“ეს არ არის ბრძოლა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი სამყაროსთვის“ - მე შევჩენკო ვარ
Aa Aa
16 ოქტომბერი 2022  |  16:00

“ეს არ არის ბრძოლა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი სამყაროსთვის“ - მე შევჩენკო ვარ

„როცა ტელეფონმა დარეკა მეძინა. ეს დედაჩემი იყო.. საათს შევხედე..

ღამის 3 საათი იყო..

როდესაც ასეთ დროს დედა გირეკავს, ალბათ კარგი ამბავი არ აქვს..

ვფიქრობ, გაღვიძებისას ჩემი სხეულის გარკვეულმა ნაწილმა უკვე იცოდა რაც ხდებოდა.. ის დღე არასდროს დამავიწყდება - 2022 წლის 24 თებერვალი..

რამდენიმე კვირის განმავლობაში ყველა წუხდა, მაგრამ არცერთ ნორმალურ ადამიანს არ სურდა იმის მიღება, რაც შეიძლება მომხდარიყო. როდესაც ტელეფონზე დედაჩემის სახელი დავინახე, ყველაფერი სწორედ მაშინ დაიწყო..

ის ტიროდა და მითხრა, რომ აფეთქებები შენობებს აზანზარებდა..

ტელევიზორი ჩავრთე და პირველივე სიახლე ასეთი იყო - „უკრაინაში ომი დაიწყო“

თითქოს დრო გაჩერდა..

თავს ისე უმწეოდ ვგრძნობდი..

ასევე თავს დამნაშავედაც ვგრძნობდი..

იმ მომენტში იქ დედასთან ერთად კიევში უნდა ვყოფილიყავი. რამდენიმე დღით ადრე მისი დაბადების დღე იყო და სხვა ოჯახის წევრებთან ერთად ვახშამს სწორედ მის სახლში ვაპირებდით. 19 თებერვალს უკრაინაში უნდა გავფრენილიყავი, მაგრამ გარკვეული საქმეების გამო ინგლისში მომიწია წასვლა და თვითმფრინავის ბილეთი 26 რიცხვისთვის დავჯავშნე..

დედაჩემის ზარიდან რამდენიმე საათში მეგობრებმა ვიდეოები გამომიგზავნეს და მალე ყველაფერი სოციალურ ქსელში დაიდო..

რუსული ვერტმფრენები ჩვენს მიწაზე, რაკეტები ჩვენს გზებზე, აეროპორტში და ხიდებზე.. კიევიდან გაქცეული ხალხის უზარმაზარი საცობები.. ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრება უკრაინაში ცხოვრობდნენ, ერთ დღეში ლტოლვილები გახდნენ..

შოკში ვიყავი.. ოთხი შვილი მყავს.. ჩემთვის ამ ყველაფერთან შეგუება შეუძლებელი იყო. უმცროსი 8 წლის არის და როგორ უნდა ავუხსნა მას ეს ყველაფერი??
ვერ აგიხსნით დღეში რამდენჯერ მიწევდა ტელეფონის დატენვა. გამუდმებით ოჯახს, მეგობრებს და ყოფილ თანაგუნდელებს ვესაუბრებოდი.

„უსაფრთხოდ არიან ისინი? ან მათი ოჯახები? რა იქნება შემდეგ? რა შემიძლია გავაკეთო მათ დასახმარებლად?“ - სულ ეს კითხვები მაწუხებდა..

ასეთ დროს პანიკაში ხარ, რადგან ნებისმიერ მომენტში შეიძლება შენი ძალიან ახლო ადამიანის ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალოს..

მახსოვს, ერთ მომენტში უბრალოდ გავიყინე. ჩემს ცოლს მივუბრუნდი და ვუთხარი: „არ ვიცი რა გავაკეთო..“

ჩემი პირველი გადაწყვეტილება ჩემი ოჯახის ქვეყნიდან გაყვანა იყო, მაგრამ დედაჩემმა ძალიან მკაფიოდ მითხრა: „მე წასვლას არ ვაპირებ, ეს ჩემი სახლია“ - ეს სიტყვები ახლაც ზუსტად მახსოვს..

იმ ღამეს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხალხს მიმართა და სთხოვა, რომ უკრაინა არ დაეტოვებინათ. მას სურდა, რომ ყველა გაერთიანებულიყო და საკუთარი ქვეყნისთვის ებრძოლა. პრეზიდენტის თქმით, ახლა წყდებოდა ვიარსებებდით თუ არა..

ასეთ დროს, შენი პერსპექტივები და პრიორიტეტები მთლიანად იცვლება. მთელი სამყარო შეიცვალა..

რა არის წარმატება? ფეხბურთის მატჩის მოგებაა? ჩემპიონთა ლიგაა? ფულის კეთება? კარგი ბიზნესი გაქვს?

არცერთი არ არის რეალური..

მცირე პრობლემები და წვრილმანები გაქრა..

წარმატება თავისუფლებაა.. წარმატება გადარჩენაა..

მომდევნო დღეებში ყველამ დავიწყეთ ისტორიების მოსმენა..

უკრაინელები უკრაინაში დარჩნენ. ჩვენი სამშობლოს დასაცავად სხვა ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ. ამაზე ბევრს არ ფიქრობდნენ, უბრალოდ იცოდნენ, რომ აქ უნდა ყოფილიყვნენ. ეს დიდებული მომენტი იყო..

მე გავიგე 20 წლის ბავშვების შესახებ, რომლებიც საათობით იდგნენ საკუთარ უბნებში, რათა სახლი დამპყრობლებისგან დაეცვათ..

გავიგე ადამიანების შესახებ, რომლებიც დანგრეულ შენობებში იმისთვის შევარდნენ, რომ მეზობლებს ევაკუაციაში დახმარებოდნენ..

გავიგე ცოლ-ქმრის შესახებ, რომლებიც ექიმები იყვნენ და ირპინში მდებარე საავადმყოფოში დასახმარებლად წავიდნენ. ეს მაშინ, როდესაც ირპინში ბომბების წვიმა მოდიოდა..

წყვილი საავადმყოფოში რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩა და ფასდაუდებელი სამუშაო გასწიეს. საბოლოოდ ისინი შვილებს დაუბრუნდნენ, მაგრამ მზად იყვნენ სამშობლოს გამო დაღუპულიყვნენ..

ბევრი ასეთი ამბავი ვიცი.. გმირების ისტორიები..

მე მესმოდა წარმოუდგენელი გამბედაობის, მაგრამ ასევე დაუჯერებელი ტკივილისა და ტანჯვის ისტორიები. დეიდაჩემი დაბომბვის დროს ოთხი დღის განმავლობაში სარდაფში იყო ჩაკეტილი. როდესაც რუსებმა იერიში 1 დღით შეაჩერეს, დეიდაჩემმა მხოლოდ დედაჩემთან მისვლა მოახერხა. ბევრი ახლო მეგობარი დაიღუპა, რომლებიც დროის უქონლობის გამო საკმარისად კარგად ვერ ვიგლოვე..

თავს მაინც დამნაშავედ ვგრძნობდი. მინდოდა იქ ვყოფილიყავი, რათა მენახა სიტუაცია, დამეცვა ჩემი მიწა და გამომეყვანა ოჯახი. დახმარება მჭირდებოდა..

ერთ დღეს დედას ვუთხარი: „გადაწყდა, მე უკრაინაში ვბრუნდები.“

დედა: „რას ამბობ ანდრეი? შენ ჯარისკაცი არ ხარ და დარჩი იქ სადაც ახლა ხარ. მიდი ჟურნალისტებთან, უთხარი რაც აქ ხდება. ომი მხოლოდ ბომბები და ტყვიები არ არის. ომი ასევე არის ინფორმაცია, რომელიც უნდა გამოიყენო. გამოიყენე შენი კავშირები, მოიძიე თანხები ქვეყნისთვის და მიიღე მხარდაჭერა. შენ ახლა სადაც ხარ, მანდედან შეგიძლია დაეხმარო უკრაინას.“

ვუსმენდი დედას და მინდოდა, რომ მას ჩემით ეამაყა. მომდევნო დღეებში უკრაინის დასახმარებლად ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო. გასაოცარი იყო იმის დანახვა, თუ როგორ აკეთებდნენ ადამიანები იგივეს მთელ მსოფლიოში. დემოკრატიული სამყარო ერთად იდგა.

ადამიანები მთელი მსოფლიოდან მეხმარებოდნენ. იტალიიდან, აშშ-დან, გერმანიიდან, ინგლისიდან.. თანხების მოსაზიდად მთელი ინტერნეტ სივრცე გაერთიანდა.. ილონ მასკმა დიდებული სამუშაო შეასრულა. ინტერნეტი ყველგან იყო და ადამიანები ერთმანეთს მარტივად უკავშირდებოდნენ..

ერთმანეთს ვურეკავდით და ვეუბნებოდით: „ჩემი მეგობარი ამ სოფელშია.. ბიძაჩემი იმ ქალაქშია.. ბებია და ბაბუა სახლში ჩარჩნენ.. იცნობთ ვინმეს, ვისაც შეუძლია, რომ შეამოწმოს?“

უამრავი ადამიანი ითხოვდა დახმარებას..

უარი არავის უთქვამს..

უკრაინაში ხალხმა იცის რას ნიშნავს იყო თავისუფალი, რადგან ჩვენ ერთად შევქმენით ეს ქვეყანა!!

ჩვენი ქვეყანა ახალია ძველი ისტორიით. ჩვენი ენა, კულტურა და ისტორია საუკუნეებს ითვლის, მაგრამ დამოუკიდებლობა, მხოლოდ 30 წლის წინ მივიღეთ. სწორედ ამის გამო, განსაკუთრებით კი ჩემი თაობა, ნათლად ვგრძნობთ, რომ უკრაინა ჩვენთან ერთად გაიზარდა..

ჩემი ისტორია, უკრაინის ისტორიაა!

დამოუკიდებლობამდე წლებით ადრე, ბავშვობაში შემიყვარდა კიევი და ყოველ შაბათ-კვირას მარტო ვმოგზაურობდი ქალაქში ფეხბურთის სათამაშოდ. 9 წლის ასაკში, მარტო მოვდიოდი ავტობუსით ან მატარებლით. ქალაქის გეოგრაფია შევისწავლე და გავარკვიე, სად შეიძლებოდა ფეხბურთის თამაში.

მე მაქვს ისტორია უკრაინის თანამედროვე ისტორიის ყველა მოვლენისთვის. როდესაც ჩერნობილის კატასტროფა მოხდა და კიევიდან გამოგვიყვანეს, მახსოვს, როგორ აიღო მამაჩემმა გეიგერის მთვლელი. შემოწმებისას, მაჩვენებელი 50-ჯერ აღემატებოდა ნორმალურ რადიაციას - მოგვიანებით მამამ მას ცეცხლი წაუკიდა..!

1991 წელს, როდესაც საბოლოოდ მივიღეთ დამოუკიდებლობა, 1 თვის განმავლობაში კიევის „დინამოსთან“ ერთად მოსკოვთან ახლოს ტურნირზე ვთამაშობდი. სასტუმროში ყოველდღე ვუყურებდი ახალ ამბებს უკრაინაზე. გორბაჩოვი, ელცინი.. მთელი ეს არეულობა.. ეს ცრუ რეალობა საბჭოთა კავშირის დაშლის შესახებ.. როდესაც მატარებლით სახლში ვბრუნდებოდი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ნაწილი ვიყავით, მაგრამ როდესაც კიევში ჩავედით უკრაინა უკვე დამოუკიდებელი იყო!!

დროშები მახსოვს.. ყველგან ლურჯი და ყვითელი.. ყველა ისეთი ბედნიერი იყო..

იგივე ემოცია განვიცადე, როცა ეროვნული ნაკრების მაისური პირველად ჩავიცვი 16-წლამდელთა ნაკრებში. უკრაინა 2:2 ჰოლანდია - მატჩი დასავლეთის ქალაქ ლვოვში გაიმართა.

თუ არ იცით, გეტყვით, ფეხბურთი უკრაინის ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს არის ნომერ პირველი სპორტი. მე გავიზარდე „დინამოს“ ლეგენდების ყურებით. ოლეგ ბლოხინი, იგორ ბელანოვი.. ოქროს ბურთის საოცარი მფლობელები.. მაგრამ ჩემმა თაობამ ხალხი სხვანაირად გააერთიანა. თითოეულ მატჩს ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა.. ჩვენ ვქმნიდით რაღაცას, რაც ფეხბურთზე უფრო დიდი იყო. ეს ეხებოდა ეროვნულ იდენტობას.

იმ ღამეს ლვოვში ატმოსფეროს წარმოდგენა ძალიან რთული იყო.. მთელი სტადიონი სავსე იყო. ათასობით ადამიანი მოვიდა ახალგაზრდული გუნდის თამაშის სანახავად! ისინი მოვიდნენ თავიანთი გუნდის უკრაინულ ფერებში თამაშისა და ტრიბუნებზე უკრაინული ენის მოსასმენად. იმ ღამეს ხალხი მოვიდა უკრაინული გუნდის სანახავად და არა საბჭოთა!!

როდესაც 2012 წელს ევროპის ჩემპიონატს ვმასპინძლობდით და მე ჩემი ქვეყნის ნაკრები კაპიტნის სამკლავურით გავიყვანე მინდორზე განსაკუთრებული შეგრძნება დამეუფლა. მივხვდი, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია, როგორც ერს! იმისთვის, რომ სტადიონები აგვეშენებინა, მაქსიმალური კომფორტი შეგვექმნა ტურისტებისთვის და ჩვენი ქვეყანა მოწონებოდათ, ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და გრძელი გზა გავიარეთ. როგორც კი თანამასპინძლებად გამოგვაცხადეს, იმ ტურნირზე თამაშზე ვოცნებობდი. 35 წლის ვიყავი და ზურგში ტკივილები საშინლად მაწუხებდა, მაგრამ იმ ყველაფერს ვერ გამოვტოვებდი..

ეს იყო ლამაზი ზაფხული და მაღალი წერტილი ჩვენთვის, როგორც ერისთვის..

ევრო 2012-დან 10 წლის შემდეგ, რუსეთი უკრაინაში შემოიჭრა და პირველად გაჩნდა განცდა, რომ შესაძლოა, როგორც ერმა ის ყველაფერი დავკარგოთ, რაც აქამდე ავაშენეთ..

ვიცით, რომ ამას ვერ დავუშვებთ..

ჩვენ უკვე ექვს თვეზე მეტია ომში ვართ..

ჩვენი სამხედროების წარმოუდგენელი გამძლეობისა და დემოკრატიული სამყაროს დახმარების წყალობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ჯერ კიდევ აქ ვართ. ზოგი ადამიანი სახლში ბრუნდება. საფეხბურთო სეზონიც კი დაიწყო. ჩვენ ვიბრძვით ნორმალური ცხოვრებისთვის.

მაგრამ ჯერ არაფერი დასრულებულა.. 24 თებერვალს არაფრის დრო არ გვქონდა, შოკირებულები ვიყავით, მაგრამ ახლა ყველაფერს ვგრძნობთ და განვიცდით. ტკივილი და ნგრევა ყოველდღიურობა გახდა.

არ შეცდეთ, ეს ყველგან შეიძლება მოხდეს. ეს ყველას ეხება. ეს არ არის ბრძოლა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი სამყაროსთვის. თქვენ შეიძლება კითხულობთ ამას და ფიქრობთ, რომ უსაფრთხოდ ხართ.. რომ ეს მხოლოდ შორეული ადგილია, რომ ის ნამდვილად ვერ შეგეხებათ. შესაძლოა, უკრაინაში ბევრი ადამიანი ასე ფიქრობდა ცოტა ხნის წინ. სიმართლე ის არის, რომ სამყარო ასე არ მუშაობს. ეს შეიძლება ისევ და ისევ მოხდეს, თუ ჩვენ არ ვისწავლით გაკვეთილს და ერთად არ დავდგებით..

ამ პერიოდის განმავლობაში პირველად უკრაინაში აპრილში დავბრუნდი. ჩემს ქვეყანაში პოლონეთიდან მატარებლის საშუალებით ჩავედი. პირველი, რაც თავს გატყდება არის სიჩუმე..

არ ვიცი ოდესმე უკრაინაში მატარებლით თუ ჩასულხართ, მაგრამ ვისაც ეს გამოცდილება გაქვთ, გემახსოვრებათ როგორი ხმაურია ასეთ დროს. შეფუთული ვაგონები, ბავშვები დარბიან, ოჯახები ხმამაღლა საუბრობენ.. ირგვლივ ყველა იცინის..

ახლა ყველაფერი პირიქით იყო. ცარიელი ვაგონები, გაყინული სახეები, რომლებიც არანაირ ემოციას არ ამჟღავნებენ.. ომის ზონაში შევედით..

სადგურზე დავინახე ჯარისკაცები, რომლებიც რიგში იდგნენ და თავიანთ ოჯახებს ელოდებოდნენ. ცოლები, შვილები, მამები, დედები.. ერთმანეთის მკლავებში ტიროდნენ.. რამდენიმე თვიანი განშორების შემდეგ, ოჯახები ისევ გაერთიანდნენ..

ამის შემდეგ, მეგობართან ერთად, კიევის ქუჩებში რამდენიმე საათი ვისეირნე. მინდოდა მენახა ადგილები, სადაც მთელი ბავშვობა გავატარე. ასევე, მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ ისევ არსებობდა იქაურობა და ხალხს ჩავხუტებოდი.. მათი ემოციების გაზიარება მსურდა..

ეს ჩემი ქალაქია, რომელიც ბავშვობაში მეტროთი მგზავრობით გავიცანი. ყოველ კუთხეში მაქვს ისტორია, მაგრამ ახლა ყველაფერი დახურულია. არ მჯეროდა.. ქუჩაში ისე ცოტა მანქანა იყო.. ჰაერში მხოლოდ საჰაერო იერიშის ხმა ისმოდა. ისიც დღეში 6-ჯერ ან 7-ჯერ.. როდესაც ეს პირველად გესმის, ნამდვილად შოკისმომგვრელია.

მანქანით ქალაქიდან კიდევ უფრო შორს წავედით. ის ადგილები მოვინახულე, სადაც გავიზარდე. სკოლები, რომლებშიც ვსწავლობდი და მოედნები, რომლებზეც ვთამაშობდი..

როდესაც ხედავ იმ ადგილებს, სადაც მთელი ბავშვობა გაატარე და ახლა ის დაბომბილი, დამწვარი და დანგრეულია იცვლები.. ეს შენთვის დიდი დარტყმაა..

კიევიდან უფრო შორს ნგრევა უარესია..

მეორე ვიზიტისას ირპინი ვნახე. ეს ოდესღაც ლამაზი ქალაქი, სავსე ახალი შენობებით… ახლა უბრალოდ აღარაფერი დარჩა..

შავი..

გაბრტყელებული..

განადგურებული..

წავედი ბოროდიანკაში, ბუჩაში, ჰოსტომელში და ყველგან მსგავსი სიტუაცია დამხვდა..

ეს არის ის, რაც საკუთარი თვალით უნდა ნახოთ. ეს არ არის ფილმი. ეს რეალური ცხოვრებაა..

უფრო აღმოსავლეთით, დნიპროში, საავადმყოფოს ბავშვთა პალატებში შევედი და დავინახე ექვსი თუ შვიდი წლის ბავშვები, რომლებსაც საშინელი დაზიანებები ჰქონდათ..

მოვისმინე ისტორიები.. ბომბები და რაკეტები ამ ბავშვების სახლებს დაეცნენ და მათ საცხოვრებელი აღარ აქვთ.. ასევე დაკარგეს კიდურები.. პალატიდან პალატაში გადავდიოდი და ცრემლებს ვერ ვიკავებდი..

ეს არის ომი..

და ეს ყველაფერი რისთვის? ახსნას ვერ ვპოულობ.. ამას ჩემს შვილებს ვერ ავუხსნი..

ხალხი ბრუნდება, რათა შენობები აღადგინონ, მაგრამ სიტუაცია კრიტიკულია..

იმდენი ოჯახი ცხოვრობს გადატვირთულ, დროებით საცხოვრებლებში, ძირითადი სერვისების გარეშე. და მალე ზამთარი იქნება..

ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სახსრების შეგროვება და შემოწირულობები, რათა მხარი დავუჭიროთ ქვეყანაში უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანებს. ასევე უნდა გავაგრძელოთ სიმართლის თქმა იმის შესახებ, რაც ახლა აქ ხდება..

ჩემი პრიორიტეტი ახლა ეს არის..

ჩემი მუშაობა Laureus-თან აქამდე მოიცავდა ვიზიტს ლტოლვილთა პროგრამაში ვარშავაში, სადაც უკრაინელი ბავშვები იმყოფებიან, რომლებმაც დაკარგეს სახლები და საყვარელი ადამიანები. ასევე, რომლებმაც ასობით მილი გაიარეს თავშესაფრისა და უსაფრთხოების საპოვნელად, გამოიყენეს სპორტი ფსიქოლოგიური პრობლემების დასაძლევად.

მე ასევე შევხვდი სხვა წარმატებულ სპორტსმენებსაც, რომლებიც უკრაინას დაეხმარნენ. მაგალითად, იგა სვიატეკმა კრაკოვში საქველმოქმედო მატჩი გამართა. რობერტ ლევანდოვსკი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც თავისი აზრი რუსეთის და პუტინის წინააღმდეგ მკაფიოდ დააფიქსირა. მე მას უკრაინის დროშის ფერებში დამზადებული კაპიტნის სამკლავური მივეცი, რომლითაც რობერტი მუნდიალზე ითამაშებს.

როდესაც საქმე ომს ეხება, სპორტის სამყაროს აქვს უნარი მოახდინოს გავლენა აზრზე და პოლიტიკაზეც კი..

ყოველ ჯერზე, როცა Laureus-ის პროგრამას ვსტუმრობ, მახსენდება, რომ ამ დროს, ალბათ, უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, სპორტს ნამდვილად აქვს ძალა შეცვალოს სამყარო..

მე მაინც ოპტიმისტი ვარ.. სიბნელეში შუქს ვხედავ.. მე ვხედავ პროგრესს.. მე ვხედავ ჩემი ქვეყნის მომავალს.. მე ამას ძალიან ნათლად ვხედავ..

ამ ომმა შეგვცვალა, მაგრამ ვიცი, რომ არ შეცვლილა ის, რასაც ჩვენ ყველაზე მეტად ვაფასებთ..

ეს არის ჩვენი მიწა, ჩვენი თავისუფლება და ჩვენი მომავალი..

ჩვენ აუცილებლად გადავრჩებით და გავაგრძელებთ ისტორიის წერას ერთად..

მინდა ამბის მოყოლა იმით დავასრულო, თუ რა ვნახე ირპინში..

ირპინში ულამაზესი საფეხბურთო აკადემია იყო ხელოვნური საფარით.. დაბომბვის შემდეგ, ხელუხლებელი მხოლოდ ერთი მოედანი დარჩა. ქალაქის მერს დაფინანსების მოზიდვის ინიციატივაზე ველაპარაკე, რათა სხვა მოედნებიც აღდგეს, მაგრამ იქ ჯერ კიდევ არის დაბომბვისგან დარჩენილი ნაგავი, ჭუჭყი და ნანგრევები..

იცით რამ გამამხნევა ყველაზე მეტად? ამ სიტუაციის ფონზეც კი მე დავინახე 12 წლის ბავშვები, რომლებიც ქუჩაში ფეხბურთს თამაშობდნენ..

ამ ბავშვებს სპორტზე უარის თქმა არასდროს უნდა მოუწიოთ! ამ პირობებმა მათ ხელი არ უნდა შეუშალოს, ეს ადგილი მათთვის არ არის..

მაგრამ ისინი მაინც აქ არიან..

ყოველდღიურობას წინააღმდეგობას უწევენ..

ეს არის ჩემთვის უკრაინული სული!“ - მე ანდრეი შევჩენკო ვარ

გაზიარება:
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში