ლივერპული, დინამო თბილისი
Aa Aa

44 წელი ისტორიული გამარჯვებიდან: „გვითხრა - გთხოვთ, ლივერპულთან დიდი ანგარიშით არ წააგოთო“

ჩემპიონთა თასის გათამაშების 1/16 ფინალის საპასუხო შეხვედრაში, დინამომ  ინგლისის ჩემპიონს, ლივერპულს საკუთარ კედლებში უმასპინძლა და ანგარიშით - 3-0 დაამარცხა. მატჩი 1979 წლის 3 ოქტომბერს გაიმართა და მას შემდეგ ზუსტად 44 წელი გავიდა.

შეხვედრა კოკისპირული წვიმის ფონზე შედგა, თუმცა სტადიონი სრულად გადაიჭედა - მატჩს 90 000 მაყურებელი დაესწრო, რაც დღემდე დასწრების რეკორდია.

გუნდებს შორის პირველი მატჩი 1979 წლის 19 სექტემბერს, ენფილდზე შედგა და მასპინძელთა გამარჯვებით - 2-1 დასრულდა, ხოლო საპასუხო შეხვედრაში, ნოდარ ახალკაცის გუნდმა რევანში აიღო.

თბილისში რეი კლემენსის კარში პირველი გოლი 54-ე წუთზე, ვლადიმერ გუცაევმა გაიტანა. 74-ე წუთზე, ჭილაიას აქტიური თამაშის შემდეგ, რამაზ შენგელიამ ანგარიში ორამდე გაზარდა. მე-80 წუთზე, მატჩის საბოლოო ანგარიში ალექსანდრე ჩივაძემ, პენალტის ნიშნულიდან დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ ჩივაძემ კლემენსს ინგლისშიც გაუტანა.

ეს გახლდათ ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ევროპულ ტურნირებს პირველივე წრეში გამოეთიშა.

„ლივერპული მსოფლიოში უძლიერესი გუნდი იყო. შეიძლება ითქვას, რომ მისი შემადგენლობა დიდი ბრიტანეთის ნაკრებს ავსებდა.

მატჩამდე ოფიციალური შეხვედრა საბჭოთა კავშირის ელჩთან გვქონდა, როცა ჟურნალისტები გაუშვა გვითხრა, მოდით, ერთამანეთთან ღიად ვისაუბროთ - ამხელა ქვეყნის ჩემპიონები ხართ, ლივერპული მსოფლიოში საუკეთესო გუნდია და ძალიან გთხოვთ, დიდი ანგარიშით არ წააგოთო", - იხსენებს ალექსანდრე ჩივაძე.

თბილისურ შეხვედრაში ნოდარ ახალკაცმა შემდეგი ფეხბურთელები ათამაშა:

ოთარ გაბელია, გოჩა მაჩაიძე, ალექსანდრე ჩივაძე, შოთა ხინჩაგაშვილი, გიორგი ჭილაია, ვიტალი დარასელია, მანუჩარ მაჩაიძე (c), ვახტანგ ქორიძე, ვლადიმერ გუცაევი, დავით ყიფიანი, რამაზ შენგელია;

ბობ პეისლის გუნდის შემადგენლობა ასეთი იყო: 

რეი კლემენსი, ფილ ნილი, რეი კენედი, ფილ თომფსონი (c), ალან ჰანსენი, კოლინ ირვინი, კენი დალგლიში, ჯიმი კეისი (დევიდ ფეირკლაფი 77), დევიდ ჯონსონი, ტერი მაკდერმოტი, გრემ სუნესი;

ლივერპულის დამარცხების შემდეგ, ჩემპიონთა თასის 1/8-ფინალურ ეტაპზე, დინამო გერმანულ ჰამბურგს დაუპირისპირდა, რომლის შემადგენლობაში ფელიქს მაგათი, ჰორსტ ხრუბეში, მანფრედ კალცი და კევინ კიგანი თამაშობდნენ. ჰამბურგმა ორი მატჩის ჯამში 6-3 გაიმარჯვა (3-1/ 2-3).

გაზიარება: