ხვალიდან, ფეხბურთის მოყვარულებს 3-თვიანი შესვენების ჩემპიონთა ლიგა დაუბრუნდებათ. მსოფლიოს მასშტაბით, ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი 1/8 ფინალური მატჩებით განახლდება. პირველ სათამაშო დღეს ორი შეხვედრა გაიმართება, ერთ-ერთი კი მილანში, „სან სიროზე“ შედგება, სადაც „მილანი“ ლონდონის ტოტენჰემს დაუხვდება.
აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით, Crystal Sport-ი ყველა საინტერესო ინფორმაციას შემოგთავაზებთ.
მილანი
დავიწყოთ მილანით. სტეფანო პიოლის გუნდმა ჯგუფური ეტაპი, რომელშიც ასევე „ჩელსი“, „ზალსბურგი“ და ზაგრების „დინამო“ იყვნენ, მეორე ადგილზე დაასრულა. „როსონერიმ“ 6 შეხვედრიდან სამის მოგება შეძლო, ერთიც ფრედ ითამაშა, ორ შეხვედრაში კი დამარცხდა. მილანელებმა ჯგუფი 10 ქულით დაასრულეს და ლიდერ „ჩელსის“ 3 ქულით ჩამორჩნენ.
რაც შეეხება სერია A-ს, „როსონერის“ შიდა ჩემპიონატში კარგი პერიოდი ნამდვილად არ უდგას. სტეფანო პიოლის გუნდმა ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსი ფაქტობრივად დაკარგა და ახლა ოთხეულში მოსახვედრად იბრძვის. 22 ტურის შემდეგ, „მილანი“ სატურნირო ცხრილში 41 ქულით მე-5 ადგილს იკავებს და ლიდერ „ნაპოლის“ 18 ქულით ჩამორჩება.
ბოლო ტურში პიოლის ფეხბურთელებმა საკუთარ მოედანზე „ტორინო“ მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხეს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მანამდე, ზედიზედ 7 მატჩის მოგება ვერ შეძლეს, „ტორინომდე“ კი ზედიზედ სამ შეხვედრაში დამარცხდნენ. შესაბამისად, „მილანი“ მოახლოებულ შეხვედრას აშკარა პრობლემებით ხვდება, თუმცა პიოლი იმედოვნებს, რომ გუნდი მოედანზე შესაბამისი სულისკვეთებით გავა.
დანაკლისი:
ბენასერი, იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, დესტი, მენიო, ტომორი.
რა თქვა პიოლიმ მატჩის წინ:
გუნდის ფსიქოლოგიური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ბოლო დღეებში საგრძნობლად კარგი მორალი და ენერგია დავინახე. ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე ვთამაშობთ და გვსურს შესაბამისი სულისკვეთებით გამოვიდეთ. ვფიქრობ, „ტოტენჰემი“ ამისთვის შესანიშნავი მიზეზია.
ახლა, ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ფიქრი ოცნებაა. ამაზე არ უნდა გავამახვილოთ ყურადღება, მთავარი ჯერ ხვალინდელი თამაშია.
ანტონიო კონტე შესანიშნავი მწვრთნელია. როდესაც გასულ წელს სერია A მოვიგე, ის იყო ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან კოლეგებიდან, რომელმაც დამირეკა და ჩემპიონობა მომილოცა.

ტოტენჰემი
ანტონიო კონტესთვის ჯგუფური ეტაპი მარტივი არ ყოფილა. „დეზებმა“ მხოლოდ ბოლო ტურში შეძლეს ჯგუფიდან პირველი ადგილით გასვლა, თუმცა იყო იმის შანსიც, რომ „ტოტენჰემი“ საერთოდ ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენილიყო, თუმცა საბოლოოდ, ყველაფერი მათ სასარგებლოდ დასრულდა. D ჯგუფში ლონდონელების მეტოქეები ფრანკფურტის „აინტრახტი“, ლისაბონის „სპორტინგი“ და „მარსელი“ იყვნენ. კონტეს გუნდმა ექვსიდან სამი შეხვედრის მოგება შეძლეს, ორი ფრედ ითამაშეს, ერთში კი დამარცხდნენ. „ტოტენჰემმა“ მეორეადგილოსან „აინტრახტს“ 1 ქულით გაასწრო.
ალბათ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კონტეს გუნდი პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. ინგლისის ჩემპიონატში „დეზების“ მაქსიმუმი ოთხეულში მოხვედრა იქნება, თუმცა არა მარტივი. 23 ტურის შემდეგ „ტოტენჰემი“ სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე იმყოფება და მეოთხეადგილოსან „ნიუკასლს“ 2 ქულით ჩამორჩება. უნდა აღინიშნოს, რომ მის უშუალო კონკურენტს ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული და შესძლოა სხვაობა 5-ქულამდეც გაიზარდოს.
ბოლო ტურში „ტოტენჰემი“ სტუმრად „ლესტერს“ დაუპირისპირდა და ყველასთვის მოულოდნელად გამანადგურებელი ანგარიშით, 4:1 დამარცხდა.
დანაკლისი:
ბენტანკური, ბისუმა, ჰოიბიერგი, ლორისი, სესენონი.
რა თქვა კონტემ მატჩის წინ:
ოპერაციის შემდეგ ნამდვილად არ ყოფილა მარტივი გუნდისგან შორს ყოფნა. 100%-ით მზად ახლაც არ ვარ, მაგრამ ფეხბურთელებთან ყოფნა ყველაზე მნიშვნელოვანია.
ამ თამაშისგან თუ დადებითი შედეგის მიღწევა გვსურს, მაშინ სტაბილურები უნდა ვიყოთ. როგორც, აღმავლობა, ისე ვარდნა ჩვეული ამბავია, მაგრამ ახლა სტაბილურობაზე ვფიქრობ. მომავლის წინასწარმეტყველება შეუძლებელია. ვფიქრობ, ეს სტაბილურობა გვაკლია. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სასურველი მიზნის მიღწევაში როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ისე პრემიერ ლიგაშიც. ამ სტაბილურობაზე მუდამ ვსაუბრობ ჩემს ფეხბურთელებთან. რთულია ყველა თამაშზე მაქსიმალური კონცენტრაცია შეინარჩუნო. მარტივი ამოცანა არაა, მაგრამ ამაზე ვმუშაობთ. ზოგჯერ, მუდმივი ზეწოლის ქვეშ თამაში მოთამაშეებისთვის კარგია, ზოგჯერ კი პირიქით. გვინდა, რომ ფეხბურთელები ფიზიკურად და მენტალურად უფრო გამძლეები გაცხადოთ, თუმცა არსებობს ხელისშემშლელი ფაქტორებიც, მაგალითად ტრავმები... ასეა თუ ისე, მგონია, რომ ხვალ ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი.

შეგახსენებთ, რომ „მილანისა“ და „ტოტენჰემის“ წყვილის გარდა, ხვალ პსჟ-სა და „ბაიერნის“ დაპირისპირებაც შედგება. ორივე შეხვედრა საქართველოს დროით 23:55 საათიდან დაიწყება.