მეცი, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მიქაუტაძე იუვეს რადარზე - ტურინული კლუბი ყურადღებით აკვირდება

Gazzetta-ს ჟურნალისტის, ჯოვანი ალბანეზეს ცნობით ტურინის „იუვენტუსი“ გიორგი მიქაუტაძით დაინტერესებულია და „მეცის“ ფორვარდს ყურადღებით აკვირდება. წყაროს ინფორმაციით ფეხბურთელის სავარაუდო სატრანსფერო თანხა 6-12 მილიონი ევროა. ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირის მიმართ ინტერესი „მილანსაც“ აქვს.

„იუვემ“ მიქაუტაძის ტრანსფერისთვის ბრძოლაში „მილანს“ უნდა აჯობოს. „მილანმა“ მიქაუტაძის ტრანსფერზე მოლაპარაკება უკვე დაიწყო“ - აღნიშნავს ალბანეზე.

შეგახსენებთ, მიმდინარე თვის დასაწყისში Gazzetta ასევე წერდა, რომ ლონდონის „ჩელსი“ და ლონდონის “არსენალი“ მიქაუტაძით დაინტერესებულნი იყვნენ, თუმცა მას შემდეგ მსგავსი შინაარსის ინფორმაცია არ გავრცელებულა. შესაძლოა, ამ გუნდებს ინტერესი ნამდვილად აქვთ, თუმცა არა იმდენად დიდი, რომ ტრანსფერზე აქტიურად იმუშავონ. სეზონი ახლახან დასრულდა და სატრანსფერო სიახლეები წინაა. შესაძლოა, მიქაუტაძე მართლაც აღმოჩნდეს მაღალი დონის გუნდში, რომელიც მაღალი მიზნებისთვის იბრძვის.

გასულ სეზონში საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა „მეცისთვის“ ლიგა 2-ის 37 მატჩში 23 გოლი შეაგდო და 8 საგოლე პასი შეასრულა. მისი გოლებით „მეცმა“ არაერთი მატჩი მოიგო და კლუბი საფრანგეთის ელიტას დაუბრუნდა. ცნობისთვის, მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და საუკეთესო ბომბარდირია.

მიქაუტაძით ასევე დაინტერესებულნი არიან „ჯენოა“, „უდინეზე“, „ტორინო“ და პრემიერ ლიგაში აღზევებული „ბარნლი“, რომელსაც ვენსან კომპანი წვრთნის და ბელგიელს მიქაუტაძესთან მუშაობის დიდი სურვილი აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები