პრიორიტეტების ჭიდილი  - როცა სირთულეებს ნებდები და ევროპულ ოცნებას ღალატობ
Aa Aa
26 თებერვალი 2021  |  22:39

პრიორიტეტების ჭიდილი - როცა სირთულეებს ნებდები და ევროპულ ოცნებას ღალატობ

არნემელ ქომაგებს ერთ-ერთი ყველაზე მაგარი დღე 20 წლის ასაკში აჩუქა, როცა ფრანკ დე ბურის ''აიაქსი'' დე იონგის კაპიტნობით ''ამსტერდამ არენაზე'' დამარცხდა. პეტერ ბოშის საუკეთესო ცვლილების, 20 წლის ვაკო ყაზაიშვილის გოლით მატჩის ბედი ბოლო წუთზე, დრამატულად გადაწყდა.

ეს გოლი სანახაობრივი კუთხით მისი კარიერის საუკეთესოთა შორის არაა, მაგრამ ამ ასაკში, ამ დონის გუნდთან და ასეთ მომენტში, როცა გოლს განსაკუთრებით ამაღელვებელი ემოციები მოაქვს, ძლივს ნაპოვნ ''სტრიმზე'' ჰოლანდიელი კომენტატორის ყვირილი მესმის და მაინც ვფიქრობ ყველაზე ცუდზე, რა უნდა მოხდეს, რომ მისმა ევროპულმა კარიერამ ტოპ ოთხეულიდან ერთ-ერთი მაინც არ მოიცვას.

ევროპულ ფეხბურთს ყველა კონტინენტის საუკეთესო მოთამაშეთა კონკურენცია აქცევს უპირატესად და სხვა კონტინენტთა მდიდარი ქვეყნების ლიგები ამ დიდ კონკურენციას ვერ ანგრევს, თუმცა იშვიათი გამონაკლისების სახით ნიჭიერ მოთამაშეთა საფეხბურთო ამბიციებს ფინანსური მოტივაცია ძლევს, ევროპულ ფეხბურთში გადადგმული ან პოტენციურად გადასადგმელი ნაბიჯები ძალიან უზრუნველ ცხოვრებაში იცვლება და დიდ ევროპულ კლუბსა თუ ჩემპიონატში თამაშის ოცნება ბავშვობაში რჩება.

ყაზაიშვილი აღიარებდა დიდ კონკურენციას არნემის ''ვიტესში'', მას სასტარტოში მოხვედრისთვის ბრძოლა იმ პერიოდის გამორჩეულ ტალანტებთან უწევდა, სხვადასხვა დროს მისი კონკურენტები იყვნენ ბრაზილიელი ლუკას პიაზონი, ბურკინაფასოელი ბერტრანდ ტრაორე, მაროკოელი ზაქარია ლაბიადი, განელი კრისტიან ატსუ, ინგლისელი აიზია ბრაუნი, სერბი დანილო პანტიჩი, კოსოვოელი მილოტ რაშიცა, ინგლისელი დომინიკ სოლანკე და ფრანგი გაელ კაკუტა. თითოეული მათგანი საკუთარი ქვეყნის გამორჩეული ტალანტი იყო, ამიტომ დგას ევროპული ფეხბურთი ყველაზე მაღლა, რადგან მსოფლიოს საუკეთესოთა კონკურენციაა.

''ვიტესში'' რამდენიმე პოზიციაზე უწევდა თამაში: გამთამაშებლის, ცენტრფორვარდისა და მარცხენა გარემარბის. ეს ფაქტორი თანამედროვე ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანია. მართალია ლევან კობიაშვილის მსგავსი უნივერსალი არასდროს ყოფილა, თუმცა შეტევის რამდენიმე პოზიციაზე ასპარეზობა დამატებითი პლუსია.

ამ მოთამაშეთა დიდმა ნაწილმა ''ვიტესი'' ტრამპლინად გამოიყენა,  ყაზაიშვილმა კი ''ლეგიაში'' ჩაგდებული სეზონის შემდეგ ევროპულ კარიერაზე უარი თქვა, მაგრამ აშშ-ში წასვლით მისი კარიერის რეგრესი იმდენად მკვეთრი არ აღმოჩნდა, რამდენადაც ის ფაქტი, რომ ნაბიჯი წინ ვერ გადადგა, ევროპიდან წასვლით საკუთარ თავს უფრო რთული გამოცდების ჩაბარების შანსი გაუქრო, მაგრამ მის ნაბიჯს ფინანსური ფაქტორის გარდა დიდი ნდობით ხსნიდა.

გიორგი ჭანტურიასგან განსხვავებით ყაზაიშვილთნ მიმართებით ''რეალსა'' და ''ბარსაში'' მოხვედრა უტოპიად ჩანდა, მაგრამ ევროპული ფეხბურთი ერთგვარი პირამიდაა, რომლის სათავეში გრანდები არიან და რაც უფრო უახლოვდები პირამიდის მწვერვალს, უფრო დიდ სახელს ტოვებ, უფრო მეტ ფულს გამოიმუშავებ და უფრო მნიშვნელოვანი ფიგურა ხდები, მაგრამ როცა ევროპული ფეხბურთის მთავარ სირთულეს, დიდ კონკურენციას ახალგაზრდულ ასაკში წყდები და ნებდები, საფეხბურთო ამბიციაზე, ბავშვობის ოცნებაზე უფრო მნიშვნელოვანი ფინანსური მხარე ხდება. 

როცა კარასკო ჩინეთში წავიდა, ვიფიქრე რომ გაგიჟდა, მაგრამ არ არის მარტივი გაუძლო მილიონების შოვნის ცდუნებას თუნდაც კარიერული რეგრესის ფასად, საფეხბურთო ამბიცია ჩრდილში ექცევა, როცა ერთ დღეს პირადი სივრცის, ოჯახისა და შვილების გარანტირებულად უზრუნველი ცხოვრების შესაძლებლობა ძალიან გრძელვადიან პერსპექტივაში გეძლევა. უარყოფითს ვერაფერს ვხედავ პრიორიტეტების განსაზღვრაში ან პრიორიტეტების ცვლილებაში, პიროვნებები თავად იღებენ გადაწყვეტილებას, მაგრამ როცა მაღალი კონკურენციიდან დაბალ კონკურენციაში მიდიხარ, როცა დიდ სირთულეებს შედარებით მარტივ გარემოში თამაშს ამჯობინებ, გადაწყვეტილებების კრიტიკულად შეფასება პროფესიული კუთხიდან აუცილებელია.

ფლორიდაში წასვლამდე ''ლეგიაში'' გატარებულმა სეზონმა მასში მხოლოდ იმედგაცრუება დატოვა და ''ბერნაბეუზე'' ჩატარებული ოცნების მატჩი ერთადერთი ნათელი წერტილია მისი ძალიან ფერმკრთალი პოლონური კარიერიდან და ალბათ ყველაზე ცუდად გასახსენებელი შეხვედრაც ჩემპიონთა ლიგას უკავშირდება, როცა ''ლეგია'' ვარშავაში ტუხელის დორტმუნდთან 0:6 განადგურდა და ბესნიკ ჰასი, ვინც ყაზაიშვილი ''ლეგიაში'' მიიწვია, მთავარი მწვრთნელის პოსტზე იაციკ მაგიერამ შეცვალა.

''იმედგაცრუებული დავრჩი, ყველაფერი სხვაგვარად წარმომედგინა. როცა ''ლეგიაში'' მაგიერა მოვიდა, ჩვენს შორის პრობლემა გაჩნდა და ბოლომდე ასე გაგრძელდა. ალბათ, უიღბლო ვიყავი. პირველივე შეხვედრაზე მითხრა: ''შენ აქ სხვამ მოგიყვანა და არა მე, ჩემი ხედვა განსხვავებულია''. მასთან მუშაობის პერიოდზე შემიძლია კიდევ ბევრი რამ ვთქვა, მაგრამ არ გაგიმხელთ, ჩემთვის დავიტოვებ'' - ასე გაიხსენა ვაკო ყაზაიშვილმა კარიერის ყველაზე მძიმე პერიოდი.

ვარსკვლავური კონტრაქტი და MLS-ში წასვლის მიზეზები

''ვიტესიდან'' ''სან ხოსეში'' ტრანსფერი ფეხბურთელის შემოსავალს მკვეთრად ზრდიდა, თუმცა მას სუფთა საფეხბურთო კუთხით ის გუნდი სჭირდებოდა, სადაც სასტარტოში რეგულარულად მოხვდებოდა და ასე დაივიწყებდა ფსიქოლოგიურად მძიმე დღეებს. რა იყო მისთვის პრიორიტეტი, ფინანსები თუ გუნდი, სადაც თამაშს მასზე ააწყობდნენ?

''ლეგიადან'' წასვლის შემდეგ არამარტო მაგიერაზე ისაუბრა გულწრფელად, ''სან ხოსეში'' წასვლის მიზეზები ახსნა. Przegląd Sportowy ის იშვიათი გამოცემაა, რომელსაც ქართველმა მოთამაშემ ვრცელი ინტერვიუ მისცა. ქართულ მედიასთან მიმართებით ყაზაიშვილი პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით არასდროს გამოირჩეოდა, მაშინაც კი, როცა ჰოლანდიასა თუ ამერიკაში ძალიან კარგ ფორმაში იყო და ამ კუთხით მისი შეფასება მხოლოდ ძალიან უარყოფით კონტექსტში შეგვიძლია.

''ეს იყო ძალიან მიმზიდველი წინადადება ფინანსური და სუფთა საფეხბურთო კუთხით. როცა ჯესე ფიორანელმა პირველად დამირეკა, მითხრა რომ გუნდის აშენებას ჩემს გარშემო გეგმავდა. მან კარგად იცოდა ჩემი შესაძლებლობები ჰოლანდიაში ასპარეზობის პერიოდიდან.

მსურდა დამებრუნებინა ის სიამოვნება, რასაც ფეხბურთის თამაშისგან ჰოლანდიაში ვიღებდი.

ევროპული და განსაკუთრებით ჰოლანდიური კლუბების მხრიდან შემოთავაზებები მოსალოდნელი იყო, მაგრამ სხვა ვარიანტებს არ დაველოდე, ''სან ხოსემ'' კონკრეტული წინადადებით მომმართა და მიმზიდველ წინადადებას დავთანხმდი, ''სან ხოსეში'' წასვლით ბედნიერი ვიყავი''.

Designated Player Rule - როცა MLS-ში დადგენილ სახელფასო ჭერს ფეხბურთელთა ხელფასების საერთო ოდენობა სცდება, თითოეულ კლუბს სამი მოთამაშის გაფორმება შეუძლია, რომელთა ანაზღაურება სახელფასო ჭერით განსაზღვრულ თანხაში არ შედის. MLS-ის ისტორიაში პირველი ასეთი მოთამაშე დევიდ ბექემი იყო.

Salary Sport-ის ცნობით ყაზაიშვილმა ხელფასის სახით 2014 წელს 338 000£ გამოიმუშავა, 2015 წელს - 286 000£, 2016 წელს - 286 000£. 2016-17 წლების სეზონი ''ლეგიაში'' იჯარით გაატარა და წლიური ხელფასის სახით 338 000£ მიიღო. 2017 წელს კარიერა ''სან ხოსეში'' გააგრძელა და მისი შემოსავალი მკვეთრად გაიზარდა.

MLS-ის ფეხბურთელთა ასოციაციის 2017 წლისა და 2018 წლების მონაცემებით ყაზაიშვილის წლიური ხელფასი 1 325 004 აშშ დოლარი იყო, ბონუსების ჩათვლით კი 1 454 042 აშშ დოლარს შეადგენდა. 2019 წელს გამოქვეყნებული მონაცემებით ყაზაიშვილის წლიური ხელფასი 1 475 004 აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო ბონუსების ჩათვლით 1 604 042 აშშ დოლარამდე აღწევდა.

თუ ჯესე ფიორანელი პეტკოვიჩის ფორმაციის ''ლაციოში'' რიგითი ანალიტიკოსისა და სკაუტის ფუნქციას ასრულებდა, ''სან ხოსეში'' გენერალური დირექტორის პოზიციაზე აღმოჩნდა. მან MLS-ში წასვლით გაცილებით დიდი პასუხისმგებლობის თანამდებობაზე გადაინაცვლა. მისთვის შესაძლოა მართლაც ახდა ''ამერიკული ოცნება'' მატერიალურ და სულიერ იდეალებთან მიმართებით, მაგრამ ყაზაიშვილი იმ კომფორტულ ზონაში აღმოჩნდა, სადაც ფეხბურთი უფრო შოუა, სადაც ფეხბურთი ვეტერანი ფეხბურთელების გამოფენაა და ახალგაზრდა მოთამაშეები მათ შორის ამბიციის დაკარგვის ხარჯზე და დიდი ფინანსური მიღების მიზნით დგებიან.

28 წლის ასაკში MLS-დან აზიის საუკეთესო კლუბში, ჩემპიონთა ლიგის მოქმედ მფლობელ ''ულსან ჰიუნდაიში'' ტრანსფერი იმ უამბიციო კარიერის გაგრძელებაა, როცა პრიორიტეტი კონტრაქტში არსებული ის ადგილია, სადაც ანაზღაურება ფიქსირდება. სუფთა საფეხბურთო მხარე, ევროპული ფეხბურთის ხიბლი ნაკრების ერთ-ერთი ლიდერისთვის ''სან ხოსედან'' წამოსვლის შემდეგაც მეორეხარისხოვანია, თუმცა მის საუკეთესო თვისებებს, ბურთის ''დაჭერას'' მოკლე მონაკვეთზე და სიზუსტეზე გათვლილ დარტყმას ეროვნული ნაკრებისთვის სარგებლის მოტანა კვლავ შეუძლია.

საერთო ჯამში ამერიკული კლუბისთვის ძალიან პროდუქტიული იყო, თუმცა ევროპული ფეხბურთი სულ სხვაა და ყველაზე მაღლა დგას. სწორედ ამიტომ აირჩიეს დასავლეთ ევროპული ფეხბურთი 90-იანი წლების გამორჩეულმა ქართველმა ფეხბურთელებმა. მაგალითად, კობიაშვილმა, როცა მოსკოვის ცსკა-ს ძალიან სარფიან წინადადებას უარით უპასუხა ან თუნდაც მამუკა ჯუღელის ფაქტორი რად ღირს, როცა ის აქტიურობს, მილიონების შოვნის სანაცვლოდ საფეხბურთო ამბიციებზე უარის თქმის ცდუნება ყოველთვის არსებობს.

 

 

გაზიარება:
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში