი ახლო მანძილიდან სიზუსტე ოდნავ დააკლდა. ზოგადად, თბილისის „დინამოს“ მომენტების რეალიზების პრობლემა აქვს, მარუშიჩი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვერ ავლენს, რაც დღევანდელ თამაშში კიდევ ერთხელ გამოჩნდა.

81-ე წუთზე თბილისის „დინამოს“ კარის მიმართულებით საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, ბურთი ლორიამ მოიგერია, თუმცა მბონგმა დამატებაზე ზუსტად იმოქმედა, ოსიყმაშვილს დაასწრო და ანგარიში ახლო მანძილიდან გაათანაბრა.

მე-8 დამატებულ წუთზე, როცა მსაჯი მატჩის დასრულებას აპირებდა, მბონგმა დუბლი შეასრულა და საპასუხო მატჩს „ჰამრუნი“ შესანიშნავ განწყობაზე შეხვდება.

 

ფეხბურთელები რომლებსაც გიორგი ჭიაბრიშვილი არ ენდობა

გიორგი ჭიაბრიშვილი მიმდინარე სეზონში ჯადული იობაშვილს, რომელიც სარეზერვო გუნდში შესანიშნავია, თამაშის შანსს არ აძლევს, თუმცა აღიარებს რომ ზორან მარუშიჩი სასურველ ფორმაში არაა. 19 წლის ფორვარდმა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 14 მატჩში 8 გოლი შეაგდო, მაგრამ ჭიაბრიშვილმა მხოლოდ სუპერთასზე ათამაშა (დაახლოებით 15 წუთი).

გიორგი მოისწრაფიშვილი კვლავ ვერ მოხვდა სასტარტო 11-ეულში. როცა გუნდი შეტევებს სწრაფად ვერ ავითარებს, მოისწრაფიშვილის მოედანზე არყოფნა ლოგიკურად რთული ასახსნელია. დღევანდელ შეხვედრაში მოისწრაფიშვილი თამაშში 87-ე წუთზე ჩაერთო.

ერთ ფეხბურთელზე მარცხის გადაბრალება არასწორია

კვლავ ვერ ჩაატარა კარგი მატჩი გაგი მარგველაშვილმა, რომელიც სათადარიგოთა სკამზე იჯდა, თუმცა 69-ე წუთზე თამაშში ჩაერთო და მეორე გოლიც ეპიზოდში შეცდა. გარდა ამისა, პირველი გოლის ეპიზოდში დანიშნული ჯარიმა მარგველაშვილის მიერ თამაშის წესის დარღვევას მოჰყვა, გამოცდილ მცველს ჯარიმის დანიშვნისგან თავის არიდება შეეძლო. მიუხედავად ამისა, ერთ კონკრეტულ ფეხბურთელზე მარცხის გადაბრალება საფუძველს მოკლებულია, რადგან თუნდაც მარუშიჩმა, გოლის გატანის მიუხედავად, თამაში „ჩააგდო“. ან თუნდაც „ასტანასთან“ საპასუხო მატჩში მეორე გოლის ეპიზოდში მარგველაშვილთან ერთად გიორგი ლორიაც შეცდა, ბურთი პირდაპირ მისი მიმართულებით წავიდა, ვალდებული იყო მოეგერიებინა, თუმცა ბევრმა აქცენტი მხოლოდ მარგველაშვილის შეცდომაზე გააკეთა. ფეხბურთი გუნდური თამაშია, გუნდი იგებს, გუნდი მარცხდება.

საპასუხო მატჩი 3 აგვისტოს, „დინამო არენაზე“ გაიმართება, თამაში 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები