უკრაინელების ბოიკოტი IJF-ის ტურნირებს - მიზეზი რუსების დაშვებაა
Aa
Aa

უკრაინელების ბოიკოტი IJF-ის ტურნირებს - მიზეზი რუსების დაშვებაა

უკრაინის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, მიხაილ კოშლიაკმა IJF-ის პრეზიდენტს, ოფიციალური წერილით მიმართა და აუწყა, რომ უკრაინელი ძიუდოისტები IJF-ის მიერ ორგანიზებულ ტურნირებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ. ამის მიზეზი რუსი და ბელარუსი სპორტსმენების შეჯიბრებებზე დაშვებაა. როგორც მოგეხსენებათ, რუს და ბელარუს ძიუდოისტებს ულან-ბატორის გრან პრიზე ნეიტრალური სტატუსით გამოსვლის უფლება მისცეს და უკრაინელთა პროტესტი სწორედ ამან განაპირობა. კოშლიაკის მიხედვით, უკრაინელების ბოიკოტი მანამ არ შეწყდება, სანამ რუს და ბელარუს სპორტსმენებს ტურნირებზე მონაწილეობის მიღებას არ აუკრძალავენ.

„დღეს 110-ე დღეა, რაც ჩვენს სახელმწიფოსა და რუსეთის ფედერაციას შორის სრულმასშტაბიანი ომი მიმდინარეობს. რუსი სალდათების ხელით, ყოველდღე 200 უკრაინელი ადამიანი იღუპება და რუსებმა ძიუდოს სამი მწვრთნელი მოკლეს, რომლებიც მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ, ქვეყანა კი დაახლოებით შვიდმა მილიონმა ადამიანმა დატოვა.

ომის დაწყებისას, უკრაინის ძიუდოს ფედერაციაში 30 000 წევრი ირიცხებოდა. ამ მომენტისთვის, მათ 80 პროცენტს არ აქვს საშუალება, რომ სპორტული საქმიანობა გააგრძელოს, რაც რუსების მიერ განხორციელებული ოკუპაციისა და 500 სპორტული კომპლექსის განადგურების გამო ხდება.

ამის პარალელურად, რუსეთისა და ბელარუსის ნაკრებების წარმომადგენლები აგრესორი ქვეყნების ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. სპორტსმენები, მწვრთნელები და ნაკრებების პერსონალი ხელფასებს აგრესორი ქვეყნების სპორტის და თავდაცვის სამინისტროდანაც კი იღებენ, ეს კი მათ ნეიტრალური სპორტსმენის სტატუსის ქონის უფლებას არ აძლევს“.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველა კომპონენტში მასზე უკეთესი ვარ
„ყველა კომპონენტში მასზე უკეთესი ვარ" - დოლიძის მომდევნო მეტოქის კომენტარი