ბაიერნი, იოზუა კიმიხი
Aa Aa

“ორი მნიშვნელოვანი თამაში, ბოლო და შემდეგი“ - მე იოზუა კიმიხი ვარ

„კარგი.. თქვენთან გულწრფელი ვიქნები.. ბოლო მსოფლიო ჩემპიონატის არცერთი წუთი არ მინახავს.. ჯგუფში ჩარჩენის გამო არა.. უბრალოდ არ შემეძლო!

როდესაც გავვარდით, ყველაფრისგან თავის დაღწევა მინდოდა. ხალხი, პრესა, მთელი ეს ჩემპიონატი.. შეყვარებულთან ერთად სამხრეთ აფრიკაში წავედი და არცერთ მატჩს არ ვუყურე. გამახსენეთ ვინ მოიგო?(ხუმრობს)

სხვა სივრცეში ყოფნა და ყურადღების გადატანა მჭირდებოდა. სამხრეთ აფრიკაში წავედი, რომელიც მართლაც შესანიშნავი ქვეყანაა, მაგრამ ჩემი შვებულება საერთოდ არ მესიამოვნა და ვერ გავერთე.. ეს შეუძლებელი იყო.. ვფიქრობ, ამის გამო ჩემი შეყვარებულიც დაიტანჯა..

ეს იყო ყველაზე საშინელი გრძნობა, რომელიც ფეხბურთში მიგრძნია. ფიზიკურად კარგად ვიყავი, მაგრამ ფსიქოლოგიურად გამოჯანმრთელებას რამდენიმე კვირა დასჭირდა..

ახლაც მახსოვს გასახდელი კორეასთან 0:2 მარცხის შემდეგ. სრული სიჩუმე.. ყველა ჩუმად იჯდა..

თავი ხელებში მქონდა ჩარგული და ვფიქრობდი როგორ დავამცირე საკუთარი გუნდი, საკუთარი სამშობლო, გერმანელი ხალხი, ოჯახის წევრები.. ლიოვი საუბრობდა, მაგრამ ვერ ვუსმენდი. თითქოს ზომბი ვიყავი.. იმედგაცრუების საკუთარ პატარა სამყაროში ვიყავი..

ჯგუფის ქვედა ნაწილი..

გერმანია..

ვაუ..

გერმანიისგან მოლოდინი ყოველთვის დიდია. როცა ვიზრდებოდი ჩემი ქვეყნის ნაკრები სულ კარგად თამაშობდა. 2002 წელს ფინალი, 2006 წელს ნახევარფინალი, 2010 წელს ნახევარფინალი, ხოლო 2014-ში ჩემპიონობა..

როგორც ფეხბურთელისთვის ეს პირველი მსოფლიო ჩემპიონატი იყო..

ვფიქრობ, რუსეთში მთელი მსოფლიო ფიქრობდა, რომ ფავორიტები ვიყავით..

და რა თქმა უნდა, ასეც იყო! ჩვენ ხომ მოქმედი ჩემპიონები ვიყავით..

გვეგონა, რომ ძლიერი გუნდი გვყავდა, მაგრამ რეალობა სხვანაირი აღმოჩნდა..

ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები გვყავდა, მაგრამ როგორც გუნდი ძლიერი არ ვიყავით. ასეთ დონეზე საკმარისი არასდროს არის უბრალოდ ნიჭიერი ფეხბურთელის ყოლა. 2018 წელს არაფერმა იმუშავა. იმ წელს კარგად ვისწავლე, თუ რა ქმნის ნამდვილ გუნდს.

დავუბრუნდეთ გასახდელს, როდესაც ჩვენ კორეასთან დავმარცხდით. მახსოვს, ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი საუბრობდა, რომ ახლა ინტერვიუების და ერთმანეთის გაკიცხვის დრო არ იყო. ერთმანეთის გვერდში უნდა დავმდგარიყავით, რადგან ეს ყველას პრობლემა იყო..

ეს სიტყვები ჩემში დარჩა. დამარცხების შემდეგაც კი გერმანია ერთად იდგა.. ეს მსოფლიო ჩემპიონატი პირველი დიდი იმედგაცრუება იყო. რა თქმა უნდა, ადრეც წამიგია დიდი მატჩები, მაგრამ ეს რაღაც განსაკუთრებული იყო..

გარდა ამისა ეს არის მსოფლიო ჩემპიონატი და არა ჩემპიონთა ლიგა, სადაც თუ წააგებ რამდენიმე თვეში ისევ ითამაშებ.. ახალ შანსს 4 წელი ელოდები..

სიმართლე გითხრათ, გამიმართლა, რომ კარიერაში ბევრი იმედგაცრუება არ მქონია. გერმანიასთან ერთად რამდენიმე ტურნირი ვითამაშე და მოლოდინი ვერ გავამართლეთ. იმედი მაქვს ამას შევცვლით.. ამის პარალელურად კი საკლუბო დონეზე ბევრ წარმატებას მივაღწიეთ..

მინდა მოგიყვეთ ფეხბურთში ჩემს ყველაზე ცუდ და აღმატებულ მომენტებზე.. ერთ-ერთი მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგება იყო და ეს გამომივიდა. მსოფლიო ჩემპიონატი კი არის ის, რაზეც ბავშვობიდან ოცნებობ..

„ბაიერნი“ ბევრ ტიტულს იგებს და ადამიანები ფიქრობენ, რომ ეს მარტივია, რადგან ამას მიჩვეულები არიან..

როდესაც 19 წლის ასაკში „ბაიერნთან“ კონტრაქტი გავაფორმე ჯერ კიდევ ძალიან პატარა ვიყავი. ბიჭი, რომელიც სოფელ ბოსინგენიდან არის, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მისი კარიერა ასეთი წარმატებული იქნებოდა და ამდენ ტიტულს მოიგებდა..

და მაშინ, როდესაც ჩვენ ზედიზედ 10 ბუნდესლიგა, ტრიპლეტი და 6 ტიტული ერთ წელს მოვიგეთ გეტყვით, რომ ეს ნორმალური არ არის. ეს განსაკუთრებულია!! 2020 წელი ჩემთვის უნიკალურია.

2020 წელს ყველაფერი გულშემატკივრების გარეშე მოვიგეთ.. შეიძლება გიჟურად ჟღერდეს, მაგრამ ეს მაინც განსაკუთრებული იყო. ჩემთვის ეს ახალი გამოწვევა გახდა..

როგორც ფეხბურთელს, რა თქმა უნდა, მინდოდა, რომ ფეხბურთი გულშემატკივრების ხმაურის ფონზე მეთამაშა, მაგრამ რაღაც დადებითი მომენტი მაინც არსებობდა. მოედანზე ერთმანეთის უკეთ გვესმოდა და კომუნიკაცია გაცილებით ადვილი იყო.

ასევე ძალიან მომეწონა ჩემპიონთა ლიგის მინი-ტურნირი პორტუგალიაში. ეს რაღაცით სანაკრებო შეკრებას ჰგავდა.. ყველაფერი ან არაფერი.. ყველა მატჩი ფინალი იყო..

„ბაიერნში“ ერთნაირი მენტალიტეტი გვაქვს და ეს ძალიან დაგვეხმარა. და თუ თქვენ გსურთ მართლა გაიგოთ რა არის „ბაიერნი“, რატომ აქვს კლუბს ამდენი ტიტული და რატომ არის ყოველ წელს ძლიერი შემიძლია ეს მენტალიტეტი ერთი წინადადებით აგიხსნათ. შესაძლოა მარტივად ჟღერდეს, მაგრამ გულწრფელად, რომ ვთქვათ ეს არის ყველაზე დიდი გაკვეთილი, რაც აქ გადმოსვლის დღიდან ვისწავლე..

ფეხბურთში მხოლოდ ორი თამაშია მნიშვნელოვანი - ბოლო და შემდეგი..

არ აქვს მნიშვნელობა რა გააკეთე. კარგი მაშინ ხარ, როდესაც ბოლო მატჩში დადებითი შედეგი დააფიქსირე. აზრი იმას არასდროს აქვს, რომ შენ იჯდე და განვლილ მიღწევებზე ფიქრობდე..

თამაში გრძელდება..

ხალხს ავიწყდება..

ყოველთვის არის ახალი გამოწვევა და ახალი ჩემპიონი..

„ბაიერნი“ ამას ნამდვილად განასახიერებს. გუნდში ბევრი შესანიშნავი მოთამაშე გვყავს, რომლებმაც ყველაფერი მოიგეს - ლიგის ტიტულები, ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიო თასები - მაგრამ ისინი მაინც ყოველდღე მოდიან ვარჯიშზე, რათა გაუმკლავდნენ ზეწოლას, იმუშაონ და გაუმჯობესდნენ. ამას აუცილებლად გავაკეთებთ და შემდეგ თამაშებს მოვიგებთ!!

ეს დამოკიდებულება ჩვენთვის ბუნებრივია. სინამდვილეში, ახლა ეს იმდენად ჩემი ნაწილია, რომ ცოტათი დასვენება რომც ვცადო, ვარჯიშზეც კი არ შემიძლია..

ამის მთავარი შედეგი ჩვენ 2020 წელს, ჩემპიონთა ლიგაზე მივიღეთ..

ჩემპიონთა ლიგის მინი-ტურნირის პირველი მატჩი „ბარსელონას“ წინააღმდეგ. პირველი ტაიმი 4:1 მოვიგეთ. გასახდელში ერთმანეთს ვუყურებდით და ვეკითხებოდით. რა ხდება? ეს რა სიგიჟეა? ვერ დავიჯერეთ.. მაგრამ მეორე ტაიმში გავედით და კიდევ 4 გავიტანეთ..


ასეთ შედეგს არავინ ელოდა. იმ მატჩის შემდეგ, დავრწმუნდი, რომ ჩემპიონთა ლიგას ჩვენ მოვიგებდით.. ჩვენში არსებულმა მენტალიტეტმა, რომელზეც უკვე გესაუბრეთ თავისი გასაკეთებელი გააკეთა..

ის, რაც 2018 წელს გერმანიას დააკლდა, 2 წლის შემდეგ „ბაიერნში“ გვქონდა. „პარი სენ ჟერმენმა“ კარგად ითამაშა, ბევრი მომენტიც შექმნა და ალბათ ჩუპო-მოტინგს უნდა გაეტანა კიდეც. ამაზე ახლა ვარჯიშზე ბევრს ვხუმრობთ.. მაგრამ ჩვენმა გუნდურმა სულისკვეთებამ ყველაფერს აჯობა..

მახსოვს ჩემი პასი კომანის მიმართულებით. ბურთი მაღლა ავწიე, რადგან საჯარიმოში ლევანდოვსკი იყო, მაგრამ მას რამდენიმე ფეხბურთელი იყვანდა და ბოლო მომენტში გადავწყვიტე, რომ პასი კინგლისთვის გამეკეთებინა. მან კი უზადოდ შეასრულა და გაიტანა!!


სიმართლე გითხრათ, გოლის აღნიშვნა არ მინდოდა. გერმანიის ნაკრებში გვყავს ფსიქოლოგი, რომელიც გვეუბნება, რომ გოლის განსაკუთრებულად აღნიშვნა არ შეიძლება, რადგან შემდეგი 2 წუთი კრიტიკულია. ეიფორიამ შესაძლოა მოდუნება გამოიწვიოს და ამ დროს საპასუხო გოლი მიიღო.. იმ მომენტში სწორედ მისი სიტყვები გამახსენდა..

როდესაც მსაჯმა მატჩი დაასრულა ისეთი დაძაბული ვიყავი, ვერ მივხვდი, რომ ყველაფერი დამთავრებული იყო.. უცებ გავაცნობიერე, რომ ჩემს გარშემო ყველა დარბოდა და მე გაშეშებული ვიდექი. მიულერი ჩემს მდგომარეობას ვერ მიხვდა, რადგან ჩემთან მოვიდა, შემაჯანჯღარა და მითხრა: „ჩვენ ეს გავაკეთეთ, ჩვენ ეს შევძელით“

სერიოზულად ვამბობ, მას დიდი ხანი დასჭირდა, რომ გამოვეფხიზლებინე და რეალობაში დავებრუნებინე..

ამის შემდეგ, აუცილებლად გნაბრი უნდა მეპოვა. მე და სერჟი 12 წლის ასაკიდან ვმეგობრობთ. ჩვენ „შტუტგარტის“ აკადემიიდან ერთად მოვდივართ..

ვიწექით ლისაბონის ცარიელ სტადიონზე, სურათებს ვიღებდით და ცას გავყურებდით. გულშემატკივრები იქ არ იყვნენ ასე რომ, ეს ჩვენი პირადი მომენტი იყო.. ბიჭი ბოსინგენიდან და ბიჭი ვეისახიდან იქ იყვნენ და ფიქრობდნენ იმაზე, თუ როგორ საუბრობდნენ 13 წლის წინ.. როგორ გვქონდა ოცნება მთელი ამ პერიოდის განმავლობაში.. დრო გავიდა და ოცნება რეალობად იქცა. ერთ გუნდში, ერთ ღამეს.. ეს დაუჯერებელი იყო..

როდესაც ნოიერმა თასი აწია ვცდილობდი ყველა კადრი დამემახსოვრებინა და გონებაში სურათი გადამეღო..

მალე ეს მხოლოდ ისტორია გახდება..

ეს იყო მაშინ და ეს არის ახლა.. ჩვენ წინ კიდევ ერთი მსოფლიო ჩემპიონატი გველის და კარგად ვიცით რას ნიშნავს ეს გერმანელი ხალხისთვის.. ჩვენ ვიცით ზეწოლა.. ასე ხდება „ბაიერნშიც“..

თითქმის ყოველთვის ფავორიტი ხარ.. გულშემატკივრები ყველა თამაშის მოგებას ელოდებიან.. ყველა თამაშში დომინირებაა საჭირო..

ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ გერმანიის ნაკრებში ზეწოლა უფრო დიდია, რადგან ბევრ ჩვენგანს სანაკრებო ტიტული არ აქვს მოგებული..

ზოგისთვის შეიძლება ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი იყოს, ზოგისთვის კი შემდეგი..

გერმანელი ხალხისთვის მუნდიალი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია.. პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, რომელსაც თავიდან ბოლომდე ვუყურე 2006 წელს გერმანიაში იყო..

მახსოვს, ბერლინში ახალგაზრდულ ტურნირს ვთამაშობდი, შემდეგ კი მამაჩემმა მე და ჩემი მეგობრები ფანმეილში წაგვიყვანა, რათა არგენტინასთან მეოთხედფინალი დიდ ეკრანზე გვენახა..

დღემდე მკაფიოდ მახსოვს ის მომენტი, თუ როგორ მივიდა ოლივერ კანი იენს ლემანთან გასამხნევებლად და რა თქმა უნდა, ტიმ ბოროვსკის გადამწყვეტი პენალტი..


იტალიასთან ნახევარფინალის შემდეგ, განადგურებული ვიყავი, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ 11 წლის ასაკშიც არ ვტიროდი. ეს იყო განსაკუთრებული ზაფხული მთელი ქვეყნისთვის და ჩემთვის. პირველად ვიგრძენი ემოციების სრული სპექტრი ეროვნული ნაკრების მიმართ.

ბოლო 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ჩემი მოგონებებისთვის არ გამოდგება.. მე ახლაც გიჟურად იმედგაცრუებული ვარ..

მაგრამ ეს იყო ბოლო და ახლა ჩვენ შემდეგს ვუახლოვდებით..

საკვალიფიკაციო ეტაპზე კარგად ვითამაშეთ. ჩვენ გვყავს საუკეთესო მწვრთნელი და მოთამაშეთა ჯგუფი. იმედი მაქვს ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელები კარგ ნაზავს შექმნიან.. ახლა ბავშვი აღარ ვარ და ბევრი რამ ვისწავლე. დამატებით პასუხისმგებლობას ვგრძნობ..

მიულერმა ერთხელ ინტერვიუში თქვა და ეს სიმართლეა: „როდის მოიგო გერმანელმა ფეხბურთელმა ბოლოს ოქროს ბურთი?“

1996 წელს დიდი მატიას ზამერი. და მაინც ასეთი სუპერვარსკვლავების გარეშეც შეგიძლიათ გერმანიის ხილვა ნახევარფინალში ან ფინალში..

რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ ჩვენ უხილავი კავშირი გვაქვს. სწორედ ეს ხდის გერმანიას დიდებულს. ეს არის მენტალიტეტი, რომელიც იზრდება თამაშიდან თამაშამდე, როგორც ნამდვილი გუნდი..

არ გამკიცხოთ, მე მაინც ვოცნებობ.. მიყვარს გამოწვევები და ვიცი, რომ შორს წასვლა შეგვიძლია, მაგრამ ეს ნაბიჯ-ნაბიჯ ერთად უნდა გავაკეთოთ..

და ეს ყველაფერი იწყება გახსნით..

23 ნოემბერი, იაპონია..

ეს არის შემდეგი თამაში..

ერთადერთი, რომელსაც აქვს მნიშვნელობა..“ - მე იოზუა კიმიხი ვარ

გაზიარება: