საფეხბურთო შურისძიება და დაუვიწყარი დებიუტი - როცა პრიორიტეტი ევროპაა
Aa Aa
11 მარტი 2021  |  23:55

საფეხბურთო შურისძიება და დაუვიწყარი დებიუტი - როცა პრიორიტეტი ევროპაა

გთავაზობთ 2021 წლის ზამთარში განხორციელებული ქართული ტრანსფერების საუკეთესო ხუთეულს. მათგან ოთხი ფეხბურთელი კარიერას ევროპაში აგრძელებს (ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი აბურჯანია, გიორგი ხარაიშვილი), ხოლო საქართველოს ეროვნული გუნდის ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდა და ევროპაში მიღებულ დიდ ცოდნასა და გამოცდილებას ახალგაზრდა თანაგუნდელებს გაუზიარებს.

გიორგი აბურჯანიას საფეხბურთო შურისძიება:''ზიგანდა არასწორად მომექცა''

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველს, გიორგი აბურჯანიას სეზონის პირველი ნახევარი ''ჩაუვარდა'', თუმცა ჰოლანდიაში მიღწეული კარგი სათამაშო ფორმის ინერცია სომხეთთან პოლონეთში გამართულ შეხვედრაში კარგად გამოჩნდა, კაპაროსის გუნდთან ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მაგრამ როცა ''ოვიედოს'' მთავარი მწვრთნელი ხოსე ზიგანდა არ ენდობოდა, ტიტების ქვეყანაში მიღწეული პროგრესი მუდმივი უთამაშებლობიდან გამომდინარე რეგრესით შეიცვალა.

მას საჯარო საუბრებში ექს-მწვრთნელების კრიტიკა თითქმის არასდროს ახასიათებს, თუმცა როცა ლუის კარიონის ''კარტახენაში'' წავიდა და ახალი გუნდის მაისურით ''ოვიედოს'' სძლია, ზიგანდას მიმართ საკმაოდ კრიტიკული იყო.

''ზიგანდა არასწორად მომექცა''

''ოვიედოსთან'' გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო, როგორც პირადად ჩემთვის, ასევე გუნდისთვის სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე. სიმართლე გითხრათ, სანახაობრივი თვალსაზრისით ლამაზი თამაში არ გამოვიდა, თუმცა რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო - გამარჯვება, ის ჩვენ დაგვრჩა.

ზოგადად, ვცდილობ წყენა გულში არ ჩავიდო, თუმცა ამ შემთხვევაში ნამდვილად მქონდა ორმაგი მოტივაცია, რომ ''ოვიედოს'' მწვრთნელისთვის მეჩვენებინა, რომ ის არასწორად მომექცა !'' - აღნიშნა ფეხბურთელმა CrystalSport-თან საუბარში.

მაშინ როცა ნიკა კვეკვესკირი პოზნანის ''ლეხის'' სასტარტოში მოხვედრისთვის იბრძვის, გიორგი აბურჯანიას ეროვნულ ნაკრებში სასტარტოში მოხვედრის შანსი ეზრდება, რადგან მას კლუბში დიდ ნდობას უცხადებენ და რეგულარულად თამაშობს.

აბურჯანიას ტრანსფერთან დაკავშირებით კიდევ ერთი რამ უნდა ითქვას. მან გასულ ზამთარში რუსულ კლუბებს უარი უთხრა და ამ ნაბიჯით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისთვის პრიორიტეტი ევროპაში თამაშია.

კარტახენაში გადასვლის მთავარი ფაქტორი

''კარტახენაში'' გადასვლის მთავარი მიზეზი ის ნდობა იყო, რასაც კლუბის ხელმძღვანელებისა და მთავარი მწვრთნელის მხრიდან ვგრძნობდი ჩვენი პირველივე საუბრისას.

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას გუნდი აშკარად გაძლიერდა, 8 მაღალი დონის ფეხბურთელი მოვიდა გუნდში, რომლებსაც ლა ლიგაში თამაშის დიდი გამოცდილება აქვთ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ გუნდმა ყველა პოზიციაზე ხარისხიანი და მაღალი კლასის ფეხბურთელებით მიიღო შევსება, რაც თამაშის ხარისხზეც აისახა''.

ტრანსფერი ჩემპიონთა ლიგის გუნდში

2020 წლის ზამთარში საკუთარ თავს გერმანიის ან ჰოლანდიის ჩემპიონატში ხედავდა, ერთი წლის შემდეგ სულ სხვაგან, უნგრეთის ჩემპიონატში გადაბარგდა. ''ფერენცვაროში'' ყველაზე ამბიციური უნგრული კლუბია, დიდი ბიუჯეტით და წარმატებული უახლესი წარსულით, რაც მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობაში გამოიხატა.

არაერთი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ ერთხელ მოხვდა და შემდეგ ყველაზე დიდ ევროპულ საფეხბურთო ორბიტას მოსწყდა, რთულია მოიპოვო დონეცკის ''შახტარის'' მსგავსი სტაბილურობა და როცა ამ ამბიციურ გამოწვევაში სერგეი რებროვი ხარაიშვილს იწვევს, ''რობის'' ეძლევა ის შანსი, შესაძლოა ამ ეტაპისთვის ბუნდოვანი, მაგრამ მისი სტაბილური კარიერიდან გამომდინარე რეალური, რომ კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს წინ და კიდევ უფრო მაგარ კლუბში მოხვედრას შეძლებს, თუმცა შვედეთურ ელიტაში დარჩენისთვის მებრძოლი კლუბიდან ჩემპიონთა ლიგის გუნდში ტრანსფერი უკვე დიდი ნაბიჯია.

ავტორიტეტული შვედური გამოცემის, Göteborgs-Posten-ის ცნობით უნგრეთის ჩემპიონმა ხარაიშვილის ტრანსფერში 800-დან მილიონ ევრომდე გადაიხადა. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ხარაიშვილის ტრანსფერი ფინანსური ღირებულებისა თუ საფეხბურთო ამბიციურობის თვალსაზრისით საუკეთესო იყო.

მისი ბოლო შვედური სეზონი ტრავმებმა გააუფერულა, ფინალი ''მალმიოსთან'' და ევროპა ლიგის მატჩი ''კოპენჰაგენთან'' ტრავმის გამო გამოტოვა, თუმცა პირადი პროდუქტიულობიდან გამომდინარე წარმატებული შვედური კარიერის გვირგვინი შვედეთის თასის აღმართვა იყო.

''ფერენცვაროშის'' მთავარი მწვრთნელი სერგეი რებროვი ქართველს ენდობა, რეგულარულად ათამაშებს, თუმცა ამ ეტაპზე ქართველი ''ათიანი'' ოპტიმალური ფორმისგან შორსაა. გამომდინარე იქიდან, რომ გასული სეზონის დიდი ნაწილი გაუცდა, ფორმაში შესასვლელად გარკვეული დროა საჭირო, თუმცა ეროვნული ნაკრების მოქმედ ფეხბურთელებს შორის გამთამაშებლის პოზიციაზე ხარაიშვილი უალტერნატივოა, ხოლო მარცხენა ''ვინგერის'' პოზიციაზე, კვარაცხელიას ფაქტორიდან გამომდინარე, ''რუბინის'' შემტევი უდავო ფავორიტია.

კვეკვესკირის ევროპული არჩევანი

კვეკვესკირმა ''ლეხში'' გატარებული საწყისი პერიოდი დატვირთულ და საინტერესო დღეებად აღიქვა. გარემო, სადაც საკმაოდ მცირე ინფორმაცია ჰქონდათ მის საფეხბურთო უნარებსა და ადამიანურ თვისებებზე. მისთვის პოლონური კარიერა ამ მხრივაც ახალი გამოცდილების მიღების შესაძლებლობაა, ''ლეხში'' მას თითქმის არ იცნობდნენ, ხოლო აზერბაიჯანსა და ყაზახეთში გადასვლისას მასზე გარკვეული წარმოდგენა ჰქონდათ.

''აქ ყველაფრის სუფთა ფურცლიდან დაწყება მიწევს. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა და გამოუცდელი არ ვარ, ეს ყველაფერი მაინც ახალი, საინტერესო და ცოტა ამაღელვებელია, რადგან წინ კიდევ ბევრი გამოწვევაა'' - აღნიშნა კვეკვესკირმა CrystalSport-თან საუბრისას სადებიუტო მატჩის შემდეგ.

მან ტიპიურ ევროპულ ჩემპიონატში მოხვედრა საკმაოდ გვიან, 28 წლის ასაკში შეძლო და კლუბის დიდი ''ფანბეიზის'' მთავარი კითხვაც ეს იყო, თუ რატომ ვერ შეძლო უფრო ადრეულ ასაკში ევროპულ კლუბში მოხვედრა.

ხარაიშვილის მსგავსად კვეკვესკირიც ისეთ გუნდში მოხვდა, სადაც ქართველი ფეხბურთელი დახვდა. ნიკა კაჭარავამ მას ყველაფერზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, რაც მას შეუქმნა იმის მოლოდინი, რომ პოზნანურ კლუბში ყველაფერი უმაღლეს დონეზე იქნებოდა, პერსონალის ფეხბურთელებისადმი დამოკიდებულების, ინფრასტრუქტურისა თუ სავარჯიშო პროცესის თვალსაზრისით.

დაუვიწყარი დებიუტი

''ეს დღე არასდროს დამავიწყდება, საოცნებო დებიუტი ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ დაუვიწყარი გამოვიდა. კარიერაში პენალტი პირველად ''ავიკიდე'', მეტოქემ შეაგდო და ეს სათასო შეხვედრის დამატებით დროში მოხდა. ამ ყველაფერთან გამკლავება ფსიქოლოგიურად ძალიან რთული აღმოჩნდა. ბოლოს ისე გამოვიდა, რომ ამ წნეხს გავუმკლავდი, 11-მეტრიანი თავად შევასრულე, რომელიც გადამწყვეტი აღმოჩნდა. გუნდისა და ქომაგების წინაშე რეაბილიტაციის შანსი ძალიან მალე მომეცა და ამ შანსის გამოუყენებლობა არ შეიძლებოდა. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა, როგორც ჩემთვის, ასევე გუნდისთვის''.

კვეკვესკირი სასტარტო თერთმეტეულში მოხვედრისთვის ბრძოლას აგრძელებს, მას ექსტრაკლასაში მხოლოდ მატჩის დასკვნით პერიოდში უწევს მოედანზე გასვლა. შვედი იესპერ კალსტრიომი მისი მთავარი კონკურენტია და ამ კონკურენციაში ამ ეტაპზე ქართველი მარცხდება, თუმცა სეზონის დასრულებამდე დიდი დროა დარჩენილი.

კანკავას ტრანსფერი - ასეთი რამ იშვიათად ხდება

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა 18 მარტს 35 წლის გახდება. მან ამ ასაკში ევროპაში დაბრუნება შეძლო, რაც არამარტო ქართველ ფეხბურთელებთან მიმართებით, ზოგადად იშვიათი მოვლენაა.

''ვალანსიენის'' ქომაგებმა გამოცდილი საყრდენი თებერვლის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ზოგადად ქომაგთა აზრი პროფესიონალთა შეფასებებთან ყოველთვის თანხვედრაში არაა, თუმცა კანკავამ ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვა, რაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საუკეთესოდ დასახელება შემთხვევითი არ იყო.

ჯაბა კანკავას დიდ პროფესიონალიზმს ნათლად ასახავს სანდრო კობახიძის მოყოლილი პატარა ისტორია, როცა ''დნიპროში'' ასპარეზობისას ეროვნული გუნდის კაპიტანი გუნდური ვარჯიშის გარდა ინდივიდუალურად ემზადებოდა.

