დროის მორევს მიღმა - მოგზაურობა უკან მომავალში
Aa Aa
12 მარტი 2021  |  18:55

დროის მორევს მიღმა - მოგზაურობა უკან მომავალში

„გამარჯვება მნიშვნელოვანია, თუმცა ვერაფერი შეედრება იმას, რომ გაგაჩნდეს საკუთარი სტილი, ხალხი შენგან სწავლობდეს და შენით აღფრთოვანებული იყოს. ვფიქრობ, ეს ყველაზე დიდი საჩუქარია“. - იოჰან კრუიფი.

ბევრისთვის სპორტში მთავარი შედეგია, თუმცა არსებობს ისეთი რამ, რაც კონკრეტული მატჩის, ან თასის მოგებაზე მეტად მნიშვნელოვანია და ამას გავლენა ჰქვია.

უფრო კონკრეტულად რომ ავხსნა - გაცილებით მნიშვნელოვანია, თუ რამდენად დიდ გავლენას ახდენ შენ იმ საქმიანობაზე, რომელსაც საკუთარ პროფესიად თვლი. რა კვალს დატოვებ წლების შემდეგ, რამდენად ბევრი მიმდევარი გეყოლება და ზოგადად, რამდენად შეცვლი იმას, რასაც ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები შეალიე.

ვინსენტ ვან გოგმა ცხოვრებაში მხოლოდ ერთი ნახატი გაყიდა - ბელგიელმა კოლექციონერმა ანა ბოჩმა "წითელი ვენახები არლში" მხოლოდ 400 ფრანკად შეიძინა. აქედან რამდენიმე თვის შემდეგ, ვან გოგმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მიუხედავად ამისა, მისი შედევრები უამრავი მხატვრის შთაგონების წყაროდ იქცა და მეოცე საუკუნეში პაბლო პიკასოს, ედუარდ მუნკსა და ანრი მატისს განსხვავებული ხედვის ჩამოყალიბებაში დაეხმარა.

ყოველთვის და ყველაფერში არსებობს რაღაც უფრო მეტი. რადგან ჩემი საუბრის მთავარი თემა ფეხბურთია, გეტყვით, რომ გულშემატკივართა არც ისე მცირე ნაწილი კონკრეტულ ფეხბურთელს არა მხოლოდ მისი თამაშით აფასებს და ამიტომ ქომაგობს მას, არამედ იმითაც, თუ რას აკეთებს ის მოედნის მიღმა, როგორი ადამიანია, რამდენად სამაგალითო პიროვნებაა.

ვიღაცისთვის ამას არ აქვს მნიშვნელობა და ზოგადად სპორტსმენის გაკრიტიკება მისი ცხოვრების წესის, ან მოედანს მიღმა მიღებული გადაწყვეტილებების გამო არასწორია. მთავარია მისი საქმე კარგად შეასრულოს, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, ფეხბურთელი იქნება ეს თუ სპორტის სხვა სახეობის წარმომადგენელი - ორმაგად სასიამოვნო და სამაგალითოა, როდესაც ის უფრო მეტია, ვიდრე სპორტსმენი.

ალბათ თქვენც გყავთ სპორტის სახეობებიდან ისეთი ფიგურები, რომელთა კარიერამ და ცხოვრებამ შთაგაგონათ, მოგნუსხათ და სწორედ მისი დამსახურებით ფეხბურთი (ან სპორტის ნებისმიერი სხვა სახეობა) უფრო მეტად შეგაყვარათ.

მეც მყავს ორი ასეთი პიროვნება, რომელთა საფეხბურთო ხედვა და საქმისადმი მიდგომა ჩემში აღტაცებას იწვევდა. ცოცხლად არცერთი მათგანის თამაში არ მინახავს, მაგრამ საბედნიეროდ ისტორია ფასდაუდებელ ინფორმაციას გვინახავს. დღეს მინდა იოჰან კრუიფზე და ბრაზილეირო სამპაიო დე სოუზა ვიეირა დე ოლივეირაზე, იგივე სოკრატესზე გესაუბროთ.

როგორი იყო მათთვის იდეალური ფეხბურთი? კადრების ნახვა საჭირო არც არის, უბრალოდ მათ გამონათქვამებს გაეცანით. კრუიფისა და სოკრატესის წარმოთქმული ფრაზები ჩემთვის დღემდე რჩება ნამდვილ საგანძურად.

2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრები 1/4 ფინალში ჰოლანდიასთან (ნიდერლანდებთან) 1-2 დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა. ჟურნალისტებმა დუნგას ფორმაციის „სელესაოს“ თამაშის შეფასება სოკრატესს სთხოვეს, რომელმაც საკმაოდ ორიგინალური პასუხი გასცა.

„ბრაზილიაში არავის სწყენია, რომ ჩვენმა ნაკრებმა წააგო. დუნგას გუნდში ხელოვნება საკმარისი არ იყო. თქვენთვის ეს ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ჩვენ წაგება მაშინ გვწყინს, როცა ჩვენი ხელოვნება აგებს. სირბილში წაგება რა საწყენია. დღეს ბავშვებს უნერგავენ, რომ ფეხბურთით ფულს იშოვიან. ამიტომ, ფეხბურთის სახელოვნებო სული იჩაგრება. ვან გოგს და დეგას რომ ეფიქრათ, მაინცდამაინც ფულისთვის ვხატავთო, მათი ტილოები ხომ სულ სხვანაირი იქნებოდა. ასევეა ფეხბურთშიც. იქ მთავარი მოგება არ არის. იქ მოგება მაშინაა კარგი, როცა ხელოვნების გამარჯვებას ემთხვევა".

იშვიათია აზრი ასე მკაფიოდ, ლამაზად და მარტივად გადმოსცე.

ასეთი იყო სოკრატესის ფეხბურთი

ტექნიკასთან და ლამაზად თამაშთან დაკავშირებით, თავისი განსაკუთრებული ხედვა ჰქონდა კრუიფსაც: „ტექნიკა ბურთის ათასჯერ აკენწვლა არაა. ამას შეგიძლია ვარჯიშით მიაღწიო, შემდეგ კი ცირკში იმუშაო. ტექნიკა პასის ერთი შეხებით, შესაფერისი ძალით, შესაფერისი ფეხით და შესაფერისი თანაგუნდელისთვის გაკეთებაა.

სოკრატესს ბავშვობაში 3 კუმირი ჰყავდა, რომლებსაც ფეხბურთთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ: ჩე გევარა, ფიდელ კასტრო და ჯონ ლენონი. ბრაზილიელის გმირები მეამბოხეები იყვნენ, რომლებსაც მსოფლიოს შეცვლა სურდათ. ასეთივე იყო თავად სოკრატესიც - ის სტანდარტებს არასდროს ემორჩილებოდა და ყოველთვის ინარჩუნებდა თავის გამორჩეულ ხელწერას.

1982 წლის მუნდიალი - სოკრატესი და სულაქველიძე

მიუხედავად იმისა, რომ ერთად არ უთამაშიათ და არც ერთი ქვეყნის შვილები ყოფილან, მათი ხედვები სხვებისგან მარტივად გამოირჩევა და რაღაც კუთხით ერთმანეთს წააგავს კიდეც.

„ყველა, ვინც დარბის არ ფიქრობს და ყველა, ვინც ფიქრობს, არ დარბის“. - სოკრატესი.

"ხარისხი შედეგის გარეშე უაზრობაა, შედეგი ხარისხის გარეშე კი მოსაწყენია". - იოჰან კრუიფი.

სოკრატესის ფილოსოფია და მისი პიროვნულობა კიდევ უფრო შთამბეჭდავი მოსჩანს, როდესაც თანამედროვე ბრაზილიასა და მის რეალობას გადავავლებთ თვალს.

„ბრაზილიაში ბავშვობიდან მხოლოდ ფულზე ფიქრს გვასწავლიან, ევროპაში კი ხალხს საერთოდ სხვა მენტალიტეტი აქვს. მასწავლიდნენ, რომ იქ უნდა წავსულიყავი, სადაც მეტს გადამიხდიდნენ. ეს ბრაზილიური გზა გახლავთ.

ნეიმარის მაგალითი ავიღოთ. ის პსჟ-ში მხოლოდ ფულის გამო გადავიდა. პარი სენ-ჟერმენმა ყველაფერი გააკეთა, რაც ნეიმარმა მოისურვა, აბსოლუტურად ყველაფერი, მაგრამ ახლა მას კონტრაქტის ამოწურვამდე კლუბიდან წასვლა სურს. არადა, ის დროა, პსჟ-ს აჩვენოს, რომ მადლიერია.

ნეიმარმა მოედანზე მაქსიმუმი უნდა გააკეთოს და ერთგულება, პასუხისმგებლობა და ლიდერის თვისებები გამოავლინოს. თუმცა პრობლემა ისაა, რომ ბრაზილიის მმართველ წრეებში სიძუნწეა გავრცელებული, ქვეყნის მართვა ამაზეა დაფუძნებული და ყოველთვის უფრო და უფრო მეტი ფული სურს.

აუცილებელია განვასხვავოთ ნეიმარი-ფეხბურთელი და ნეიმარი-ადამიანი. როგორც ფეხბურთელი ის მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეთა სამეულში შედის და რონალდუსა და მესის დონეზე იმყოფება. სწრაფია, ძლიერია, გოლების გატანა კარგად გამოსდის და საგოლე გადაცემების გაკეთებაც ეხერხება. თუმცა ვთვლი, რომ როგორც ადამიანი, ის დამნაშავეა. მას პროგრესირება და საკუთარი თავისთვის კითხვების დასმა მართებს. ამჟამად კი, მხოლოდ იმას, აკეთებს რაც ცხოვრებამ ასწავლა“. - ამბობს ჟუნინიო პერნამბუკანო.

არ მგონია, რომ სოკრატესს ოდესმე ასეთი გადაწყვეტილება მიეღო. ბევრი იტყვის, რომ ის სხვა დროში და ეპოქაში თამაშობდა, მაგრამ მისი ხედვები არც კარიერის დასრულების შემდეგ შეცვლილა და ის, ისევ იმავე აზრზე რჩებოდა.

ბავშვობაში სოკრატესისთვის ფეხბურთი სწავლისგან განტვირთვის საშუალება იყო. მას ექიმობა სურდა, 23 წლის ასაკში კი დიპლომიც ჰქონდა, პარალელურად პოლიტიკაშიც იყო ჩართული და თვლიდა, რომ ბრაზილიას მხოლოდ დემოკრატიული წყობა თუ გადაარჩენდა.

„კორინთიანსში“ გადასვლის შემდეგ, მეამბოხე სოკრატესმა კლუბის 20 მილიონი გულშემატკივრის გულები დაიპყრო და მისი იდეები თითოეულ მათგანამდე მიიტანა.

„გაიმარჯვე, ან დამარცხდი, მაგრამ დემოკრატიით“, - ამბობდნენ კლუბის ქომაგები.

ის პოლიტიკურ ცხოვრებაში ღრმად იყო ჩართული და იქაც ისევე ბოლომდე იბრძოდა, როგორც მოედანზე.

„ჩემი პოლიტიკური გამარჯვებები გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე გამარჯვებები პროფესიონალურ ფეხბურთში, რადგან მატჩი 90 წუთში სრულდება, ცხოვრება კი გრძელდება“. - ამბობდა სოკრატესი.

დღე, როდესაც სოკრატესმა ბრაზილიაში დემოკრატიისთვის თავისი კარიერა რისკის ქვეშ დააყენა

ბრაზილიაში დღემდე ბევრი თვლის, რომ ქვეყანაში დემოკრატიისკენ გადადგმულ ნაბიჯებში სოკრატესის წვლილი უდიდესი იყო.

კრუიფი პოლიტიკაში ამ დოზით ჩართული არ იყო, მისი გავლენა მხოლოდ ფეხბურთს უკავშირდება, თუმცა რაც იოჰანმა გააკეთა, რთულია ასეთი კალიბრის ნოვატორი უახლოეს წლებში კიდევ ვიხილოთ.

კრუიფმა დროს გაუსწრო და ფეხბურთს საჭირო მომენტში საჭირო „რეფორმები გაუტარა“. ის თვით ევოლუცია იყო.

ასევე, იგი გახლდათ პირველი, ვინც სათადარიგოთა ნომრით ძირითადში თამაში დაიწყო და 14 ნომრიანი მაისური ჩაიცვა.

„ბარსელონამ“ მისი კლუბში მისვლის დღიდან მთლიანი ფილოსოფია გადაწერა და ნიდერლანდელის წასვლის შემდეგ, მისი დატოვებული გზიდან დღემდე არ გადაუხვევია.

"სჯობს საკუთარი შეცდომის გამო დამარცხდე, ვიდრე სხვამ შეგიყვანოს შეცდომაში". - კრუიფს ყოველთვის უყვარდა გარისკვა. ფეხბურთელიც და მწვრთნელიც მხოლოდ ერთ გზას ცნობდა - დომინანტურს!

„თანამედროვე ფეხბურთი თავისი არსით, არის განუწყვეტელი მოძრაობა. მას შემდეგ, რაც ბურთს გამოეთხოვები, მოწინააღმდეგის წინაშე გადაუჭრელი ამოცანები დაუყოვნებლივ უნდა დასვა. შენი მანევრირება და განუწყვეტელი მოძრაობა - მეკარისა და მცველების ყურადღება უნდა მიიპყრო, რაც მათში ქაოსს აუცილებლად გამოიწვევს. უნდა აგრძნობინო, რომ თამაშს შენ წარმართავ და მათ შენი ავტორიტეტის აღიარება აიძულებინე".

ერთადერთი და განუმეორებელი

კრუიფის ფილოსოფიამ დროს გაუძლო და ევოლუციაც განიცადა, რაც მის სახელს უკვდავს ხდის. ის იყო საჭირო პროგრესი, რომელმაც ფეხბურთი დროის მორევიდან გამოიყვანა და მომავალში ამოგზაურა.

ჩემთვის ის კარგ ლექტორს ჰგავს, რომლის ლექციებსაც დიდი სიამოვნებით ესწრები, რადგან იცი, რომ მისგან რაღაც ახალს, საინტერესოს და მნიშვნელოვანს გაიგებ, რომელიც სამომავლოდ განვითარებაში დაგეხმარება.

სოკრატესის იდეოლოგიას და ფილოსოფიას დღეს ბრაზილიამ სამწუხროდ უღალატა (იმედია დროებით), თუმცა არასდროს დაივიწყებენ იმას, რასაც „დოქტორი“ ხალხისთვის აკეთებდა.

სოკრატესი სახელმწიფოს კლინიკების აშენებაში ეხმარებოდა და უბრალო ადამიანებზე ცხოვრების ბოლომდე ზრუნავდა, თუმცა საბოლოოდ თავის თავს ვერ მიხედა. მას მოწევა და დალევა ყოველთვის უყვარდა. ლეგენდარული „მაგრაო“ (მაღალი და სუსტი) სწორედ ალკოჰოლმა მოკლა. ის, საკუთარ თავს სამაგალითო სპორტსმენად არასდროს მიიჩნევდა, თუმცა მილიონობით გულშემატკივარი საპირისპიროდ ფიქრობდა და დღემდე ფიქრობს.

სილამაზე პირველ ადგილზეა, გამარჯვება მეორეზე. უმთავრესი კი სიხარულია“.

სოკრატესი 2011 წლის 4 დეკემბერს გარდაიცვალა. სწორედ იმ დღეს, „კორინთიანსმა“ „პალმეირასი“ დაამარცხა და ისტორიაში ჩემპიონობა მეხუთედ იზეიმა.

წლების წინ, სოკრატესმა ისურვა: „მოვკდვე კვირა დღეს, როცა კორინთიანსი თასს აღმართავს“.

მატჩის დაწყებამდე, „კორინთიანსის“ ფეხბურთელებმა ხელები ზეცისკენ აღმართეს და ასე იდგნენ მდუმარედ. ისინი სოკრატესს პატივს მიაგებდნენ. „მაგრაო“ გოლებს სწორედ ასე აღნიშნავდა.


სოკრატესი განასახიერებდა თითოეული ბრაზილიელის ოცნებას - დიქტატურის ჩამოშორება და საყოველთაო საარჩევნო უფლების დაბრუნება.

მისი გარდაცვალების დღე ისეთივე განსხვავებული და განსაკუთრებული იყო, როგორც მისი საფეხბურთო კარიერა და მთელი ცხოვრება.

ბრაზილიაში ასეთი გამოთქმა არსებობს: „თქვენ შეგიძლიათ არ გიყვარდეთ ფეხბურთი ბრაზილიაში, მაგრამ თუ თქვენ არ გესმით ბრაზილიაში ფეხბურთის მნიშვნელობა, მაშინ თქვენ ვერ გაუგებთ ბრაზილიას“.

ბრაზილიურისგან განსხვავებული, მაგრამ ასევე ულამაზესი იყო კრუიფისეული ფეხბურთი: "ფეხბურთი მარტივია, მაგრამ რთულია, იგი მარტივად ითამაშო". - მარტივი, ლამაზი, მაგრამ რთულად განსახორციელებელი.

"სტატისტიკურად დამტკიცებულია, რომ მატჩის მიმდინარეობისას ფეხბურთელი ბურთს საშუალოდ 3 წუთის განმავლობაში ფლობს... ასე, რომ მთავარია, რას აკეთებთ თქვენ უბურთოდ ყოფნის 87 წუთის განმავლობაში. სწორედ ეს განსაზღვრავს იმას, ხარ, თუ არა კარგი მოთამაშე."- ეს კრუიფის გამონათქვამებიდან ჩემი ერთ-ერთი ფავორიტია.

იოჰანი სიმსივნესთან ბრძოლაში დამარცხდა და სოკრატესის მსგავსად დღეს არც ის გვყავს, თუმცა მათი მემკვიდრეობა იმდენად დიდია, რომ ამ საგანძურზე კიდევ ბევრი თაობა გაიზრდება.

"ვფიქრობ, რომ უკვდავი ვარ"! - დიახ, ასეა!

რთულია ამ ორ ტიტანს მხოლოდ ლეგენდარული ფეხბურთელები ვუწოდოთ. ორი დიდი პიროვნება - ეს უფრო ზუსტი სიტყვებია, რომლებიც მათზე საუბრისას უნდა გამოვიყენოთ.

ასეთი ეპოქალური ადამიანები სპორტის სხვა სახეობებშიც იყვნენ, მაგალითად კრივში მხოლოდ მუჰამედ ალის პერსონა რად ღირს, თუმცა დღეს ფეხბურთიც და ასევე კრივიც მსგავსი პიროვნებების ნაკლებობას განიცდის.

არ ვიცი, შესაძლოა სხვა ეპოქა, სხვა დროა და მიზეზიც სწორედ ეს არის, მაგრამ მე პირადად ამ ვერსიის არ მჯერა.

მაგალითად, თანამედროვე კრივის სუპერვარსკვლავი ენტონი ჯოშუა ავიღოთ. არ მჯერა, რომ ის ალის მსგავსად რეალურ პრობლემებზე ხმას აიმაღლებს და მასებს შთააგონებს. მან  მაქსიმუმ Black Lives Matter-ის ფარგლებში რამე დაპოსტოს და ათასობით მოწონება მიიღოს.

ბოლოს ცოტათი ფეხბურთისგან გადავუხვიე, თუმცა იმედი მაქვს სათქმელი სრულად და გარკვევით ვთქვი. თანამედროვე ფეხბურთში სოკრატესის და კრუიფის მსგავსი პიროვნებები მენატრება. მათთან ერთად არა მხოლოდ თამაში, არამედ ცხოვრებაც გაცილებით საინტერესო იყო.

ამ ორ ხელოვანზე საუბარი და მათი ეპოქის გახსენება ჩემთვის წარსულში მოგზაურობას ჰგავს, თუმცა ისინი ხომ დროს უსწრებდნენ და უკეთეს მომავალს გვანახებდნენ - ამიტომ, ეს ყველაფერი ჰგავს მოგზაურობას უკან მომავალში.

გაზიარება:
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში