მიშელ პლატინი, რაიან გიგზი, ლედლი კინგი
Aa Aa

10 ფეხბურთელი, რომლებსაც წითელი ბარათი არასდროს მიუღიათ

საფეხბურთო სამყაროში ბევრ ცუდ ბიჭს ვიცნობთ: პეპე, ვინი ჯოუნსი, მარკო მატერაცი, მარკ ვან ბომელი - მათ ისტორიაში სახელი უხეში მოთამაშის სტატუსით ჩაწერეს და „კოლექციაში“ არაერთი წითელი ბარათი აქვთ. მეორე მხრივ, არიან ისეთებიც, რომლებსაც კარიერის განმავლობაში ერთი წითელი ბარათიც კი არ მიუღიათ. ამ სტატიაში რამდენიმე მათგანზე ვისაუბრებთ, მათი დიდი ნაწილი ლეგენდები არიან და თამაშისა და მეტოქეების მიმართ გამოვლენილი განსაკუთრებული პატივისცემის გამო გულშემატკივრებში კიდევ დამატებითი სიყვარულის ხაზი აქვთ. ცალკე აღსანიშნავია ამ სიაში მყოფი მცველები და საყრდენი ნახევარმცველი. მოდი, დავასახელოთ 10 ფეხბურთელი, რომლებიც მოედნიდან არასდროს გაუძევებიათ. ბარემ, აქვე, არ დაგვავიწყდეს პეტერ შილტონი - 31-წლიანი პროფესიონალური კარიერის განმავლობაში არც ერთი ყვითელი ბარათი არ მიუღია, მაგრამ ერთხელ მოედნიდან მაინც გააძევეს.

პირველი - კარიმ ბენზემამ 2021-22 წლების სეზონი ფანტასტიკურად ჩაატარა და „ოქროს ბურთის“ მოგების უდავო ფავორიტად ითვლება. საკლუბო დონეზე გამართულ 46 მატჩში 44 გოლი და 15 საგოლე გადაცემა მიითვალა. ზოგადად, კარიმი მკვეთრად საჯარიმოს ფორვარდი არასდროს ყოფილა, რაც გარკვეულწილად გასულ სეზონზეც ითქმის. უკან ხშირად იწევს, რათა თანაგუნდელებს ბურთის გათამაშებაში დაეხმაროს და არც დაცვით ოპერაციებში მონაწილეობას ერიდება. ამ ფონზე, შთამბეჭდავია მისი შედეგი, რომ კარიერის განმავლობაში წითელი ბარათი არასდროს დაუმსახურებია. იმ ინტენსივობისა და სისწრაფეების ფონზე, რომელთა გამკლავებაც კარიმს თითოეულ თამაშში უწევს, ეს მართლაც შთამბეჭდავი ამბავია. ისღა დაგვრჩენია, მის კარიერას თვალი მივადევნოთ და დავაკვირდეთ, რამდენად შეძლებს ამ სასიამოვნო სერიის ბოლომდე შენარჩუნებას.

მეორე - ჩვენი სიის კიდევ ერთი წარმომადგენელი, რომელიც ჯერ კიდევ აქტიური ფეხბურთელია ანდრეს ინიესტაა. „ბარსელონას“ მთავარ გუნდში დებიუტი 18 წლის ასაკში ჰქონდა და პირველივე მატჩებიდან მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ხისტ და ინტენსიურ ლიგაში თამაში უწევდა. თუმცა, „ილუზიონისტი“ მუდამ კრეატიული, მაღალინტელექტუალური და ლამაზი სტილით იყო ცნობილი, უმაღლეს დონეზე განვითარებული სამუშაო ეთიკითა და ბრწყინვალე სათამაშო დისციპლინით. „ბლაუგრანას“ ექს-თავკაცი, ფრენკ რაიკაარდი ამბობდა, რომ ინიესტა არის ფეხბურთელი, რომელიც ყველგან თამაშობს, მოედნის ნებისმიერ მონაკვეთში შეხვდები და უდიდეს სამუსაოს ასრულებს. ანდრესის განსაკუთრებული სიმშვიდე და ინტელიგენტური თამაშის მანერა ბევრ მეტოქეს აცოფებდა და მის წინააღმდეგ უხეშ ჯარიმებს ხშირად იღებდნენ, რამაც შეიძლება, წყობიდან გამოგიყვანოს, მაგრამ არა მაშინ, როცა ანდრეს ინიესტა ხარ. ყოველთვის ახერხებდა, რომ წონასწორობა არ დაეკარგა და უხეშობისთვის ელეგანტურობით ეპასუხა. „ინი“ ამჟამად ფეხბურთის თამაშს იაპონიაში აგრძელებს და ჯერ კიდევ არსებობს შანსი, რომ უწითელბარათო სვლა შეწყდეს, მაგრამ ვინმეს გჯერათ ამის?!

მესამე - ჩვენს ლისთში ადგილი ისეთი სუპერ ლეგენდისთვისაცაა, როგორიც მიშელ პლატინია. მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი ფეხბურთელი, რომელსაც 70-იანებისა და 80-იანების პერიოდში უბრწყინვალესი კარიერა ჰქონდა. ასევე ორ ექსტრა კლასის ნახევარმცველთან - ლუის ფერნანდესთან და ჟან ტიგანასთან ერთად, მიშელი ქმნიდა შესანიშნავ კომპანიას, რომლის წყალობითაც 80-იანებში საფრანგეთის ნაკრები უძლიერეს გუნდთა შორის იყო. ამ ყველაფრის გვირგვინი 1984 წლის ევროპის ჩემპიონატი გამოდგა, როცა „სამფეროვნებმა“ ისტორიაში პირველი დიდი ტიტული მოიგეს. აღნიშნულ გათამაშებაზე პლატინიმ 5 მატჩში 9 გოლი შეაგდო და მხოლოდ ციფრებიდანაც კარგად ჩანს, რამდენად წინ იყო ნებისმიერ სხვა ფეხბურთელზე - ბომბარდირებში მეორე ადგილზე გასულმა დანიელმა ფრანკ არნესენმა 3 გოლი გაიტანა. ფრანგმა „ათიანმა“ კარიერის განმავლობაში „ნანსის“, „სენტ ეტიენისა“ და „იუვენტუსის“ მაისურით ჯამურად 580 შეხვედრა ჩაატარა, რასაც ნაკრების რიგებში გამართული 72 თამაშიც ემატება. მინდორზე უმაღლეს დონეზე განვითარებული დისციპლინით, ეთიკითა და საუცხოო რეპუტაციით გამოირჩეოდა, რასაც მის შემდგომ მოღვაწეობაზე ვერ ვიტყვით და სასამართლოსგან ფეხბურთში სამუდამო დისკვალიფიკაციაც მიიღო.

მეოთხე - მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფლანგის მცველებს შორის ფილიპ ლამსაც ხშირად შევხვდებით. გერმანელი შესანიშნავი ინტელექტით, ტექნიკით, ბურთთან კომუნიკაციისა და თამაშის წაკითხვის კარგი უნარით ხასიათდებოდა. მრავალფეროვანი საფეხბურთო არსენალი საშუალებას აძლევდა, ცენტრალური და საყრდენი ნახევარმცველის პოზიციებზეც ეთამაშა, გუნდს ბურთის გათამაშებაში დახმარებოდა და ართმევით ოპერაციებშიც საკვანძო ფიგურა ყოფილიყო. დღევანდელი მცველებივით, რომელთა შორისაც მაგალითად ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი მოვიყვანოთ, შეტევების ორგანიზებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, თანაგუნდელებს კარნახობდა და პრესინგშიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა. მისი ფუნქციების ჩამოთვლა, შეიძლება, გეზედმეტათ, მაგრამ ეს იმიტომ გავაკეთე, რომ მის მიერ მიღებული ყვითელი ბარათების სტატისტიკის გამაოგნებლობა კიდევ უფრო ნათლად აღვიქვათ. ლამმა პროფესიონალურ კარიერაში 765 შეხვედრა ჩაატარა და 60 ყვითელი ბარათი მიიღო, რაც ნიშნავს, რომ საშუალოდ ყოველ 13 თამაშში ერთხელ აფრთხილებდნენ. ნამდვილად შთამბეჭდავია და, აბა, რანაირად წარმოგიდგენიათ, რომ მოედნიდან გაეძევებინათ.

მეხუთე - ახალგაზრდებს ან იმ ადამიანებს, რომლებმაც ფეხბურთის ყურება 2000-იანების შემდეგ დაიწყეს, გარი ლინეკერის სახელი უფრო მეტად საფეხბურთო ანალიტიკოსთან და წამყვანთან ასოცირდება. არადა, იგი თავისი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი იყო და 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. იმ მუნდიალზე გარიმ 6 გოლი შეაგდო და ინგლისთან ერთად 1/4 ფინალამდე მივიდა, იქ კი მარადონას მაგიის გამო დამარცხდა. დიეგომ ორი გლობალურად ყველაზე ცნობილი გოლი სწორედ ლინეკერის გუნდს გაუტანა. კარიერის უდიდესი ნაწილი პრემიერ ლიგაში გაატარა, 3 წელი - „ბარსელონაში“, ხოლო 2 – იაპონურ „ნაგოიაში“. იგი თამაშობდა ისეთ ეპოქაში, როცა მცველები ძალიან აგრესიულად მოქმედებდნენ და ამისთვის სათანადოდ არ ისჯებოდნენ, რა დროსაც შემტევებისთვის ნერვების მოთოკვა რთულია. თუმცა, ლინეკერმა შეძლო და 16-წლიან პროფესიონალურ კარიერაში არც ერთი წითელი ბარათი არ მიუღია.

მეექვსე - სათამაშო პოზიციიდან გამომდინარე, ჟოაო მოუტინიოს ამ სიაში მოხვედრაც საკმაოდ გასაკვირი ამბავია. მით უფრო, რომ იგი ერთ-ერთი ის იშვიათი ჯერაც აქტიური ფეხბურთელია, რომელსაც 1000-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული. ასეთები კიდევ ინიესტა, მესი, ბუფონი, რონალდუ და დანი ალვეში არიან, მათ ფონზე მოუტინიოს სახელი ნამდვილად არ ბრჭყვიალებს, მაგრამ პორტუგალიელსაც, უდავოდ, საამაყო კარიერა აქვს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პორტუგალიის „ოქროს თაობის“ წევრია და 2016 წლის ევროზე ნაკრების ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე იყო, 3 წლის შემდეგ კი ამავე სტატუსით ერთა ლიგის გათამაშებაც მოიგო. საერთოდ, მოუტინიოს ტიტულატურაში 15 თასია, რაც უბრალო მაჩვენებელი რომ არაა, ნათელია. ამდენი ჩატარებული მატჩის, ემოციებისა და თავგადასავლების ფონზე, საყრდენ ნახევარმცველს ერთი წითელი ბარათიც არ მიუღია. ისიც გავითვალისწინოთ, რომ ჩვენს ათეულში მოუტინიოს ამპლუის და ფუნქციების სხვა არც ერთი ფეხბურთელი არაა.

მეშვიდე - ამ განსაკუთრებულ ჩამონათვალში კიდევ ერთი ინგლისელი, ლედლი კინგია. ტანმაღალი მცველი ერთგულებით რომ გამოირჩევა, იქიდანაც ჩანს, რომ მთელი კარიერის განმავლობაში „ტოტენჰემის“ მაისური ეცვა და ახლაც იქ მუშაობს. პირველი გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტია. ასევე იმითაც არის ცნობილი, რომ თითქმის 20 წელი პრემიერ ლიგის ყველაზე სწრაფი გოლის ავტორი იყო - 2000 წლის დეკემბერში, „ბრედფორდს“ დაწყებიდან 9.82 წამში გაუტანა. ზოგადად, ლედლი თავის თაობაში ერთ-ერთ საუკეთესო ინგლისელ ცენტრალურ მცველად ითვლებოდა, თუმცა მუხლის ქრონიკული პრობლემების გამო კარიერის ნაადრევად დასრულება მოუწია. მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში 1999-დან 2012 წლამდე უსწრაფეს უმაღლესი დონის შემტევებთან გამკლავება უწევდა, თუმცა არასდროს ისეთი რამ არ გაუკეთებია, რომ მსაჯებისგან წითელი ბარათი დაემსახურებინა.

მერვე - არც ისე იშვიათად გავიგებთ მოსაზრებას, რომ რაული ესპანური ფეხბურთის ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. რთულია მონახო ისეთივე ელეგანტური და მომაკვდინებელი მარცხენა ფეხი, როგორიც „რეალის“ სიმბოლოს ჰქონდა. ძალიან ტექნიკური და აკურატული თამაშის მანერა საშუალებას აძლევდა, მასზე ფიზიკურად გაცილებით ძლიერი მცველების წინააღმდეგ თევზივით ელავირა და მოედანზე ისეთი რამეები ეკეთებინა, რაც მხოლოდ მის გონებაში იყო. ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში 18 სეზონი გაატარა, რა პერიოდშიც 932 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ამას „ფურია როხას“ მაისურით გამართული 102 თამაშიც დავუმატოთ. ესპანელი ლეგენდა მსაჯებისგან შენიშვნას იშვიათად იმსახურებდა, იმის მიუხედავად, რომ კარიერის დიდი ნაწილი კაპიტნის სტატუსით გაატარა და მათთან კომუნიკაცია და თუნდაც კამათი პროცესის შემადგენელი ნაწილი იყო.

მეცხრე - ჩვენი სიის ეს წევრი, შესაძლოა, ზოგი აქაურივით მსოფლიო დონის ვარსკვლავი არ იყო, მაგრამ საკმაოდ მაღალ დონეზე ითამაშა და არც აქტიური გულშემატკივრის თვალწინ სჭირდება წარდგენა. „ჩელსისა“ და „ნიუკასლში“ გატარებული 3-3 სეზონის ფონზე, 7 წელი - „ბლექბერნის“, ხოლო 5 წელი „ფულემის“ მაისურით თამაშობდა, რასაც ირლანდიის ნაკრებში ჩატარებული 100 შეხვედრაც ემატება. „აირიშებთან“ ერთად 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა, 2012-ში კი - ევროპირველობაზე. დაფს ორიგინალური სათამაშო სტილი ჰქონდა და მისი მოტყუებები და მოძრაობები იმის წინაპირობა გახდა, რომ არა მხოლოდ გულშემატკივარი მოეხიბლა, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთ გრანდში მნიშვნელოვანი როლი მოერგო. „არისტოკრატებთან“ ერთად პრემიერ ლიგის ორი ტიტული, ლიგის თასი და „ქომუნითი შილდი“ თითო-თითოჯერ და კარიერაში გამართულ 732 მატჩში არც ერთი გაძევება - Not too bad.

მეათე - მიშელ პლატინის მსგავსად, საფეხბურთო კარიერაში შექმნილი სამაგალითო რეპუტაციის ფონზე, ვერც რაიან გიგზი იამაყებს იმით, რაც მის თავს ბოლო წლებში ხდება. ლეგენდარული უელსელი აქტიური საფეხბურთო კარიერისას ერთ-ერთი ყველაზე მშრომელი და სტაბილური მოთამაშე იყო, რის წყალობითაც მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში 24 სეზონი (!!!) გაატარა. გიგზიც ერთ-ერთი ის კაცია, რომელსაც კარიერაში 1000-ზე მეტ მატჩში უთამაშია - 963-ჯერ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მაისური მოირგო, 64-ჯერ კი უელსის ეროვნული გუნდის ღირსება დაიცვა. ალექს ფერგიუსონის ყველაზე სტაჟიანი შეგირდი მოედნიდან არა, მაგრამ საკუთარი ოჯახიდან კი გააძევეს.

გაზიარება: