კაჭარავა - ბრწყინვალე პასი ვილა პარკზე და ძალიან ლამაზი გოლი გერმანიაში
Aa Aa
17 მაისი 2021  |  16:39

კაჭარავა - ბრწყინვალე პასი ვილა პარკზე და ძალიან ლამაზი გოლი გერმანიაში

კახა კაჭარავა 1995-99 წლებში გერმანული კლუბების ღირსებას იცავდა, აღნიშნულ წლებში რანგით მესამე ლიგაში არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა. ბერლინის ''ტენის ბორუსიას'', ''ჰომბურგისა'' და ვალდჰოფის ''მანჰაიმის'' ექს-ფორვარდი CrystalSport-თან ინტერვიუში გერმანული კარიერის საინტერესო დეტალებს იხსენებს. ის ასევე საუბრობს ''ტრაბზონის'' მაისურით ''ვილა პარკზე'' შესრულებულ საგოლე პასსა და გერმანული კლუბების შიდა სტრუქტურის შესახებ.

სენსაცია ''ვილა პარკზე''

კახა კაჭარავასთან ინტერვიუ მისი თურქული კარიერის გამორჩეული მატჩით იწყება, როცა UEFA-ს თასის 1994-95 წლების სეზონში გიუნეშის ''ტრაბზონმა'' ''ასტონ ვილა'' გათამაშებიდან გამოთიშა, კაჭარავამ კი ''ვილა პარკზე'' ბრწყინვალე საგოლე პასი შეასრულა, მეტოქის რამდენიმე მოთამაშე ''მოტეხა'' და ორჰან ქაინაქის გოლით თურქულმა კლუბმა სენსაცია შემოგვთავაზა, სტუმრად გატანილი გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა.

დასანანი მარცხი ფლეი-ოფში

1995-96 წლების მიწურულს ბერლინის ''ტენის ბორუსიასთან'' ერთად მეორე ბუნდესლიგაში აღზევებასთან ახლოს იყო, თუმცა ფლეი-ოფში ჰანს იორგ ბუტის ''ოლდენბურგთან'' დამატებით დროში დამარცხდა და მიზანი მიუღწეველი აღმოჩნდა. კაჭარავა CrystalSport-თან ინტერვიუში წარუმატებლობის მიზეზად მსაჯთა უხეშ შეცდომებს ასახელებს.

რთული პერიოდისა და მიროსლავ კლოზეს შესახებ

რესპონდენტი ''ჰომბურგში'' გატარებული წლებიდან რთულ პერიოდს იხსენებს, როცა გოლის გატანას ვერ ახერხებდა, თუმცა ქომაგთა მხარდაჭერა უგოლო სერიის შეწყვეტაში დაეხმარა და ძალიან ლამაზი გოლი შეაგდო.

კაჭარავამ გერმანული კარიერის ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი ''ჰომბურგს'' მიუძღვნა, 1996-98 წლებში ამ გუნდის მაისურით 61 მატჩში 19 გოლი შეაგდო, შემდეგ კი ასპარეზი ახალ თაობას დაუთმო, მათ შორის იყო მიროსლავ კლოზე, რომელმაც პროფესიულ ფეხბურთში პირველი ნაბიჯი ''ჰომბურგში'' გადადგა. კაჭარავა გერმანელი თავდამსხმელის პიროვნულ თვისებებს გამოყოფს, მას კარიერის სტარტზე პროგრესის და სწავლის დიდი ენთუზიაზმი ჰქონდა, ოტო რეჰაგელმა კი გზა უმაღლესი დონის ფეხბურთისკენ გაუკვალა.

მიუხედავად იმისა, რომ კაჭარავამ გერმანულ კარიერაში მხოლოდ რანგით მესამე ლიგაში იასპარეზა, გამორჩეულ საფეხბურთო ქვეყანაში მიღებული ცოდნის და გამოცდილების გაზიარება ფეხბურთის ქომაგებისთვის საინტერესოა, რადგან ფინანსური კუთხით, პროფესიული დონით, მედიის მხრიდან გაშუქებისა თუ ქომეგების მხრიდან ინტერესის თვალსაზრისით შესანიშნავ ატმოსფეროში თამაშობდა, სადაც ტალანტები პირველ ნაბიჯებს დგამენ და სწორედ ასეთი იყო ლეგენდარული გერმანელი ფორვარდის, მიროსლავ კლოზეს პროფესიული კარიერის საწყისი პერიოდი.

კახა კაჭარავა საუბრობს ''ჰომბურგის'' ექს-პრეზიდენტის, უდო გაიტლინგერის შესახებ. როგორი იყო დამოკიდებულება კლუბის ინვესტორს, სპორტულ დირექტორსა და ფეხბურთელებს შორის. ასევე, როგორ არსებობენ ფინანსური თვალსაზრისით პატარა გერმანული კლუბები, როგორ ინარჩუნებენ სტაბილურობას და როგორია ქვეყნის მთავრობის დამოკიდებულება იმ ბიზნესმენების მიმართ, რომლებიც საფეხბურთო კლუბებში ინვესტიციებს ახორციელებენ.

უდო გაიტლინგერი 2018 წელს 79 წლის ასაკში საფრანგეთში, ქალაქ კანში გარდაიცვალა. 90-იან წლებში მისი მმართველობისას ''ჰომბურგის'' ღირსებას კახა კაჭარავა (1996-98), გიორგი ნემსაძე (1995-96), რევაზ არველაძე (1995-96, 1997-98) და ნიკა ჩხეიძე (1995-98) იცავდნენ. ასე რომ, ''ჰომბურგში'', ''ფრაიბურგის'' მსგავსად, ქართველებისთვის კომფორტული გარემო იყო, ისინი გუნდის თამაშში დიდ როლს ასრულებდნენ და ბევრი მაგარი მომენტით გაახარეს კლუბის ერთგული ქომაგები.

კახა კაჭარავას გოლები ''ჰომბურგის'' შემადგენლობაში

გაზიარება:
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში