მანჩესტერ სიტი, ლონდონის არსენალი
Aa Aa

მანჩესტერ სიტი VS არსენალი - მატჩის წინ

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. „მანჩესტერ სიტი“ „არსენალს“ უმასპინძლებს. CrystalSport ამ მატჩთან დაკავშირებით ყველა საჭირო და მნიშვნელოვან ინფორმაციას ერთ სივრცეში გთავაზობთ.

სატურნირო ცხრილი

ამ მომენტისთვის, პრემიერ ლიგას 75 ქულით „არსენალი“ ლიდერობს, ხოლო „მანჩესტერ სიტი“ 70 ქულით მეორე ადგილზეა, თუმცა „ქალაქელებს“ ორი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

იმ შემთხვევაში, თუ ამ ორი გუნდის მომავალი დაპირისპირება ფრედ დასრულდება, დარჩენილი 2 მატჩის მოგების შემთხვევაში „სიტი“ პრემიერ ლიგაში გალიდერებას მაინც შეძლებს.

„არსენალი“

ლონდონურ კლუბს ბრწყინვალე სეზონი აქვს, თუმცა ბოლო პერიოდში მცირე ჩავარდნა აქვს და „ქალაქელებთან“ ქულათა სხვაობა მნიშვნელოვნად შემცირდა. პრემიერ ლიგის გასულ ტურში „მეთოფეები“ „საუთჰემპტონს“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ფრედ 3:3 დასრულდა. მეტიც, 88-ე წუთამდე არტეტას გუნდი აგებდა და ამის შემდე გაათანაბრა ანგარიში. ცნობისთვის, „არსენალმა“ ბოლო სამი მატჩიდან სამივე ფრედ დაასრულა.

„მანჩესტერ სიტი“

„ქალაქელებს“ ახლა მნიშვნელოვანი პერიოდი აქვთ. „სიტი“ Fa Cup-ის ფინალში გავიდა. ასევე, გუარდიოლას შეგირდებს ჩემპიონთა ლიგაზე „რეალთან“ დაპირისპირება ელით. ასეთ მნიშვნელოვან პერიოდს გუნდი შესანიშნავ ფორმაში ხვდება.

პრემიერ ლიგის გასულ ტურში, მანჩესტერელები საკუთარ კედლებში „ლესტერს“ დაუპირისპირდნენ და 3:1 დაამარცხეს.

დანაკლისი:

მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს არტეტას. „სიტისთან“ მატჩს სალიბა გამოტოვებს, რომელსაც ტრავმა აქვს. დაზიანება აქვს ტომიასუს და ელნენის. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას გრანიტ ჯაკას თამაშიც, რომელსაც ვირუსი აქვს. რაც შეეხება „მანჩესტერ სიტის“, გუარდიოლას განკარგულებაში მხოლოდ ნათან აკე არ იქნება.

პირველი წრის მატჩი

ამ გუნდების პირველი წრის დაპირისპირება ლონდონში გაიმართა და „მანჩესტერ სიტიმ“ 3:1 მოიგო. გოლები დე ბრუინმა, გრილიშმა და ჰოლანდმა გაიტანეს. მასპინძელთა მხრიდან კი თავი ბუკაიო საკამ გამოიჩინა.

გუარდიოლა მატჩის წინ:

„აქ ყოფნა ახლა ძალიან მიხარია. პირველი წრის დასრულების შემდეგ, არ მეგონა, რომ ჩემპიონობის შანსი ისევ გვექნებოდა. სწორედ ამიტომ, წინ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება. „არსენალთან“ წინა თამაშებიც საკმაოდ დაძაბული იყო და ახლაც ასეთს ველოდები. ჟესუსის და ზინჩენკოს გაყიდვას არ ვნანობთ, რადგან ეს გადაწყვეტილება ორმხრივი იყო და ყველა ბედნიერია.

ჩემი და არტეტას მეგობრობას არაფერი შეცვლის. ახლა ნაკლები კომუნიკაცია გვაქვს, რადგან ის ლონდონში ცხოვრობს და მე მანჩესტერში. მეგობრები ვართ, მაგრამ მოცემულ მომენტში მეტოქეები. ვფიქრობ, მიკელის მისვლის შემდეგ, „არსენალმა“ საოცარი პროგრესი განიცადა. მეტიც, არტეტამ მთლიანად კლუბის მიდგომა და დამოკიდებულება შეცვალა.

ფეხბურთში სრულყოფილება არ არსებობს. ვერ შეძლებ იყო იდეალური და ისე მოიგო მატჩი. ჩვენ კარგად ვიცით რა მოხდა „ბაიერნთან“ და ასევე რა იქნება მომავალში. ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. არ მჯერა, რომ გუნდის შედეგზე გავლენას ვარჯიში ახდენს. დავუშვათ წავაგეთ მატჩი?! ვერავინ დააბრალებს, რომ ცუდად ვივარჯიშეთ. ამ მატჩის ბედს დეტალები გადაწყვეტს.“

არტეტა მატჩის წინ:

„თუ „სიტის“ დავამარცხებთ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრემიერ ლიგა მოვიგეთ. ეს, რა თქმა, უნდა შანსებს ზრდის, მაგრამ წინ კიდევ 5 რთული მატჩი იქნება დარჩენილი. გვინდა, რომ გუარდიოლას გუნდთან მაქსიმალური ქულათა სხვაობა შევქმნათ. ახლა ასე არ არის. ნებისმიერ შემთხვევაში, ხვალინდელი დაპირისპირება მთელს სეზონს არ განსაზღვრავს.

ასეთ მატჩებში მენტალიტეტი დიდ როლს თამაშობს და ითამაშებს. ჩემი გუნდის რწმენა მაქვს, რადგან მათ ყოველდღე ვადევნებ თვალს და ისინი ძალიან თავდაჯერებულები არიან. ხვალ ვაპირებთ, რომ ყველას ვაჩვენოთ რა შეგვიძლია. სწორი ფეხბურთით სრულყოფილება უნდა მივიღოთ. „სიტის“ დასამარცხებლად სრულყოფილება გჭირდება.“

შეგახსენებთ, „მანჩესტერ სიტისა“ და „არსენალის“ დაპირისპირება 26 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

გაზიარება: