დიბალა ატლეტიკოში? - სიმეონემ ტრანსფერი პირადად მოითხოვა
Aa
Aa

დიბალა ატლეტიკოში? - სიმეონემ ტრანსფერი პირადად მოითხოვა

ცნობილია, რომ დიბალა სეზონის დასრულების შემდეგ „იუვენტუსს“ დატოვებს. არგენტინელ შემტევს კონტრაქტი ეწურება და მხარეებს შორის შეთანხმება არ მოხერხდა. პაულოს არაერთ ევროპულ გრანდს უკავშირებენ მათ შორის „ატლეტიკო“, „ბარსელონა“, „ტოტენჰემი“ და „პარი სენ ჟერმენი“.

რამდენიმე წლის წინ, „როხიბლანკოს“ დიბალას გადაბირება სურდა, თუმცა მაშინ „ბიანკონერიმ“ კატეგორიული უარი განაცხადა. MUNDODEPORTIVO-ს ცნობით, სიმეონეს გუნდი ახლა ყველაზე დიდ ინტერესს იჩენს და პაულოს მადრიდში ელოდებიან.

ლუის სუარესსა და სიმეონეს შორის ურთიერთობა დაძაბულია და ბოლო პერიოდში არგენტინელი სპეციალისტი „ელ პისტოლეროს“ აღარ ენდობა. დიბალა კი მისი ჩანაცვლების შესანიშნავი ვარიანტია.

28 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესს „ინტერიც“ იჩენს, თუმცა წყაროს ცნობით, დიბალა „ნერაძურიში“ მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავა თუ კლუბს ლაუტარო მარტინესი დატოვებს. ეს კი რთულად წარმოსადგენია. დიეგო სიმეონემ „როხიბლანკოს“ ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ „იუვენტუსის“ „ათიანის“ ხილვა სურს.

შექმნილი ვითარებიდან, თავად დიბალასთვისაც „ატლეტიკო“ იდეალური ვარიანტია. გუშინ, ჩავი ერნანდესმა განაცხადა, რომ პაულო ზედმეტად შეფასებული ფეხბურთელია და „ბარსელონას“ ის არ სჭირდება.

დიბალა „იუვენტუსში“

როგორც უკვე მოგახსენეთ, არგენტინელი ფეხბურთელი ტურინში 2015 წელს გადაბარგდა. 2015 წლიდან დღემდე, დიბალამ იუვეს მაისური ყველა ტურნირზე ერთად 283-ჯერ მოირგო, 113 გოლი გაიტანა და 48 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები