მილანი
Aa Aa

“მკლავიდან კუნთი ამომიღეს და ბიოფსიაზე გააგზავნეს“ - მე ალეშანდრე პატო ვარ

„მე ვიცი რასაც ფიქრობ.. ეს უკვე 10 წელია მესმის..

რა მოუვიდა პატოს?

რატომ ვერ მოიგო პატომ ოქროს ბურთი?

რატომ იყო პატო გამუდმებით ტრავმირებული?

ამ კითხვებისთვის დიდი ხნის წინ უნდა მეპასუხა, მაგრამ მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და ბევრს არ ვფიქრობდი. ფანტასტიკურ სამყაროში ვცხოვრობდი, ხოლო როცა საუბარი გადავწყვიტე მითხრეს, რომ კონცენტრაცია მხოლოდ ფეხბურთზე უნდა მომეხდინა..

რეალურად, მე უბრალოდ ბავშვი ვიყავი..

ასე რომ, ვფიქრობ, დროა ყველაფერს ნათელი მოეფინოს. ახლა 32 წლის ვარ და თავს ბედნიერად ვგრძნობ. არავიზე და არაფერზე არ ვარ გაბრაზებული. თუ თქვენ ჭორების დაჯერება გსურთ მე ვერ შეგეწინააღმდეგებით.

მაგრამ თუ გსურთ გაიგოთ რეალურად რა მოხდა, მომისმინეთ..

პირველი, რაც მინდა, რომ კარგად გაიაზროთ არის ის, რომ სახლიდან ძალიან ადრე წამოვედი. როდესაც 11 წლის ხარ ახალი სამყაროს შეცნობა რთულია. ოცნებას მივყვებოდი, მაგრამ მარტო ვიყავი და ასეთ დროს დაკარგვა ძალიან ადვილია.

ღმერთმა დიდი საჩუქარი გამიკეთა, ეს გასაგებია. 10 წლამდე დიდ სტადიონზე არასდროს მქონდა ნათამაშები, რადგან ჩემს ქალაქში მინი ფეხბურთი უფრო პოპულარული იყო. სკოლაში სამოყვარულო ტურნირზე ვითამაშე და სკაუტმა მამაჩემს ჰკითხა:

„არასდროს გიფიქრია, რომ შენმა შვილმა ნამდვილ დიდ მოედანზე ითამაშოს“?

მამაჩემმა უპასუხა, რომ ამაზე დაფიქრება შესაძლებელი იყო. სწორედ ასე მივედი „ინტერნასიონალის“ აკადემიაში და შემდეგ სექს-სასტუმროში აღმოვჩნდი..

ნება მომეცით აგიხსნათ. დედაჩემი ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ მუშაობდა. ყველანაირი ტვირთი მამაჩემს დააწვა. ჩემი და ჩემი ძმის რჩენა მას დაეკისრა. ის მთელი დღე გარეთ იყო და სხვადასხვა შენობებს აშენებდა. სახლში საჭმელი ყოველთვის გვქონდა, მაგრამ განათლებისთვის ვერაფერს ვაკეთებდით. წიგნების ფული არ გვრჩებოდა.

„ინტერნასიონალში“ შესარჩევ ვარჯიშზე წავედით. 9 საათი ვიმგზავრეთ. როგორც აღმოჩნდა, მამას ნორმალური სასტუმროს ფული არ ჰქონდა. კრეატივის ჩართვა მოუწია. რა გააკეთა მან? „სექს-სასტუმროში“ დამაბინავა, რადგან მეტის საშუალება არ ჰქონდა.

ახალგაზრდა ვიყავი და ყველაფერი კარგად ვერ გავიაზრე. ძალიან პატარა ლოგინი დამხვდა. ასეთ სასტუმროში ადამიანებს მეძავებთან სექსი ჰქონდათ და ვერ ვხვდებოდი რას ვაკეთებდი იქ. ამ საკითხზე დღემდე ვეხუმრები მამაჩემს.

1 წლით ადრე, მანქანების სადგომზე ბარიერს გადავახტი, ფეხი წამოვკარი, დავეცი და ხელი მოვიტეხე. ისე შემფუთეს მუმიას ვგავდი. ასეთ მდგომარეობაში ტურნირზე ვითამაშე. მკურნალობის ფული, რა თქმა უნდა, არ გვქონდა, მაგრამ მამაჩემი ისევ კრეატიული აღმოჩნდა. შეხვეული ხელით თამაშის დროს სურათები გადამიღო, საავადმყოფოში წაიღო და ექიმს კაბინეტში შეუტანა. ამის შემდეგ, ფუტსალის ლიგაში თამაშის უფლება დამრთეს.

სინამდვილეში იცით რა ხდებოდა? მამამ ექიმს უთხრა:

„ექიმო, ეს ჩემი შვილია. არ ვიცი როგორ გადავიხადო მისი მკურნალობის ხარჯები, მაგრამ არ მინდა, რომ მან ფეხბურთის თამაში შეწყვიტოს.“

არ ვიცი იქ რა მოხდა. შეიძლება ექიმმა ჩათვალა, რომ კარგად ვიყავი ან ღმერთის ხმა გაიგო.. მან თქვა: „ნუ ნერვიულობ, ოპერაცია ჩემზეა“.

გეუბნებით, ეს სასწაული იყო..

მისი სახელი არასდროს დამავიწყდება - პაულო მარტინეს რუბი ! მან ახალი სიცოცხლე მაჩუქა.

რეაბილიტაციის პროცესი საკმაოდ რთული და მტკივნეული იყო. ახალი ძვალი მჭირდებოდა და ძვლის ბანკს შესაბამისი ძვალი არ ჰქონდა. ისე გამოვიდა, რომ გარკვეული ნაწილი თეძოდან ამომიღეს. 6 თვეში ერთხელ საავადმყოფოში მისვლა მიწევდა. ერთ დღეს კი ჩემი ხელი გამწვანდა. ბოლო ხმაზე ვყვიროდი და გამაყუჩებლის გაკეთებას ვითხოვდი.

საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა და „ინტერნასიონალში“ თამაში შევძელი, მაგრამ ამან უფრო დიდი ტკივილი გამოიწვია, რადგან ჩემი მშობლების დატოვება მომიწია. მათ პორტო ალეგრიში ცხოვრება არ შეეძლოთ. ვფიქრობ, ეს ამბავი დედამ და მამამ უფრო განიცადეს, მაგრამ ხელი არ შემიშალეს.

იცით? ყოველ საღამოს დედა ჩემთვისაც შლიდა სუფრას და ყოველდღე ასწორებდა ჩემს ლოგინს. თითქოს ისევ სახლში ვიყავი.. ჯერ კიდევ ბევრი რამე მქონდა მშობლებისგან სასწავლი.. როგორც ფეხბურთელი ახალი სამყაროსთვის მზად ვიყავი, მაგრამ, როგორც პიროვნება არა!

რეალურად არც „ინტერნასიონალის“ აკადემიისთვის ვიყავი მზად. იქ პატარა ბავშვებს უფროსი ფეხბურთელებისთვის საცვლები და ბუცები უნდა გაეწმინდათ. იქ ერთი საშინელი თამაში დამხვდა, რომელიც ტრადიცია აღმოჩნდა. იღებდნენ ხის ჯოხს და ბავშვებს ფეხებში ურტყამდნენ.

ბევრს ვტიროდი, ჩემს ოთახში ვიკეტებოდი. ამ ამბავს კი დედას ვერ ვუყვებოდი, რადგან მეორე დღესვე მოვიდოდა და წამიყვანდა. ამიტომ ვუთხარი, რომ იქ ყველაფერი იდეალურად იყო. ფეხბურთი? ფეხბურთი ჩემთვის უბრალოდ გასართობი იყო. ძალიან მალე 15-წლამდე გუნდში გადავედი.

17 წლის ასაკში მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ვითამაშე. ნახევარფინალში გოლი გავიტანე, ხოლო ფინალში „ბარსელონას“ წინააღმდეგ ვითამაშე. სწორედ მაშინ გავიცანი რონალდინიო. მის აღსაწერად საკმარისი სიტყვები არ არსებობს. ის ჯადოქარია, რეალური ადამიანი არ არის! იმ დღეს, თავს მის მეტოქედ ვერ ვგრძნობდი, თავი მისი ფანი მეგონა. გვირაბში მაისური ვთხოვე და დამპირდა, რომ მატჩის შემდეგ მომცემდა.

თამაში დასრულდა და მისი ძებნა დავიწყე. ყველა რონალდინიოსკენ წავიდა და მაისური თხოვა, მაგრამ მან პირობა შეასრულა და მე მომცა. დიახ, ასეთია გაუჩო!

მოგეხსენებათ, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ბრაზილიაში ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია. როდესაც 1:0 მოვიგეთ ყველა ბედნიერი იყო. კანოასის გარშემო სახანძრო მანქანით ვსეირნობდით. ხელში თასი მეჭირა და ხალხი ჩემს სახელს სკანდირებდა.

წარმოგიდგენიათ? 7 წლით ადრე დიდ სტადიონზე ფეხბურთი ნათამაშები არ მქონდა. ახლა კი მსოფლიო ჩემპიონი ვიყავი. ამის შემდეგ შემოთავაზება „რეალიდან“, „ბარსელონადან“, „აიაქსიდან“ და „მილანიდან“ მქონდა. რატომ ავირჩიე „მილანი“? ნება მომეცით კითხვა დაგიბრუნოთ.

ოდესმე „მილანით“ FIFA-ში გითამაშიათ?

ისინი არარეალურები იყვნენ.. კაკა, ზეედორფი, პირლო, მალდინი, ნესტა, გატუზო, შევჩენკო, რონალდო.. ამ ფეხბურთელების გვერდით უნდა მეთამაშა. „როსონერის“ ჩემპიონთა ლიგა ახალი მოგებული ჰქონდა და დაუფიქრებლად გადავწყვიტე იტალიაში გადაბარგება.

როდესაც მილანში ჩავედი სამედიცინო შემოწმება გავიარე. მხედველობის ტესტის დროს, მარცხენა თვალზე იმდენად ძლიერად მივიჭირე ხელი, რომ, როცა გავახილე არაფერი ჩანდა. ექიმმა გუგების გამაფართოებელი ჩამაწვეთა და ვერაფერს ვხედავდი. იცით ვინ შემოვიდა იმ დროს ოთახში? თვით კარლო ანჩელოტი.

მან თქვა: „ტუტნო ბენე“?(როგორ ხარ)

ვუთხარი, რომ ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ მას თითქმის ვერ ვხედავდი. შემდეგ, სურათი გადავიღეთ და თვალები დახუჭული მქონდა. ანჩელოტიმ სასადილო ოთახში შემიყვანა და ჩემი თავი ყველას გააცნო. მოთამაშეები ფეხზე წამოდგნენ, რათა ჩემთვის ხელი ჩამოერთმიათ. რონალდო, კაკა, ზეედორფი - ეს ნამდვილი სასწაული იყო.

ეს პირველი მილანური დღე იყო.. ფიფა-დან რეალობაში აღმოვჩნდი..

ამ ლეგენდებთან ერთად ვარჯიში ახდენილი ოცნება იყო. ბრაზილიურმა მხარემ ხელგაშლილი მიმიღო. რონალდო, კაკა, კაფუ, დიდა, ემერსონი.. არა კაფუსთან არ ვცხოვრობდი! უბრალოდ ბევრ დროს ვატარებდით ერთად. იცით? იმ დროს მისი შვილები თითქმის ჩემი ასაკის იყვნენ.

ბრაზილიელები ვარჯიშზე დიდ დახმარებას მიწევდნენ. იმ დროს „მილანში“ საქართველოს ნაკრების კაპიტანი გიგანტი კახა კალაძე თამაშობდა, რომელმაც ვარჯიშზე ისე მომჩეხა, რომ ის ტკივილი დღემდე მახსოვს.

ბრაზილიელებმა მითხრეს, რომ არ მენერვიულა და თუ ის უხეშად მეთამაშებოდა, მეც იგივე გამეკეთებინა.

ამის შემდეგ, ერთ-ერთ ვარჯიშზე ბურთით კალაძე იყო და საკმაოდ უხეშად წავაქციე. წამოდგა, ჩემსკენ წამოვიდა და მეგონა, რომ დამარტყამდა. ხელი აწია, ძალიან დავიძაბე და ამ დროს მოულოდნელად ცერა თითი ასწია.

კალაძემ თქვა: “Buon lavoro,” - ანუ ყოჩაღ!

ეს იყო მენტალიტეტი, რომელიც „მილანში“ სურდათ.

ანჩელოტი ჩემთვის მამასავით გახდა. თავის ძაღლს პატოც კი დაარქვა. მისგან ბევრი რამ ვისწავლე. კარლომ ფეხბურთელებს ჩემთვის გრძელი პასის გაკეთება დაავალა. პირლომ მითხრა: „შენ უბრალოდ გაიქეცი და ბურთი თავისით მოვა.“

მეორე დღეს, საწვრთნელ ბაზაზე მივედი, რათა ჯარიმების შესრულებაში მევარჯიშა. იცით ვინ დამხვდნენ იქ? პირლო, ზეედორფი, ბექჰემი და რონალდინიო. შანსი არ მქონდა, უბრალოდ დავჯექი და ვუყურებდი.

სილვიო ბერლუსკონისთან კარგი ურთიერთობა მქონდა. მე მის ქალიშვილს ვხვდებოდი. იმ პერიოდში მხოლოდ ფლანგზე ვთამაშობდი. გუნდის პრეზიდენტმა შუაში თამაში მირჩია. მალე იგივე ანჩელოტიმაც მითხრა.

სწორედ ასე გავიტანე გოლი „კამპ ნოუზე“. უზარმაზარი სივრცე დავინახე და უბრალოდ გავიქეცი. როდესაც ვალდესი გამოვიდა დავიბენი. არ ვიცოდი დამერტყა თუ მისი მოტყუება მეცადა. იცით? მე მისგან მარცხნივ ვურტყამდი და ბურთი ფეხებს შორის გაუძვრა. ეს ნამდვილი იღბალი იყო.

ვფიქრობ, ღმერთს უნდოდა, რომ ის გოლი გამეტანა..

გულის სიღრმეში ვფიქრობდი გუარდიოლა უყურებდა, თუ არა ამ მომენტს. მისით აღფრთოვანებული ვიყავი. მატჩის შემდეგ, პეპმა ჩემზე თქვა, რომ უსაინ ბოლტიც კი ვერ დამიჭერდა იმ მომენტში. ეს იყო საუკეთესო გოლი, რომელიც კარიერაში გავიტანე..

ხალხი დღემდე მოდის ჩემთან და 24-ე წამს მახსენებს.. ეს იყო დღეები, როდესაც მეგონა, რომ მწვერვალზე ვიყავი..

მოლოდინი ძალიან დიდი იყო. მე ვიყავი ფეხბურთელი, რომელიც სუპერ ნიჭით იყო დაჯილდოებული. ბრაზილიის ნაკრებში ვთამაშობდი, პრესა ჩემზე წერდა, გულშემატკივრებიც გამუდმებით ჩემზე საუბრობდნენ..

პატო მსოფლიოში საუკეთესო იქნება..

პატო ოქროს ბურთს მოიგებს..

ეს ყურადღება მიყვარდა, მინდოდა, რომ არასდროს დასრულებულიყო.. მაგრამ იცით რა მოხდა?

ოცნებებში გადავეშვი. მიუხედავად იმისა, რომ ისევ ბევრს ვმუშაობდი, ოცნებებმა არარეალურ სამყაროში გადამაგდო. გონებაში უკვე ოქროს ბურთი მეჭირა ხელში. ასეთ დროს თავს ვერაფერს მოუხერხებ, ძალიან რთულია.. ამისთვის ბევრი რამ გავაკეთე და რატომაც არა?

როდესაც მე „Golden Boy”, ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გავხდი ოქროს ბურთზე არ ვფიქრობდი. მე უბრალოდ სიამოვნებას ვიღებდი და უცებ სიურპრიზი.....

როდესაც აწმყოში ვცხოვრობდი შეუჩერებელი ვიყავი.. მაგრამ ჩემს თავში მომავალი გაიჭედა..

2010 წელი - პირველი სერიოზული ტრავმა, რომელიც ქრონიკულში გადაიზარდა. შიში გამიჩნდა, ჩემს სხეულს აღარ ვენდობოდი. დავიწყე იმაზე ფიქრი, თუ რას იტყოდნენ გულშემატკივრები ჩემზე.

ხალხი ჩემგან სეზონში 30 გოლს ელოდებოდა და მე მინდორზეც კი ვერ გავედი.. იცით ასეთ დროს რა ხდება? დაინახავ, თუ ვის უყვარხარ რეალურად.. ჩემგან ძალიან ბევრი ადამიანი წავიდა..

თავს მარტოსულად ვგრძნობდი. „ინტერნასიონალში“ ყოველთვის დაცული ვიყავი. ყველამ ყველაფერი გააკეთა ჩემთვის. არაფერი ვიცოდი დიეტის, ფიზიკური მომზადების და ტრავმების შესახებ, რადგან არ მჭირდებოდა. ერთადერთი, რაც უნდა მეკეთებინა ფეხბურთის თამაში იყო.

როდესაც „მილანში“ გამიჭირდა წარმოდგენა არ მქონდა რა უნდა გამეკეთებინა. დღეს ყველა ფეხბურთელს თავისი გუნდი ჰყავს გარშემო. ექიმი, მწვრთნელი, ფიზიკური მომზადების მწვრთნელი.. როგორც აღმოჩნდა, „მილანში“ ერთი ახლობელიც კი არ მყავდა. ჩემი ოჯახი კი კვლავ ბრაზილიაში ცხოვრობდა. მე მყავდა აგენტი, რომელიც ჩემზე ისე არ ზრუნავდა, როგორც ახლა ზრუნავენ სხვადასხვა ფეხბურთელებზე.

რა თქმა უნდა, „როსონერის“ ექიმები ჰყავდა, მაგრამ მათ 20-25 ფეხბურთელზე უნდა ეზრუნათ და გამუდმებით ჩემთან ვერ იქნებოდნენ. ატალანტაში გავფრინდი და სხვა ექიმმა მიმკურნალა. „ბარსელონასთან“ განმეორებითი მატჩის წინ, მხოლოდ ერთი ვარჯიში მქონდა ჩატარებული და ისე ვითამაშე. რა მოხდა? ტრავმა მივიღე. ნესტა ბოლო ხმაზე ყვიროდა, რომ მე არ უნდა მეთამაშა.

არ ვიცოდი როგორ მუშაობდა ინდუსტრია. „ინტერნასიონალში“ საერთოდ არ მაინტერესებდა ჩემი კონტრაქტის პირობები. ფეხბურთელი მსახიობს ჰგავს, რომელიც სცენაზე გამოდის და ასრულებს იმას, რაც საჭიროა.

როდესაც ჟურნალისტებმა ჩემზე ტყუილების დაწერა დაიწყეს, პიარ კამპანიის თანამშრომელი არ მყავდა. რაღაცები ჩემით უნდა ამეხსნა, მაგრამ არასდროს მესმოდა, თუ რა ძალა ჰქონდა კარგ კომუნიკაციას და ურთიერთობების დამყარებას..

ბევრს ვსვამდი და ვქეიფობდი? იმდენად ბევრს არა, რამდენსაც ჟურნალისტები წერდნენ. ფეხბურთის თამაშის სურვილი დავკარგე? ისინი ამას ჩემი არჩეული გზის გამო ამბობდნენ. კარგით რა, ვინ იცის რა მოხდა სინამდვილეში? ღმერთმა ასეთი შემქმნა და ამას ვერავინ შეცვლის.

მათ სურდათ, რომ ავფრენილიყავი. მათ ჩემი სისხლი, ცრემლი და ოფლი სურდათ. ცრემლები ბევრჯერ წამომივიდა და საკმაოდ მძიმე ფასი გადავიხადე..

გახსოვთ პსჟ-ს ამბავი? გალიანი ტევესის ტრანსფერის თაობაზე ინგლისში იმყოფებოდა და „პარი სენ ჟერმენმა“ საოცარი წინადადებით მომმართა. წასვლა მინდოდა, რადგან იქ იმ დროს ანჩელოტი მუშაობდა, მაგრამ გალიანიმ დარჩენა მთხოვა. პრესა აფეთქდა.. ისინი წერდნენ, რომ წასვლა არ მინდოდა და ტევესთან ერთად ჩემპიონები გავხდებოდით. სიმართლე არავინ იცოდა.. მე წასვლა ძალიან მინდოდა..

იცით როგორ ვცდილობდი დაბრუნებას?

მთელი მსოფლიო მოვიარე. ყველა ექიმი ვნახე, რომელთა ნახვაც ღირს. დიაგნოზი? ჩემი რეფლექსები კუნთებთან შესაბამისი არ იყო. ასეთი რამ მილიონში ერთს ემართება. გერმანიაში ერთ-ერთმა ექიმმა ზურგში რაღაც ინექცია გამიკეთა, რის გამოც მეორე დღეს მიუნხენის აეროპორტში ტკივილის გამო მოხრილი დავდიოდი. ერთი ექიმი ყოველდღე 20 ნემსს მიკეთებდა. შემეძლო ასე სამუდამოდ გამეგრძელებინა..

ყოველ თვე ახალ ექიმს ვხვდებოდი. ჯანდაბა.. ვერავინ იგებდა რეალურად რა მჭირდა..

ძალიან ბევრს ვტიროდი. მეშინოდა, რომ ფეხბურთს ვერასდროს ვითამაშებდი..

სწორედ ამ მიზეზით 2013 წელს „კორინთიასში“ წავედი. იქ რონალდოს პირადი ექიმი მუშაობდა, მაგრამ მხოლოდ ეს მიზეზი არ ყოფილა. 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მსურდა თამაში.

ბრაზილიაში ჩავედი და ბრუნო მაზიოტიმ მკლავიდან კუნთი ამომიღო და ბიოფსიაზე გააგზავნა. საწოლში ვიწექი და ტკივილისგან ვკანკალებდი. 20 დღის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ კუნთების გარკვეული ნაწილი ტრავმების გამო დამიმოკლდა. ფეხების წინა მხარეს გაცილებით დიდი კუნთი მქონდა, ვიდრე უკან. სხეული დაუბალანსებელი გახდა.

მადლობა ღმერთს, ბრუნომ ჩემი ფორმაში ჩაყენება შეძლო. 2013 წლის შემდეგ, კუნთის მხოლოდ 3 ტრავმა მივიღე. უბრალოდ სამწუხარო იყო, თუ როგორ განვითარდა მოვლენები „კორინთიასში“..

მე იქ, როგორც ცნობილი და წარმატებული ფეხბურთელი ისე ჩავედი. როდესაც ბრაზილიაში ბევრს ფულს შოულობ გულშემატკივრები უფრო მეტს ითხოვენ შენგან. ბრაზილიის თასის მეოთხედფინალში „გრემიოს“ წინააღმდეგ პენალტი ვერ გავიტანე. საშინლად დავარტყი.. გულშემატკივრებმა მწვავედ გამაკრიტიკეს, მაგრამ ჩემს თანაგუნდელებს ხელი არ დაურტყამთ. პრესაში სიცრუე გავრცელდა..

მაგრამ იცით? ფანებს ჩემი მოკვლა უნდოდათ. იმ პერიოდში შეიარაღებული დაცვის თანხლებით დავდიოდი. ტყვიაგაუმტარი მანქანაც კი დამჭირდა.. ერთხელ ვარჯიშზე ქომაგები შემოიჭრნენ, მათ ხელში დანები და ქვები ეჭირათ. ასეთი რამ ფეხბურთში არ უნდა ხდებოდეს..

იცით რატომ ვითამაშე ბევრად უკეთ „სან პაულუში“? იმიტომ, რომ იქ წესიერი ყურადღება მომაქციეს, თუმცა, როდესაც „ჩელსიდან“ დამირეკეს კვლავ ევროპაზე ვოცნებობდი.

წინდაუხედავობის გამო ფასი ისევ გადავიხადე.. როგორც უკვე მოგახსენეთ, კონტრაქტის დეტალებში ვერასდროს ვერკვეოდი. ყველაფერი ჩემს აგენტს მივანდე. ლონდონში 6-თვიანი იჯარის წესით წავედი და ვფიქრობდი, რომ ამის შემდეგ, 3-წლიან ხელშეკრულებას გამიფორმებდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. კარგად ვვარჯიშობდი, მაგრამ მწვრთნელმა მხოლოდ ორჯერ მათამაშა. ამის მიზეზს ვერასდროს ჩავწვდი..

შემდეგ ისევ „კორინთიასში“ დავბრუნდი, სადაც ხალხი ჩემი მდგომარეობიდან გამოყვანას ცდილობდა. ევროპაში დარჩენა მინდოდა.. ამიტომ გავაკეთე ის, რაც არასდროს გამიკეთებია. ბონერას დავურეკე, რომელსაც „მილანიდან“ ვიცნობდი და იმ დროს ის „ვილიარეალში“ თამაშობდა. ვთხოვე, რომ ხელმძღვანელობისთვის ეკითხა დაინტერესდებოდნენ, თუ არა ჩემი გადაბირებით.

მწვრთნელმა მარსელინომ გარიგება შემომთავაზა და ესპანეთში წამოვედი. სასაცილოა, ტრანსფერი ჩემით გავჩარხე. კონტაქტები, ურთიერთობები.. ასე მუშაობს ფეხბურთი.. ეს ჩემთვის გარდამტეხი მომენტი იყო..

ამ წლების განმავლობაში ისე ვიქცეოდი, თითქოს ისევ ის ბავშვი ვიყავი, რომელიც „ინტერნასიონალში“ თამაშობდა. 27 წლის ასაკში მივხვდი, რომ ჩემში რაღაც უნდა შემეცვალა. ჩემი ბედის მართვა მომიწია..

სამწუხაროდ, ვერც „ვილიარეალში“ ვითამაშე.. „ტიანჯინ ტიანჰაი“ გამოცხადებასავით იყო. შეყვარებულს დავშორდი და სათამაშოდ ჩინეთში წავედი.

დავიწყე ფსიქიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. ვნახე თერაპევტი და ვისწავლე, როგორ ვიპოვო ბედნიერება შრომისმოყვარეობაში. სიამოვნებას მაინც ვიღებდი, მაგრამ ფეხბურთს ისე ვუყურებდი, როგორც სამსახურს. გესმით? .. პასუხისმგებლობა ჩემი კარიერის ყველა ასპექტზე ავიღე.

ბავშვი მომწიფდა.. კარგად ვთამაშობდი და მესმოდა, რომ ფეხბურთი იმაზე მეტია, ვიდრე, რაც სტადიონზე ხდება. ეს ჩემთვის დამაკმაყოფილებელი იყო.

მიუხედავად ამისა, მაინც არასწორი გზით წავედი. ჩინეთის შემდეგ, თავი მარტოსულად ვიგრძენი, მოვიწყინე და ლოს-ანჯელესში გავემგზავრე. თავისუფლებით დატკბობა გადავწყვიტე. მინდოდა საუკეთესო მანქანა, საუკეთესო სასტუმრო საუკეთესო წვეულებები.. მოვხვდი ადგილზე, სადაც პატარა გოგო, რომელიც არასრულწლოვანი იყო კოკაინით კაიფობდა. უცებ დავფიქრდი და ჩემ თავს კითხვა დავუსვი. რას ვაკეთებ აქ?

ეს არ იყო ის, რაც მინდოდა. ცარიელ სამყაროში აღმოვჩნდი. ჩემს თავს კიდევ ერთი კითხვა დავუსვი: „მთელი ცხოვრება მარტო ყოფნას აპირებ?“

ბრაზილიაში დავბრუნდი და ძველ მეგობარს რებეკას შევეხმიანე. ვკითხე უნდოდა, თუ არა ჩემი ნახვა. ის მაშინვე დამთანხმდა და ყავის დასალევად წავედით. იმ მომენტში მივხვდი, რომ ეს იყო, რაც მჭირდებოდა.

შემდეგ შეხვედრაზე ვუთხარი, რომ ეკლესიაში უნდა წავსულიყავით. გაუკვირდა.. ეს იყო გამოცხადება ! ბიბლიას ყველა ის პასუხი ჰქონდა, რომელსაც ვეძებდი. ცაში ავიხედე და ღმერთს ვუთხარი: „აღარ მინდა ასეთი ცხოვრება“..

იმ დღის შემდეგ, ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა..

„ორლანდოში“ თამაშისას მუხლის ტრავმა მივიღე, მაგრამ არ შემეშინდა. არც ვინერვიულე. ვიცოდი, როგორ უნდა მიმეხედა თავისთვის. უფრო ძლიერი გავხდი!

შეიძლებოდა თუ არა, რომ ჩემი კარიერა სხვანაირი ყოფილიყო? რა თქმა უნდა, მაგრამ ამ გადმოსახედიდან ადვილია უკან გახედვა და იმის თქმა, თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავი..

იცით? ჩვენ მხოლოდ ერთი შანსი გვაქვს, რომ ამ სამყაროში ვიცხოვროთ..

მე ისევ მჯერა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე შემიძლია თამაში. შეხედეთ ტიაგო სილვას და დანი ალვეშს ! ისინი 37 და 39 წლის არიან და აუცილებლად ითამაშებენ ყატარში.

ასაკის მატებასთან ერთად ხვდები რა გაბედნიერებს. მეგონა, რომ ფეხბურთს ყველაფერი ჰქონდა, რაც ბედნიერებისთვის იყო საჭირო.

შესაძლოა მე არ გავხდი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით..

ჩემს ოჯახთან საოცარი ურთიერთობა მაქვს..

საკუთარ თავში სიმშვიდე ვიპოვე..

მყავს ცოლი, რომელიც მიყვარს..

ჩემს ფიქრებში კი ბევრი ოქროს ბურთი მაქვს..

ცხოვრება თუ თამაშია, მე მოვიგე..“ - მე ალეშანდრე პატო ვარ

გაზიარება: