პსჟ, კილიან მბაპე, ლონდონის არსენალი
Aa
Aa

თუ არსენალი პრემიერ ლიგას მოიგებდა... Independent-ის საინტერესო ცნობა მბაპეზე

The Independent-ის ინფორმაციით, თუ გასულ სეზონში ლონდონის „არსენალი“ პრემიერ ლიგის ჩემპიონი გახდებოდა, კილიან მბაპესთვის ინგლისური კლუბებიდან პრიორიტეტი მიკელ არტეტას გუნდი იქნებოდა. ფრანგს ჩრდილოლონდონური კლუბის ევოლუცია მოსწონს და სიამოვნებით მიიღებდა იმ ახალ გამოწვევას, რომელიც „არსენალთან“ ერთად ტიტულისთვის ბრძოლას გულისხმობს.

მიუხედავად ამისა, მბაპეს ამ სურვილს პესიმისტური მომავალი ჰქონდა, რადგან „მეთოფეების“ ბიუჯეტით ამ დონის მეგა-ტრანსფერის განხორციელება შეუსრულებელი მისიაა.

ასევე, The Independent-ის ინფორმაციით, კილიანის ტრანსფერთან დაკავშირებით „ლივერპულს“ წინადადება არ შეუთავაზებია.

შეგახსენებთ, Cadena SER-ის ჟურნალისტის, პაკო დელგადოს მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის „რეალმა“ კილიან მბაპესთან ხუთწლიან კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწია. ფრანგი სუპერვარსკვლავი წლიურად 50 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. „რეალში“ გადასვლის შემთხვევაში გამოსასყიდი თანხა მილიარდ ევროზე მეტი იქნება. სიტყვიერი შეთანხმება ძალაშია როგორც მიმდინარე ზაფხულში, ასევე 2024 წლის ზაფხულში.

მბაპეს სავარაუდო სატრანსფერო თანხად 200 მილიონი ევრო სახელდება. თუ მბაპე შემდეგ სეზონშიც პსჟ-ში დარჩება და კლუბთან ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს, 2024 წლის ზაფხულში „რეალი“ უფასოდ გადაიბირებს. პაკო დელგადო ორ თარიღს ასახელებს, 10 და 26 ივლისი. აღნიშნულ დღეებში მბაპესთან დაკავშირებით სიახლეა მოსალოდნელი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები