კილიან მბაპე
Aa Aa

“დამიჯერეთ, ოცნება ძვირი არ ღირს, მეტიც ის უფასოა“ - მე კილიან მბაპე ვარ

ბავშვებს ბონდიში..

ბავშვებს ილ-დე-ფრანსში..

ბანლეუსში მყოფ ბავშვებს..

მე თქვენთვის ისტორია მაქვს..

„ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ ეს ფეხბურთს ეხება.. ჩემთვის ყველაფერი ფეხბურთთან ასოცირდება. შეგიძლიათ მამაჩემთან გადაამოწმოთ.. როდესაც სამი წლის ვიყავი მან დაბადების დღეზე დიდი 4-ბორბლიანი ელექტრო სატვირთო მანქანა მაჩუქა. მისი მართვა თავისუფლად შემეძლო. ჩემი მშობლები ნებას მაძლევდნენ ამ სატვირთო მანქანით სახლიდან პირდაპირ საფეხბურთო მოედნამდე მივსულიყავი. ისე ვიქცეოდი, თითქოს ნამდვილი ფეხბურთელი ვიყავი, რომელიც ვარჯიშზე საკუთარი მანქანით მიდის.

სტადიონზე მისვლისას, ჩემს სატვირთოს იქვე კუთხეში ვტოვებდი და საერთოდ აღარ მაინტერესებდა. ჩემს თანატოლებსაც სურდათ, რომ ასეთი სათამაშო ჰქონოდათ, მაგრამ ჩემთვის ბევრს არაფერს ნიშნავდა, მთავარი ბურთი იყო.

დიახ, ეს ამბავი ფეხბურთს ეხება, მაგრამ ამ ამბის მოსასმენად ფეხბურთის სიყვარული საჭირო არ არის. ჩემი ისტორია ნამდვილ ოცნებებზეა. 1993 წელს, ილ-დე-ფრანსში, ბონდიში და ბანლეუსში ბევრი ფული არ იყო, ეს სიმართლეა. მიუხედავად ამისა, ჩვენ მეოცნებენი ვიყავით, ასეთებად დავიბადეთ. შესაძლოა იმიტომ, რომ ოცნება ძვირი არ ღირს. სინამდვილეში სრულიად უფასოა.

ჩვენს სამეზობლოში სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ. მაგალითად ფრანგები, აზიელები, აფრიკელები და არაბები. ადამიანები მსოფლიოს ყველა კუთხიდან.. ხალხი საფრანგეთის გარეთ ბანლეუსზე ყოველთვის ცუდად საუბრობს. თუ აქაური არ ხარ, ვერასდროს გაიგებ რა ხიბლი აქვს ბანლეუსს. ხალხი აქაურ ავაზაკებზე აკეთებს აქცენტს, თუმცა ისინი ყველა ქვეყანაში არიან. რეალობა კი ისაა, რომ მე ვუყურებდი ძლიერ ბიჭებს, რომლებსაც ბებიაჩემის მაღაზიიდან სახლებში სურსათი მიჰქონდათ. თქვენ ვერასდროს დაინახავთ ჩვენი კულტურის ამ ნაწილს. მხოლოდ ცუდი გესმით და კარგი არასდროს..

მაგალითად, ბონდიში არსებობს წესი, რომელიც ყველას ესმის. ეს ყველა ახალგაზრდამ იცის.. მაგალითად, თუ გარეთ 15 ადამიანი დგას და მხოლოდ ერთს იცნობთ ან გზა უნდა გააგრძელოთ ან 15-ვეს ხელი ჩამოართვათ. თუ თქვენ მხოლოდ ერთს მიესალმებით დანარჩენი 14 არასდროს დაგივიწყებთ, შეზიზღდებით და ამაზე ყველგან ილაპარაკებენ.

სასაცილოა, რადგან ეს წესი ჩემი მთელი ცხოვრების განმავლობაში თან მდევს. მაგალითად, FIFA-ს დაჯილდოებაზე ჟოზე მოურინიო დავინახე. ის 5 მეგობართან ერთად იდგა. ვფიქრობდი მივსალმებოდი, თუ გზა გამეგრძელებინა. საბოლოოდ გამარჯობის თქმა გადავწყვიტე. მივედი, ხელი ჩამოვართვი და შემდეგ მისი მეგობრების ჯერი დადგა.

“Bonjour!” და ხელის ჩამორთმევა. ეს მე ხუთჯერ გავაკეთე. საკმაოდ სასაცილო სიტუაცია შეიქმნა, რადგან მოურინიოს მეგობრები ჩემგან ასეთ საქციელს არ ელოდებოდნენ. როდესაც გზა გავაგრძელე მამაჩემს გულიანად გაეცინა და მითხრა, რომ ჩემზე ისევ ბონდის გავლენა იყო. ეს ჰგავს რეფლექსს. ეს არის წესი, რომლითაც ვცხოვრობთ. ბონდიში სწავლობ ფასეულობებს, რომლებიც ფეხბურთს სცდება. იქ სწავლობ, თუ როგორ უნდა მოექცე ადამიანებს, რადგან ყველა ერთ ქვაბში ხართ და ერთსა და იმავე რამეზე ოცნებობთ.

მე და ჩემს მეგობრებს ფეხბურთელობის იმედი არ გვქონდა. არაფერი დაგვიგეგმავს.. ჩვენ უბრალოდ ვოცნებობდით. სხვა ბავშვებს საძინებლებში სუპერ გმირების სურათები აქვთ გაკრული, ხოლო მე ფეხბურთელები ავირჩიე. ზიდანის და რონალდუს სახეები ყველა კედლიდან მიყურებდნენ. სამართლიანი იქნება, თუ გეტყვით, რომ მოგვიანებით ნეიმარის სურათებიც გავაკარი, მაგრამ თავად მას ამაზე ეცინება.

ზოგჯერ მეკითხებიან, თუ რატომ მოდის ამდენი ნიჭიერი ბავშვი ჩემი უბნიდან. შესაძლოა განსხვავებულ წყალს ვსვამთ და განსხვავებულად ვვარჯიშობთ, როგორც ეს „ბარსელონაში“ ხდება, მაგრამ არა ! ბონდი პირველ რიგში თავმდაბლობას გასწავლის. აქ ბავშვებისთვის ფეხბურთი წყალზე და პურზე მნიშვნელოვანია.

მახსოვს სკოლაში ტურნირი გვქონდა. მონაწილეობას მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 კლასელები ვიღებდით. ეს მსოფლიო ჩემპიონატს ჰგავდა. ისე ვთამაშობდით თითქოს ამით სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდებოდა. ჩემს მეგობარს დავპირდი, რომ თუ ტურნირს მოვიგებდით მას ახალ ფერად წიგნს ვუყიდდი. შეიძლება იფიქროთ, რომ ვაჭარბებ, მაგრამ გამარჯვება ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.

მასწავლებლებისთვის ეს ყველაფერი რთული გამოდგა. მახსოვს სახლში 9 შენიშვნით დავბრუნდი.

კილიანმა საშინაო დავალება არ შეასრულა..

კილიანს სასკოლო ნივთები დაავიწყდა..

კილიანი მათემატიკის გაკვეთილის დროს ფეხბურთზე საუბრობდა..

ჩემი გონება ღრუბლებში დაფრინავდა. მე საკმაოდ კარგი მოთამაშე ვიყავი, მაგრამ გარდამტეხი მომენტი „კუპე 93“-ის ტურნირი იყო, სადაც ნახევარფინალური დაპირისპირება 100-მეტრიან სტადიონზე გაიმართა. მაშინ 11 წლის ვიყავი და ისე ვნერვიულობდი, რომ ბურთს ფეხს ვერ ვაკარებდი. მეტიც, გაქცევაც მიჭირდა. თამაშის დასრულების შემდეგ, დედაჩემმა ყურებიც კი ამიწია.. ეს იმიტომ კი არ გააკეთა, რომ ცუდად ვითამაშე?! არა, ეს ჩემი შიშის გამო მოხდა..

დედამ მითხრა: „ეს მომენტი მთელი შენი ცხოვრება უნდა გახსოვდეს. საკუთარი თავის ყოველთვის უნდა გჯეროდეს, მაშინაც კი, როცა დაეცემი და წააგებ. შესაძლოა 60 მომენტი გააფუჭო, მაგრამ ის ფაქტი, რომ შენ შიშის გამო ამბობ უარს თამაშზე, შეიძლება მთელი ცხოვრება გაგყვეს და დაგტანჯოს.“

მან ზუსტად ეს სიტყვები მითხრა და ამის შემდეგ მოედანზე არასდროს არაფრის შემშინებია. კილიან მბაპე დედის, მამის და მეგობრების გარეშე არ არსებობს.

11 წლის ასაკში ლონდონის „ჩელსის“ აკადემიაში საცდელ ვარჯიშზე უნდა წავსულიყავი. ისე ვნერვიულობდი, რომ ჩემს მეგობრებს არ ვუთხარი სად მივდიოდი. როდესაც დავბრუნდი კითხვები დამაყარეს. აინტერესებდათ სად ვიყავი რამდენიმე დღე..

მე ვუთხარი: „ლონდონში, „ჩელსის“ აკადემიაში ვიყავი.

მათ მიპასუხეს: „ჰმმ, შეუძლებელია“

„არა გეფიცებით მე დროგბას შევხვდი“

„ნუ გვატყუებ, დროგბა არ ხვდება ბავშვებს ბონდიდან. ეს შეუძლებელია“

მაშინ ტელეფონი არ მქონდა და მამაჩემს ვთხოვე, რომ თავისი მოეცა. მეგობრებს დროგბასთან ერთად გადაღებული სურათები ვაჩვენე. როგორც იქნა დამიჯერეს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი იცით რა იყო? მათ არ შეშურდათ!

მეგობრებმა მთხოვეს, რომ ისინი თან წამეყვანა, მაგრამ შესარჩევი ვარჯიშები დასრულებული იყო და უარის თქმა მომიწია. „ჩელსიში“ ვარჯიშის შემდეგ, ჩემს მშობლებს ბონდის დატოვებას ვთხოვდი. დიდ კლუბში მინდოდა ყოფნა. უარი მივიღე.. მათ უნდოდათ, რომ ნორმალური ბავშვობა მქონოდა და ოჯახში გავზრდილიყავი. მაშინ არ მესმოდა, მაგრამ ეს იყო საუკეთესო რამ, რადგან ბევრი მძიმე გაკვეთილი მივიღე, რომლებსაც აკადემიაში ვერასდროს მივიღებდი..

მამაჩემი 10 წლის განმავლობაში ჩემი მწვრთნელი იყო. ეს ყველაფერი იქამდე გაგრძელდა სანამ „კლერფონტეინის“ აკადემიაში ჩავირიცხებოდი. რა თქმა უნდა, ეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო აკადემია იყო, თუმცა შაბათ-კვირას სახლში მაინც ვბრუნდებოდი და მამაჩემის გუნდში ვთამაშობდი.

სახლში აკადემიის მწვრთნელის ხმით ვსაუბრობდი და მამას ნერვები ეშლებოდა. „კლერფონტეინში“ ჩვენი უნარების განვითარებაზე ვმუშაობდით და გამუდმებით სუსტი ფეხით თამაშს გვთხოვდნენ. ერთ-ერთ უიქენდზე ბონდიში ვთამაშობდით და ბურთი ფლანგზე მარჯვენა ფეხზე მივიღე. იმ მომენტში ჩემი მწვრთნელის ხმა ჩამესმა: „კილიან მარცხენა ფეხით ითამაშე“.

გრძელი პასი მარცხენა ფეხით გავაკეთე და ბურთი დაიკარგა. მოწინააღმდეგე კონტრ-შეტევაზე გადმოვიდა, გოლი გაგვიტანა და მამაჩემმა ნამდვილი ჯოჯოხეთი მომიწყო. მისი ყვირილი დღემდე ყურში ჩამესმის.

„კილიან აქ შენი აკადემიის ვარჯიშების გასაკეთებლად არ ხარ. აქ ბონდია და ჩვენ ჩვენი ლიგა გვაქვს. გამარჯვება გვჭირდება და წესიერად ითამაშე“ - მითხრა მამამ

ამ გაკვეთილს დღემდე ვატარებ და ვითვალისწინებ. ჩემი ტვინი იმ დროს ღრუბლებში იყო და ეს მამამ კარგად იცოდა, თუმცა იმაში დარწმუნდა, რომ ფეხები მიწაზე მყარად მედგა.

როდესაც 14 წლის გავხდი სრული შოკი მივიღე. მამაჩემს ვიღაცამ მადრიდის „რეალიდან“ დაურეკა. არც მეტი, არც ნაკლები ეს ზინედინ ზიდანი იყო. მაშინ ის სპორტული დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა და ჩემი საცდელ ვარჯიშებზე ხილვა სურდა. სასოწარკვეთილებაში ჩავვარდი. სასწრაფოდ მადრიდში გამგზავრება მინდოდა.

ეს ყველაფერი მარტივი არ იყო. აკადემიაში სკაუტები მოდიოდნენ და ჩვენს მატჩებს ესწრებოდნენ. მე მედიის ყურადღების ცენტრში აღმოვჩნდი, ხოლო ჩემს ოჯახს ჩემი დაცვა სურდა. დიდი ზეწოლის ქვეშ ვიყავი. მიუხედავად ამისა, მამა ყველაფერს აკეთებდა, რომ მადრიდში წავეყვანე.

არავისთვის გვითქვამს სად მივდიოდი. მეშინოდა და ვნერვიულობდი, რადგან თუ ვერ გავამართლებდი არ მინდოდა მეზობლებისთვის იმედი გამეცრუებინა. ზიდანი აეროპორტში დამხვდა და თავისი ძალიან კარგი მანქანით პირდაპირ საწვრთნელ ბაზაზე წამიყვანა. მეტიც, მან თავის მანქანაში წინ დამსვა.

დაბნეული ვიყავი და ვკითხე: „ფეხზე უნდა გავიხადო“? არ ვიცი რატომ დავსვი ასეთი კითხვა, მაგრამ ეს ხომ ზიდანის მანქანა იყო?

მას ეგონა, რომ ვხუმრობდი და მითხრა: „რა თქმა უნდა! არა.. დაჯექი.“

საწვრთნელი ბაზისკენ დავიძარით და თავში უამრავი აზრი მიტრიალებდა. მე ვიყავი ბავშვი ბონდიდან და ზიზუს მანქანაში ვიჯექი. ეს ყველაფერი კი რეალობა იყო, მაგრამ დაჯერება მაინც მიჭირდა. თვითმფრინავში უნდა დამეძინა და ასეთი განერვიულებული არ ვიქნებოდი.

მაშინაც კი, როცა მართლა ერთი კონკრეტული მიზნით ცხოვრობ, ხანდახან მაინც სიზმარი გგონია. ასეთი შეგრძნება მქონდა რუსეთში, როდესაც მსოფლიო ჩემპიონი გავხდი. ჩემი ყველა მოგონებიდან ავსტრალიასთან მატჩის წინა პერიოდი არასდროს დამავიწყდება. გვირაბში ვიდექი და ვცახცახებდი. უსმან დემბელეს გადავხედე, რომელიც იღიმებოდა და ამან სიმშვიდე მომგვარა.

მე ვთქვი: „უსმან, შენ ევრეუდან ხარ, მე ბონდიდან ახლა კი მსოფლიო ჩემპიონატზე ვთამაშობთ.“ მან მითხრა, რომ ეს დაუჯერებელი იყო. გავედით სტადიონზე და ვიგრძენი როგორ გვაკვირდებოდა 65 მილიონი ადამიანი საფრანგეთიდან. საინტერესო ის გახლავთ, რომ ბიჭები, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატი მოიგეს, ძირითადად გარე უბნებში გაიზარდნენ(მათ შორის მეც).

ბავშვებს ბონდიში..

ბავშვებს ილ-დე-ფრანსში..

ბავშვებს ბანლეუსში..

ჩვენ საფრანგეთი ვართ, თქვენ საფრანგეთი ხართ..

ჩვენ გიჟი მეოცნებეები ვართ.. ჩვენ გაგვიმართლა... დამიჯერეთ, ოცნება ძვირი არ ღირს, მეტიც ის უფასოა..

პატივისცემით კილიან მბაპე“

გაზიარება: