ბარსელონა, ინტერი, ჩემპიონთა ლიგა
Aa Aa

ბარსელონა VS ინტერი - მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში მეტად მნიშვნელოვანი დაპირისპირებაა. „ბარსელონა“ „ინტერს“ უმასპინძლებს და ქულების დაკარგვის შემთხვევაში ჯგუფიდან გასვლის საკითხს დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს. CrystalSport ამ მატჩთან დაკავშირებით, ყველა საინტერესო და საჭირო ინფორმაციას ერთ სივრცეში გთავაზობთ.

წინა ტური

ეს გუნდები მესამე ტურში შეხვდნენ ერთმანეთს და „ინტერმა“ ჰაკან ჩალაჰნოღლუს ერთადერთი გოლის წყალობით გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ მატჩის არბიტრმა რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა, რის გამოც კატალონიური გრანდი დაზიანდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჩავი ერნანდესმა არბიტრების მიმართ უკმაყოფილება ვერ დამალა და მწვავედ გააკრიტიკა. მეტიც, ესპანურმა მხარემ უეფა-შიც კი იჩივლა.

ამ მომენტისთვის, ჯგუფს „ბაიერნი“ 9 ქულით ლიდერობს. მეორე პოზიციაზე 6 ქულით „ინტერია“, ხოლო ბარსა 3 ქულით მესამე ადგილზე მოგვევლინა. სწორედ ამიტომ, მომავალი დაპირისპირება, რომელიც 12 ოქტომბერს გაიმართება სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით დიდ მნიშვნელობას იძენს.

„ბარსელონა“

„ბლაუგრანა“ ამ დაპირისპირებას რეალურად კარგ ხასიათზე ხვდება, რადგან შიდა ჩემპიონატში ყველაფერი კარგად მისდის. ბარსა მადრიდის „რეალს“ ქულებით გაუთანაბრდა და უკეთესი ბურთების შეფარდების გამო ცხრილის სათავეში მოექცა. უკანასკნელ ტურში ჩავის გუნდმა „სელტას“ უმასპინძლა და პედრის ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა.

დანაკლისი:

ჩავი ერნანდესს დიდი ხანია ამ მხრივ პრობლემები აქვს, თუმცა ნათელი წერტილიც გამოჩნდა. ბარსას ფრენკი დე იონგი დაუბრუნდა, თუმცა ლაზარეთში ბელერინი, კუნდე, დეპაი, კრისტენსენი, არაუხო და კესი რჩებიან.

რა თქვა ჩავიმ მატჩის წინ?

„ჩვენ ველოდებით ისეთ „ინტერს“, როგორიც მილანში იყო. ისინი დაცვაში იდგებიან და ინიციატივა ჩვენს ხელთ იქნება. ჩვენ ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც ეს მილანში ბოლო 30 წუთში გავაკეთეთ. ვფიქრობ, ეს ჯადოსნური ღამე იქნება. „ბარსელონა“ გამუდმებით შეტევაში იქნება. იმაზე აგრესიულები უნდა ვიყოთ, ვიდრე მილანში ვიყავით. 3 ქულისთვის ეს ყველაფერი ღირს.

„ბარსელონა“ ახლა არასასიამოვნო მდგომარეობაშია და „ინტერთან“ მატჩი ფინალის ტოლფასია. დიდი ზეწოლის ქვეშ ვართ, მაგრამ მე მაინც პოზიტიურ განწყობას ვინარჩუნებ. ყველა ბილეთი გაყიდულია. გულშემატკივრები ამ თამაშის მნიშვნელობას 100%-ით ზუსტად იაზრებენ. ვეცდებით, რომ ისინი ჩვენით ამაყობდნენ.

არ მაინტერესებს შეცვლის, თუ არა ინძაგი სათამაშო სისტემას. პრიორიტეტი ჩემი ტაქტიკა იქნება, რომელსაც მეტოქეს აუცილებლად მოვახვევთ. ბედნიერი ვარ, რომ დე იონგი დაბრუნდა. ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და დიდი ალბათობით „ინტერთან“ ითამაშებს, თუმცა ძირითად შემადგენლობაში დავაყენებ, თუ არა ეს ჯერ არ ვიცი.“

„ინტერი“

სიმონე ინძაგი პრესკონფერენციებზე ხშირად ამბობდა, რომ კრიზისი მალე დასრულდება და „ინტერი“ საუკეთესო ფორმას დაუბრუნდება. თითქოს ამის კონტურები გამოჩნდა. ბარსას დამარცხების შემდეგ, „ნერაძური“ სერია ა-ში „სასუოლოს“ დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

მიუხედავად ამ გამარჯვებისა, სატურნირო ცხრილში მაინც არასასიამოვნო სიტუაციაა. „ინტერი“ 9 ტურის შემდეგ, 15 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება და ლიდერ „ნაპოლის“ 8 ქულით ჩამორჩება. ოთხეულამდე კი 5 ქულა აშორებს.

დანაკლისი:

ჯერჯერობით გუნდის დახმარებას ისევ ვერ ახერხებს რომელუ ლუკაკუ, რომლის კარგმა თამაშმაც 2 წლის წინ „ინტერს“ ნანატრი სერია ა მოაგებინა. „ნერაძურის“ „ბარსელონასთან“ ბელგიელი თავდამსხმელის გარდა ბროზოვიჩი, კორდასი და დალბერტი არ ეყოლება. სხვა მხრივ არანაირი პრობლემა არ არსებობს.

რა თქვა ინძაგიმ?

„პირველი თამაშის წინ ვთქვი, რომ ჩვენი შანსები მაქსიმალურად უნდა გამოგვეყენებინა. ახლაც იგივეს ვფიქრობ. წინ ძალიან მნიშვნელოვანი და რთული დაპირისპირება გველოდება. ჩვენ ჯგუფიდან გასვლისთვის ვიბრძვით. გამარჯვება რთული იქნება, მაგრამ ჩვენ „ინტერი“ ვართ და ვეცდებით „ბარსელონას“ პრობლემები შევუქმნათ.

ზოგადად მსაჯებზე არ ვსაუბრობ. მე ვნახე, რომ უეფა-მ წინა დაპირისპირების არბიტრი დადებითად შეაფასა. ბოლო თვეებში კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ და ამას სრულიად იტალია და მთელი მსოფლიო ხედავს. ჯერჯერობით ფეხბურთელებმა არ იციან, თუ ვინ ითამაშებს ძირითადში. ამას ხვალ გადავწყვეტ.

მე მყავს სამი თავდამსხმელი, რომლებსაც სათამაშო დრო თითქმის თანაბრად აქვთ. ვფიქრობ, „ინტერი“ მეტ პატივისცემას იმსახურებს, რადგან ჩვენ „ბარსელონა“ დავამარცხეთ. ეს ადვილი არ არის.. ობიექტურად, ონანას ბევრი საქმე არ ჰქონდა, მაგრამ ახლა სიტუაცია შეიცვლება. „კამპ ნოუზე“ ვთამაშობთ და რა თქმა უნდა, კატალონიელებს უფრო მეტი მომენტი ექნებათ.“

 

გაზიარება: