"არა თასებისთვის, არა დიდებისთვის, არა ფულისთვის" - მე რობერტ ლევანდოვსკი ვარ
Aa Aa
30 მაისი 2022  |  21:00

"არა თასებისთვის, არა დიდებისთვის, არა ფულისთვის" - მე რობერტ ლევანდოვსკი ვარ

„რამდენიმე დღის წინ, შუა ღამისას გამეღვიძა და დავინახე, რომ ჩემს ბალიშზე რაღაც უცნაური იდო.  იცით? როდესაც კარგ სიზმარს ხედავ და უცებ გეღვიძება, იმ მომენტში ყველაფერი ისევ სიზმარს ჰგავს..

კარგი.. ჩემი პირველი რეაქცია ნივთის დანახვისას? იმ წამსვე გავიფიქრე - „როგორ გაჩნდა ეს აქ?“

დაჯილდოების ცერემონიის დროს ყველაფერი ბუნდოვანად მეჩვენებოდა.. მეტიც, ზედმეტად უცნაურიც ჩანდა, რომ ეს სიმართლე ყოფილიყო..

შემდეგ ბალიშიდან ნივთი ავიღე და დავრწმუნდი, რომ ეს რეალობა იყო. ჩემ თავს ვუთხარი, რობერტ შენ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაგასახელეს და ჯილდო საწოლში გიდევს..

პრიზს დიდხანს ვუყურებდი, რათა კარგად მივმხვდარიყავი რას მივაღწიე.. გულწრფელი ვიქნები და გეტყვით, რომ სინამდვილეში ჯერ კიდევ არ მაქვს გააზრებული ეს ყველაფერი..

ნება მომეცით პოლონელ ხალხზე რაღაც აგიხსნათ, იმედია სწორად გამიგებთ. ცერემონიამდე ვიცოდი, რომ „ბაიერნთან“ ერთად კარგი სეზონი მქონდა და ჯილდოსაც ველოდებოდი, თუმცა პოლონელებს ბავშვობიდან არასრულფასოვნების კომპლექსი გვაქვს. ჩვენ არასდროს გვყოლია ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც საუკეთესოდ დაასახელებდნენ.

ბავშვობაში არასდროს გვყოლია ისეთი პოლონელი ვარსკვლავი, რომელსაც მივბაძავდით და მას გავყვებოდით. პოლონელი ბავშვები მსოფლიოში საუკეთესონი არ უნდა იყვნენ. ეს არ უნდა მოხდეს. ასე რომ, როცა ჯილდო მივიღე არ მჯეროდა! ხალხი ფიქრობს, რომ ეს კლიშეა, მაგრამ ჩემი ცხოვრება ახლიდან დაიწყო. გამახსენდა ჩემი პირველი ნაბიჯები ბურთთან ერთად. ტალახიანი ასფალტის მოედნები და ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ აღიარებამდე მოსვლაში დამეხმარა.

ეს ყველაფერი სპექტაკლს ჰგავდა. სამ მოქმედებიან დრამას.. მინდა ეს სპექტაკლი გაგიზიაროთ, რადგან ვიცი არსებობს პოლონეთში ერთი ბავშვი ან სხვა ქვეყანაში, სადაც ოცნებას ვერ ბედავს..

სპექტაკლი ასე დაიწყო, პირველი მოქმედება: „ზიარება“

ბავშვობაში პირველი ზიარება ადგილობრივ ეკლესიაში მივიღე. მათთვის, ვინც კათოლიკურ რელიგიას არ იცნობს, მართლაც განსაკუთრებული დღეა. ყველაფერი წირვით იწყება და შემდეგ ოჯახებთან ერთად აღვნიშნავთ. რთულ ის იყო, რომ ზიარებიდან სამი საათის შემდეგ, თამაში მქონდა და სტადიონი საკმაოდ შორს იყო..

ზეიმის წინ, მამაჩემმა კრშიშტოფმა მღვდელთან ცოტა ისაუბრა. ეს ყველაფერი ჩემს მშობლიურ ქალაქში ლეზნოში ხდებოდა და მამაჩემი ყველას იცნობდა.

მამაჩემმა მამაოს უთხრა: „იქნებ ცერემონია ნახევარი საათით ადრე დავიწყოთ და 10 წუთით ადრე დავასრულოთ. ჩემს შვილს თამაში აქვს.“

შესაძლოა ეს ცოტა გიჟურად ჟღერდა, მაგრამ მღვდელი კარგად მიცნობდა და მცირე ფიქრის შემდეგ თქვა: „რა თქმა უნდა, რატომაც არა? ვიცით რამდენად უყვარს რობერტს ფეხბურთი. აუცილებლად ვიჩქარებთ.“

როგორც კი ვეზიარე, პირჯვარი გადავისახე და სასწრაფოდ მანქანისკენ გავემართე. და რა თქმა უნდა, ჩვენ ის თამაში მოვიგეთ.

ვფიქრობ, ეს ამბავი ჩემს ბავშვობას აჯამებს.

ლეზნოში ფეხბურთის თამაში 5 წლის ასაკში დავიწყე, მაგრამ გუნდები ჩემი ასაკის მოთამაშეებისთვის არ არსებობდა და 2 წლით უფროს ბიჭებთან ერთად ვაგორებდი ბურთს. ყველაფერი რთული იყო, რადგან მორცხვი ვიყავი და ასეთ ასაკში 2-წლიანი სხვაობა საკმაოდ დიდია. მრავალი წელი ვარშავის გუნდშიც ვითამაშე და ვარჯიშზე მისასვლელად 1 საათი მაინც მჭირდებოდა.

რომ არა ჩემი მშობლები, ფეხბურთზე ოცნება იქამდე დასრულდებოდა, სანამ დაიწყებოდა.. დედაც და მამაც სპორტის მასწავლებლები იყვნენ. ვარჯიშებზე კრშიშტოფს დავყავდი და ის მინიმუმ ორი საათი მელოდებოდა. ჩემს გუნდს გასახდელი არ ჰქონდა და ხშირად მანქანაში ტალახიანი და სველი ვჯდებოდი. მხოლოდ იმიტომ, რომ მე ვარჯიშის საშუალება მქონოდა მამაჩემი ნახევარ დღეს მითმობდა.

სხვა მშობლები ფიქრობდნენ, რომ მამაჩემი გიჟი იყო. არ ვხუმრობ, კრშიშტოფს ხშირად ეკითხებოდნენ, თუ რატომ აკეთებდა ამას. ისინი ფიქრობდნენ, რომ მშობლებს ჩემი ფეხბურთელობა იმიტომ სურდათ, რომ მდიდარი გავმხდარიყავი. არა ! ეს უბრალოდ ჩემი ოცნება იყო.

ხშირად მინახავს სხვა ბავშვების მამები როგორ უყვიროდნენ თავიანთ შვილებს. ეს ზეწოლა და ცუდი მოტივაციაა. ასე ვერავინ განვითარდება. ყველამ უნდა იცოდეს, რომ სპორტსმენობა ადვილი არ არის. მშობლები ვერ ხვდებიან, რომ ფეხბურთის სიყვარული გულიდან უნდა მოდიოდეს.

ბავშვობაში ძალიან დაბალი და სუსტი ვიყავი. ბოროტი ადამიანები ამბობდნენ, რომ ჩემგან არაფერი გამოვიდოდა. მამაჩემმა შთამაგონა, რომ მათ აზრს არ უნდა ავყოლოდი და მხოლოდ ვარჯიშზე მეფიქრა. ამ ფაქტმა ჩემში დიდი გარდატეხა მოახდინა. ისინი გამუდმებით ერთ რამეს მეუბნებოდნენ და ამის გასაგებად წლები დამჭირდა.

„რობერტ, ენდე შენს ინსტინქტებს. ეს კარგი გაკვეთილია ნებისმიერი თავდამსხმელისთვის.“

მეორე მოქმედება: „უარყოფა“

მამაჩემი მაშინ გარდაიცვალა, როდესაც 16 წლის ვიყავი. ახლაც მიჭირს იმის აღწერა, თუ როგორ ვიყავი და რას განვიცდიდი. როცა ხარ ბიჭი, არის საკითხები, რაზეც მხოლოდ მამასთან შეგიძლია ისაუბრო, რათა კაცად დადგომაში დაგეხმაროს.

მისი გარდაცვალების შემდეგ, უამრავ საკითხზე მინდოდა მესაუბრა. მხოლოდ 10 წუთით ტელეფონზე საუბარიც კი მისაღები იქნებოდა, მაგრამ არ შემეძლო.. ის აღარ იყო.. დედაჩემი შეძლებისდაგვარად ცდილობდა დახმარებას და ამის გამო დიდ პატივს ვცემ.

იმ დროს, პოლონეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ კლუბში „ლეგიაში“ ვთამაშობდი, თუმცა სარეზერვო გუნდში. დაახლოებით 1 წლის შემდეგ, 2006 წელს კონტრაქტი მიმთავრდებოდა და კლუბს უნდა გადაეწყვიტა უღირდა, თუ არა ჩემთან თანამშრომლობის გაგრძელება. სამწუხაროდ, მუხლის ტრავმა მივიღე და ფიქრობდნენ, რომ კარგად ვეღარ ვითამაშებდი. ყველას ვეკითხებოდი, თუ რას აპირებდნენ ჩემთან დაკავშირებით, მაგრამ არცერთმა მწვრთნელმა და დირექტორმა პასუხის გაცემა არ ისურვა. მდივანი გამოაგზავნეს და მითხრეს, რომ გათავისუფლებული ვიყავი..

ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ცუდი დღე იყო. მამა აღარ მყავდა და ჩემი კარიერაც დასასრულისკენ მიდიოდა. მანქანისკენ წავედი, სადაც დედა მელოდებოდა. იმ წამსვე შეამჩნია, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. ცრემლები ვერ შევიკავე, ტირილი დავიწყე და ყველაფერი მოვუყევი..

დედა ამ ამბავს საკმაოდ მშვიდად შეხვდა და მითხრა: „ეს იმას ნიშნავს, რომ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. ეს უკვე წარსულია და ამაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს. რაღაც უნდა შევცვალოთ.“

დედაჩემი მეორე დივიზიონის გუნდს „ზნიქს პრუჟკოვს“ დაუკავშირდა. რეალურად მათ „ლეგიადან“ გათავისუფლებამდე ჩემი გადაბირება სურდათ, მაგრამ საერთოდ ვერ ვხვდებოდი, თუ რატომ უნდა დამეტოვებინა „ლეგია“ და „პრუჟკოვში“ გადავსულიყავი.

ახლა კი ბედნიერი ვიყავი, რადგან მათ მიმიღეს. ტრავმა მქონდა და გამოჯანმრთელება გაჭიანურდა. წესიერად სირბილის თავიც არ მქონდა. ერთი ფეხი მეორეს ჩამორჩებოდა. თითქოს კოჭზე ცემენტის ბლოკი მქონდა მიმაგრებული.

წარმოიდგინეთ მოძულეებისთვის რომ მომესმინა რა მოხდებოდა.. ჩემი ასაკის ფეხბურთელები ისეთ კლუბებში თამაშობდნენ, როგორებიც „ბაიერნი“, „ბარსელონა“ და „რეალი“ არიან. მე პოლონეთის მეორე დივიზიონში ვიყავი და ვცდილობდი გამეხსენებინა როგორ უნდა მერბინა.

სირთულეებმა ბევრი რამ მასწავლა. ფორმაში დასაბრუნებლად დიდი დრო დამჭირდა, მაგრამ, როდესაც დავბრუნდი გოლს გოლზე ვიტანდი და ყველაფერი ახლიდან დაიწყო. 4 წლის შემდეგ, პოლონეთის ჩემპიონატის დატოვების შესაძლებლობა მომეცა.

ძალიან ბევრი ჭორი გავრცელდა და ჩემს გარშემო მყოფი ადამიანები უამრავ რჩევას მაძლევდნენ. სწორედ ამ დროს ჩემი მშობლების სიტყვები გამახსენდა: „ენდე შენს ინსტინქტებს“.

გულის სიღრმეში ყოველთვის ვიცოდი სად მინდოდა წასვლა..

მე გერმანია მიხმობდა..

მესამე მოქმედება: „სანაძლეო“

ერთხელ იურგენ კლოპს დავენიძლავე..

2010 წელი იყო.. „დორტმუნდში“ სულ ახალი მისული ვიყავი. სიმართლე გითხრათ, თავიდან იურგენი დიდ სიმკაცრეს იჩენდა. გერმანულად ვერ ვლაპარაკობდი. მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ვიცოდი. გამარჯობის და მადლობის თქმა შემეძლო..

ჩემი აქტივობით შეშფოთებული ვიყავი, ხოლო კლოპს ჩემი გამოწვევა სურდა. ასე რომ, პირველ თვეებში ჩვენ პატარა სანაძლეო დავდეთ.. ვარჯიშზე თუ 10 გოლს გავიტანდი იურგენი 50 ევროს მომცემდა.. წინააღმდეგ შემთხვევაში ფული მე უნდა გადამეხადა.

პირველი რამდენიმე კვირა მხოლოდ მე ვიხდიდი. კლოპი ბევრს დამცინოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში სიტუაცია შეიცვალა. გამუდმებით მე ვიღებდი 50 ევროს.

ერთ დღეს ნერვები მოეშალა და მითხრა: „გეყოფა, საკმარისია! შენ უკვე მზად ხარ!“

სინამდვილეში მზად არაფრისთვის ვიყავი. ოფიციალური მატჩები ვარჯიშებისგან ძალიან განსხვავდება.

პირველ სეზონში სათადარიგოთა სკამზე ხშირად ვიჯექი. იურგენი განსხვავებულ პოზიციებზე მცდიდა, მაგრამ თავს ყველაზე კომფორტულად „ცხრიანზე“ ვგრძნობდი. დიდი მადლობა კლოპს, რადგან პირველ 6 თვეში ძალიან ბევრი რამ ვისწავლე.

მეორე სეზონს ისევ ახლდა სირთულეები. ვფიქრობდი, რომ კლოპს ჩემგან რაღაც კონკრეტული სურდა და მე ვერ ვაკეთებდი. ჩემპიონთა ლიგაზე „მარსელთან“ 0:3 დამარცხების შემდეგ იურგენთან მივედი და ვუთხარი: „გთხოვ, მითხარი ზუსტად რა მოლოდინი გაქვს ჩემგან?“

ყველაფერი არ მახსოვს, რაც მითხრა, რადგან გერმანული ისევ ცუდად ვიცოდი, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს გავუგეთ და მეც ყველაფერს მივხვდი. სამი დღის შემდეგ, „აუგსბურგთან“ ჰეთ-ტრიკი შევასრულე და საგოლე გადაცემა გავაკეთე. ეს ჩემთვის გარდამტეხი მომენტი იყო. მენტალურად გავძლიერდი და ვფიქრობდი, რომ ამ ყველაფერში მამაჩემის ხელი ერია ზეციდან.

იმ დროს ამაზე არ მიფიქრია, მაგრამ მერე გავაანალიზე, რომ იურგენთან საუბარი მამაჩემთან საუბარს ჰგავდა. ასეთი შეგრძნების მიღება მრავალი წლის განმავლობაში მსურდა და საბოლოოდ მივიღე. კლოპი ოჯახის კაცია და მისგან ისეთი თანაგრძნობა მოდიოდა, როგორიც მამაჩემისგან.

კლოპი ჩემთვის მხოლოდ მამის ფიგურა არ იყო. როგორც მწვრთნელი ის „ცუდი“ მასწავლებელივით იყო და ამას ვგულისხმობ ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით.

ნება მომეცით აგიხსნათ.. გაიხსენეთ, სკოლაში სწავლისას რომელი მასწავლებელი გახსოვთ ყველაზე მეტად? არა ის, რომელიც შენგან არაფერს ითხოვდა! არამედ ის, რომელიც გამუდმებით მკაცრი იყო და ზეწოლას ახდენდა. ასეთი მასწავლებელი ყოველთვის ცდილობდა, რომ შენგან საუკეთესო მიეღო.. კლოპიც ზუსტად ასეთი იყო.

„დორტმუნდში“ გადასვლის შემდეგ, იურგენმა კოლოსალური განათლება მომცა. ვჩქარობდი, ყველაფრის სწრაფად სწავლა მინდოდა, მაგრამ მან დამამშვიდა და ნელ-ნელა განმავითარა. ეს ჩემს ბუნებას მთლიანად ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში გაცილებით მეტი გოლის გატანა დავიწყე.

იურგენს არასოდეს დავიწყებია, რომ ჩვენ ჯერ ადამიანები ვიყავით და შემდეგ ფეხბურთელები. ერთი დღე საკმაოდ კარგად მახსოვს. მოგეხსენებათ, როდესაც ალკოჰოლს სვამ, სუნი, რომ არ დაგრჩეს ნიორი უნდა დაღეჭო. რატომღაც იმ დღეს, კლოპი მოვიდა და ყველა სათითაოდ დაყნოსა.

მონადირე ძაღლივით იყო: ამოისუნთქე, ამოისუნთქე, ამოისუნთქე, ამოისუნთქე..

ბოლოს მან თქვა: „მე რაღაც ვიგრძენი, ეს ნიორია?“

რა თქმა უნდა, მან იცოდა, რომ ნივრის სუნი იყო და ჩვენც ვიცოდით, რომ ის ყველაფერს მიხვდა.. უბრალოდ კითხვა დასვა და გასახდელიდან უსიტყვოდ გავიდა. ერთი წუთით ყველა გაჩუმდა და შემდეგ გამაყრუებელი სიცილი გაისმა.

მორალი ასეთია - არასდროს მოატყუო იურგენ კლოპი, ეს ადამიანი ძალიან ჭკვიანია.

რა თქმა უნდა ის ერთადერთი არ იყო, ვინც განვითარებაში დამეხმარა. „ბაიერნში“ გადასვლის შემდეგ, ჰაინკესისგან, გუარდიოლასგან, ანჩელოტისგან და ფლიკისგან ძალიან ბევრი ვისწავლე. ზოგადად, „ბაიერნში“ თამაში საგანმანათლებლო გამოცდილებაა. აქ იმდენად მაღალი დონეა, რომ შენი სტანდარტი აუცილებლად უნდა აწიო. სხვა შემთხვევაში თავს ვერ დაიმკვიდრებ. ამ ყველაფერს ოჯახის წევრების გარეშე ვერ შევძლებდი. ყველაზე დიდი დამსახურება კი ჩემს ცოლს ანას აქვს.

მე და ანამ ერთმანეთი უნივერსიტეტში გავიცანით. ის სწორ კვებასა და ფიზიკური აღზრდის მეთოდებს სწავლობდა. როდესაც 26 წლის გავხდი, მისი ცოდნის გამოყენება დავიწყე. ყველა პრობლემას ერთად განვიხილავდით. ისევ მივხვდი რაღაცას, რასაც ვისურვებდი, რომ ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელს ასწავლიდნენ. საკუთარ პრობლემებში ჩაფლობის ნაცვლად, მის მყისიერ მოგვარებაზე უნდა იზრუნო! ეს იყო დიდი ნაბიჯი ჩემი, როგორც ფეხბურთელის და როგორც ადამიანის განვითარებაში.

როდესაც ჩემს ცხოვრებას ვიხსენებ და ამ სპექტაკლს ჩემს გონებაში ვთამაშობ, მივხვდი, რომ ძალიან გამიმართლა. ტიტულებს მარტო ვერასდროს მოიგებ. ყველა ის თასი, რომელიც მე მოვიგე მხოლოდ თანაგუნდელების დიდი თანადგომით! ჩემს განვითარებაში მათ დიდი წვლილი შეიტანეს. ასევე მინდა გამოვყო მღვდელი, რომელმაც ბავშვობაში წირვიდან ადრე წასვლის უფლება მომცა. დედა, მამა, ჩემი და.. დედაჩემმა ყველაზე რთულ დროს ისეთი სიმტკიცე გამოაჩინა, რომ ამის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია..

და რა თქმა უნდა, მამაჩემი.. მინდა ვიფიქრო, რომ ის ჩემს ყველა თამაშს ზემოდან ხედავს. ის იყო პირველი, რომელმაც ბურთი ფეხებთან დამიდო და არასდროს მაძლევდა იმის უფლებას, რომ დამევიწყებინა, თუ რატომ ვთამაშობ ფეხბურთს..

არა თასებისთვის..

არა დიდებისთვის..

არა ფულისთვის..

ჩვენ იმიტომ ვთამაშობთ, რომ გვიყვარს..

მადლობა მამა..

სპექტაკლის საბოლოო სცენა, რომელიც ჩემს გონებაში მიმდინარეობს, მამაჩემთან ერთად არის.. ეს იყო მოგონება, სანამ რამეს მივაღწევდი..

სანამ ვინმემ ჩემი სახელი სოფლის გარეთ გაიგო..

სანამ რაიმე ტიტულს მოვიგებდი ან რამეს გავაკეთებდი..

მეხსიერებას არანაირი აზრი არ ექნება შენთვის..

ჩემს გონებაში გამუდმებით ერთი სცენა ტრიალებს - დილაა, მამაჩემს საფეხბურთო მატჩზე მივყავარ. ჩვენ ფეხბურთზე, სკოლაზე ან საერთოდ არაფერზე არ ვსაუბრობთ.. ჩვენ უბრალოდ ერთად ვსხედვართ მანქანაში და გამვლელ ხეებს ვუყურებთ.

ეს არის მეხსიერება საუკეთესო მოგონებებით..“ - მე რობერტ ლევანდოვსკი ვარ

გაზიარება:
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში