ბაიერნი, მანჩესტერ სიტი
Aa Aa

ბაიერნი VS მანჩესტერ სიტი - მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით მატჩში „ბაიერნი“ „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლებს. CrystalSport ამ მატჩთან დაკავშირებით ყველა საჭირო და მნიშვნელოვან ინფორმაციას ერთ სივრცეში გთავაზობთ.

წინა მატჩი:

ამ გუნდების პირველი დაპირისპირება მანჩესტერში გაიმართა და „ქალაქელებმა“ 3:0 მოიგეს. გოლები როდრიმ, ბერნარდუ სილვამ და ერლინგ ჰოლანდმა გაიტანეს. გუარდიოლას გუნდმა, განმეორებითი მატჩის წინ შესანიშნავი უპირატესობა შეიქმნა.

შიდა ჩემპიონატი

„მანჩესტერ სიტი“ დიდი ხანია პირველი ადგილისთვის იბრძვის და ახლა შესანიშნავი შანსი აქვს, რომ „არსენალს“ გადაუსწროს.

პრემიერ ლიგის გასულ ტურში ლონდონელებმა ქულები დაკარგეს, ხოლო პეპის გუნდმა „ლესტერი“ 3:1 დაამარცხა. ახლა პირველ და მეორე ადგილს შორის სხვაობა 4 ქულაა. თანაც ეს იმის ფონზე, რომ „სიტის“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. პლუს, სულ მალე „არსენალი“ და „სიტი“ ერთმანეთს შეხვდებიან.

რაც შეეხება „ბაიერნს“, „რეკორდმაისტერმა“ საკუთარ კედლებში „ჰოფენჰაიმს“ ვერ მოუგო. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და ტუხელის გუნდი პირველ ადგილზე მხოლოდ იმიტომ დარჩა, რომ დორტმუნდის „ბორუსიამ“ „შტუტგარტს“ ვერ მოუგო.

დანაკლისი:

მიუნხენელებს ტრავმირებული ჩუპო-მოტინგი დაუბრუნდათ. ეს ინფორმაცია ტუხელმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე დაადასტურა. მიუხედავად ამისა, „ბაიერნს“ ლუკა ერნანდესი და მანუელ ნოიერი არ ეყოლება.

რაც შეეხება „მანჩესტერ სიტის“ გუარდიოლას განკარგულებაში აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელია. კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა ფილ ფოდენის თამაში, თუმცა ინგლისელი შემტევი გუნდს შეუერთდა და ვარჯიში განაახლა.

რა თქვა ტუხელმა მატჩის წინ?

„საკუთარი თავის გვჯერა. ასევე გვჯერა, რომ პირველ ტაიმს მოვიგებთ. თუ მეორე ტაიმსაც მოვიგებთ მაშინ შესაძლოა რაღაც განსაკუთრებული მოხდეს. იმედია ის ცოტა იღბალი დაგვემატება, რაც პირველ მატჩში არ გვქონდა. ჩუპო-მოტინგი დაბრუნდა და სრულფასოვნად ივარჯიშა.

არ მგონია, რომ უპამეკანოს და ჰოლანდის დაპირისპირება პრობლემა იყო, მაგრამ ის გადაწყვეტილებები, რაც მან მიიღო ნამდვილად შეცდომა იყო. უპამეკანომ კარგად იცის, რომ გაუმჯობესება შეუძლია. კონკრეტულად ერთი ადამიანისთვის რაიმეს დაბრალება არ შეიძლება. მისი სრული ნდობა მაქვს. ის ახალგაზრდაა და დიდი პოტენციალი აქვს.

ჩვენ ვართ უდიდესი გამოწვევის წინაშე. უნდა მოვუგოთ გუნდს, რომელიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საოცარ ფორმაშია, მაგრამ „ბაიერნს“ ყველაფერი შეუძლია. ნახევარფინალში გასვლა ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა. სადიო მანე განაცხადში იქნება. სანესთან კონფლიქტი ამოწურულია. ვნახოთ ითამაშებს, თუ არა.

იმპულსურები უნდა ვიყოთ და ყველაფერზე სწრაფი რეაგირება მოვახდინოთ. ვფიქრობ, პირველი მატჩის 70 წუთში სწორედ ეს გვაკლდა. საბოლოო ჯამში ჩვენ ცუდად დავისაჯეთ. კარგად გვესმის რის წინააღმდეგ მივდივართ და რა გვიდგას წინ. ეს უკიდურესად რთული მისიაა. ვეცდებით „სიტი“ პატარ-პატარა ნაბიჯებად დავყოთ.“

რა თქვა გუარდიოლამ მატჩის წინ?

„ფილ ფოდენის დაბრუნებით მოხარული ვარ. ვარჯიში განაახლა და ეს გუნდისთვის შესანიშნავი ამბავია. ერთხელ ივარჯიშა, თუმცა გადავწყვიტე, რომ გერმანიაში ჩვენთან ერთად იყოს და სათადარიგოთა სკამზე დაჯდეს. 90 წუთს ვერ ითამაშებს, მაგრამ მისი ფიზიკური კონდიციები დატვირთვის საშუალებას იძლევა.

რა თქმა უნდა თავის დაცვას ვაპირებთ. დაცვა თამაშის ნაწილია და რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვიზამთ. გვაქვს შესაძლებლობა, რომ „სიტის“ სიძლიერე ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან ისევ დავამტკიცოთ. რა თქმა უნდა, თამაშის მოგებას ვეცდებით. აქ ვმუშაობდი და ვიცი, რომ „ბაიერნის“ მენტალიტეტში ქამბექი მყარად არის გამჯდარი.

ჩვენ ბოლო 6-7 წლის განმავლობაში ყველა ტურნირზე ფავორიტები ვართ და დღესაც ასეა. სასიამოვნოა ასეთ მნიშვნელოვან მატჩებში მონაწილეობის მიღება. წინ მნიშვნელოვანი შეხვედრები გველოდება, მათ შორის ინგლისის თასის ნახევარფინალი და „არსენალთან“ დაპირისპირება.“

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნისა“ და „მანჩესტერ სიტის“ განმეორებითი მატჩი 19 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

გაზიარება: