შემაჯამებელი ანალიზი: კონკურენტუნარიანი უიღბლო გუნდი
Aa Aa
1 აპრილი 2021  |  20:31

შემაჯამებელი ანალიზი: კონკურენტუნარიანი უიღბლო გუნდი

„საქართველოს ნაკრების მიერ ბერძნებთან ჩატარებული შესანიშნავი მატჩი, რომელსაც შეგვიძლია, ესპანეთთან გამართული შეხვედრა დავუმატოთ, დასტურია იმისა, რომ საქართველოს ევროპის მასშტაბით უკვე საკმაოდ კონკურენტუნარიანი გუნდი ჰყავს.

სატურნირო ცხრილი შესაძლოა, სხვა რამეს ამბობდეს, მაგრამ საქართველოს ნაკრები გაცილებით უკეთესი გუნდია, ვიდრე ამაზე მისი ქულების რაოდენობა მეტყველებს“. - ეს მადრიდულმა AS-მა საბერძნეთისა და საქართველოს მატჩის შემდეგ დაწერა და საკმაოდ ბევრ რამეზე მეტყველებს.

ჩვენმა ნაკრებმა ახალი შესარჩევი ციკლი 3 ურთულესი მატჩით დაიწყო. საბოლოოდ 1 ქულას დავჯერდით, თუმცა ვილი სანიოლის გუნდის მიერ ნაჩვენებმა თამაშის ხარისხმა მომავლის იმედი დაგვიტოვა.

ნაკრებმა დაახლოებით 20 საათი მარტო ფრენაში დახარჯა. 25-დან 31 მარტის ჩათვლით გუნდმა 3 მატჩი ჩატარა. აქედან 2 სტუმრად.

მარტის შეხვედრებიდან 3-3 მატჩი ჯგუფში მხოლოდ ჩვენ და ესპანეთმა ვითამაშეთ. დანარჩენებმა თითოჯერ დაისვენეს, თუმცა ესპანელებმა ამ სამიდან ორი შეხვედრა საკუთარ კედლებში ჩაატარეს. ჩვენ კი შინ მხოლოდ ერთხელ ვითამაშეთ, ისიც ესპანეთთან.

ერთი სიტყვით, ამაზე რთულ კალენდარს ძალიანაც, რომ მოგენდომებინა მაინც ვერ შეადგენდი. ამ ყველაფერს დაემატა ტრადიციული ტრავმები და დიდი დოზით უიღბლობა...

მიუხედავად ჩემ მიერ ჩამოთვლილი ფაქტორებისა, სანიოლის გუნდმა მონდომება დაგვანახა. გამოჩნდა, რომ თანამედროვე ფეხბურთის თამაშის შანსი ჩვენც გვქონია და საამისოდ დროა საჭირო. მიმართულება კი მწვრთნელს სწორად აქვს აღებული.

ასეთი დატვირთული კალენდარი უდიდეს ფიზიკურ მზადყოფნას მოითხოვს, რასაც საქართველოს ნაკრებმა თავი არც ისე ცუდად გაართვა.

ამ სამმა მატჩმა დაგვანახა, რომ სამივე რგოლს - დაცვას, ნახევარდაცვას და თავდასხმას თავისი ლიდერი ჰყავს. გურამ კაშია, ოთარ კიტეიშვილი და ხვიჩა კვარაცხელია. მათზე უფრო ვრცლად ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებ.

რაც შეეხება საბერძნეთთან შეხვედრას, რამდენიმე საინტერესო დეტალი გამოიკვეთა, რომელსაც ტრადიციულად თქვენამდე მარტივად და გასაგებად მოვიტან.

მომენტების დეტალური განხილვა - შეცდომები და სწორი გადაწყვეტილებები

კაშია და გიორბელიძე - სტატისტიკა ბევრ რამეზე მეტყველებს

შეხვედრაში პირველი მომენტი მე-8 წუთზე შეიქმნა. ბერძნებმა მარცხენა ფრთიდან შემოგვიტიეს და საგოლე იერიშიც გამოუვიდათ. ამ მომენტში აბურჯანიამ კაკაბაძე არ დააზღვია და მეტოქეს არ გაჰყვა, რაც ჩვენ კარში კინაღამ გაშვებული გოლით დასრულდა.


ჯამში კი აბურჯანიამ მეორე ტაიმი ბევრად უკეთესად ჩაატარა, თუმცა მისგან მიანც მეტს ველით.

პირველ 20 წუთში მასპინძლებმა გვაჯობეს. გვიტევდნენ და ერთი შეხედვით დომინირებდნენ კიდეც, თუმცა ეს სცენარი მეოცე წუთის შემდეგ შეიცვალა.

23-ე წუთზე ოთარ კიტეიშვილმა თავისი ნიჭი კიდევ ერთხელ გამოავლინა და ერთი მოძრაობით საბა ლობჟანიძე ერთი-ერთზე დატოვა, თუმცა „ანკარაგიუჯუს“ ლეგიონერს ნაბიჯი დააკლდა, რომ ბურთი მიეღო. ასეთ ეპიზოდებს ხელიდან არ უნდა ვუშვებდეთ. ამ მხრივ სანიოლს ბევრი სამუშაო ექნება, რადგან ეს შეცდომა მატჩში ერთადერთი არ ყოფილა.


ნელ-ნელა იკვეთება, რომ ოთარ კიტეიშვილი ნახევარდაცვის ნამდვილი ლიდერია და გუნდს მის გარეშე თამაში ძალიან გაუჭირდება. თბილისის „დინამოს“ აღზრდილ ნახევარმცველს აქვს ის თვისებები, რაც თანამედროვე ფეხბურთის მოთხოვნებს აკმაყოფილებს - ბურთის კონტროლი, პასის კულტურა, სისწრაფე, დრიბლინგი, დაცვითი ფუნქციების შეთავსებაც.

კიტეიშვილი ეტაპობრივად ჩვენთვის იმავე მნიშვნელობის მოთამაშედ ყალიბდება, როგორიც ხორვატიისთვის მოდრიჩია.

გადავიდეთ მომდევნო ეპიზოდზე. ხვიჩა კვარაცხელიას ამ სოლო რეიდის შემხედვარე ბევრმა ნეიმარის გოლი გაიხსენა, რომელიც ბრაზილიელმა „იუვენტუსს“ ამხანაგურ შეხვედრაში გაუტანა, თუმცა მადრიდულმა AS-მა „კვარა“ ფრანკ რიბერის შეადარა: „კვარაცხელიას მომენტი გამოსარჩევია, რომელმაც რიბერის მსგავსად ითამაშა და მხოლოდ გადამწყვეტი დარტყმა არ გამოუვიდა“.

ეს შეტევა გიორბელიძემ წამოიწყო და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს განაპირა მცველის შეტევაში კარგად ჩართვას. ესპანეთთან საგოლე შეტევა კაკაბაძემ წამოიწყო. ამჯერადაც სრულიად შესაძლებელი იყო, რომ გოლი გასულიყო.

კვარა შედევრს ქმნიდა, თუმცა ერთ მომენტში ლობჟანიძისთვის პასის მისაცემად იდეალური მომენტი იყო, რის შემდეგაც გოლის ალბათობა საკმაოდ დიდი იქნებოდა.

ბერძენთა მცველი ჩარჩენილია და ლობჟანიძე თამაშგარეში არ არის, დასარტყმელად კომფორტულ პოზიციაშია.


37-ე წუთზე გიორბელიძემ თავისი შესაძლებლობები კიდევ ერთხელ გვიჩვენა. მისი ჩაწოდებაც კარგი იყო, საბოლოოდ ბურთი საბა ლობჟანიძემდე მივიდა, რომელმაც დაუფიქრებლად ითამაშა და ხელსაყრელი მომენტიდან გუნდმა სარგებელი ვერ ნახა.


და ისევ იგივე პრობლემა - თითქოს აშკარა საგოლე მომენტი არ არის, მაგრამ შეტევა სახიფათოა. მსგავს ვითარებაში ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებს მეტი სიდინჯე და მეტი კრეატიულობა მართებთ.

ანალოგიური რამ მოხდა მალევე. 45-ე წუთზე კვარაცხელიამ ცენტრიდან ბურთი კარგად წაიღო და საჯარიმოს მისადგომებთან მყოფ აბურჯანიას გააყოლა, რომელმაც ის გაატარა.

ამ შეხვედრაში ჩვენმა ფეხბურთელებმა შეტევისას ბურთი რამდენიმეჯერ მახვილგონივრულად გაატარეს და იერიშის გამწვავება სცადეს, რაც ვარჯიშზე დამუშავებულ შეტევას ჰგავდა, თუმცა აბურჯანიას შემთხვევაში ეს მანევრი ზედმეტი იყო - „კვარას“ გარღვევის შემდეგ „აბუს“ ბურთი უნდა მიეღო და არ უნდა გაეტარებინა. ბერძენთა დაცვა არეული იყო, ფლანგებიდან ლობჟანიძე და ზივზივაძე შერბოდნენ, უკან კი ხვიჩა ჰყავდა. მწვავე მომენტის შექმნის შანსი იყო. აბურჯანიამ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.


მეორე ტაიმმა სასიამოვნოდ გამაოცათქო ვერ ვიტყვი, რადგან სანიოლის გუნდისგან ასეთი მეტოქეების წინააღმდეგ კარგ თამაშს უკვე ველი.

შესვენების შემდეგ, მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი ცდილობდა ფეხბურთის თამაშს, მეორეს შესაძლოა სურვილი ჰქონდა, თუმცა ამის თავი ნაკლებად.

მეორე ტაიმის სტატისტიკა

თამაშს ვაკონტროლებდით და იგრძნობოდა, რომ 1-2 მომენტი შეიქმნებოდა, რაც მატჩის ბედს გადაწყვეტდა. საბედნიეროდ ბერძნებს ასეთი არაფერი ეტყობოდათ, თუმცა 76-ე წუთზე მოხდა ის, რაზე საუბრის სურვილი ნამდვილად არ მაქვს...

კაკაბაძის ავტოგოლი კონტექსტიდან იყო ამოვარდნილი. რატომ მოხდა, თან რატომ ასეთ უწყინარ სიტუაციაში? არ ვიცი, ალბათ ამაზე პასუხი არც არავის აქვს. პირადად მე ამ გოლმა იმ მომენტში ყველანაირი „მუღამი“ მომიკლა. იმედგაცრუება, პესიმიზმი - დაახლოებით 1 წუთი ასე ხმაჩავარდნილი ვიყავი და ვერ ვხსნიდი, თუ რატომ არ წააგო საბერძნეთმა ესპანეთში იმ საშინელი თამაშის შემდეგ და რატომ გვიგებდნენ ახლა ჩვენ, თუმცა ამ დროს ლორიას ცრუმოძრაობა და ზუსტი პასი გვილიაზე...

დიახ, ეს გოლი გიორგი ლორიადან დაიწყო. მისი თამამი მოქმედება და ძალიან კარგი პასი, რომელიც ვაკო გვილიამ სწრაფად გააგრძელა და ხვიჩამდე მიიტანა.

ამ მომენტში ჩვენმა სწრაფმა მოქმედებამ ბერძნებს დაცვაში გადაწყობის საშუალება არ მისცა. შემდეგ რაც მოხდა და რა ვნახეთ ამაზე ზედმეტად აღარ დავწვრილმანდები.


იმედი მაქვს, ზაფხულში კვარაცხელიას კარიერა რომელიმე ტოპ ლიგაში გაგრძელდება და 2021-2022 წლების სეზონიდან ჩემპიონთა ლიგაზე ქართული გუნდი თუ არა, ქართველი ფეხბურთელი მაინც გვეყოლება, რომელიც ჩვენ ქვეყანას მსოფლიო რუკაზე უფრო მეტად ცნობადს გახდის.

82-ე წუთზე კიდევ ერთი კარგი შეტევა გვქონდა, თუმცა როგორც ზემოთ აღვნიშნე, ამჯერადაც სიჩქარე, დაუფიქრებელი ქმედება და ხელიდან გაშვებული კარგი შანსი.

ქვილითაიას ამ ეპიზოდისას პასის გაკეთება მართებდა. ბურთის კაკაბაძისთვის, ან ლობჟანიძისთვის დატოვება და მისი საჯარიმოში შერბენა სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა.


ჩვენი ნაკრების დაცვა დამაჯერებლად გამოიყურება და დადებითის თქმა თითოეულ მათგანზე შეიძლება, თუმცა განსაკუთრებით კაშია და გიორბელიძე მინდა გამოვყო.

როგორც ერთხელ უკვე ითქვა - ჯაბა კანკავა მინდორზე გუნდის კაპიტანია, თუმცა გასახდელში ამ როლს კაშია ირგებს.

ხვიჩას გოლის აღნიშვნის მომენტში ფოტოგრაფებმა (ალბათ უფრო შემთხვევით) ერთი ძალიან კარგი კადრი დაიჭირეს. როცა „კვარას“ ბურთი ცენტრისკენ მოჰქონდა და ყველა ანგარიშის გათანაბრებას ზეიმობდა, კაშია კაკაბაძეს ამხნევებდა.

ავტოგოლის შემდეგ ოთარს თანაგუნდელებისგან გამხნევება ნამდვილად სჭირდებოდა და ეს გურამ კაშიამ გააკეთა.

თბილისის „ლოკომოტივის“ 33 წლის უკანახაზელმა სამივე სანაკრებო მატჩი უმაღლეს დონეზე ჩაატარა. თითქმის უშეცდომო იყო პოზიციური თამაშისას. კარგად კითხულობდა მეტოქის შეტევებს. ჩვენი იერიშებისას კი რამდენიმე გრძელი და ზუსტი პასი შემოგვთავაზა, რამაც მწვავე შეტევას საფუძველი ჩაუყარა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია კაშიას მიერ მოგებული ორთაბრძოლები.

გურამ კაშია შვედეთთან, ესპანეთთან და საბერძნეთთან მატჩებში

თუ ვინმე ბერძენთა შემტევებს დაიწუნებს, იგივეს ზლატანზე, მორატაზე და სხვებზე ნამდვილად ვერ იტყვის.

რაც შეეხება 25 წლის გურამ გიორბელიძეს. ეს ბიჭი ზუსტად ის მარცხენა მცველია, რომელსაც ნაკრების გულშემატკივრები უკვე წლებია ველოდით.

გიორბელიძემ ამ 3 შეხვედრაში 23-დან 16 ორთაბრძოლის მოგება შეძლო. სამივე მატჩი შეუცვლელად ითამაშა და დაღლა ოდნავადაც არ დატყობია.

ასევე, დრიბლინგის 7 მცდელობიდან 6 წარმატებული ჰქონდა. რამდენიმე მათგანს კი საკმაოდ მწვავე შეტევაც მოჰყვა.

გიორბელიძე საქართველოს ნაკრებში მარცხენა ფლანგზე არსებული პრობლემის მოსაგვარებლად ისევე მოულოდნელად და სასიამოვნოდ გამოჩნდა, როგორც ცნობილ ფილმ „ტერმინატორში“ არნოლდ შვარცნეგერის პერსონაჟი ჩნდება ხოლმე.

შემაჯამებელი დასკვნა - ოპტიმიზმი და უფრო მეტის მოლოდინი

ესპანეთთან როგორც წავაგეთ ყველამ კარგად ნახა. ბოლო 2 მატჩის ყურებისას მქონდა განცდა და თან გულის სიღრმეში მჯეროდა კიდეც, რომ საქართველოს ნაკრები არ წააგებდა.

ბოლო წლებში ჩვენი გუნდის მიმართ ასეთი რამ ნამდვილად არ მიგრძვნია. ყველაფერი მწვრთნელისგან მოდის. თუ შენი გუნდის თავკაცს არ ენდობი, მის მიმართ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა, რაც აგრესიას ზრდის - ეს ყველაფერი მხოლოდ ნეგატიურ მოლოდინს გიქმნის.

ამჯერად კი მხოლოდ უკეთესს ველი. ვილი სანიოლს კარგი მიმართულება აქვს აღებული. ის არ ერიდება არავის შეცვლას, შანსს ყველას აძლევს, ფეხბურთელებს ოპტიმალურ პოზიციებზე ათამაშებს, მისი პრესკონფერენციები მხოლოდ სიტყვებად არ რჩებიან. აშკარაა, რომ გუნდი მისგან ბევრ რამეს სწავლობს.

„ვფიქრობ, თამაში უფრო მეტად, რომ გვეკონტროლებინა და გარკვეულ მომენტებში უკეთესი გადაწყვეტილებები მიგვეღო სამი ქულის მოპოვებაც შეგვეძლო. მე ყოველთვის ვამბობ, რომ მსურს ცოტათი უფრო მეტად ვაკონტროლებდეთ თამაშს და ამაზე უნდა ვიმუშაოთ. ასევე ველოდები სექტემბერს, რათა საკვალიფიკაციო ეტაპი განახლდეს. ჩვენ შევეცდებით საქართველო საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინოთ“. - თქვა მატჩის შემდეგ სანიოლმა.

2 ივნისს ნაკრები რუმინეთში ამხანაგურ მატჩს გამართავს და მწვრთნელს დასაკვირვებლად მეტი დრო ექნება. ფეხბურთელებს უკეთ გაიცნობს. 2 სექტემბერს კი შესარჩევის მომდევნო ტური გველის - თბილისში კოსოვო ჩამოვა.

ბოლოს ერთ თემას მინდა შევეხო. ასეთი ფრაზები ხშირად მესმის - „მარტო ხვიჩა გვყავს, ერთი კაცი რას იზამს. კვარაცხელიას გარეშე არაფერი გუნდი არ ვართ“.

ცოტა ღიმილისმომგვრელია... დიახ, ხვიჩა ნაკრების უდაო ლიდერია და მის გარეშე ძალიან გვიჭირს, მაგრამ გადახედეთ ნაკრების განაცხადს - შემთხვევით საკმაოდ ბევრი ინდივიდუალისტი ხომ არ გვაკლია?

ჩაკვეტაძე, ოქრიაშვილი, მიქაუტაძე, წიტაიშვილი (ბოლო ორი მათგანი ახალწვეულია, თუმცა დანაკლისი დანაკლისია) - ეს ის ფეხბურთელები არიან, რომლებმაც კვარაცხელიასთან ერთად ნაკრების შეტევები მაქსიმალურად კრეატიული უნდა გახადონ.

სადღაც პარალელურ სამყაროში, სადაც მეტი იღბალი გვაქვს, ჩვენი ნაკრების სასტარტო თერთმეტეული ასე გამოიყურება.

ლიდერი, ან ლიდერები ყველა კლუბსა თუ ნაკრებშია. მაგალითად „ბარსელონა“. ცოტა უხეში შედარებაა, თუმცა მარტივად გასაგებია. ბოლო 4-5 წელი ავიღოთ - „ბარსა“ მესისა და სუარესის გარეშე თითქმის არაფერს წარმოადგენდა. ვერ ვიხსენებ მატჩს, რომელიც ამ გუნდმა რაკიტიჩის, ან დემბელეს ლიდერობით მოიგო.

ჩვენ ნაკრებს ძირითადის 4-5 მოთამაშე ყოველთვის აკლია და „კვარაცხელიას გარეშე არაფერი გუნდი არ ვართ“ - ეს არასწორი ნათქვამია იმიტომ, რომ ხვიჩას გარეშე კი არა, ჩაკვეტაძის, ოქრიაშვილის, მიქაუტაძის, წიტაიშვილის და კიდევ სხვების გარეშეც რჩება ხოლმე ჩვენი გუნდი და თუ ვამბობთ, მაშინ ასე უნდა ვთქვათ.

საკმაოდ კარგი შეტევის ხაზი გვყავს, უბრალოდ მათი ერთად თავმოყრა ვერაფრით მოხერხდა. იმედი დავიტოვოთ, რომ სექტემბერში „დინამო არენაზე“ ყველა მათგანს ვნახავთ და სანიოლის გუნდის რეალურ ძალასაც ვიხილავთ.

გაზიარება:
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში