ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ნაპოლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა“ - Daily Mail-ი კვარაზე და იტალიურ კლუბებზე

Daily Mail-მა ჩემპიონთა ლიგაზე დარჩენილ იტალიურ კლუბებს სტატია მიუძღვნა და მათი ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელები დაასახელა. სტატიის ავტორი Daily Mail-ის იტალიელი ჟურნალისტი, ალვიზე კანიაცო გახლავთ და მისი თქმით, ერთადერთი იტალიური კლუბი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია, ლუჩანო სპალეტის „ნაპოლია“, „პარტენოპეის“ უმნიშვნელოვანესი მოთამაშე კი ხვიჩა კვარაცხელია გახლავთ.

„ჩემპიონთა ლიგაზე დარჩენილი სამი იტალიური კლუბიდან, ტიტულის მოსაპოვებლად საჭირო ამბიცია, ენთუზიაზმი და ტექნიკური სიძლიერე მხოლოდ ნაპოლის აქვს. იტალიაში პარტენოპეისა და რეალის ფინალზე დასწრებაზე ოცნებობენ, რადგან ესენი არიან კლუბები, რომლებიც თანამედროვე ფეხბურთს წარმოადგენენ და ამავდროულად, დიდებული ისტორიით გამოირჩევიან.

ნაპოლის თავკაცი, ლუჩანო სპალეტი ტოსკანაში დაბადებული წინასწარმეტყველია, რომელსაც ნიდერლანდური საფეხბურთო ფილოსოფია აქვს, კარლო ანჩელოტი კი ყველა დროის საუკეთესო იტალიელი სპეციალისტია, რომელიც რეალს ბრწყინვალე სტილში უძღვება. ტაქტიკური იდეების მაგიური ფორმულის, ძლიერი ფეხბურთელებისა და ცოტა იღბლის წყალობით, ნაპოლის ფინალში გაღწევისა და ჩემპიონთა ლიგის მოგების ყველაზე კარგი შანსი აქვს, ხოლო ალბათობა იმისა, რომ ჩემპიონი მილანი ან ინტერი გახდეს, 10 პროცენტიც არაა.

ლუჩანო სპალეტის გუნდმა, გველის მსგავსად, ტყავი გამოიცვალა და დრის მერტენსი, კალიდუ კულიბალი, ფაბიან რუისი და დავიდ ოსპინა გაუშვა. მათ ნაცვლად, ნაპოლიმ ახალგაზრდა და უფრო მოტივირებული ფეხბურთელები იპოვა და შექმნა გუნდი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის მოგების შესანიშნავი შანსი აქვს, ამ გუნდის ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე კი ხვიჩა კვარაცხელიაა.

კვარაცხელიამ თუ ასე განაგრძო, ნაპოლის მალე დატოვებს. დიდი შანსია, მისი მომავალი იტალიისგან შორს იყოს, მაგრამ ხვიჩას სიკაშკაშის დანახვა ჩვენი ქვეყნიდანაც დიდი ხნის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. კვარადონა თავისი კუმირებისგან, კრიშტიანუ რონალდუსგან და ლუიშ ფიგუსგან, რომლებსაც საქართველოში გატარებული ბავშვობისას აღმერთებდა, მემკვიდრეობით ოქროს ბურთს აუცილებლად მიიღებს. საქართველო ღარიბი ქვეყანაა, რომელიც დიდი ხანია ოცნებობს, ჰყავდეს ტოპ დონისა და ფეხბურთის ისტორიაში შესვლის უნარების მქონე ფეხბურთელი.

ხვიჩას შთამბეჭდავი სტატისტიკა აქვს. მან სერია A-ს სადებიუტო სეზონში 25 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი და 10 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა. ნეაპოლის ოცნება მის ფეხებზე გადის და კვარას შეუძლია, ქალაქის ისტორია ნაპოლის ნახევარფინალში გაყვანით გადაწეროს“, - წერს ბრიტანული გამოცემა.

ცნობისთვის, Daily Mail-მა „მილანის“ რიგებში სანდრო ტონალი გამოარჩია, „ინტერის“ მხრიდან კი - ლაუტარო მარტინესი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარამ ცრუ ცხრიანზე ივარჯიშა - რას გადაწყვეტს სპალეტი
კვარამ ცრუ ცხრიანზე ივარჯიშა - რას გადაწყვეტს სპალეტი