''დილის ვარჯიშის შემდეგ ძალიან ვიღლებოდი, ზოგჯერ ფეხზე დგომა მიჭირდა, მაგრამ ჯაბა საოცრად მშრომელი იყო. საღამოს ადგებოდა, საწვიმარ ქურთუკს ჩაიცვამდა და სავარჯიშოდ მიდიოდა'' - გაიხსენა სანდრო კობახიძემ CrystalSport-თან საუბარში.

ჯაბა კანკავას ყოფილ კლუბ ''ტობოლში'' ფილმ "შურისმაძიებლების" პერსონაჟს, თორს ადარებენ და სეზონის დასრულების შემდეგ მისი დაბრუნების იმედი აქვთ. ამ ეტაპზე კანკავას კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აკავშირებს, თუმცა ხანმოკლე პერიოდში გეგანის გუნდში მნიშვნელოვანი წევრი გახდა და რთული წარმოსადგენია ''ვალანსიენი'' ქართველ საყრდენს შეელიოს.

დაბრუნება სამშობლოში - როცა ცოდნა ახალგაზრდებს უნდა გაუზიარო

როგორც წარსულში ნედ ზელიჩმა თბილისის ''დინამოს'' ახალგაზრდა ფეხბურთელებს, მათ შორის გურამ კაშიას, გაუზიარა ევროპაში მიღებული ცოდნა და სამაგალითო პროფესიონალიზმი პრაქტიკაში უჩვენა, ამ როლს გიორგი ჭიაბრიშვილის ''ლოკომოტივში'' გურამ კაშია მოირგებს.

ეროვნული გუნდის ვიცე-კაპიტანმა ''ლოკოსთან'' კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა, თუმცა მისი სათამაშო ფორმიდან გამომდინარე რთული წარმოსადგენია ევროპაში დაბრუნება შეძლოს. ''სან ხოსედან'' წამოსვლის შემდეგ კვლავ ჰოლანდიაში თამაში სურდა, თუმცა სავარაუდოდ, კარიერის დასკვნით წლებს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში გაატარებს. 

 

რთული წარმოსადგენია გურამ კაშიამ ისეთივე როლი შეასრულოს ''ლოკომოტივის'' წარმატებაში, რაც გიორგი ნემსაძემ თბილისის ''დინამოში'' დაბრუნებისას შეძლო, თუმცა კაშიას როლი ცოდნის გადაცემის თვალსაზრისით ძალიან დიდი იქნება. ამასთან დაკავშირებით კახა კაჭარავას მოყოლილ ისტორიას გავიხსენებ, რომელიც თბილისის ''დინამოში'' ნედ ზელიჩის მოსვლას უკავშირდება. ეს ისტორიამ კახა კაჭარავამ 2015 წელს მიამბო.

''ვარჯიშის შემდეგ ფეხბურთელებს უფლება არ ჰქონდათ ბუცებით შესულიყვნენ შენობაში, მაგრამ ახალგაზრდები ამ წესს არ ემორჩილებოდნენ. პირველ ვარჯიშზე გამოცხადებისას ზელიჩს ხელში ბუცები ეჭირა და ''ჩუსტები'' ეცვა, შემდეგ მივიდა მინდორთან და ჩაიცვა ბუცები, ვარჯიშის დასრულების შემდეგ ბუცები გარეცხა და ''ჩუსტებით'' შევიდა შენობაში. ზელიჩის საქციელმა თანაგუნდელებზე გავლენა მოახდინა, ამის შემდეგ წესს დაემორჩილნენ. ასევე იყო შემთხვევა, როცა ნედმა ფიზმომზადების მწვრთნელთან ინდივიდუალური ვარჯიში დაიწყო, მესამე დღეს მივედი ბაზაზე და ვხედავ, რომ ნედთან ერთად ვაწაძე და კაშია ვარჯიშობს. ზელიჩს მოკლე დროში აყვნენ ახალგაზრდები''.

გაზიარება:
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში