როცა ლიბერტადორესის 1/2 ფინალში 7-კაციანმა გუნდმა თამაში 1:3-დან ბოლო 13 წუთში მოატრიალა
Aa Aa
16 თებერვალი 2021  |  19:24

როცა ლიბერტადორესის 1/2 ფინალში 7-კაციანმა გუნდმა თამაში 1:3-დან ბოლო 13 წუთში მოატრიალა

„ღმერთო ჩემო, ეს რა ვნახე?! ვაჟკაცობა, გამბედაობა, მხნეობა, სიმამაცე! ასეთი რამის გაკეთება მხოლოდ „ესტუდიანტესის“ მსგავს კლუბს შეეძლო. არც ისე ცნობილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა გუნდმა, იმ სეზონში კონტინენტის საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ ასეთი გმირობა ჩაიდინა. ვაღიარებ და მრცხვენია, რომ აქამდე ამ მატჩის შესახებ არ ვიცოდი.

იმ პერიოდში საზოგადოებაში იყო აზრი, რომ ბრაზილია ინგლისს ფოლკლენდის ომში, სამხედრო აღჭურვილობებითა და ჯარისკაცებით დაეხმარა. შეიძლება, ეს მართალი არაა, მაგრამ საზოგადოებას ასე სჯეროდა, რაც არგენტინულ და ბრაზილიურ დაპირისპირებას, სადაც და რაშიც არ უნდა ყოფილიყო ის, ალბათ, ხვდებით, როგორ დატვირთვას სძენდა“, - წერს იტალიელი ფეხბურთის გულშემატკივარი ერთ-ერთი არგენტინული სპორტული საიტის კომენტარებში მატჩზე, რომელსაც საფეხბურთო წრეებში „ლა პლატას ბრძოლის“ (La Batalla de La Plata) სახელწოდებით მოიხსენიებენ.

1983 წლის „ლიბერტადორესის თასის“ 1/2 ფინალში 6 გუნდი ორ ჯგუფში იყო განაწილებული. პირველ ჯგუფში ბრაზილიური „გრემიო“, არგენტინული „ესტუდიანტესი“ და კოლუმბიური „ამერიკა დე კალი“ ასპარეზობდნენ, ხოლო მეორეში - ვენესუელური „სან კრისტობალი“ და ურუგვაული კლუბები: „პენიაროლი“ და „ნასიონალი“. გუნდები ერთმანეთს წრიული სისტემით ხვდებოდნენ და 4 ტურის შემდეგ ჯგუფების პირველადგილოსნები ფინალის საგზურს მოიპოვებდნენ. ხაზი გავუსვათ, რომ იმ პერიოდში მოგება 2 ქულით ფასდებოდა.

პირველი ჯგუფის თავისთვის ბოლო, მე-4 შეხვედრას ატარებს „გრემიო“ და სტუმრად უპირისპირება „ესტუდიანტესს“, რომლისთვისაც ეს ჯგუფში მე-3 მატჩია. პორტუ ალეგრელები გამარჯვების შემთხვევაში ფინალის საგზურს ინაღდებენ, შესაბამისად, მასპინძლებს წაგების უფლება არ აქვთ. ფოლკლენდის ომიდან დაახლოებით 1 წელია გასული. სტადიონის ტრიბუნებზე 30 000 კაცია, რომელთაც ტერიტორიების დაკარგვის სიბრაზის ცეცხლი ჯერ კიდევ გულში უგიზგიზებთ. არგენტინელებისთვის კი სიბრაზის, სიხარულის, ბედნიერებისა თუ სხვა ადამიანური ემოციების გამოხატვის ერთ-ერთი მთავარი ფორმა რომ ფეხბურთია, ძველი ამბავია.

„თამაშის დაწყებიდან ნახევარ საათში მსაჯმა ტრობიანი და პონსე გაგვიძევა. ფეხბურთელები, რომლებიც ჩვენი გუნდისთვის მესი და მარადონა იყვნენ. მივხვდით, რომ ჩვენ თავს რაღაც უჩვეულო ხდებოდა, რადგან სიტყვიერი პროტესტის გამო გაძევებული ორი ფეხბურთელი არასდროს არსად გვენახა“, - იხსენებს ხულიან კამინო, რომელიც მეორე ტაიმში მინდვრიდან თავადაც გააძევეს.

ურუგვაელმა მსაჯმა ლუიზ და როსამ 31-ე წუთზე მოედნიდან მარსელო ტრობიანი გააგდო, 32-ეზე კი მის გზას ხოსე პონსე გაუყენა. უნდა აღინიშნოს, რომ ტრობიანის გაძევების გაპროტესტებისას პონსემ მსაჯს ხელი მიარტყა და მისგან წითელიც ამის გამო მიიღო.

თურმე, მისტიკა აქედან იწყებოდა და ამ მომენტებიდან რამდენიმე წუთში, კონკრეტულად 35-ე წუთზე, 9-კაციანი „ესტუდიანტესი“ სერხიო გურიერის გოლით დაწინაურდა. სხვათა შორის, საგოლე შეტევისას ჯარიმა ალეხანდრო საბელიამ ჩააწოდა. იმ კაცმა, რომელმაც 2014 წელს, „ალბისელესტე“ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გაიყვანა და ვინც ახლახანს გარდაიცვალა.

საერთოდ, მატჩი ძალიან უცნაურად დაიწყო. ურუგვაელ რეფერის ჯერ კიდევ სასტარტო სასტვენი არ ჰქონდა მიცემული, როცა მასპინძელთა უკვე ნახსენებ ფეხბურთელებს: ტრობიანისა და პონსეს ყვითელი ბარათები უჩვენა. ბევრი ვეძებე არგენტინულ და სხვადასხვა ვებგვერდებზე მიზეზი, მაგრამ ვერაფერს მივაგენი. მე რას მივაგნებდი, როცა თამაშის მონაწილე ერთ-ერთი ფეხბურთელი ამბობს, რომ ეს უნიკალური ფაქტი მისთვისაც ამოუხსნელად დარჩა.

2-კაციან რიცხობრივ უპირატესობაში დარჩენილი „გრემიო“ ანგარიშში კი ჩამორჩა, მაგრამ ბრაზილიაში უკვე ფიქრობდნენ, რომ მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო და პორტუ ალეგრელები მეტოქეს ადვილად გატეხავდნენ, რაც ფინალის საგზურს მოუტანდათ. 45-ე წუთზე, გაათანაბრეს კიდეც და შესვენებაზე 1:1-ით გავიდნენ.

არსებული ვითარებით, „ესტუდიანტესი“ ფრეზე ყველა ვარიანტში თანახმაა, რადგან არწაგება გუნდს ფინალში გასვლის შანსს უტოვებს. თუმცა, ჯერ 9 კაცით ანგარიშის შენახვა როგორია და თანაც, იმ ფონზე, რაც მეორე ტაიმის საწყის ნახევარ საათში მოხდა.

52-ე წუთზე, ბრაზილიელებმა გაიტანეს და ანგარიშში წინ გავიდნენ. 9-კაციან მეტოქესთან უკვე იგებდნენ და იმის მიუხედავად, რომ დაახლოებით 40 წუთი კიდევ სათამაშო იყო, რა უნდა მომხდარიყო, რომ გამარჯვება ვერ მოეპოვებინათ...

ამ ყველაფერს, 64-ე წუთზე, „გრემიოს“ კიდევ ერთი გოლი მოჰყვა და უკვე - 3:1. ორ წუთში, ნახსენები ხულიან კამინო გააძევეს: „ჩემი გაძევება სამართლიანი იყო, რადგან მეტოქეს ჩავარტყი, მაგრამ მარსელოსა და ხოსეს შემთხვევაში მსაჯი სწორად არ მოიქცა“.

კამინომ მეტოქე საჯარიმოსთან წააქცია, რისთვისაც მსაჯმა მას წითელი ბარათი უჩვენა, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩხუბში გადაიზარდა. მოედანზე გამოსულ ორივე გუნდის წარმომადგენელთა, ფეხბურთელთა და მსაჯების ერთმანეთში გაწევ-გამოწევა და კამათი დაახლოებით 10 წუთი გაგრძელდა. ამ ამბებისას მსაჯმა წითელი ბარათით მასპინძელთა კიდევ ერთი ფეხბურთელი, უგო ტევესი დასაჯა.

მოკლედ, „ლომები“ მინდორზე 7 კაცით არიან და 2-ბურთიანი სხვაობით აგებენ. რამ შეიძლება უშველოს მათ? ეს 30 000 გულშემატკივარი არ ჩერდება და მხარდაჭერას აგრძელებს, მაგრამ რისი იმედი აქვთ?!..

პორტუ ალეგრელებს 3:1 მიჰყავთ, ფინალის განაღდებამდე რაღაც წუთები რჩება და ანგარიშის შენახვა ისეთივე იოლი ამოცანაა, როგორც დიდგორის ველზე 4 კაცის მიერ ერთის დაჩაგვრა. აგორავებენ ბურთს სტუმრები და გაავებული არგენტინელი გულშემატკივრების ხმა თითქოს აღარც ესმით. ფოლკლენდის უთანასწორო ომში დამარცხებულებს კი ბრაზი არ უნელდებათ და უფრო ერევათ.

ნამდვილად არ ვიცი, როგორ, რა ძალებით და რა მეთოდებით, მაგრამ 7-კაციანი „ესტუდიანტესი“ პერიოდულად შეტევების წარმართვას ახერხებდა და 77-ე წუთზე მისტიკის კიდევ ერთი ფრაგმენტი დაგვიდგა თვალწინ - სერხიო გურიერიმ დუბლი შეასრულა და ანგარიში 2:3 გახდა. „ლომებს“ 1 გოლი სჭირდებათ, რათა ფინალში გასვლის შანსი შეინარჩუნონ. „გრემიო“ ცოტა აღელდა, მაგრამ, კარგი რა, მეტოქე 7 ფეხბურთელითაა...

ბრაზილიელები მიხვდნენ, რომ ამ გიჟებთან ხუმრობა არ შეიძლება და შეტევაზე წასვლა გადაწყვიტეს. გაგიკვირდებათ და 7-კაციან მასპინძელთა გუნდის ნახევარზე დიდი სივრცეები რჩებოდა და ერთ-ერთი იერიშისას „გრემიომ“ გოლიც გაიტანა, მაგრამ მსაჯმა ეს ბურთი გააუქმა. არ ვიცი, რა მიზეზით, მაგრამ გააუქმა.

არგენტინელები თითქოს ხავსს ეჭიდებიან, ფანატები ტრიბუნებზე ღრიალებენ, სახლში ერთი მათგანიც არ წასულა - იმედი ჯერ კიდევ ცოცხალია. აი, რანაირად შეიძლება 7-კაციანმა გუნდმა 11 კაცით მყოფ მეტოქეს ასეთ მნიშვნელოვან მატჩში დარჩენილ 10 წუთში ანგარიში გაუთანაბროს ვერავინ ხვდება, მაგრამ გიჟური იმედი არსებობს, სადღაც გონების მიკარგულში. ფანატიზმი სხვა რამე გგონიათ? - არა, ფანატიზმი ესაა და ის რაღაც დოზით ყველა არგენტინელშია.

მიგელ ანხელ რუსო გაგიგონიათ? მთელი საფეხბურთო კარიერა ერთ გუნდში აქვს გატარებული, ამჟამად „ბოკა ხუნიორსის“ მთავარი მწვრთნელია. ეს კაცი „ესტუდიანტესის“ სიმბოლოა, 13 წელი მისი მაისური ეცვა და უფრო დაფასდა იმით, რაც 1983 წლის 8 ივლისს გააკეთა. რა გააკეთა? - ლა პლატა და სრულიად არგენტინა გადარია, გააგიჟა, სასწაული დააჯერა, ფოლკლენდის ომის ბოღმა ამოუღო.

ამ არანორმალური მატჩის 86-ე წუთია, ალეხანდრო საბელია და რუბენ აგუერო ბურთს მარჯვენა ფლანგზე ათამაშებენ, საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ კი ისეთი რამ გაფორმდა, რაც ფეხბურთში, შესაძლოა, 100; 200 ან 500 წლის განმავლობაში არ მოხდეს ან არც არასდროს მოხდეს.

„დუბლი შევასრულე და ანგარიში 2:3 გახდა, მაგრამ ისინი შეტევებს არ წყვეტდნენ და მატჩის ბედის გადაწყვეტა სურდათ. იერიშებს გავუძელით, რასაც რუსოს გოლი და საოცარი ემოციები მოჰყვა. ბოლო ტურის მატჩში უიარაღოდ ვიყავით, არადა, თასი როგორ ახლოს იყო“, - იხსენებს დუბლის ავტორი სერხიო გურიერი.

ამ სასწაულმა „ესტუდიანტესს“ „ლიბერტადორესის თასის“ ფინალში გასვლის შანსი დაუტოვა. ბოლო ტურში თუ სტუმრად უმოტივაციო „ამერიკა დე კალის“ მოუგებდნენ, „გრემიოს“ მსგავსად 5 ქულას დააგროვებდნენ და ფინალში გამსვლელი გადათამაშებით გადაწყდებოდა. თუმცა, საკადრო პრობლემების გამო განახევრებული შემადგენლობით მყოფმა „ლომებმა“ კოლუმბიაში თამაში ნულოვანი ფრით დაასრულეს და ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავეს. „გრემიო“ ფინალში გავიდა და ისტორიაში პირველად კონტინენტის მთავარი საკლუბო ტურნირიც მოიგო.

ბოლოს, ორ კითხვას დაგისვამთ. გჯერათ, რაც წაიკითხეთ? სიმართლე გითხრათ, სტატიის მოსამზადებლად თითქმის სრული სამუშაო დღე დამჭირდა, მაგრამ მე ბოლომდე მაინც არ მჯერა. იმის უფრო მეტად არ მჯერა, რომ ფეხბურთის ისტორიაში მსგავსი რამ კიდევ შეიძლება მოხდეს. და მეორე კითხვა - ტრიბუნებზე გულშემატკივრების გარეშე „ესტუდიანტესი“ ამას შეძლებდა?

გაზიარება:
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში