ანალიზი: 5 მცველი, კონტე და ტუხელი - რაში შეცდა კუმანი?
Aa Aa
20 მაისი 2021  |  19:46

ანალიზი: 5 მცველი, კონტე და ტუხელი - რაში შეცდა კუმანი?

„მე ვთქვი, რომ სეზონის ბოლოს შევაფასებდი სიტუაციას შედეგებისა და ნაჩვენები სათამაშო ხარისხის გათვალისწინებით. ჩვენ თასი მოვიგეთ და ამით ვამაყობთ, მაგრამ ადრევე გავვარდით ჩემპიონთა ლიგადან და ლა ლიგა აუხსნელი მიზეზების გამო წავაგეთ.

შემდეგი კვირიდან თქვენ ბევრ გადაწყვეტილებას ნახავთ. ჩვენ კომენტარს გავაკეთებთ ყველა მათგანზე. უნდა ვიმუშავოთ, რათა ბარსას ჰყავდეს კონკურენტუნარიანი გუნდი ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში.

ეს ციკლის დასასრულია. ამას იმიტომ ვამბობ, რომ საჭიროდ მიმაჩნია“. - ეს სიტყვები „ბარსას“ პრეზიდენტს ჟოან ლაპორტას ეკუთვნის, რომელიც კლუბში დიდ ცვლილებებს აანონსებს.

ლაპორტა დიდ წმენდას გეგმავს და ეს მისთვის ახალი არ არის. 2004 წლის ზაფხულში მან „ბლაუგრანას“ შემადგენლობა 80%-ით შეცვალა, რადგან ეს გუნდს სჭირდებოდა. მსგავსი რამ მოხდა 2008 წელს, როცა პრეზიდენტმა მთავარი მწვრთნელის პოსტი გუარდიოლას ანდო და გუნდიდან ისეთი ვარსკვლავები გაუშვა, როგორებიც დეკო და რონალდინიო იყვნენ.

ლაპორტა არის პრეზიდენტი, რომელსაც რთული გადაწყვეტილებების მიღების არ ეშინია და ის ავტორიტეტებს ასე ბრმად არ სცნობს - ვინც კლუბის მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს ყველას წასვლა მოუწევს, ან ხელფასებს შეიმცირებენ და თადარიგში გადაინაცვლებენ (როგორც ამ დღეებში დაანონსდა).

სანამ ეს ყველაფერი მოხდება, იქამდე მინდა „ბარსას“ წლევანდელი სეზონი მიმოვიხილო და რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალზე თქვენი ყურადღება გავამახვილო.

„ჩვეულებრივი ეჭვმიტანილები“: ვალვერდედან კუმანამდე - ვინ რა ზიანი მიაყენა ბარსას

„ბარსა“ ამჟამად რა დღეშიც იმყოფება, ამაში ბრალი ბევრ ადამიანს მიუძღვის, თუმცა ერთის დასახელება მაინც შეიძლება, რომელმაც ყველაფერს სათავე დაუდო და კლუბის რღვევისთვის, ჩამოშლისთვის „იდეალური ნაბიჯები“ გადადგა - მიხვდით ალბათ, რომ საუბარი ბართომეუზე მაქვს.

მოდი ჯერ ერთ რამეს ვიტყვი: არ შეიძლება ყველაფერი მაგალითად მინდვრის რომელიმე მოთამაშეს დაბრალდეს, ან თუნდაც მწვრთნელს. რატომ? იმიტომ, რომ გადაწყვეტილებას მწვრთნელი იღებს, როცა კონკრეტულ ფეხბურთელს, კონკრეტულ მატჩში ამა თუ იმ პოზიციას ანდობს, შემდეგ ის ვერ ამართლებს და შეხვედრა წაგებულია. ასევეა პრეზიდენტის შემთხვევაშიც - გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე შესაბამის კანდიდატურას ის არჩევს და შემდეგ რაც მოხდება, ამაში მისი დამსახურება, თუ ბრალეულობა ყოველთვის ჭარბად არის.

ასევეა სხვადასხვა სფეროებშიც. მაგალითად, ჩვენი ტელევიზიები და მათი თოქ-შოუები ავიღოთ - შეარჩევენ რაიმე თემას, მწვავეს, ისეთს რომელსაც ხალხი აუცილებლად ნახავს და მიიწვევენ სტუმრად ისეთ ადამიანს, რომელიც ტელევიზორში გამოსაჩენი საერთოდ არ არის. შემდეგ იდგმება სცენები, კეთდება სკანდალური განცხადებები. მოკლედ კარგად შეფუთულ და დაგეგმილ სეირს ვიღებთ, რაც რეიტინგებს ზრდის. რეიტინგი კარგია, მაგრამ მონეტას ორი მხარე აქვს და როცა ეკრანიდან მარაზმი მოედინება, ამაში დამნაშავე არა მოწვეული სტუმარი, არამედ მისი მომწვევია.

ცოტა სხვაგან წავედი, თუმცა პასუხისმგებლობაზე მგონი გარკვევით ვისაუბრე.

რაც შეეხება ზოგადად ვალვერდეს, „ბარსელონას“ დაღმასვლა და 8-2-მდე რომ დაეცნენ სწორედ მისგან დაიწყო. გუნდს მენტალიტეტი მოუკლა. სტილი საბოლოოდ დააკარგვინა, 1-0-ზე თამაშს წყვეტდნენ, დაცვაში ჯდებოდნენ და რაც მთავარია 4-3-3 გაანადგურა. სქემა 4-4-2-ზე გადააწყო და მოედანზე 4 ნახევარმცველი თუ არ იყო უკანა ხაზში „ორპირი ქარი უბერავდა“. ვალვერდემდე ასეთი რამ „ბარსას“ თამაშში არ შეინიშნებოდა.

ვალვერდეს თავისი წილი ცოდვები აქვს და თან საკმაოდ ბევრი, თუმცა იმას ნუ მივაწერთ, რაც სრულად მისი ბრალიც არ იყო, მაგალითად, 0:4 „ენფილდზე“.ამ მარცხში მწვრთნელზე მეტად ბრალეულობა ფეხბურთელებს მიუძღვით, რომლებმაც 3-4 ურეალურესი მომენტი ვერ გამოიყენეს.

ვალვერდე ტოპ ლიგაში მოხვდა, როცა ამ დროს ქვედა ლიგის მოთამაშე იყო. იგივე ითქმის სეტიენზეც და კუმანზეც. ისინი ექსტრა კლასის მწვრთნელთა სიაში არასდროს ყოფილან და ვეჭვობ ვერც ვერასდროს შევლენ.

თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნე მთავარი დამნაშავე არა ისინი, არამედ კლუბში მათი მიმყვანია - პრეზიდენტი.

მწვრთნელის როლი რამდენად დიდია ეს ამ სეზონში „იუვენტუსმა“ და „ჩელსიმ“ ძალიან კარგად დაგვანახეს. ზედიზედ 9-ჯერ სკუდეტოს მომგები „ბებერი ქალბატონი“ პირლოს ხელში მე-4 ადგილისთვის იბრძვის და სხვის იმედად იმყოფება. „არისტოკრატებს“ კი ზამთარში სერიოზულ მეტოქედ არავინ განიხილავდა, მაგრამ ტუხელის მისვლის შემდეგ, გუნდმა რაც გააკეთა ყველამ ვნახეთ.

„ბარსელონასაც“ ეს აკლია - ექსტრა კლასის მწვრთნელი, რომელიც ძლიერი ტაქტიკოსი და უფრო ძლიერი ფსიქოლოგი იქნება.

„ბლაუგრანას“ ბოლო 3 მწვრთნელიდან არცერთს „ერთი ადგილი“ არ ეყო, რომ ფეხბურთელები, რომლებიც სახელები და გვარები არიან დარჩენილნი, უბრალოდ გუნდიდან გაეშვათ, ან თადარიგში მაინც დაეტოვებინათ.

„ნამდვილი მწვრთნელი არასდროს დათანხმდება სიტუაციას, როცა მის გადაწყვეტილებებზე ვინმე ზემოქმედებას ახდენს”. - ამბობს იუპ ჰაინკესი და სრულ ჭეშმარიტებასაც გვეუბნება.

კუმანმა რაღაცის შეცვლა სცადა და მომენტებში ურიგოდ არ გამოსდიოდა, თუმცა საბოლოოდ ფეხქვეშ მიწა მასაც გამოეცალა და ამაზე დეტალურად ქვემოთ ვისაუბრებ.

კარგი სტარტი, იძულებითი ცვლილებები და ხელიდან გაქცეული სადავეები

კუმანმა სეზონი 4-2-1-3 სქემით დაიწყო. მისი სურვილი იყო, რომ მესის უკნიდან ნაკლებად ეთამაშა, დაცვაში ნაკლები ერბინა და საჯარიმოსთან მეტი დრო გაეტარებინა. ნიდერლანდელს უნდოდა, რომ მისი „ბარსა“ მხოლოდ ლეოზე დამოკიდებული არ ყოფილიყო, მაგრამ ერთია სურვილი და მეორე მისი რეალიზება.

ფატისა და კოუტინიოს დაშავება, დაცვაში მუდმივი ტრავმიანობა და მთელი სეზონის მანძილზე დიდი დანაკლისით თამაში - ამ გარემოებებმა კუმანი ნელ-ნელა იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ 5-მცველით უნდა ეთამაშა. ეს იყო დაგვიანებული გადაწყვეტილება, რამაც გუნდს რამდენიმე მნიშვნელოვანი თამაში წააგებინა, თუმცა როგორც ამბობენ - სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.

3-5-2-ზე გადაწყობამ ერთი მნიშვნელოვანი რამ გამოიწვია - გუნდი კვლავ მესის „სათრევი“ გახდა. სეზონის სტარტზე იყო მატჩები, რომელშიც ფატი ბრწყინავდა, კოუტინიოც ურიგოდ არ გამოიყურებოდა. გრიზმანიც თითქოს სქემასთან ადაპტაციას ცდილობდა.

კუმანმა დანაკლისის ფონზე გუნდში როლები ვერ გადაანაწილა. დიახ, მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვეს და საჩემპიონო შანსებიც დაიბრუნეს, თუმცა შემადგენლობაში ბალანსი დაიკარგა და მოედანზე საქმის 90%-ს ისევ მესი აკეთებდა, რაც ბოლო წლებში „ბარსასთვის“ ცუდად სრულდება ხოლმე და გამონაკლისი არც ეს სეზონი ყოფილა.

ზოგადად 5-მცველიან სქემას თან ბევრი მოთხოვნა და პრობლემა ახლავს. ამ ტაქტიკას შესაბამისი ფეხბურთელები სჭირდება და თუ შენ მათ იპოვი, შენს წინააღმდეგ თამაში ყველას გაუჭირდება. ამის ნათელი დასტური წლევანდელი „ჩელსია“.

ამ სქემაზე ცოტა რამ მინდა გითხრათ და რამდენიმე მაგალითი მოვიყვანო, თუ რატომ დაკარგა „ბარსამ“ 19-მატჩიანი წაუგებელი სერიის შემდეგ ბევრი გაუთვალისწინებელი ქულა და რატომ არ იმუშავა ამ სქემამ მნიშვნელოვან მატჩებში.

5-მცველიანი სქემა და მისი სირთულეები: კონტე და ტუხელი - რაში შეცდა კუმანი?

2 გამოკვეთილი შეცდომა, რომელიც გუნდის თამაშზე პირდაპირ გავლენას ახდენს

კუმანის „ბარსას“ 3-5-2 სქემა ზედმეტად თავდაცვითია. რატომ? შევეცდები ავხსნა. სამი ცენტრალური მცველიდან მინიმუმ ერთი მაინც უნდა იყოს ისეთი, რომელსაც საჭირო სისწრაფე ექნება, რათა მის გვერდით მდგომი ორი უკანახაზელი საჭიროების შემთხვევაში დააზღვიოს. ასევე, შეტევაში თამამად ავიდეს და მაღლა აწეული პრესინგისას მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს.

კუმანის „ბარსა“ ძირითადად ასეთი შემადგენლობით თამაშობდა.

დაცვის სამეულიდან ყველაზე სწრაფი მინგესაა, რომელსაც გამოცდილება აკლია და სადებიუტო სეზონს ატარებს. პოზიციურად ბევრჯერ ცდება და მოკლედ, არ არის „იმ სამიდან ის სწრაფი“, რომელსაც ამ სქემაში მწვრთნელი უნდა დაეყრდნოს.

ნახევარდაცვის სამეული კი შეტევაში გუნდს საკმარისად ვერ ეხმარებოდა. შედეგად ყველაფერი მესის კისერზე იყო.

დე იონგს თავისი პლუსები აქვს და კარგი სეზონიც ჰქონდა, თუმცა კატალონიაში რამდენადაც არ უნდა ეცადნონ მის ინიესტად გადაკეთებას, მცდელობა მაინც უშედეგო იქნება. ფრენკის თავიდანვე ბუსკეტსის პოზიციაზე უნდა ეთამაშა და იმ ადგილას სადაც ახლა მას კუმანი იყენებს, კლუბს ვინმე ახალი მოთამაშე უნდა შეეძინა.

და მაინც, შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ამ სამეულში ყველაზე დიდ პრობლემას პედრი ქმნის. პოზიციიდან გამომდინარე ესპანელი საკმაოდ არაპროდუქტიური გახლავთ.

რა უნდა მოვთხოვოთ 18 წლის ბიჭს? დიახ, ასეა. პასუხისმგებლობაზე ზემოთ ხომ ვისაუბრე, რომ მეტწილად დამნაშავე ყოველთვის გადაწყვეტილების მიმღებია და არა ის, ვისაც რაღაცას ავალებენ.

ბურთის კონტროლს ჩაციკლული კატალონიელები პედრის ამ თვისებაზე „დაიკერნენ“ და ამ 18 წლის ბიჭს არარეალურად დიდი ნდობა გამოუცხადეს. პედრი მოედანზე თამაშს პროცენტულად ძალიან მიზერულად ამწვავებს. ეს მისი ბრალი არ არის. არ შეიძლება უცებ სეგუნდადან, „ლას პალმასიდან“ „ბარსელონაში“ ინიესტას პოზიციაზე აღმოჩნდე და ამ ასაკში მთელი სეზონი სასტარტოში გათამაშონ. მოკლედ სრული აბსურდი ვიხილეთ და შედეგიც შესაბამისი იყო.

10 მატჩიდან პედრის სტატისტიკა თითოში საშუალოდ ასე გამოიყურება:

ციფრები ყველაფერზე მეტყველებს. პლუს ამას 52 შეხვედრაში 4 გოლი და 6 საგოლე გადაცემა...

ამ ყველაფერს ემატება ფორვარდად გამწესებული გრიზმანი და თავადაც ხვდებით შედეგი რაც იქნებოდა - მესი, მესი და ისევ მესი.

პედრის „ბარსელონაში“ და ზოგადად ფეხბურთში დიდი მომავალი აქვს და ამას ყველანი ერთად ვნახავთ, თუმცა ამ სეზონში მას ზედმეტი ნდობა გამოუცხადეს და არასწორად იყენებდნენ.

5 მცველიან სქემას დავუბრუნდეთ. როგორც უკვე ვთქვი კუმანის 3-5-2 ზედმეტად არაშემტევი იყო. მაგალითისთვის ავიღოთ ტუხელის „ჩელსი“ და კონტეს „ინტერი“.

„ჩელსი“ 3-4-3-ს თამაშობს და ეს ოდნავ განსხვავებული სქემაა, თუმცა მსგავსად პარიზში პსჟ-სთან „ბარსამაც“ ითამაშა და კუმანი მოედანზე 3 შემტევითა და 2 ნახევარმცველით იყო გასული.

ტუხელის სასტარტო ძირითადად ასეთია ხოლმე

„ჩელსის“ არ ჰყავს მესი, მაგრამ ეს არის გუნდი, რომლის შემადგენლობა სწორად არის დაბალანსებული. 5 მცველს პლუს 2 ცენტრალური ნახევარმცველი - ლონდონელებს თავდაცვისთვის ძალიან კარგად ჰყოფნით და შეტევაშიც დიდი ძალებით გადადიან.

რაც შეეხება კონტეს და მის „ინტერს“, მათ სკუდეტო მოიგეს, თუმცა ამ გუნდის მიმართ პირადად მე სიმპათია არ მაქვს.

5 მცველიანი სქემიდან გამომდინარე კონტეს „ჩელსი“ გაცილებით კარგად დაკომპლექტებული იყო, ვიდრე ეს „ინტერი“.

სეზონის უდიდესი ნაწილი კონტე ასე თამაშობდა

ვხედავთ, რომ „ინტერის“ შემთხვევაშიც 3 ცენტრალური მცველიდან სამივე საკმაოდ ტლანქი და მაღალია, რაც კონტრშეტევებისა და მაღალი პრესინგის თამაშის დროს სახიფათოა.

ნახევარდაცვის ტრიოდან გამოკვეთილად შემტევი და შესაბამისი არსენალის მქონე არცერთია. კონტეს გუნდის თამაში თავიდან ბოლომდე 2 ცენტრფორვარდზეა აგებული, რაც ამჯერად სერია ა-ს მოსაგებად საკმარისი გამოდგა, თუმცა ამ სკუდეტოს ბოლომდე კონტესა და „ინტერს“ ვერ მივაწერ, რადგან „იუვენტუსი“ ზემდეტად სუსტი იყო, არაბუნებრივად ბევრი ქულა დაკარგა და თუნდაც გასული სეზონის „ბებერი ქალბატონი“, რომ გვეხილა, წელსაც ჩემპიონები ტურინელები გახდებოდნენ.

„ინტერის“ რეალური შესაძლებლობები ჩემპიონთა ლიგაზე გამოჩნდა, სადაც ჯგუფში მე-4 ადგილი დაიკავეს და ზედიზედ მე-3 წელია მერვედფინალში გასვლას ვერ ახერხებენ.

დანაკლისისა და არსებული რთული ვითარების გათვალისწინებით „ბარსას“ 3-5-2 ამ ფორმით ყველაზე ოპტიმალური იქნებოდა.

ფირპო არის მცველი, რომელიც კუმანის ხელში ძალიან დაიჩაგრა. პსჟ-სთან გასვლით მატჩში ყველამ ნახა, თუ როგორ დაუდგა ის მბაპეს და რა მაგრად ეთამაშა.


მინგესას სწრაფად მიღებული ყვითელი ბარათის შემდეგ, კუმანმა ფირპო გამოიყენა და იმ საღამოს შემდეგ ევროპული გამოცემები მის შესახებ მხოლოდ დადებით კონტექსტში წერდნენ.

4-3-3-ში შესაძლოა ფირპო ფლანგის მცველად საუკეთესო ვარიანტი არ არის, რადგან მისი შემტევი არსენალი ისეთი ვერ არის როგორიც ალბასი, თუმცა 3-5-2-ის დროს მისი პლუსები ძალიან კარგად გამოჩნდა - სწრაფია, ფიზიკურად ძლიერია და შეუძლია პოზიციურად დამაჯერებლად ითამაშოს.

ყველაფერთან ერთად, კუმანს მესამე მარცხენა ცენტრალურ მცველად ლენგლე ჰყავს, რომელმაც მიმდინარე სეზონში გუნდი ყველაზე მეტჯერ დააღალატა და საშინლად არადამაჯერებლად თამაშობს.

რაც შეეხება შეტევას, ნახევარდაცვაში პედრის რიგ მატჩებში უნდა დაესვენა და წინ გრიზმანი-მესი-დემბელეს სამეულს ეთამაშა.

ჩემთვის გაუგებარია, თუ რატომ არ იყენებს „ბარსა“ გრიზმანს უფრო მეტად სიღრმიდან. ანტუანმა ნაკრებშიც და „ატლეტიკოშიც“ დაამტკიცა, რომ ნახევარმცველის ფუნქციების შეთავსება შეუძლია, ართმევაზე და პრესინგზე კარგად თამაშობს. დე იონგი-ბუსკეტსის წინ მისი გამწესება სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, რადგან ასეთ დროს მესი უფრო მეტად საჯარიმოს სიახლოვეს დადგება, რაც მეტოქის უკანა ხაზს წინ დიდი ძალებით ამოწევის საშუალებას არ მისცემს.

პედრი კი ცვლილებაზე გაცილებით ეფექტური იქნებოდა, რადგან ფიზიკურადაც მეტად დაისვენებდა და მენტალურად მასზე ნაკლები წნეხი იქნებოდა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მისთვის ამხელა როლის მიცემა ჯერ ძალიან ადრეა.

დასკვნა - სეზონის ბოლოს კუმანის სასარგებლოდ არგუმენტების რაოდენობა შემცირდა

მნიშვნელოვანი მატჩები ვერ მოიგო. რაღაცებს სწორად ხვდებოდა, მაგრამ გვიან. „იუვენტუსთან“ 0:3 და ჯგუფში მეორე ადგილი მთლიანად მის კისერზეა, რადგან როტაციას ცუდ დროს მიმართა და მეტოქე არ დააფასა, შედეგად მერვედფინალში „პორტუს“ ნაცვლად პსჟ-ს შეხვდა.

კუმანმა სუარესის თემას ნათელი სრულად ვერ მოჰფინა. მისი პასუხები პირდაპირი და მკაფიო არ ყოფილა. აქედან ვასკვნით, რომ ბართომეუსთან ერთად „ელ პისტოლეროს“ გაშვებაში ბრალი მასაც მიუძღვის.

წლევანდელ სეზონში „ატლეტიკოც“ და „რეალიც“ საკმაოდ არადამაჯერებლები არიან და ბევრი ქულა დაკარგეს. რომ არა დიდი დანაკლისი, ფატის და კოუტინიოს ეთამაშათ, დაცვის ხაზშიც ნაკლები ტრავმა ყოფილიყო, დიახ შეიძლებოდა ლა ლიგა მაინც „ბარსას“ მოეგო, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია და მეტი არაფერი. რაც მოხდა, რაც ვიხილეთ, იქედან გამომდინარე კუმანმა საბოლოოდ ბევრი შეცდომა დაუშვა და სადავეები ხელიდან გაექცა.

სიმართლე უნდა ითქვას და ობიექტურობა აუცილებელია - სეზონის მსვლელობისას კუმანმა გუნდი აშკარად გამოაცოცხლა და 19 მატჩიანი წაუგებელი სერია ამაზე მეტყველებს. ახალგაზრდებსაც ენდო და ამ მიმართულებით ბევრი კარგი რამ გააკეთა, რაც მომავალში უფრო მეტად დაუფასდება, თუმცა საბოლოო ჯამში მის წინაშე არსებულ ამოცანას თავი ვერ გაართვა.

დასაწყისში ლაპორტას კომენტარი ლა ლიგაზე ხომ გახსოვთ? როცა საჩემპიონო მატჩის ტოლი შეხვედრა გაქვს და შინ „გრანადა“ გიგებს, აქ უკვე ვერაფერი გიშველის, თავს ვერაფრით გაიმართლებ.

მოძრაობა, გადაადგილების პრობლემა, რომელიც პრესინგთან პირდაპირ კავშირშია - ამჟამინდელი „ბარსა“ ვერ დარბის. შემადგენლობა ფიზიკურად ძალიან სუსტია. ყველა დეტალი, ყველაფერი მიდის მესისკენ - მესიმ უნდა შექმნას ყველაფერი, რომ ამ გუნდმა იცოცხლოს.

ყველაფერი მარტივი გენიალურია, მაგრამ ასე მარტივად მესის კისერზე შემოჯდომას შედეგი არ მოაქვს. არგენტინელს ასაკი ემატება და რონალდუს არ იყოს, ძველებურად ისიც ვეღარ ბრწყინავს. უკვე ის პატარა ბიჭი აღარ არის, რომელიც 4-5 მეტოქეს აქეთ-იქეთ დაათრევდა, თუმცა კარგი მწვრთნელისა და დაბალანსებული შემადგენლობის შემთხვევაში ლეოც და კრიშტიანუც კვლავ „გაისვრიან“ და იმედია ამას უახლოეს 1-2 სეზონში კიდევ ვიხილავთ.

P.S. „ბარსას“ ქომაგებისგან ხშირად მოისმენთ ასეთ ფრაზებს: „ეს ჩვენი სტილის ფეხბურთელი არ არის. ეს მწვრთნელი არ მოგვიხდება, არაა ჩვენი სტილის. ფლიკი და კლოპი? გერმანული ჩვენი სტილი არ არის, არ გვინდა“.

2016 წლის შემდეგ „ბარსელონამ“ ბოლოს როდის ითამაშა თავის ტიკი-ტაკას სტილში? რთულად გასახსენებელია...

უკვე გუარდიოლაც ცვლის რაღაცებს თავის სქემაში. დრო მიდის და ფეხის აწყობაა საჭირო და არა უკან ყურება და ქვითინი.

წავიდა ის დრო, როცა ტიკი-ტაკა და ტოტალური ფეხბურთი ზეობდა. ამ სტილს შესაბამისი შემსრულებლები სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კიკე სეტიენის „ბეტისს“ მივიღებთ. „ბარსას“ დიდი ხანია ასეთი კადრები აღარ ჰყავს.

ეს გუნდი ლამაზად თამაშს მაინც შეძლებს. ამჟამინდელი კოლექტივი, „ლა მასია“, შესაძლო ტრანსფერები - კარგი მწვრთნელის ხელში „ბარსა“ ფავორიტებში ისევ გაერევა და მესის ქომაგებიც მისი შესრულებით ბოლო რამდენიმე ლამაზ წელს იხილავთ.

მთავარია რას იზამს პრეზიდენტი და როგორ გაართმევს თავს, ამ ძალიან ცხელ და რთულ ზაფხულს...

გაზიარება:
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში